x
მეტი
  • 04.06.2020
  • სტატია:100996
  • ვიდეო:346279
  • სურათი:464507
- მაპატიე, მარლი! (ნამდვილი ამბავი)
ტკივილი, საშინელი ტკივილი დაეძგერა მას გულში და მარწუხებივით მოუჭირა თავისი კლანჭები, თან ისე მაგრად, რომ სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდა... ახალგაზრდა მამაკაცმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, სკვერში მდგარ სკამთან ბარბაცით მივიდა, ჩამოჯდა და მკერდზე ხელის მოჭერით ცდილობდა შეეკავებინა ეს უსაშველო ტკივილი, რომელიც გულიდან დაიწყო და ახლა მთელი სხეული მოეცვა. მამაკაცმა სცადა ღრმად ამოესუნთქა, მაგრამ ტკივილმა კიდევ ერთი სასტიკი დარტყმა მიაყენა მას და გონება დააკარგვინა... ის უკვე ვეღარ ხედავდა მის გარშემო შეგროვილ ხალხს, არც სასწრაფო დახმარების მანქანის სირენების კივილი არ გაუგონია და არც ექიმების ხმა, რომლებიც მის გადარჩენას ცდილობდნენ...



image


სინათლე... საიდანაა ეს სინათლე? სად ვარ? აღარაფერი აღარ მტკივა...ეს სინათლე როგორი თბილი და მსუბუქია... მეც თითქოს უწონადო გავხდი... რა ხდება ჩემ თავს? -მამაკაცი ცდილობდა გარშემო მიმოეხედა, მაგრამ ირგვლივ თეთრი ნისლი ჩამოწოლილიყო, რომელიც გარემოს აღქმაში ხელს უშლიდა. უცებ ნისლი ორად გაიყო და კაცმა მისკენ მსუბუქად მომავალი დიდი თეთრი ნაგაზი დაინახა. კაცმა ის იცნო... ეს მარლი იყო, მისი ძაღლი...

- გამარჯობა, ჩემო პატრონო, -უთხრა ძაღლმა კაცს.


-მარლი, ეს შენ ხარ? როგორ მიპოვე? ლაპარაკობ კიდეც...სიზმარში ვარ? მითხარი, რომ ეს სიზმარია..

-არა, ჩემო კარგო, შენ არ გძინავს. შენ ახლა კვდები. მე კი დიდი ხანია მოვკვდი ზუსტად იმ ადგილას, სადაც შენ მე მანქანიდან გადმომაგდე...

და აქ ახალგაზრდა კაცმა გაიხსენა ის, რის დავიწყებასაც წლების განმავლობაში ამაოდ ცდილობდა: ის საშინელება, რომელიც ღამ-ღამობით მოსვენებას არ აძლედა და სულს და გულს უფორიაქებდა.

-ვხედავ, რომ ჯერ კიდევ არ დაგვიწყებია ის დღე, როცა სასტიკად მომექეცი მე, ბებერ ძაღლს... გაბრაზებულმა როგორ ჩამაგდე მანქანაში და ქალაქგარეთ წამიყვანე. როგორ გადმომაგდე შუა გზაზე და ისე წახვედი, ერთხელაც არ მოგიხედავს უკან. გახსოვს ეს ყველაფერი? განა ჩემი ბრალი იყო, რომ დავბერდი და ჩემი ქცევებით შენ გაღიზიანებდი?

ძაღლმა ღრმად ამოიოხრა, თათები მოკეცა და კაცის წინ დაწვა.

-მარლი, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ვინმე გიპოვიდა და შენ ახალი პატრონი გეყოლებოდა...

