x
მეტი
  • 01.06.2020
  • სტატია:100963
  • ვიდეო:346178
  • სურათი:464459
მართლა სჯობია თუ არა თბილისის ანძა ეიფელს: 31 მარტი ეიფელის კოშკის დაბადების დღეა
თბილისის ანძა რომ სჯობია ეიფელს (ალბათ ყველას გახსოვთ ცნობილი ფრაზა ქართული ჯგუფის "სეფას ბიჭების" სიმღერიდან "ჟანეტ"), ეს ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მოდით, ირონიანარევი პატრიოტიზმი დროებით გვერდზე გადავდოთ და თბილისის ანძის შორეულ ნათესავს-ეიფელის კოშკს მივულოცოთ დაბადების დღე.

განა არსებობს ადამიანი, მსოფლიო მოდისა და კულტურის ცენტრად აღიარებული ქალაქის - პარიზის და მის სიმბოლოდ ქცეული ფრანგული "რკინის ლედის"- ეიფელის მონახულებაზე რომ არ ოცნებობდეს?



image



დღეს ეიფელის კოშკის დაბადების დღეა.. დიახ, ზუსტად ამ დღეს, 1889 წლის 31 მარტს, ანუ 131 წლის წინ შედგა ლეგენდარული ეიფელის კოშკის ოფიციალური გახსნა, რომელზეც საფრანგეთის დროშა აფრიალდა. 300 მეტრის ლითონის კონსტრუქცია, რომელიც პარიზში, სენასთან, მარსის ველზე მდებარეობს, არის პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლო. ყოველწლიურად მის სანახავად 6 მილიონი ტურისტი ჩამოდის აქ, ხოლო მთელი მისი არსებობის მანძილზე ეიფელის კოშკი 236 მილიონი დამთვალიერებლით იწონებს თავს. სულ მაინტერესებდა, რას ეძახდა გუსტავ ეიფელი თავისი სახელობის ქმნილებას. " ჩემი კოშკი" თუ განყენებულად „ეიფელის კოშკი'' (თითქოს თვითონ სულაც არ იყო მისი შემოქმედი)... არც ერთი და არც მეორე - ეიფელი თავის ქმნილებას თურმე სულ უბრალოდ: ''დროშის 300 მეტრიან სამაგრს'' უწოდებდა.




image



თავიდან ეიფელის კოშკი აშენდა, როგორც დროებითი კონსტრუქცია, რომელსაც უნდა შეესრულებინა პარიზის მსოფლიო გამოფენაზე შესასვლელი სიმბოლური თაღის როლი, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დადასტურდა ცნობილი გამოთქმა :''არაფერი არ არსებობს უფრო მუდმივი, ვიდრე ''დროებითი''.


კოშკს ორი წლის განმავლობაში (1887-1889) 300 ადამიანი აშენებდა. იდეის ავტორი და მთავარი არქიტექტორი ცნობილი ფრანგი ინჟინერი გუსტავ ეიფელი გახლდათ. კოშკს სახელი სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა. ნაგებობა მსოფლიო გამოფენის, ''ექსპო–უნივერსელის'' ფარგლებში აშენდა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავს ეძღვნებოდა.
თავდაპირველი გათვლებით კოშკის დემონტაჟი აშენებიდან 20 წელიწადში იგეგმებოდა, (ამ პერიოდზე იყო გათვლილი გუსტავ ეიფელის ხარჯების ამოღება), თუმცა მოგვიანებით, რადიოეთერისა და სატელევიზიო მაუწყებლობის კოშკზე დამონტაჟების წყალობით, ეიფელმა საკომუნიკაციო დანიშნულება მიიღო და დემონტაჟს გადაურჩა.
24- მეტრიანი სატელევიო ანძის დამონტაჟებამ კოშკის სიმაღლე 24 მეტრით გაზარდა და მისი სიმაღლე 300–ის ნაცვლად 324 გახდა, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის, თუმცა ეიფელი თავდაპირველი სიმაღლითაც იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე მაღალი და მასიური კონსტრუქცია იყო. 7300 ტონიანი ლითონის ნაგებობა ურყევად დგას ძლიერი ქარების დროსაც კი. ერთადერთი ''საშიშრობა'', რისგანაც ეიფელი ''იტანჯება'' - ეს სიცხეა. მზიანი მხარის გადახურების შედეგად ეიფელის კოშკის წვერი 18 სანტიმეტრით იხრება ხოლმე.



image



მსოფლიოში ყველაზე მაღალი სტრუქტურის ტიტული კოშკმა 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკ კრაისლერ ბილდინგის (319 მ.) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა, თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე ნაგებობაა 350 მ სიმაღლის ლუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ.



