x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"პატარა ხარ ჯერ იმ საშინელების სანახავად რაც აქ ხდება, მე ვთხოვ გიორგის მეორედ არ წამოგიყვანოს ოპერაციაზე, საკუთარი თავის გარდა არავის ენდო ცხოვრებაში"-გამოცდილი პარტიზანის რჩევა

image როცა შენი რეგიონიდან დევნილი ხდები ორი გზა გრჩება, ან მდგომარეობას არ ურიგდები და ბრძოლას აგრძელებ ან მდგომარეობას ურიგდები და მთელი ცხოვრება თავდახრილმა უნდა იარო.
მე აფხაზეთი ასე თუ ისე კარგად მახსოვს, მახსოვს ბაბუასეული უზარმაზარი სახლი, სადაც დაიბადა მამაჩემი გიორგი, ბიძაჩემი ალიკა და მამიდები.
მაშინდელი პატარა ასაკის მიუხედავად მახსოვს ულამაზესი ქალაქი, მახსოვს ჩვენი სახლის მეორე სართულის აივნიდან გადაშლილი სოხუმის ულამაზესი ხედები, მახსოვს ბაბუასთან სტუმრად ჩამოსული იმ პერიოდში საქართველოში ცნობილი ადამიანები, მახსოვს თუ როგორ იკრიბებოდნენ ძველი "ზღვის მგლები"-შორული ნაოსნობის ქართველი, უკრაინელი თუ რუსი კაპიტნები ან მათი თანაშემწეები ჩვენს ოჯახში.
ერთ დღეს კი რუსეთის ინსპირირებით ომი დაიწყო აფხაზეთში და ყველაფერი დაინგრა, სოხუმური განსაკუთრებული ურთიერთობები, გუშინდელი მეგობრები ფრონტის საპირისპირო მხარეს დადგნენ.
ნაწილმა კი თავი, რომ აერიდებინა ნათესავებთან ბრძოლისათვის აფხაზეთი დატოვა (ასე მოიქცნენ ჩვენი ნათესავი აფხაზები, ჩვენს სახლში დღესაც ერთერთი მათგანი ცხოვრობს, ბაბუას თხოვნა და სურვილი იყო ასეთი).
არ დავწერ თუ რა გადავიტანეთ მამის და ბაბუას გარეშე ზუგდიდში-ბაბუა, ჩემი მამა და ბიძა სოხუმში იბრძოდნენ.
მადლობა ღმერთს იმ საშინელ წლებს გადავურჩით და ყველანაირი სიდუხჭირის მიუხედავად, ომამდე ბაბუას მიერ წინასწარ გადადგმულმა ნაბიჯებმა არ მოგვცა საშუალება სხვა დევნილებივით ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში გვევლო.
ქალაქის სახლიც ხელახლა ააშენეს სოფელში კი ისედაც კარგად განაშენიანებულ ეზოს ასობით ძირი თხილი, ციტრუსი და კივი შევმატეთ.
მამამ ერთერთ ძალოვან უწყებაში დაიწყო მუშაობა და ძალიან მალე პარტიზანული მოძრაობაც დაიწყო. შეიქმნა პარტიზანული რაზმები-"ტყის ძმები", "თეთრი ლეგიონი", "სამურაი", "მორიელი" და აფხაზეთის ქართული ადმინისტრაციის სპეცრაზმის ჯგუფი.
ერთ დღეს მამამ სახლში განაცხადა, რომ უფროსი შვილი (მე ვარ უფროსი შვილი ოჯახში) თან მიჰყავდა სპეცოპერაციაზე სეპარატისტულ აფხაზეთში, დედამ პროტესტი გამოთქვა, ჩემა რუსმა ბებიამ ტირილი დაიწყო, ჩემი ძმა ლევანი გაშეშდა, და ლამის ისტერიკაში ჩავარდა.
ბაბუამ შემომხედა და მკითხა: შენ თუ გინდა ბაბუ წასვლა?-კი მინდა მეთქი (ჩემი მამიდაშვილის შრომაში დაღუპვის მერე დღე არ გასულა შურისძიებაზე არ მეფიქრა)!
რამდენიმე თვეში 16 წლის გავხდებოდი, თუმცა ასაკთან შედარებით ფიზიკურად ყოველთვის ძლიერი აღნაგობის ვიყავი.
