x
ლეგენდა "მზეჭაბუკზე". როგორ იბრძოდა ბასიანის ომში თავგამოდებით მზეჭაბუკ სისაური და როგორ დასრულა მან სიცოცხლე
Image result for ბასიანის ომი

ლეგენდა მზეჭაბუკზე


ძალიან დიდი ხნის წინათ, როცა საქართველოს ბედნიერი დრო ედგა და მზეთა მზე თამარ დედოფალი იჯდა სამეფო ტახტზე. გარეჯის ქვეყნის თვალი იყო საგარეჯო.ეს ულამაზესი სოფელი მართლაც თვალი იყო მთელი გარე-კახეთისთვის. თვალთხევის ორივე ნაპირზე გაშენებული სოფელი ნამდვილ მითიურ წალკოტს წარმოადგენდა თავისი ცნობილი „სათავის“ წყაროებითა და ბაღნარში ჩამჯდარი ლამაზი უბნებით. სოფელს ჩრდილოეთიდან ტყით შებურვილი ლამაზი გორაკები ესაზღვრებოდა, რომელსაც თავზე „ბებერი კლდე“ ოქროს გვირგვინივით წამოსჯდომოდა. სამხრეთით კი ბაღ-ვენახებისა და პურის ყანების ხოდაბურები მართლაც ზღაპრულ იერს აძლევდა სოფელს.

ხელმარჯვე და მებრძოლი ხალხი შეძლებულად ცხოვრობდა. თვალიცა და ახლომახლო სოფლებიც მეფესა და დავით-გარეჯის მონასტრებს ეკუთვნოდა. ამიტომ გარე-კახეთს „საგარეჯო“ მხარე ეწოდებოდა. მისი ცენტრი კი თვალი იყო, სადაც თამარ დედოფლის სასახლე იდგა. თამარმა თავისი მეფობის დროს კლდეში ნაკვეთი მონასტერიც კი ააშენა გარეჯის უდაბნოში.



საგარეჯო მართლაც ბედნიერი ქვეყანა იყო, აქაური მოსახლეობა განთქმული იყო ულამაზესი ქალებითა და ლომგული ვაჟკაცებით, არც სწავლა-განათლებაში უდებდა ვინმე ტოლს, სპორტი ხომ, განსაკუთრებით ჭიდაობა და ცხენოსნობა მთელ საქართველოში იყო განთქმული. აკი ამიტომაც უყვარდა მზე-თამარს საგარეჯოში სტუმრობა, ღამე თევითაც ხშირად რჩებოდა მდინარე თვალთხევის მარჯვენა სანაპიროზე კოპწიად წარმომდგარ გორაკზე წამომჯდარ სასტუმრო- დარბაზში და აქედან გადაჰყურებდა დილის მზის სხივებით ათასფრად აციაგებულ საგარეჯოს - თვალს.

როცა კახეთში წამოვიდოდა ქვეყნის დასათვალიერებლად თამარ დედოფალი, ერთ შესვენების ლოჭინის ხევის პირას, ვაზიანში აწყობდა, ბაღ- ვენახებითა და სარწყავი ქსელის სიმშვენიერით დატკბებოდა, ხოლო მეორე შესვენებას თვალ- საგარეჯოში მოაწყობდა ხოლმე.

ასე იყო იმ დღესაც.მეფეს ნამეტანი უყვარდა თვალთხევის მორაკრაკე ჩქერებში მობანავე გოგო- ბიჭების ხილვა, როცა ის თვალხატულა გოგო- ბიჭები მისი ამალის ეტლებს შემოეხვეოდნენ, მზე- თამარიც ტკბილეულითა და ოქროს ფულებით უმასპინძლდებოდა კუდრაჭა გოგონებსა და ქოჩორა ბიჭუნებს.

