x
მეტი
  • 30.05.2020
  • სტატია:100942
  • ვიდეო:346114
  • სურათი:464437
ალაგი ლიხელე - ძველი სვანური წარმართული რიტუალი
ალაგი ლიხელე - ძველი სვანური წარმართული რიტუალი


ალაგი ლიხელე სვანურ ენაზე ნიშნავს ადგილისათვის, მიწისთვის მიძღვნას. ეს არის ახალწლის ციკლის ძველი სვანური წარმართული წეს-ჩვეულება და რიტუალი განკუთვნილი გახლდათ ოჯახის ბარაქისა და კეთილდღეობის მისანიჭებლად. სრულდებოდა ლიძიენალ დადეღის დღეობაზე. ალაგი ლიხელეს რიტუალის საინტერესო ვარიანტი დამოწმებულია ლენტეხის რაიონის სოფელ ფაყში - შუშხვამ ღამეს, როგორც კი ოჯახის მამაკაცთა და ბავშვთა ნაწილი დაიძინებდა, უფროსი დიასახლისი გამოაცხობდა სამ კვერს, რომელთაგან ერთი - "ფუსტა უისხუი" (პატრონის, ღმერთის ხარი) - დიდი ღმერთის სახელობისა იყო, მეორე, ნამგლის ფორმისა, გამოხატავდა ახალ მთვარეს. ნას ალაგი ლიხელეს მეორე, ლენტეხურ ვარიანტში, რომელიც დღეობა ჩიტობს სრულდებოდა, დოშდულ - მთვარე ეწოდებოდა). და მესამე კენჭივით მრგვალი და პატარა. ამ კვერებს საერთო სახელს - "ზენახარ"-ს უწოდებდნენ. გარდა აღნიშნულისა, აცხობდნენ სამ მრგვალ, სამქიმიან ლემზირს. ამასთანავე, შესაწირავად მზადდებოდა: მოხარშული კვერცხი, საახალწლოდ დაკლული ღორის მარჯვენა ფეხი და გულ-ღვიძლის მარჯვენა ნაწილი, ერთი ჭიქა ღვინო ან არაყი და სანთელი.


ალაგი ლიხელე - ძველი სვანური წარმართული რიტუალი


საცერში ჩალაგებულ ყველა შესაწირავს, გარდა ღვინისა, დიასახლისი მარცხენა ხელში დაიჭერდა, მარჯვენა ხელით კერაზე ცვილს დაყრიდა და ღვინით ხელში კერიის წინ გაჩერდებოდა. რძლებიც კერიის გარშემო განლაგდებოდნენ. უფროსი მანდილოსანი შედგებოდა ლოცვას, რომელსაც დამსწრე ქალები ხმამაღლა იმეორებდნენ. შემდეგ ყველა დაიჩოქებდა და ლოცვას გაიმეორებდა იმავე წესით. ლოცვის დასრულებისთანავე, განზე გამდგარი რძლები კერას პირს მოარიდებდნენ. უფროსი მლოცველი, რომელიც კვლავ მუხლმოყრილ პოზაში რჩებოდა, კერიის პირზე მიწაში ჩაფლავდა სამ პატარა კვერსა და მოხარშულ კვერცხს. ისევ ილოცებდა და ღვინოს დალევდა. ბოლოს წამოდგებოდა და იქ მყოფთ, ღორის გულ-ღვიძლს, ფეხის ნაწილებსა და ლემზირებს გაუნაწილებდა.


ვ. ბარდაველიძის აზრით, კვერების მიწაში დამარხვით უნდა მომხდარიყო ციურ არსებათა დაახლოება ღვთაებრივი მიწის ნიადაგთან იმისათვის, რომ მიწა მნათობთა სითბოსა და სხივებს ზიარებოდა, მათი ცხოველმყოფელური ძალით განაყოფიერებულიყო და ამის შემდეგ, თავისი წიაღიდან, ადამიანთათვის საკეთილდღეო მცენარეები აღმოეცენებინა.


წყარო: ნუგზარ ანთელავა. "კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები". 2017 წ.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0