image

ფოტოზე: მშენებარე კოშკი 1888 წლის ივლისში

თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია ეიფელის კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა, არისტოკრატია მიიჩნევდა, რომ ის ამახინჯებდა პარიზის დახვეწილ, საუკუნეების განმავლობაში ''გამჯდარ'' სტილს. კოშკს ''საქარხნო კვამლის მილს'' და „პარიზის ცაზე მელნის მახინჯ ლაქას'' ადარებდნენ. განსაკუთრებით აკრიტიკებდნენ არქიტექტურულ სიახლეს ალექსანდრე დიუმა, შარლ გუნო და გი დე მოპასანი.
ერთხელ ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ გი დე მოპასანი ყოველდღე სადილობდა კოშკის პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანში, მივარდნენ მას და ჰკითხეს: ''რა უნდა აქ, თუ ასე ვერ იტანს ამ კოშკს'', რაზეც დიდმა მწერალმა, სავარაუდოდ, უკვე კოშკზე შეყვარებულმა, უპასუხა: ''ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც ეიფელის კოშკი არ მოჩანსო''. ფაქტია, რომ ეიფელის ქმნილება ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურული ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.



imageფოტოზე: ეიფელის კოშკის ხედი მდინარე სენას მხრიდან


ცნობილია, რომ პარიზის ოკუპაციის დროს, საფრანგეთის დედაქალაქში ჰიტლერის უშუალოდ ჩასვლის წინ, მწყობრიდან გამოვიდა ეიფელის კოშკის ყველა ლიფტი და ფიურერმა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ გადახედა პარიზს ''ზევიდან''. როგორც კი გერმანულმა ჯარებმა პარიზი დატოვეს, ლიფტები საეჭვოდ ჩქარა ამუშავდა.

ეიფელის კოშკი თავისი ისტორიის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლიდა ფერს ყვითლიდან მოწითალო-მოყავისფრომდე. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კი ეიფელის კოშკი არის ''ეიფელისფერი''. სწორედ ამ დასახელებით არის დაპატენტებული იმ ფერის საღებავი, რომელსაც ქალბატონი კოშკი ''ატარებს''. სხვათაშორის, ეიფელის კოშკი რომ ქალბატონია, ამაში ეჭვი პირველივე დღიდან არავის შეჰპარვია, თანაც მიუხედავად ''სოლიდური წონისა'' (7300 ტონა), საკმაოდ ტანადია, რაშიც სიმაღლე უწყობს ხელს - 324 მეტრი (ეს ხუმრობით).



image

ფოტოზე: მარსის ველი ეიფელის კოშკის წვეროდან



საფრანგეთის ხელისუფლება და ფრანგი ხალხი ეიფელის კოშკს ეროვნულ ღირშესანიშნაობად და სიმდიდრედ მიიჩნევს და სათუთად უფრთხილდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას საკმაოდ ბევრი სანერვიულო შეხვდა:
კოშკმა გადაიტანა რამდენიმე ხანძარი, მას ხშირად იყენებდნენ თავის ეფექტურად მოკვლის მსურველები, ნაღმავდნენ ტერორისტები, ''ყიდდნენ'' აფერისტები...დიახ, დიახ, სწორედაც რომ ყიდდნენ. მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერ თაღლითად აღიარებულმა ვიქტორ ლუსტიგმა 1930-იან წლებში ეიფელის კოშკი რამდენჯერმე გაყიდა.

მან ერთხელ შემთხვევით გაზეთში ამოიკითხა, რომ შესაძლებელია ეიფელის კოშკი ან გაარემონტონ, ან საერთოდ დაშალონო. თაღლითმაც არ დააყოვნა და ეს იდეა ბრწყინვალედ გამოიყენა. თავი ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრის მოადგილედ გაასაღა, შეადგინა ყალბი საბუთები და მდიდრულ სასტუმროში მეტალო-მაგნატები მოიწვია.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეიფელის კოშკის უტილიზაციის "უფლება" ვინმე ანდრე პუასონმა იყიდა 50 ათას დოლარად. რაოდენ დიდი იყო მისი იმედგაცრუება, როცა მერე დღეს ეიფელის კოშკს მძიმე ტექნიკით აღჭურვილი მიადგა დასაშლელად და პარიზის პოლიციამ ხელი შეუშალა ამ საქმიანობაში. ბიზნესმენს თურმე კოშკის დაშლა და მისი აშშ-ში წაღება ჰქონდა განზრახული, თუმცა საბედნიეროდ, მიზანი ვერ აისრულა. აბა რა იქნებოდა პარიზი ეიფელის გარეშე?- ალბათ დამეთანხმებით, რომ საფრანგეთის დედაქალაქი მისი მთავარი სიმბოლოს გარეშე თავის ხიბლსა და შარმს დაკარგავდა.



