x
მეტი
  • 01.06.2020
  • სტატია:100958
  • ვიდეო:346186
  • სურათი:464455
ბაბილონის კოსმოპოლიტური კულტურა

image


ბაბილონი ძველი მესოპოტამიის ერთ-ერთი ქალაქი იყო, რომელიც ისტორიული აქადის იმპერის ტერიტორიას მოიცავდა. მისი ისტორიის მანძილზე არის როგორც კარგი, ისე დაღმავლობის პერიოდები. ქალაქი ბევრჯერ დაიპყრეს სხვადასხვა წარმომავლობის ხალხებმა. ძვ. წ. მეთვრამეტე-მეთექსვმეტე საუკუნეები შეგვიძლია მივიჩნიოთ ბაბილონურ ხანად, რადგან ამ დროს მეფე ხამურაბმა თითქმის მთლიანად გააერთიანა სამხრეთ შუამდინარეთი. ბევრი მეცნიერი ბაბილონს მიიჩნევს ძველი სამყაროს პირველ მეგაპოლისად და კოსმოპოლიტური კულტურის ნათელ მაგალითად.


კოსმოპოლიტურ ქალაქებს ყოველთვის გააჩნიათ საკუთარი მიზნები და იბრძვიან მათ მისაღწევად. ადრეულ ხანაში ბაბილონი პატარა მოკრძალებული ქალაქი იყო და თანდათან იგი გავლენიან იმპერიად იქცა. იგი გახდა კოსმოპოლიტური ქალაქი, რომელსაც საკმაოდ ძლიერი კულტურა და მძლავრი ეკონომიკა ჰქონდა. ბაბილონი თავის ტერიტორიაზე სხვადასხვა ხალხებს აერთიანებდა. იგი ძალიან გაძლიერდა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც კოსმოპოლიტური კულტურის მქონე იმპერია.


თქმულებების თანახმად, ბაბილონში მრავლად იყო ქალებით ვაჭრობა. უცხო ადამიანები ჩამოდიოდნენ და აუქციონზე ყიდულობდნენ ქალებს. შესაბამისად ხშირი იყო შერეული ქორწინებები. არსებობდა ჯგუფები, რომლებიც იტაცებდნენ და შემდგომ ყიდდნენ ან ცვლიდნენ, ქალებსა და მამაკაცებს. ასევე მრავლად იყო ცოლების გაყიდვის ფაქტები აუქციონზე. აუქციონი ეხმარებოდა დაბალი ფენის ღარიბ მამაკაცებსაც, რომელთაც შეეძლოთ ამ გზით მშვენიერი ცოლი ჰყოლოდათ. ბაბილონი, სადაც მრავალი უცხოელი იყო, მალევე გახდა კორუფციის და სიმდიდრის პროტოტიპი.



ბაბილონის ისტორიის მანძილზე მრავალი ბიბლური წიგნი დაიწერა. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ნაბუქოდონოსორ II (ბაბილონის მეფე), რომელმაც დაიმორჩილა იერუსალიმი, გადმოასახლა (ტყვეებად) ებრაელები ბაბილონში. ამ პერიოდში გადასახლება და კორუფცია გახდა ქალაქის ასაღწერად გამოყენებული სიტყვები.


ევფრატსა და ტიგროსს შორის კარგი თანამშრომლობა, ასევე მოსავლიანობა გახდა საწინდარი იმისა, რომ მესოპოტამია გახდა მოგებაზე ორიენტირებული იმპერია, რომელიც „აფინანსებდა“ მთელ მსოფლიოს. ბერძენი ჰეროდოტე წერს, რომ ძვ. წ. დაახლოებით 450 წელს ასურეთიც მოექცა ბაბილონის დაქვემდებარებაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჰეროდოტე განსაკუთრებით აღფრთოვანებული იყო ბაბილონის სარწყავი სისტემით, თუმცა იგი განსაკუთრებით აქებდა სოფლის მეურნეობას. იმავე ასურეთს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იყო მსოფლიოში, არ ჰქონდა ღორების, ყურძნის და სხვა სოფლის მეურნეობისთვის საჭირო საქონლის მოშენების მცდელობა.


მხოლოდ სოფლის მეურნეობა ვერ მოიტანდა საკმარის სიმდიდრეს და საჭირო იყო ვაჭრობა, რათა უფრო მეტი სარგებელი მიეღოთ. ისინი ქვებზე წერდნენ რეცეპტებს, რომლებიც მოიცავდა სხვადასხვა დახვეწილ კერძებს. ბაბილონელებს შეეძლოთ 100-მდე სახეობის სუპის, 300-მდე სახეობის პურის, მრავალი სახეობის ყველის და სხვადასხვაგვარად დამზადებული ხორცისგან უამრავი კერძის შექმნა.