„ბებერი კლდე“, საგარეჯოს გვირგვინი, მზე- თამარს ბევრი სასიამოვნო მოგონებას უღუძრავდა. როცა წამიერად მიაშტერდებდა თვალს საღამოს მზის ელვარებით განათებულ მის დაკბილულ კორტოხებს, მის ხსოვნაში გამოიღვიძებდა ხოლმე ბასიანის ლეგენდარულ ომში გამარჯვების შემდეგ ტაოს ერთ-ერთი მთის თავზე მოჯირითე, ასევე ბასიანის ომში გამარჯვებული საგარეჯოელი მზეჭაბუკ სისაურის საოცარი ჯირითი. ახლაც ასე მოხდა. წამიერად გაუელვა ომში გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმმაც და ამ ომის გმირის შავტუხა, ქოჩორა, შავ ქურანაზე ამხედრებული და შუბ- აბჯრით შეჯავშნული ჭაბუკის შესახებ, რომელიც თამარ მეფეს წარუდგინა მანდატურთუხუცესმა მანაველმა ჭიაბერმა. მზეჭაბუკმა მდაბლად დაუკრა თავი მხე-თამარს, მის წინ ცალ მუხლზე დაიჩოქა და გაირინდა.

თამარის გულში უცნაური რამ მოხდა, ნეტავ რა გრძობა იყო ეს? გულთამხილავი ინატრა მეფე-ქალმა., რომ აეხსნა თუ რა იყო ეს. მართალია თამარი დიდი ქვეყნის მბრძანებელი იყო, მაგრამ მაინც ქალი გახლდათ და მისმა გულმაც სხვანაირად დაიწყო ძგერა. იქნებ ეს იყო წამიერი ნატვრა მზეჭაბუკთან მოალერსებისა, მაგრამ მათ შორის დიდი ბარიერი იყო აღმართული. ის ხომ ქვეყნის მბრძანებელი იყო, ხოლო მზეჭაბუკი ომის გმირი, ტრიუმფატორი ქვეყნის მბრძანებელის ყმა და მეტი არაფერი.

თამარმა თავისთან მოიხმო და წამიერმა მდუმარებამ სწრაფად გაირბინა, მზეჭაბუკს მდაბლად მიმართა თამარმა: - ომის რაინდო, რა უფრო გაახარებს შენს გულს, ჯილდოდ გადიდკაცება, ყმა-მამულები, თუ ამალაში ჩარიცხვა?

- მზეჭაბუკი არ დაიბნა და მყისიერად უპასუხა: - არა არის რა ჩემთის იმაზე მაღალი ჯილდო, რაც სამშობლოსა და თქვენი ერთგული სამსახურია, მეფევ-დედოფალო, მიმსახურეთ და ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო...

... თამარის მზერა „ ბებერმა კლდემ“ მიიპყრო, ისევ ფიქრებმა წაართვა თავი და გაიხსენა მანდატურთუხუცესის სამწუხარო ნაამბობი! ბასიანის ომის გმირი მზეჭაბუკი ამ „ ბებერმა კლდემ“ შთანთქა თავის უფსკრულში ამ ორიოდე თვის წინო.


* * *

მზეჭაბუკ სისაური თვალ- საგარეჯოში დაიბადა და გაიზარდა, მამამისი, იასე, თვალ-საგარეჯოს მოურავი იყო. მზეჭაბუკი თავიდანვე გამორჩეული იყო თავის თანატოლებში. ისრის ტყორცნაში, ჭიდაობაში, ცხენის ჯირითში, ფარიკაობაში.

როცა დავაჟკაცდა, საეკლესიო დღესასწაულებზე გამართულ ასპარეზობაში მონაწილეობდა. პირველი აღიარება ჯვარპატიოსნობის დღეობაში მოიპოვა უჯარმაში. მაშინ 18 წლის იყო, მეორედ სამებობას იასპარეზა კაწარეთში და „ლელობურთიც“ პირველმა გაიგდო წინ, ხოლო მესამე გამარჯვება ცხენით ჯირითში ბოჭორმობას მოიპოვა და იქაური მზეთუნახავი ნინო ქოქიაურის გულიც დაიპყრო.

