x
მეტი
  • 06.04.2020
  • სტატია:100983
  • ვიდეო:345696
  • სურათი:463779
გოგონა აფზაზეთიდან
image
გოგონა აფხაზეთიდან 1993 წლის სექტემბერია. ქარს მოაქვს სისხლითა და ზღვით გაჯერებული სუნი. ადამიანები ჩქარი ნაბიჯებით დადიან ქუჩებში - ყველას სახეზე შიში ჩაბუდებულა. ბუნება, როგორც ფრთამოტეხილი მაფშალია, მოწყენილია. ეძალება დროს, უნდა თავისი გაიტანოს... ღამდება. ცაზე ნელ-ნელა გამოჩნდა მთვარე, მაგრამ ღრუბლები უშლიან ხელს, რომ მთელი სისავსით გამოანათოს... სადღაც ავტომატის სროლის ხმა ისმის: ნეტავ ვის მოხვდა ტყვია, ვის მოუსწრაფა სიცოცხლე?! მიუხედავად ყველაფრისა, ცდილობენ არ დაკარგონ ის სიყვარული, რაც საუკუნეებმა გამოატარა, რაც დღემდე აქვთ მეზობლებს ერთმანეთის მიმართ - ქართველებსა და აფხაზებს. მათ ხომ გასაყოფიც არაფერი აქვთ, მაგრამ მაინც... ბოროტმა ძალამ გამოაჩინა “ბრჭყალები” და...

- ნინო, სახლში ხართ?

- დიახ, ადიცა, სახლში ვართ. შემოდი. კარი ღიაა.

აფხაზ გოგონას - ადიცა არშბას, დავით აბშილავას ოჯახი ძალიან უყვარდა, პატარა თამარის დაბადებამ კიდევ უფრო გაახშირა ადიცას სტუმრობა ქართველ მეზობლებთან. ნინომ და დავითმა ოჯახი სიყვარულით შექმნეს. მათ ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი - მათ სიყვარულზე დიდი თუ პატარა საუბრობდა, ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს... ნინო განსაკუთრებული სილამაზით იყო შემკული - გიშრისფერი თმები ამშვენებდა მის ზღვასავით ლურჯ თვალებს, ხოლო, მაღალი, ლერწამივით ტანი, განსაკუთრებულ სინარნარეს მატებდა მის ქალურობას... შთამომავლობით განსაკუთრებული ნიშანი ერგო - მარჯვენა წარბის ბოლო გაყოფილი ჰქონდა, რომელიც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდიდა მას. დავითიც ბუნებამ დააჯილდოვა ყველა იმ თვისებით, რაც ქართველ ვაჟკაცს უნდა ჰქონოდა. ამიტომაც, ყველა პატივისცემით მოიხსენიებდა მას და ყველას უყვარდა მისივე ხასიათის გამო. ორსართულიანი აგურით ნაშენები სახლი ჰქონდათ. ეზოს ორივე მხარეს პალმები და მწვანე მინდორი ამშვენებდა, სახლი სუფთად და ლამაზად გამოიყურებოდა. კედელზე დავითის წინაპრის ფოტო იყო დაკიდებული, რომელიც ომში წასვლამდე გადაუღია მის ბებია-ბაბუას. დავითმა ის ფოტო კარგ მხატვარს დაახატინა და კედელზე დაკიდა წინაპართა პატივისცემის ნიშნად. ორი შვილი ჰყავდათ - რვა წლის აკაკი და ხუთი თვის თამარი.


- ნინო, როგორ ხარ?

- როგორ უნდა ვიყო, ადიცა? გული გამიქვავდა, ქვეყანა იღუპება - ძმა ძმას არ ინდობს, მეზობელი მეზობელს, მტრად გადაჰკიდეს ერთმანეთს... დათო განადგურებულია, სულ იმას იძახის, როგორ ავიღო იარაღი ჩემი მოძმეების წინააღმდეგო. მაგრამ, ისეთი სიტუაციაა დღეს, ყველა საკუთარ თავს და მიწა-წყალს იცავს, ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს...

- მესმის შენი, ნინო, ძალიან კარგად. მამაც ასეთ დღეშია, ეს რა დღე დაგვიდგაო გაიძახის - ქართველებს საკუთარი მიწიდან დევნიანო.