-ნუ ატყუებ საკუთარ თავს, პატრონო. სწორედ ამით იმშვიდებდი თავს, როცა აცნობიერებდი, თუ რა ჩაიდინე... და მე? - მე დიდხანს მოგდევდი უკან, მაგრამ ვერ დავეწიე შენ მანქანას. ბებერმა ცხვირმა და დასუსტებულმა ფეხებმა არ მომცეს დაწევის და ჩვენი სახლის მოძებნის საშუალება... და მაშინ მე უკან დავბრუნდი, ისევ იმ ადგილას, სადაც დამტოვე, იმ იმედით, რომ გული მოგილბებოდა და ერთხელაც დაბრუნდებოდი ჩემ წასაყვანად. მე მჯეროდა შენი და მიყვარდი ისე, როგორც შეუძლიათ ძაღლებს უყვარდეთ თავიანთი პატრონები. ძალიან ვღელავდი, როგორ იყავი სახლში მარტო, ჩემ გარეშე. არავინ გაგაღვიძებდა დილით, არავინ მოგიტანდა ჩუსტებს, არავინ აგილოკავდა სიყვარულით ხელებს, არავინ დაწვებოდა მდუმარედ შენ ფეხებთან, როცა სევდა შემოგაწვებოდა... მაგრამ შენ არ დაბრუნდი ჩემს წასაყვანად. მე ისე დიდხანს გელოდე...

მე ყოველდღე დავძრწოდი გზის გასწვრივ იმ იმედით, რომ ერთხელაც დაბრუნდებოდი. მერე კი... მერე მანქანა დამეჯახა. მაგრამ მე უცებ არ მოვმკვდარვარ, სამი დღე გვერდებჩალეწილი ვეგდე გზის პირას და მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი: სიკვდილის წინ კიდევ ერთხელ მენახე, მხოლოდ ერთხელ გამეგონა შენი ალერსიანი ხმა, შენ მუხლზე დამედო თავი და ისე მოვმკვდარიყავი, მაგრამ... ჩემი უკანასკნელი ამოოხვრა მხოლოდ მინდორმა და ჭუჭყიანი წყლით სავსე გუბემ გაიგონა.

იცი, აქ ბევრია ჩემნაირი ძაღლები: პატრონისგან გამოგდებულები, შიმშილით და სიცივით დახოცილები, გართობის მიზნით მოკლულები... თქვენ, ადამიანები, ხშირად ხართ მკაცრები და შეუბრალებლები და არასდროს არ ფიქრობთ იმაზე, რომ ერთხელაც ყველა სისასტიკისთვის ზღავთ!

მამაკაცმა ძაღლის წინ მუხლზე დიქოჩა. ტკივილმა ისევ დაუარა მას მთელ სხეულში, მაგრამ ეს იყო სულიერი ტკივილი მის მიერ ჩადენილი სისსატიკის გაცნობიერებისა. მსუსხავი ცრემლები სერავდნენ მის თვალებს, მაგრამ დაბლა ჩამოვარდნის საშუალებას მათ გული არ აძლევდა.

-მაპატიე, მარლი... გთხოვ, მაპატიე! ძაღლებს ხომ სიყვარულის უნართან ერთად პატიების უნარიც გაქვთ. მაპატიე, თუმცა ვიცი, რომ მე ამას არ ვიმსახურებ.

ბებერი ნაგაზი კუდის ქიცინით მივიდა თავის პატრონთან-მასთან, ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე უყვარდა.

-მე შენ უკვე გაპატიე... გაპატიე ჩემი მოკვლა. შენთვის კი სიკვდილი ძალიან ადრეა. იტირე, შენი ცრემლები-ცოდვების მონანიებაა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ იცოცხლო.

ძაღლმა უკანასკნელად დაადო თავისი რბილი, თბილი თათი მამაკაცის მუხლს და წყნარად უთხრა: -მშვიდობით!


რეანიმაციის განყოფილებაში ექიმები ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენისათვის იბრძოდნენ. მძიმე ინფარქტის შემდეგ მათი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა... 18:30 საათზე გული გაჩერდა. სიკვდილმა დაისადგურა ინტენსიური განყოფილების პალატაში. ექიმებმა, რომლებისთვისაც სიკვდილი უცხო ხილი ნამდვილად არ იყო, ნაღვლიანი სახეებით იბრუნეს პირი მამაკაცის ცხედრისაგან.

