x
მეტი
  • 01.06.2020
  • სტატია:100959
  • ვიდეო:346186
  • სურათი:464455
მონატრების ღამე
შექმნილი დრამატული სიტუაციიდან გამომდინარე, ძალაუნებურად, იწყებ ფიქრს, იმაზე რაც იყო, რაც იქნება და რაც ახლაა...

შენი ცხოვრების ბატონ-პატრონი შენ თვითონ ხარ, მაგრამ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელი მოვლენები, გარე პირობები, რომლებიც ცვლის შენს შეხედულებებს და საერთოდ, ცხოვრებას.

არსებობს თუ არა ბედი?

მეხუთე თუ მეექვსე კლასში ჩემმა ქართული ენის პედაგოგმა იგივე კითხვა დამისვა. მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი რა მეპასუხა, თუმცა, კითხვის შინაარსიდან გამომდინარე, დიდ დროს ვკარგავ პასუხის ძიებაში.


ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს, ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. ჩემი აზრით, ბედი არსებობს. რაც გიწერია არ აგცდებაო - მეტყოდა ბებიაჩემი და თავს სინანულით გააქნევდა ხოლმე. სინამდვილეში, არსებობს კიდევ ერთი "მოვლენა ბუნებაში", რომელიც არ შეიძლება დავაბრალოდ მხოლოდ რაღაც ზებუნებრივს და მას ვუწოდოთ, პირობითად, მიზეზშედეგობრივი (ვგულისხმობ, რომ თუ დათესავ ვაშლს, მოიმკი ვაშლს და არა - მსხალს ან ბანანს).

ადამიანზე გავლენას ყოველთვის ახდენს სხვა ადამიანი. მათი გამოჩენაც და წასვლაც ჩვენ ცხოვრებაში რაღაც კონკრეტული მიზნით ხდება.

მარტო დარჩი?

არა, აქამდეც მარტო იყავი.

უბრალოდ, ადამიანების მისვლა-მოსვლა გატყუებდა...

ათასი მომსვლელიდან შეიძლება მხოლოდ ერთი დარჩეს. ისიც იშვიათად. ზოგს ინტერესი კლავს, ცნობისმოყვარეობა და სიახლის წყურვილი... როგორც კი ამ პერიოდს ამოწურავს, მიდის...

კარგი ეს თუ ცუდი?! რა თქმა უნდა კარგია... "შემთხვევით" მოსული აუცილებლად უნდა წავიდეს და შენც აუცილებლად უნდა იცოდე, რომ გადამწყვეტ მომენტში მარტო იქნები... ადამინებზე ნურასდროს დაამყარებ იმედს, თორემ ღალატის შემთხვევაში ისინი არა, შენ იქნები დამნაშავე, რადგან მათზე დიდი წარმოდგენა შეიქმენი...

ერთ პატარა ისტორიას მოვყვები ჩემს საუკეთესო მეგობარზე.

ახალ სკოლაში გადასვლისას არავის ვიცნობდი. ათი წლის ძლივს ვიქნებოდი და არც ვიცოდი როგორ ან რანაირად უნდა გამეჩინა ახალი მეგობრები. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლიბაში, ერთ ჩემს კლასელ, ანას, ძალიან დავუახლოვდი. დღე და ღამე ერთად ვიყავით. მახსოვს, ჩემს ოთახში ჩემი და მარიამის ამბების მოსმენისგან მისი დამძიმებული ქვითინი, მოულოდნელად ატირდა და გულში ჩაგვიკრა, არაფერი უთქვამს მეტი...

ჩემს ოქროს დაბადების დღეზე სახლში ვიკამათე. ის ჩემს გვერდით იყო. მასთან დავრჩი და ჩუმი ცრემლებით აფორიაქებული სულის დამშვიდევას ვცდილობდი. ის ჩამეხუტა. არც მაშინ უთქვამს რამე, ასე, უბრალოდ, მთელი ღამე ჩახუტებული ვყავდი...

მახსოვს, როგორ მასწავლიდა ველოსიპედის ტარებას, გიტარაზე დაკვრას, როგორ ვსეირნობდით, ვერთობოდით, ვმეცადინეობდით...

ერთ დღესაც წამოვედი.

გავიდა დრო და მასთან ავედი. სახლში იყო, მაგრამ იმდენად უცხოდ ვიგრძენი თავი, ერთი სული მქონდა წამოვსულიყავი.

სხვადასხვა ინტერესები გაგვიჩნდა, სხვადასხვა თვალთახედვა ჩამოგვიყალიბდა.

ერთ დღეს ჩვენ შევიცვალეთ.

ამაში დამნაშავე არცერთი ჩვენგანი არ ვართ.

ვთხოვე ჩემს შემდეგ დაბადების დღეზე მოსულიყო, მან კი არც მომილოცა, არც დამირეკა, არც კი მომიკითხა...

რვა წლუს შემდეგ ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ. ისევ ისე უთქმალედ და უსიტყვოდ, როგორც მაშინ...

მე მას ყველაფერი დავუბრუნე, რაც მაკავშირებდა მასთან, თუმცა, მხოლოდ ერთის, დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაზე მტკივნეულის, ჩვენი საერთო მოგონებების დაბრუნება ვერ შევძელი, ვერც დავივიწყე...

ისინი ისევ ტრიალებს ჩემს გონებაში ყოველ ღამით ათასობით კითხვასთან ერთად, რომელთაგან საპატიო ადგილს მხოლოდ ერთი იმსახურებს - ჩემი ბრალია რაც მოხდა?

ალბათ, არა.

ალბათ, კი.

სამწუხარო ის არის, რომ ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში აღარ განმეორდება. მე აღარ შემიძლია ისევ იმ ბავშვური გულწრფელობით ვენდო სხვას.

ახლა გაცილებით რთულია ცხოვრება.

როდესაც პიროვნებას ხვდები, ჯერ იმაზე ფიქრს იწყებ, როგორი პრინციპები აქვს, რას მოიმოქმედებს და ჭადრაკის პრინციპით ვიწყებთ ურთიერთობის შენებას, რადგან სხვანაირად ვერ ვიარსებებთ.

ჯერ ფიქრები, შემდეგ მონატრება, ბოლოს მოგონებები და მათგანაც დროთა განმავლობაში მხოლოდ ბუნდოვანი აზრები რჩება...

დრო გვაჩვევს, მაგრამ ვერ გვავიწყებს. ჰუმანური პრინციპები ხომ ამაზეა დაფუძნებული - ყველა ამბობს, შეცდომებზე ისწავლებაო, მაგრამ შემდეგ, როდესაც უკვე ყველაფერი გაუფერულებულია, გვინდა, თავიდან გავიმეოროთ, ვნატრობთ დღევანდელი ცოდნითა და შეგნებით იმ პერიოდში რომ დავბრუნებულიყავი, დღეს იქნებ სხვანაირად ყოფილიყოო. თუმცა, აქ ვცდებით, რადგან ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს.

image

0
152
შეფასება არ არის
ავტორი:blogger
blogger
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0