- თქვენ აფხაზები ხართ ადიცა და საფრთხე ნაკლებად გემუქრებათ. აი ჩვენ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ადიცას ცოტათი შეუმსუბუქა მოწოლილი ბოღმა ნინოსთან საუბარმა. სახლში წასვლა ჩვეულ დროზე ადრე მოინდომა, მაგრამ პატარა თამარი არ ეთმობოდა - ძალიან უნდოდა მოფერებოდა.

- ნინო, შეიძლება თამარი ვნახო?

- რა თქმა უნდა, ადიცა!

- მამაჩემი ამბობს, ყველაფერი მალე დაწყნარდებაო...

- ღმერთმა უსმინოს ადიცა. ხალხი იხოცება, სადაცაა ჩვენთანაც მოვლენ. დათოს არ სურს აქაურობის დატოვება, ვეხვეწები: სანამ გამწვავებულა სიტუაცია, დავტოვოთ ქალაქი-თქო და არ შვება! შენ წადი ბავშვებით, მე არსად არ ვაპირებ წასვლასო, გაიძახის. მე როგორ წავიდე და დათო როგორ დავტოვო?! აი, თამარმაც გაიღვიძა, მიდი, გამოიყვანე ადიცა. - კარგი, ნინო. ადიცა შევიდა ბავშვის საძინებელში, ჯერ საწოლში მოეფერა გოგონას, შემდეგ ჩააცვა და მისაღებ ოთახში გაიყვანა, სადაც ნინო იჯდა.

- ადიცა, როგორ არის შენი და გიორგის საქმე? ხომ ყველაფერი რიგზე გაქვთ?

- მამაჩემია ნინო წინააღმდეგი, მალულად ვხვდებით ერთმანეთს, დედას კი ძალიან მოსწონს....

- რატომ, ადიცა? გიორგის ქართველობა უშლის ხელს?

- არა, ეგ არაფერ შუაშია, ისე არ მოსწონს. ამ საუბარში დათოც მოვიდა.

- ადიცა, როგორ ხარ?

- კარგად, დათო, შენ როგორ ხარ?

- რას ვიზამ ადიცა, ვითარება დღითი დღე იძაბება, უკვე არ ვიცი რა ვქნა. ხვალ გავუშვებ ნინოს და ბავშვებს თბილისში ჩემებთან, იქიდან რუსეთში წავლენ, როცა ყველაფერი დაწყნარდება, უკან დაბრუნდებიან.

- არა, დათო მე აქ შენ მარტო ვერ დაგტოვებ!!!

- ნინო თავისას არ იშლიდა. - ნინო, აქ რთული სიტუაციაა, ახლა ბავშვებზე იფიქრე მხოლოდ. თამარი ჯერ სულ ხუთი თვისაა, აკაკი რვა წლის. აქ როგორ გაგაჩეროთ? ღმერთმა დამიფაროს, რომ ბავშვებს რაიმე დაემართოს, ამიტომ გაემზადე და ხვალ გაგამგზავრებთ. მე აქ დავრჩები! - კატეგორიულობა იგრძნობოდა დათოს ხმაში.

- დათო, ჩვენ ხომ აფხაზები ვართ და საფრთხე ნაკლებად გვემუქრება, ამიტომ გადმოდით ჩვენს სახლში და იქ იცხოვრეთ!

- რას ამბობ, ადიცა? საფრთხე ყველას გვემუქრება - შენც და ჩვენც, გასროლილი ტყვია ვის იმსხვერპლებს არავინ იცის. ამიტომ ყველამ უნდა უშველოთ თავს... დამნაშავედ იგრძნო თავი ადიცამ, ბავშვს ჩაეხუტა, ნინოს და დათოს დაემშვიდობა და კარისკენ შებრუნდა. დათომ მიაძახა:

- ადიცა დილით გადმოდი, სანამ ესენი წავლენ, ინახულე! არ გასცა დათოს პასუხი. თითქოს გულში რაღაც ჩაუწყდა, თავი დამცირებულად იგრძნო, თითქოს საკუთარ თავს აბრალებდა, ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდებოდა, თვალებზე მომდგარი ცრემლი ძლივს მოიწმინდა და ეზო დატოვა. ადიცა არშბა, დედით ქართველი და მამით აფხაზი, ოცდახუთი წლის, პატარა ლამაზი მხიარული გოგონა იყო. სახეზე მუდამ სითბო და სიყვარული ეხატა, ირგვლივ ღიმილს და ბედნიერებას არიგებდა. როგორც ყველა დედისერთა, ნებიერად გაზარდეს. ხანდახან იტყოდა ხოლმე: მე ნამდვილი დედმამიშვილი არ მყავს, მაგრამ უფალმა უამრავი შეძენილი დებით და ძმებით დამაჯიდლდოვაო. ბოლო დროს შეყვარებული იყო, ქართველ ბიჭზე, გიორგი მარშანიაზე, რომელსაც ძალიან უყვარდა აფხაზი გოგონა. გიორგი გამორჩეული იყო - მაღალი, ლურჯი თვალებით, ხვეული თმებით, ვაჟკაცური აღნაგობით. ადიცა სახლში მოწყენილი დაბრუნდა. დედას არ გამოჰპარვია, მისი ერთადერთი შვილის სევდანარევი გამოხედვა. ის ხომ ყოველთვის მხიარული და ბედნიერი იყო, მის თვალებში მხოლოდ სიყვარული და სიკეთე კაშკაშებდა. ამ საღამოს სხვანაირი ეჩვენა - მოწყენილი, უფერული, დარდიანი. არადა, ხვალ 25 წელი უსრულდებოდა... დედა, მიუხედავად ყველაფრისა, ადიცას საყვარელ ნამცხვარს - ბაქლავას აცხობდა... ცდილობდა შვილისთვის როგორმე ესიამოვნებინა... ადიცა ისე შევიდა საკუთარ ოთახში, დედას არ დალაპარაკებია. გული აუფორიაქდა დედას. წინსაფარი მოიძრო, იქვე სკამზე გადაკიდა, ხელები გაიწმინდა და შვილის საძინებლისკენ წავიდა. ადიცა საწოლზე გულაღმა იწვა და ტიროდა, უფრო სწორად, ქვითინებდა. დედა მიზეზის ახსნას ითხოვდა, ის არ პასუხობდა. სახლში ადიცას მამა, ამირი არშბაც მოვიდა - შვილს მოეფერა. ყველაზე პირველი რაც იფიქრა, ის იყო, რომ, ალბათ, შეყვარებულს ეჩხუბა და ამიტომ არის განაწყენებულიო. სინამდვილეში კი, სულ სხვა რამ ხდებოდა, ადიცას გული სტკიოდა. - ეს ომი აფხაზებს არ დაუწყიათ, მე მიყვარს ჩემი ძმები, ქართველები, მათ წინააღმდეგ იარაღს ვერ გამოვიყენებთ. სახლიდან არ გახვიდეთ ხვალ! ძალიან გთხოვთ, ნუ ნერვიულობ, არც შენი და არც ჩემი ბრალი არ არის, რაც დღეს ხდება... შენ ჯერ პატარა ხარ და ბევრს ვერაფერს ხვდები... დრო გავა და გაიგებ, რა მოხდა სინამდვილეში! იმედია დაწყნარდება ყველაფერი.

-გული მიკვდება, მამა, ნინოს და დათოს შემხედვარე, როგორ უძნელდებათ სახლის დატოვება - ნინოს არ უნდა დათოს გარეშე წასვლა. არადა, დათო აძალებს - ხვალ დილით, აუცილებლად უნდა წახვიდეო... ადიცას დედამ ბაქლავას გამოცხობა დაასრულა, სამზარეულოში მაგიდაზე დადო და დაიძინა. იმის იმედად, რომ ხვალ შვილს დაბადების დღეს მიულოცავდა. ოცდაშვიდი სექტემბერი გათენდა. დილით თვალებდასიებული ადგა ადიცა საწოლიდან. ეზოში ძაღლი ყმუოდა - ალბათ, ყველაზე კარგად ის გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს! დედამ შვილს დაბადების დღე მიულოცა, მამამ როგორც ყოველთვის, ოქროს სამაჯური აჩუქა ადიცას - მას ხომ გამორჩეული თარიღი ჰქონდა - 25 წლის ხდებოდა. გარეთ დრო და დრო ტყვიების ხმა ისმოდა... მამამ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ადიცა, სახლიდან არ გასულიყო. - ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუ ზედმეტი რამ შენიშნეთ, სახლის ქვედა სართულზე ჩადით და იქ გაჩერდით ჩემს დაბრუნებამდე. - კარგი მამა, თავს გაუფრთხილდი შენც და ეცადე, იარაღი არ გამოიყენო! ამირი დაემშვიდობა ცოლ-შვილს და სახლიდან გავიდა. ადიცამ როგორც კი მამა წავიდა, მაშინვე ჩაიცვა და გარეთ გავიდა გიორგისთან შესახვედრად. გარეთ ციოდა. სახლში შებრუნდა, ქუდი დაიხურა, მერე დედას ისე ჩაეხუტა, თითქოს უკანასკნელად ეხუტებოდა. ისევ გარეთ გავიდა, ზღვა ახლოს იყო სახლთან, რომელიც ძალიან უყვარდა. სანაპიროზე გიორგი მისული დახვდა, კენჭებს ისროდა ზღვაში. უკნიდან მიეპარა ადიცა, მისი შეშინება სცადა. გიორგი კი აუღევლებლად შებრუნდა ადიცასკენ და გულში ჩაიკრა.