image




მთავარი კინაღამ დამავიწყა... თბილისს დიდი ხანია ეძახიან ''პატარა პარიზს'', ჰოდა სადაც პარიზია, იქ ახლომახლო მთლად ეიფელის კოშკი თუ არა, რამე ცოტა მოიეფელო მაინც ხომ უნდა არსებობდეს? - ჰოდა გვაქვს ჩვენი თბილისური ანძა, რომელიც თურმე ხანდახან ეიფელსაც კი სჯობია-გააჩნია, რა კუთხით შეხედავთ საკითხს.



image


და კიდევ ერთი: მე-20-ე საუკუნის დასაწყისში ჩვენი სასიქადულო მფრინავი ბესარიონ ქებურია, რომელიც თავის დროზე იპყრობდა პარიზის ცას და პარიზელი ქალბატონების გულებს, ეიფელის ფირმას დაუკავშირდა და მათგან რკინის ხიდის კონსტრუქციები იყიდა, რომელიც ცემსა და ლიკანში დაიდგა.
კონსტრუქციები ჩამოიტანეს ფოთში გემით, შემდეგ კი ფოთიდან ურმებით ამოზიდეს და ადგილებზე დაამონტაჟეს.
აი ასე ვიცით ჩვენ - ქართველებმა და პარიზელებმა. კიდევ იტყვით, რომ ჩვენ არა გვაქვს ჩვენი ეიფელი?


p.s. გასული წლის ზაფხულში მქონდა ბედნიერება საკუთარი თვალებით მეხილა პარიზელი "რკინის ქალბატონი". სიმართლე გითხრათ და მეშინოდა, რომ საოცნებო ეიფელის კოშკი ისეთი ეფექტური და შთამბეჭდავი არ აღმოჩენილიყო, როგორიც სინამდვილეში წარმომედგინა, მით უმეტეს, რომ ბევრი ადამიანისგან მქონდა მოსმენილი: ''- ეიფელის კოშკი?- აბა რა სილამაზე მაგას კი აქვს- ერთი რკინის ჩონჩხია და მეტი არაფერი''... საბედნიეროდ, ეს ფიქრები არ გამართლდა და "პარიზის სინდრომსაც" გადავურჩი.... რაც უფრო ვუახლოვდებოდი '' პარიზელ აჟურულ ქალბატონს'', მით უფრო მეტად ვრჩებოდი მოხიბლული მისი დიდებულებითა და სილამაზით.

კოშკთან მისასვლელად მარსის ველის მხარე ავირჩიეთ. ლეგენდარული მარსის ველი, რომელზეც ოდესღაც ნაპოლეონი სამხედრო აღლუმებს აწყობდა, დღედღეობით პარიზელების და ტურისტების საყვარელ საპიკნიკე ადგილადაა ქცეული. ხასხასა მწვანე ბალახით დაფარულ უზარმაზარ ველზე უამრავი ადამიანი იყო თავმოყრილი: წყვილები, ოჯახები ბავშვებთან ერთად, სტუდენტები, ტურისტები ფეხმორთხმული ისხდნენ მინდორზე, მხიარულად საუბრობდნენ, წრუპავდნენ ღვინოს ან წვენს, უკრავდნენ გიტარაზე და აკორდეონზე, მღეროდნენ, ხუმრობდნენ და ამასთან ერთად ეიფელის კოშკის სილამაზით ტკბებოდნენ, რომელიც ზღაპრული ქალბატონივით ყელმოღერებული ამაყად გადმოჰყურებდა ამ სანახაობას.

ამასობაში დაღამდა და ჩვენს თვალწინ ულამაზესი სანახაობა გადაიშალა: ეიფელის კოშკზე სინათლეები ჩაირთო და რკინის ლედი აციმციმდა, რასაც მაყურებელთა შეძახილები და მხურვალე ოვაციები მოჰყვა. გაჩირაღდნებული ეიფელი ასმაგად უფრო ლამაზი გახდა, რადგან განათებები ძალიან ეფექტურად და გეგმაზომიერადაა დამონტაჟებული, მისი მეშვეობით კოშკის ყველა ნაწილი თანაბრად და შთამბეჭდავადაა განათებული.



image


131 წლის უბერებელი რკინის ქალბატონი დღესაც ამაყად გადაჰყურებს პარიზს. დღეგრძელობა ვუსურვოთ მას, რათა კიდევ დიდხანს დაატკბოს მნახველთა თვალები თავისი სილამაზითა და დიდებულებით.

4
222
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
222
  
1 აპრილი, 15:46
მე გასულ ზაფხულს მოვინახულე.... მართლა შოკში ჩამაგდო თავის დიდებულებით. განსაკუთრებით ლამაზი ღამით იყო- საოცრად განათებული
1 აპრილი, 2:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

31 მარტი, 14:38
გაიხარეთ...მეტი პოზიტივი გვჭირდება დღეს. :)
0 1 4