ბაბილონელები ხორბალს და ზეთს ცვლიდნენ რკინაში, ოქროში, ვერცხლში, ბრინჯაოში, იარაღში, ტანსაცმელში და სხვა საჭირო ნივთებში. ჰეროდოტე ბაბილონის სიმდიდრეს ასევე აღწერდა მის ჩაცმულობაში. მათ თავიანთი მოდური ფეხსაცმელები ჰქონდათ და იზრდიდნენ თმებს, რის გამოც ატარებდნენ დოლბანდს. თითქმის ყველას გააჩნდა საკუთარი ბეჭედი, რომელსაც ჰქონდა განსხვავებული, სპეციალურად მისთვის შექმნილი ორნამენტი.


სიმდიდრის ასაღწერად საკმარისია თვითონ ქალაქზე დაკვირვება, რომელიც გარშემორტყმული იყო გალავნებით და ხალხს წვდომა ჰქონდა მუდმივად სასმელ წყალზე. მოჩუქურთმებული იყო პალმის სვეტები და ზოგიერთი სვეტი დამზადებული იყო ასევე თიხისგან. ბაბილონი სავსე იყო ბაღებით, რომლებშიც შესაბამისად მრავლობდა ვარდები და სხვა ყვავილები. ქალაქი ულამაზესი იყო თავისი მონუმენტებით და დიზაინით, რაც მნახველების აღტაცებას იწვევდა. ქალაქის გარშემო იყო მოაჯირი, ხოლო შემდგომ იწყებოდა გალავანი.


image


აღტაცებას იწვევდა ბაბილონის ეკონომიკური სტაბილურობაც. ღარიბი მოსახლეობა ელოდა, რომ გახდებოდა მდიდარი. იყო დაწესებული გადასახადებიც, რომლებიც კიდევ უფრო ამდიდრებდა ქალაქს.


ბაბილონი იყო იმ იმპერიის დედაქალაქი, რომლის საზღვრებიც იცვლებოდა, თუმცა მისი კანონები ბევრის გასაკვირად სულ რჩებოდა. იმპერიაში შემავალ სხვადასხვა დინასტიებს თავიანთი კონვენცია გააჩნდათ და ამის მიხედვით სამართლდებოდნენ. თუმცა ამის შემდგომ, როდესაც იმპერიის სათავეში ჰამურაბი მოვიდა, მან შემოიღო თავისი კანონები, რომლებიც ცნობილია ჰამურაბის კანონების სახელით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჰამურაბის კანონები არ იყო პირველი ბაბილონის ისტორიაში.


ბაბილონის რესურსებმა და ეკონომიკამ გამოიწვია მისი გამდიდრება, თუმცა იმპერია სრულყოფილი ვერ იქნება ხალხის გარეშე. ქალაქში ხალხის მრავალფეროვნებამ განაპირობა მისი დახვეწილობა. ადრეული ბაბილონი იყო შუმერების და სემიტური ხალხების ნაზავი. მოგვიანებით შუმერებთან ერთად ტერიტორიაზე გაჩნდნენ აქადელები. შუმერები არ იყვნენ იმპერიის შექმნისკენ მიდრეკილნი, თუმცა სწორედ მათგან მოდიოდა ჰუმანური ქმედებები. ისინი ძალიან კარგად ეპყრობოდნენ ქალებს, ჰქონდათ თავიანთი დამწერლობა და შესაბამისად კარგი ლიტერატურა. მათ არ ჰქონდათ ძლიერი დინასტია, თუმცა სწორედ ისინი არიან კოსმოპოლიტური იმპერიის საფუძვლების სულისჩამდგმელები. შუმერებმა მსოფლიოს მისცეს წერა-კითხვის საშუალება და ასევე ძველი ცნობებიდან გამომდინარე, სწორედ მათ გაავრცელეს ბაბილონში სიყვარულის რწმენა და ქალები, რომლებიც ხშირად განათლებულნი და ნაკითხი იყვნენ იმსახურებდნენ პატივისცემას. ისინი აუქციონზე გაყიდვის ნაცვლად, უკვე იღებდნენ სასიყვარულო წერილებს.


როცა სემიტი აქადელები მოვიდნენ ბაბილონის სათავეში დაახლოებით ძვ. წ. 2000, მათ გააფართოვეს მისი იმპერიული საზღვრები. აქადური გახდა ყოველდღიური ენა, თუმცა შუმერული მაინც გამოიყენებოდა კლასიკური დამწერლობისთვის. არამეულიც ასევე პოპულარული ენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ აქადელებმა საზღვრები გააფართოვეს, მათ ვერ შეძლეს იმ სიმდიდრეების ფასის შენარჩუნება, რაც ბაბილონს მათ მოსვლამდე გააჩნდა. ყველაფერი კარგავდა დროთა განმავლობაში ფასს. მათი მიდგომა რიგ საკითხებზე იყო უფრო კომპლექსური.