რეანიმაციაში გამეფებული სიჩუმე უცებ მედიცინის დის ყვირილმა დაარღვია:-ცრემლი, მას ლოყაზე ცრემლი ჩამოუვარდა. ის ცოცხალია...

-ადრენალინი გულის კუნთში

-დეფიბრილიატორი..ცოცხლად

-განმუხტვა

-კიდევ ერთი განმუხტვა...

მონიტორის ეკრანზე სწორი ხაზი შეირხა და სუსტ, მაგრამ სიცოცხლისუნარიან ზიგზაგებად გადაიქცა...


ამ დღიდან ზუსტად ერთი თვე გავიდა. ახალგაზრდა კაცი, უკვე გამოჯანმრთელებული კლინიკის გამოსასვლელთან იდგა. ის ცოცხალი და ჯანმრთელი იყო და შემოდგომის სუსხიან წვიმასაც კი არ შეეძლო მისთვის ხალისიანი და იმედიანი განწყობილების გაფუჭება. მის საიქიოდან მობრუნებას ექიმები სასწაულს მიაწერდნენ. საავადმყოფოს ჭიშკრიდან გამოსულმა ფეხით გასეირნება გადაწყვიტა, რადგან მისი სახლი კლინიკიდან არც ისე შორს იყო. ფიქრებში ჩაძირული მიდიოდა ახალგაზრდა კაცი თავისი სახლისკენ, როცა შუა გზაზე რაღაც მორგვივით მრგვალი, მოძრავი საგანი შეამჩნია. კაცი უფრო ახლოს მივიდა. ტალახში ამოსვრილი პატარა მოძრავი გუნდა ლეკვი აღმოჩნდა, რომელიც სიცივისაგან კანკალებდა და შესაბრალისად წკმუტუნებდა.

-სალამი, პატარავ. ვინმეს დაეკარგე? - ჰკითხა მამაკაცმა, თუმცა კითხვა უადგილო იყო, რადგან ლეკვის გარეგნული იერი თავისთავად ლაპარაკობდა იმაზე, რომ ის უპატრონო იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა შველას.

მამაკაცმა სათუთად აიყვანა ლეკვი, უბეში ჩაისვა და თბილი ღიმილით უთხრა: -მარლი, წავიდეთ ჩემთან.

ბებერმა ნაგაზმა, რომელიც მსუბუქი თეთრი ნისლით იყო გარშემორტყმული, თავი თათებზე დადო, მძიმედ ამოიხრა და თვალები დახუჭა. მან შეძლო და ადამიანში ადამიანი გადაარჩინა.


8
343
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
343
  
3 აპრილი, 9:48
მადლობა, გაიხარეთ! სწორი ქართულით წერა ჩემი სისუსტეა
3 აპრილი, 5:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2 აპრილი, 23:22
კარგი,სევდიანი ისტორიაა,გამართული ქართულით ნაწერი,პუნქტუაციაც უზადოა.
2 აპრილი, 19:07
თავმდაბლობა კარგია, მაგრამ მეტისმეტიც არ ვარგა.
თქვენ, მაკა, ლელა, თამილა, არაჩანდა (ჩემთან მისი არასწორი დამოკიდებულების მიუხედავად) და რამდენიმე სხვაც მუდამ საინტერესო, კითხვად და კარგ სტატიებს წერთ.
მე გრამატიკაში სერიოზული ჩავარდნა მაქვს, რაც არ უნდა დავწერო. ასე.რომ... :)
2 აპრილი, 18:06
აბა რა პროფესიონალი მე ვარ...ჩემ ჭიას ვახარებ და ეგაა :(
2 აპრილი, 18:01
ეს მე ვარ დილეტანტი, თორემ აქ მართლა ბევრნი ხართ პროფესიონალები. :)
2 აპრილი, 17:43
მწერლობას დამაწყებინებს ეს კორონა მე :D
2 აპრილი, 17:38
აქ კომენტარი სრულიად ზედმეტი და უსარგებლო იქნებოდა.
0 1 8