ნინო ქოქიაური მაშინ 17 წლის იყო და ჭაბუკთან ერთად ჯირითში შუბის ტყორცნაშიც იღებდა მონაწილეობას. სწორედ მაშინ გადაჯვარედინდა ნინოსა და მზეჭაბულის გულის ისრები. ნინოს სხვა გატაცებაც ჰქონდა, სილამაზესთან ერთად მსმენელთა გულს თავისი შესანიშნავი ხმითაც იპყრობდა. მზეჭაბუკმა იქ მოისმინა დღეობაზე ნინოს მიერ ნამღერი „ ვეფხვისა და მოყმის“ შესახებ, მაშინ დაიფიცა მზეჭაბუკმა - ნინო ჩემი უნდა გახდესო. იმავეს ფიქრობდა ნინოც, როცა მზეჭაბუკს შეჰყურებდა. ხალხმაც იგრძნო მათი გულების ფეთქვა.

ნათქვამია „ ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“- ო. ასე მოუვიდათ მზეჭაბუკსა და ნინოსაც.

მალე მეფის შათირებმა გარე- კახეთშიც მოიტანეს სამეფო კარის ბრძანება - ლაშქრის შეყრის შესახებ და ორი ათასი გარეკახელი ვაჟკაცი ცხენ- იარაღიანად ლაშქრად შეიყარნენ სამგორში - „ჩადივის“ მინდორზე. ამ ლაშქრობაში იყვნენ გარეჯელი მზეჭაბუკ სისაური და ქარლელი მიხა ბუღალაური.

მიხამ იცოდა, რომ ნინო ქოქიაურს მზეჭაბუკი ეტრფოდა, ისიც შურდა მზეჭაბუკისა, რომ გარე- კახეთის თვალი იყო და გადაწყვეტილი ჰქონდა გზიდან ჩამოეცილებინა მეტოქე. ამისთვის კი დრო და საშუალება უნდა შეერჩია. ჯერ დაუკავშირდა მზეჭაბუკს და მეგობრობა შესთავაზა, სულ იმას ცდილობდა მის გვერდით ყოფილიყო. კარგად შეესწავლა მისი ბუნება, მისი ცხენის ხასიათი, რომელიც ცხენოსნობის ჯირითში ყოველთვის პირველი იყო. ისიც შეიტყო, რომ სხვა დადებით თვისებებთან ერთად მზეჭაბუკის შავრა ცხენს ერთი ნაკლი ჰქონდა, უცნაურ ხმაურზე ფრთხოდა ხოლმე და ხიფათში აგდებდა მხედარს. მზეჭაბუკსაც ჰქონდა ნაკლი, ძალიან გულუბრყვილო და მიმნდობი იყო, ამიტომ ენდო და ვერც კი ამოიცნო მიხა ბუღალაურის განზრახვა, ადვილად იწრმუნა მისი მეგობრობა და გულწრფელად გაანდო მეტოქეს ნინოსთან გამიჯნურება.

ჩადივარის მინდორზე სამ დღეს დარჩნენ მოლაშქრეები, ვიდრე საქართველოში ყველა კუთხიდან შეიკრიბებოდა სამეფო ლაშქარი. დიდი ომი იყო მოსალოდნელი მთელი აღმოსავლეთის მუსლიმანური კოალიცია აღდგა საქართველოს წინააღმდეგ. მათი მიზანი იყო თამარ დედოფლის სახელმწიფოს განადგურება და ქრისტიანობის პირწმინდად ამოწყვეტა. მთელი მუსლიმანური კოალიციის 400 000 იან ლაშქარს რუმის სულთანი რუქნადინი სარდლობდა, ქართულ ლაშქარს კი ამირსპალარი ზაქარია მხარგრძელი, ძმები შალვა და ივანე ახალციხელები მეთაურობდნენ. ცალკე იდგა მეფის საგანგებო ლაშქარი, რომელსაც თამარ დედოფლის მეუღლე დავით სოსლანი სარდლობდა. აქვე იყო თავისი ამალით თამარ დედოფალი, რომელსაც სამეფო კარის კანონით უმაღლესი მთავარსარდლის ტიტული ჰქონდა.