- მეშინოდა, ვაი თუ ვერ მოახერხებდი მოსვლას. იქვე დასხდნენ და ზღვას უცქეროდნენ, რომელიც ნაზად არხევდა ტალღებს. გიორგიმ დაბადების დღე მიულოცა ადიცას, მისი საყვარელი სუნამო აჩუქა, შემდეგ ხელი ხელზე მაგრად მოკიდა და გულზე მიიკრა. ისინი უხმოდ გასცქეროდნენ ზღვას.

- ადიცა, მე არ ვაპირებ სახლის დატოვებას, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ და არსად წავალ. დედა აუცილებლად უნდა წავიდეს. ჯერ თბილისში, შემდეგ რაიონში, იქ დეიდა მყავს. შენ ალბათ შენს მშობლებთან ერთად ისევ აქ იცხოვრებ. რადგან აფხაზი ხარ, არავინ შეგეხება, მაგრამ ტყვია ბრმაა და ვის მოხვდება, არავინ იცის! მე ძალიან მინდა გახდე ჩემი ცოლი! დაე ომმაც ვერ დაგვაშოროს ერთმანეთს. გაგიშვებ დედასთან ერთად და როცა ყველაფერი დალაგდება, მეც ჩამოვალ, ან თქვენ დაბრუნდებით უკან!

- რას ამბობ, გიორგი! ახლა მაგის დრო არ არის! როგორ ავუხსნა მშობლებს, რომ გიორგის მივყვები ცოლად, თქვენ აქ უნდა დაგტოვოთ და მე უნდა წავიდე-მეთქი? ზღვასთან ახლოს ჭურვი ჩამოვარდა. ადიცა შიშისგან გიორგის ჩაეხუტა, ორივე სწრაფად ადგა და ხელჩაკიდებულნი გარბოდნენ სახლისკენ. ქალაქში სისხლის სუნი იდგა. მიწაზე დასახიჩრებული ადამიანები ეყარა, ხალხი განწირული ხმით ყვიროდა, შველას ითხოვდა... გიორგიმ სახლამდე მიაცილა ადიცა. ცოტა ხანს უცქირა. - მე შენ ძალიან მიყვარხარ, ადიცა. ეს არასოდეს დაგავიწყდეს!

- ეს უთხრა და უკანმიუხედავად წავიდა.

“სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღვის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს, ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავს. გააფრთებული ბრძოლები გაგრძელდა 27 სექტემბრამდე, თუმცა, მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლო და ქალაქი საბოლოოდ დაეცა“.

. „ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტებმა ქალაქში ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს“

. სახლში ადიცას არავინ დახვდა. ამასობაში, გახშირდა ტყვიების ხმა, დედას დაუწყო ძებნა, მაგრამ ვერსად იპოვა, მხოლოდ ძაღლი დახვდა ეზოში და შეუწვეტლივ ჰყეფდა. ვერ ხვდებოდა, საით წასულიყო. ხალხი გარბოდა, ბავშვები ტიროდნენ და საშინელი კივილი ისმოდა, დაჭრილი ადამიანები შველას ითხოვდნენ, დათომ დაინახა ადიცა, მიირბინა მასთან და ბრძანების კილოთი უთხრა: - თავს უშველე ადიცა, სახლში შედი!