თუ იმპერია დააფუძნეს სემიტურმა და შუმერულმა ხალხებმა, არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა წარმომავლობის ხალხებიც, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ბაბილონის აღზევებაში. ისინი მოდიოდნენ სავაჭროდ, ნაყოფიერი საძოვრებისთვის ან ზოგადად სიმდიდრისთვის, როგორც მებრძოლები ან როგორც ტყვეები. თუმცა მათ იგივე უფლებები ჰქონდათ, რაც ბაბილონელებს. შეეძლოთ მიწების ყიდვა, გაყიდვა და სხვა მრავალი სიკეთით სარგებლობდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაბილონში ძვ. წ. V-VI საუკუნეებში ცხოვრობდნენ ბერძნებიც, რომლებიც სწავლობდნენ ხელობას. ისინი საქმდებოდნენ ისევე, როგორც ადგილობრივი ბაბილონელები.


ასევე გამოჩნდნენ ქალდეელებიც, რომლებიც ბაბილონში შევიდნენ როგორც უცხოელები და მათგან რამოდენიმე გახდა მოგვიანებით მონარქი. ისინი ამბობდნენ, რომ ნაბუქოდონოსორი იყო ქალდეელი. დაახლოებით ძვ. წ. 850 წელს მათ თავს დაესხნენ ასურელები და ამის გამო შეიცვალეს თავშესაფარი. ქადეელებსაც სურდათ ბაბილონის სიკეთეები და მათთან შერევის გამო ირქმევდნენ ბაბილონური წარმოშობის სახელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ არითმეტიკა, რომელიც ბერძნებმა ბაბილონელებისგან ისწავლეს იყო ქადეელების გამოგონებული.


კოსმოპოლიტურ კულტურას სჭირდება ხალხი, რომელთაც აქვთ მიზანი. რწმენა, დინასტიის სიდიადე, ჭეშმარიტად ცხოვრების ცოდნის ფუფუნება, ფულის, სილამაზის, სიკეთის სურვილი, ნებისმიერ მათგანს შეიძლება ჰქონდეს თავისი დანიშნულება. ბაბილონი თავისი მდებარეობის, ხალხის, იმ სიდიადის და ხელსაყრელი პირობების გამო წარმოადგენდა მოწინავე კოსმოპოლიტურ კულტურას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ხალხს ქონდა მიზანი და მათ სურდათ ესარგებლათ იმ სიკეთეებით, რაც იმპერიას გააჩნდა. ისინი ჭკვიანურად იყენებდნენ თავიანთ შესაძლებლობებს და ამყარებდნენ სავაჭრო თუ სხვა სახის ურთიერთობებს ბაბილონის საზღვრებს გარეთ თუ შიგნით.


ბაბილონელები აშენებდნენ ულამაზეს ნაგებობებს, ჰქონდათ ლამაზი ტანსაცმელი და აქსესუარები, წერდნენ სიმღერებს და აკეთებდნენ გემრიელ კერძებს. მათ ეს დანიშნულება და მიზანი ჰქონდათ. მათ ამის მეშვეობით შექმნეს თავიანთი განსაკუთრებული კოსმოპოლიტური კულტურა, რაც გამოარჩევდათ ნებისმიერი ხალხებისგან. კოსმოპოლიტურ ცენტრს არ შეუძლია იარსებოს დანიშნულების, მიზნის გარეშე და სწორედ ეს მოახერხა ბაბილონმა. მას არსებობის მანძილზე სულ გააჩნდა მიზანი და სულ ცდილობდა განევითარებინა თავისი შესაძლებლობები. ბაბილონი ისტორიის მანძილზე ამტკიცებს, რომ მიზნის გარეშე არსებობა შეუძლებელია. წარმოუდგენელია ქალაქი თავისი ბაღების, ნაგებობების და ვაჭრობის გარეშე. იმ სიკეთეების და დაუღალავი შრომის გარეშე ბაბილონი ვერ გახდებოდა კოსმოპოლიტური იმპერია. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ხალხებიც, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით სხვადასხვა დარგების განვითარებასა და იმპერიად ჩამოყალიბებაში. სწორედ ამ ხალხების დახმარებით იქცა ბაბილონი თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მეგაპოლისად.

0
386
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ჩოგოვაძე
თამარ ჩოგოვაძე
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0