ბასიანის ომი გაიმართა 1204 წელს არზრუმის მახლობლად, ბასიანის მინდორზე. თურქები მნიშვნელოვნად სჭარბობდნენ ქართველებს, ამიტომ გამარჯვების უპირატესობა თურქების მხარეს იხრებოდა... სწორედ ამ გადამწყვეტ ჟამს ქართველებმა დავით სოსლანის მეთაურობით გვერდიდან შემოუარეს და ელვისებური სისწრაფით შელეწეს თურქთა მარჯვენა ფლანგი. სწორედ ამ იერიშის დროს გამოჩნდა მზეჭაბუკ სისაურის გმირობა, რომელიც ღრმად შეიჭრა თავისი რაზმით მტრის რიგებში და თავის შავრა ცხენზე ამხედრებული მარჯვნივ და მარცხნივ მტერს ჟუჟავდა გამეხებული. ქართველები აღფრთოვანებულნი იყვნენ მზეჭაბუკის გმირობით, მისი შავრა ცხენი, ადვილად გამოსაცნობი შუბლზე თეთრი თმით, ყველგან მოჩანდა ყალყზე შემდგარი.

ამ დიდ გადამწყვეტ ომში ქართველებმა გაიმარჯვეს და დამარცხებით დავზარდაცემულმა თურქებმა ძლივს გაასწრეს ბრძოლის ველს. თურქთა კოალიციის მთავარსარდალი რუქნადინი სასწაულით გადაურჩა ტყვედ ჩაგდებას.





* * *

ომში გამარჯვებული ქართველთა ლაშქარი დიდი დანაკარგით დაბრუნდა უკან. გარე- კახელი რაინდებიც დაუბრუნდნენ სახლებს და ომში გამარჯვების აღსანიშნავად „ ბებერ კლდეზე“ ამაღლებულ ტაფობზე აღლუმი გამართეს.

სანამ აღლუმს დანიშნავდნენ მზეჭაბუკ სისაურმა თავისი გულის სწორი ნინო დანიშნა და შემოდგომისთვის ქორწილი დათქვეს. არ ეძინა მტერს, შურისა და მტრობით ცეცხლმოკიდებული მიხა ბუღალაური მტრობის ქსელს გეგმავდა. ვერაფრით ვერ შერიგებოდა ბოჭორმელი ნინოს დაკარგვას და სულ იმის ცდაში იყო, როგორ მოეხერხებინა მეტოქის ჩამოცილება და დაღუპვა.

სანამ „ბებერ კლდეზე“ აღლუმი და სპორტული შეჯიბრებები გაიმართებოდა, მიხა ქობთავის ტყეშ ვარჯიშობდა მიკიოტის ხმის მიბაძვაში, რათა „ბებერი კლდის“ შეჯიბრებაზე, როცა მზეჭაბულ სისაური თავის შავრა ცხენს კლდის თავზე უკანა ფეხებით შეაყენებდა, მიკიოტის ხმით ცხენი დაეფრთხო და კლდეზე გადაეჩეხა თავისი მეტოქე. მიხამ წინასწარ შეისწავლა „ბებერი კლდის“ შემოგარენი და ნახა ერთი ბუჩქნარ- მაყლოვანი, სადაც ჩასაფრებოდა და ცხენს დაუფრთხობდა მზეჭაბუკს.

შეჯიბრების დღეც დადგა და ხალხმა იწყო დინება „ბებერი კლდისაკენ“. მოდიოდნენ, როგორც ცხენოსნები, ისე ფეხით, კახეთის ყველა ხმრიდან ამ საოცარი სანახაობის საყურებლად. მაგრამ ამ სანახაობის მთავარი გმირი, მზეჭაბუკი, ვერ იყო კარგ ხასიათზე. იმ ღამეს ცუდი სიზმარი ნახა, ვითომ თავის შავრა ცხენს ზეცაში დაანავარდებდა და უკან რაღაც ფრინველი შავი ყორნის მსგავსად საზარელი ხმით მოსჩხაოდა. მზეჭაბუკმა ისარიც კი ესროლა ამ საშინელ ფრინველს, მაგრამ თავიდან ვერ მოიშორა. ცუდად ენიშნა ეს სიზმარი შეჯიბრის წინ, მაგრამ ამის შესახებ არაფერი არ უთხრა ნინოს.