- დედა ვერ ვიპოვე... ცრემლები თავისით წამოუვიდა თვალებიდან. ვერაფერს გრძნობდა, დათოს გულზე თამარი ჰყავდა მიხუტებული, მეორე ხელი ადიცას მოჰკიდა და გაიქცაადიცა გარბოდა, მაგრამ არ იცოდა სად მიდიოდა. ხელი გაშვებინა და ყვირილი დაიწყო:

- სად მიგყავარ, დათო, სად!!! ჩემი მშობლები ვერსად ვიპოვე! უკან უნდა დავბრუნდე! - უცებ შეტრიალდა და სახლისკენ გაიქცა. დათო დაედევნა, გააჩერა და უთხრა:

- მშობლებს აუცილებლად გიპოვი, ოღონდ, ახლა მე გამომყევი. აქ უკვე საშიშია გაჩერება! დათომ ისევ ხელი ჩასჭიდა. ყველა გარბოდა. სახლიდან რისი გამოტანაც იმ წუთს შეძლეს, გამოიტანეს და ისე გარბოდნენ, თუმცა, არავინ იცოდა სად, მთავარი იყო ახლა ტყვიას დამალვოდნენ. როგორც იქნა, სამშვიდობოს გავიდნენ. შავმა კვამლმა მოიცვა ირგვლივ ყველაფერი... გზადაგზა ჩერდებოდნენ, ძირს წვებოდნენ, რომ გასროლილი ტყვიებისთვის თავი აერიდებინათ. როგორც იქნა, დიდი წვალებით (ჯარისკაცების დახმარებით) გაიარეს სოხუმი, მერკელი, წებელდა, ჩინი, ლათა, ქვაფჩარა, ჩხალთა, აჟარა, გენწვიში ომარიშალი, საკენი. ადიცა გულში წყევლიდა იმ ადამიანებს, ვინც ასე გაიმეტა ხალხი, ვინც გადაამტერა ქართველი და აფხაზი ერთმანეთს. ის ერთადერთი აფხაზია იყო ამდენ ქართველში. თითქოს ყველას ტკივილი სტკიოდა... გულაჩუყებული ფიქრობდა გზაში დახოცილ ადამიანებზე, დედის ცხედარზე მომტირალ ბავშვებზე, მოხუცებზე, რომლებსაც უკვე სიარული არ შეეძლოთ... ომს გამოექცნენ, ეგონათ, თითქოს ყველაფერი მორჩა... სიკვდილსაც აღარ შეხედავდა თვალებში! უკვე ჭუბერის უღელტეხილს დაადგენენ. დათოს მეუღლე, ნინო ძალიან დაიღალა და ადიცას სთხოვა, გოგონა აეყვანა ხელში. ადიცამ თამარი მიიხუტა გულზე და ასე გააგრძელეს გზა. იგი ნელა მიდიოდა, ამასობაში დათოს და ნინოს ჩამორჩა, წვიმაც წამოვიდა. გაძნელდა სიარული, ატალახდა მიწა და ფეხები ტალახში ეფლობოდათ, ამან კიდევ უფრო დააუძლურა დაღლილი ადამიანები. როგორც იქნა, სამხედრო ვერტმფრენი დაფრინდა. ხალხი მისკენ გაიქცა. ყველას სურდა ასვლა. ადიცა ცოტა მოშორებით აღმოჩნდა და ახლოს მისვლას ვერ ახერხებდა. დათომ ნინო და აკაკი რის ვაი-ვაგლახით აიყვანა ვერტმფრენზე, თან ადიცას ეძახდა, რომ სწრაფად მოსულიყო. ნინო განწირული ხმით კიოდა და ხელებს იშვერდა გოგონასკენ... როგორც კი ვერტმფრენი ხალხით გაივსო, მაშინვე აფრინდა ისე, რომ ადიცამ ვერ მოახერხა დედისთვის გადაეცა შვილი. ეს ყველაფერი ისე მოულოდნენლად და რაღაც წუთებში მოხდა... ხალხი გაურკეველ მდგომარებაში დარჩა - ბევრი დედა ავიდა და შვილი ვერა. იყო პირიქითაც... თუმცა, რა გაეწყობოდა, დარჩენილებმა ისევ განაგრძეს გზა.

“საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას, რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000- ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ- დევნილი გახდა.”