ერთი სიტყვით ჩამაცვეს ბაზაზე ჯავშანჟილეტი, მომცეს მოკლე კალაშნიკოვის ავტომატი, მამას ბავშვობის მეგობარმა პისტოლეტი მაჩუქა (გურამ კვიტატიანი ის ადამიანია ვინც მძიმედ დაჭრილი მამაჩემი სოხუმის დაცემის დღეს, სოხუმში შემოსულ აფსუებს და კონფედერაციის სადისტ "ბოევიკებს" სოხუმის რკინიგზის სადგურიდან ცხვირწინ ააცალა), 8 მჭიდი, სათადარიგო ვაზნები, დურბინდი და პროდუქტიც ამკიდეს ორსანტიისკენ გავწიეთ, საიდანაც ხდებოდა ხშირად გალში გადასვლა.
ენგურთან მისულს აფხაზეთში ნაბრძოლი თითოეული ქართველისათვის, დიდი ალბათობით ცნობილი ოფიცერი და არანაკლებ ცნობილი პარტიზანი ბატონი რუზგენ გოგოხია შეგხვდა, მამაჩემი და რამდენიმე მებრძოლი გადაკოცნა და ერთმანეთში რამდენიმე წინადადება გაცვალეს.
ვვარჯიშობდი და ძალის ნაკლებობას არ ვუჩიოდი, მაგრამ ამხელა, თან შეუჩვეველმა ტვირთმა შემაწუხა და ბატონმა რუზგენმა ეტყობა ეს შეამჩნია. მოვიდა და მეკითხება: შვილო, რამდენი წლის ხარო? ჯერ 16 წლისაც არა ვარ მეთქი. გაშრა კაცი, რაღა დროს შენი პარტიზანობაა ფეხბურთს უნდა თამაშობდე თანატოლებთანო.
საიდან ხარ ან ვისი შვილი ხარო, მივუთითე მამაჩემზე აგერ დგას მეთქი, მე ვთხოვ მამაშენს და არსად წახვალ შენო!
მივიდა მამაჩემთან და საუბრობენ, თან მე მიყურებენ. მოვიდა ბატონი რუზგენი და მეუბნება: მართლა გინდა პარტიზაობაო? კი მეთქი!
ჩამიხუტა და მეუბნება: არავის ენდო გაუაზრებლად ვინც არ უნდა იყოს, ენდე, მაგრამ აუცილებლად გადაამოწმე სანამ მოქმედებას დაიწყებო!
ახლა მინდა გადავუხადო ამ დიდ ქართველს და ვაჟკაც კაცს მადლობა, ცხოვრებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩევის გამო.
ბევრჯერ მიღალატეს, ბევრჯერ მატკინეს გული დაუმსახურებლად, 2 წლის მანძილზე ნაფიქრალ-ნააზრევი და გათვლილი გეგმა ჩამიგდო მეგობარმა, ვიცი ამის გამო ციხეში დიდი ხნით ყოფნა ან სულაც სიკვდილი არ ამცდებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში, მაგრამ ჩემი ნაბიჯით ქართველებს მომავლის იმედს გავუჩენდი, სოხუმში თუნდაც რამდენიმე წუთით აფრიალდებოდა ბაბუას დანატოვარი სამფეროვანი ქართული დროშა. დროულად, რომ მეპოვა დავსჯიდი, დავსჯიდი ჩემებურად, ყოველგვარი დანანების გარეშე.
სანამ მე ვიპოვიდი დაისაჯა, ავარიაში მოჰყვა და სამუდამოდ დახეიბრდა.
მე არ მინახულებია, დაცემულს არ ურტყამენ, ვაპატიე, მაგრამ ის ჩემთვის მკვდარია.
ენდეთ ადამიანებო ერთმანეთს, ენდეთ, მაგრამ გადაამოწმეთ ვის იკრავთ გულში-ადამიანს თუ ადამიანის სხეულში ჩაბუდებულ ეშმაკს.

მტერი მტერია და იცი და მზად ხარ იმისათვის მას მუდამ მზად დახვდე, მაგრამ მეგობრად მოსული მტერია საშიში, რადგან მეგობარი გგონია და ყურადღებას ადუნებ, ასეთ დროს კი თუ ალღო და ინტუიცია არა გაქვს სიკვდილის კლანჭებში ხვდები.
რისი თქმა მინდოდა ამ სტატიით!- ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა აფსუა, რომლის მოკვლასაც სიკვდილსაც კი არ დავანებებდი ჩემი ნება, რომ ყოფილიყო, მას ჩემი მეგობრის სისხლი ემართა და ის ერთ დღეს მე უნდა დამესაჯა, მაშინ იქნებოდა ყველაფერი კანონზომიერი.

0
1116
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1116