გათენდა დილა და მზეჭაბუკი თავისი ჰუნეთი „ბებერი კლდისაკენ“ გაემართა. სპორტული აღლუმი ჭიდაობით დაიწყო, შემდეგ ცხენთა ჯირითი გაიმართა, სადაც პირველობა არავის დაუთმო, ბოლოს ჯირითში გამარჯვებულს ილეთი უნდა ჩაეტარებინა. მზეჭაბუკს ცხენი უკანა ფეხებზე უნდა შეეყენებინა, შემდეგ უნდა შემობურნებულიყო და იორღა ჯირითით ცხენებს უნდა შეჯიბრებოდა ლელო ბურთის გატანაში.

ნასუქი არაბული ქურანები სტარტზე მიწას ტორავდნენ, ყალზე დგებოდნენ, ლაგამს ღრღნიდნენ და პატრონებს ბრძოლისკენ უხმობდნენ. აი, გამოჩდა შეჯიბრების გამრიგეც. შემაღლებულ ბექობზე შედგა, სასტვენს ჩაბერა და ცხენებიც მიწას მოწყდნენ, წინ გაიჭრნენ, მაგრამ მზეჭაბუკი თავისი შავრა ცხენით წამიერად შეყოვნდა. გათქვირებული ქურანა ყალყზე დგებოდა, მიწას წინა ფეხებით ტორავდა, მაგრამ მზეჭაბუკი აღვირს თავისკენ ზიდავდა, არ აძლევდა ცხენს საშუალებას, წინ გაჭრილიყო. როცა შეჯიბრის მონაწილე მხედრები კარგა დაშორდნენ სტარტს, მაშინ მოუშვა აღვირი ცხენს მზეჭაბუკმა და შავრა ცხენიც ელვისებურად გაიჭრა წინ.

შეჯიბრებაში ჩალისფერი ქურანასა და ყორნისფერი შუბლზე თეთრნიშნიანი ცხენის მხედრები პირველობდნენ. მზეჭაბუკმა დანარჩენი მოჯირითეები რომ ჩამოიცილა, ფინიშამდე ორასიოდე მეტრიღა იყო დარჩენილი. მზეჭაბუკის გაწვრთნილ შავრა ცხენს დეზების შემოკვრა და მათრახი არ სჭირდებდა, ის თავისი პატრონის სურვილს უსიტყვოდ ხვდებოდა.

ფეხზე მდგომმა აღელვებულმა ხალხმა დაინახა თუ როგორ გადალახა ფინიში მზეჭაბუკის ჰუნემ და სულ რაღაც ათიოდე ნაბიჯით ჩამოიტოვა უკან ჩალისფერი ქურანი. ხალხის აღტაცებულმა ყიჟინამ გააყრუა მიდამო, ცივ-გომბორის მთებმა, მელითაურმა და სათივარამ, ხალხის აღტაცების ექო უკან დააბრუნა. ის იყო, მზეჭაბუკის შავრა კლდისპირას მიიჭრა, უკანა ფეხებით ყალყზე შედგა, ერთხანს ქანდაკებასავით გაიყინა და... გაისმა კიდეც არაბუნებრივი, შემზარავი ჩხავილი, რომელმაც მზეჭაბუკის ცხენი დააფრთხო და თავისი მხედრით უფსკრულისაკენ გააქანა...

მაყურებელთა მქუხარე შეძახილები წამიერად შეწყდა და სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა, მერე აიშალა მოზეიმე ხალხი და სიკვდილის მაუწყებელ „ბებერ კლდეს“ მიაწყდა. უფსკრულში გადაჩეხილი ცხენი და მზეჭაბუკი სასიკვდილო აგონიისგან იკრუნჩხებოდნენ...

ბოლოთქმა: გავიდა ცოტა ხანი და ამ ვერაგობის ჩამდენი ქართველი მიხა ბუღალაურის გვამი ქობთავის კლდეების ძირში ნახეს დაჩეხილ-დასახიჩრებული.„

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:დანი ბაზერაშვილი
დანი ბაზერაშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0