ტირილი დაიწყო ადიცამ, შიშმა შეიპყრო, ამ ყველაფერს ისც დაემატა, რომ დედას შვილი ვერ გადასცა. რა ჰქნას, არ იცის, დათოს ვერ ხედავს, თავბრუ ეხვევა შიმშილისგან. თამარი რამდენიმე საათი ტიროდა, პატარას არაფერი ეჭამა. ადიცას გვერდით მოხუცი ქალი მიჰყვებოდა, მან შეამჩნია, რომ ძალიან ცუდად იყო და ბავშვი გამოართვა. სახლიდან პური ჰქონია წამოღებული, მიაწოდა ადიცას და უთხრა: ფერი არ გადევს სახეზე, ორი ლუკმა მაინც მიირთვი, რომ ფეხზე დგომა შეგეძლოსო. გამოართვა, ცოტა სული მოითქვა, შემდეგ ბავშვი დაიბრუნა, ქალბატონს მადლობა გადაუხადა და გზა განაგრძო. ნახა, რომ დათო ეძებდა და მიკნავლებული ხმით დაუძახა. დათომაც დაინახა ადიცა, სირბილით მივიდა მასთან. გულში ჩაიკრა პატარა, ხელი გადახვია ადიცას და უთხრა: - ნუ გეშინია, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით უკან და ვიპოვით შენ მშობლებსაც. ადიცამ ღრმად ამოისუნთქა, არაფერი უპასუხა. ერთად მიუყვებოდნენ გზას, რომელსაც დასასრული არ უჩანდა. ცოტა ხანში თოვლიც წამოვიდა. ადამიანები სიცივისგან იყინებოდნენ. პატარა თამარი შეფუთული ჰყავდათ და ვერ გრძნობდა სიცივეს, მხოლოდ შიმშილი აწუხებდა. გზაში მიმავალნი ერთმანეთს ეხმარებოდნენ, უნაწილებდნენ ტანსაცმელს და საკვებს... ყველაზე გაუსაძლისი მაინც ღამე იყო - სწორედ ღამით იღუპებებოდნენ ომს გადარჩენილი ადამიანები სიცივისგან. მოულოდნელად ტყიდან რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი გამოვიდა და თავს დაესხა გაჭივრებულ ხალხს - პანიკამ მოიცვა ისედაც გამწარებული ადამიანები, მძარცველებმა ერთად მოუყარეს ყველას თავი და ჩხრეკა დაუწყეს, ნებით ყველას უჭირდა თავისი ნაშრომ-ნაწვალების გადაცემა. ერთმა ქალმა, რომელსაც ქმარი გზაში გაეყინა, არ მოიძრო თითიდან ბეჭედი:

- ეს ერთადერთი ნივთია, რაც ჩემი ქმრისგან დამრჩა, ნუ წამართმევთ ამ ბეჭედს, ბარემ მომკალით, რაღად მინდა სიცოცხლე - ქმარი მომიკვდა, შვილი სოხუმში დარჩა, ისიც იქნებ მკვდარია - რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას? ეს ბეჭედი თუ მიგაქვთ, ბარემ მეც მომკალით!

დათომ ვერ გაუძლო ქალის გულამოსკვნილ ტირილს და წინააღმდეგობა გაუწია მძარცველებს. ამ ჩხუბში სხვა მამაკაცებიც ჩაერთვნენ. უცებ იარაღმა იქუხა, ყველა გაისუსა, მხოლოდ ერთი შებარბაცდა და უსულოდ დაეცა ძირს! ეს დათო იყო, რომელმაც ცოლი თავისი უფროსი ბიჭით სამშვიდობოს გაიყვანა, თვითონ კი მის პატარა გოგონასთან დარჩა... რამდენი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან ამ დაწყევლილ გზაზე, რამდენს ამხნევებდა და ძალას მატებდა მისი სიტყვები, თვითონ კი... ტყვიას გულში გაევლო, მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოახერხა ადიცასთვის: გაუფრთხილდი თამარს! კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ არ დააცალა სიკვდილმა... მძარცველები მაშინვე გაქრნენ ადგილიდან. ყველას დაავიწყდა თავისი ტკივილი და დათოს დასტიროდნენ. ადიცამ ბავშვი მთელი ძალით გულზე მიიკრა, თითქოს შეეშინდა არავის წაერთმია მისთვის. შიშითა და ძრწოლით შეჰყურებდა დათოს გაყინულ სხეულს. მამაკაცებმა შიშველი ხელებით დაიწყეს მიწის ამოთხრა, სისხლი სდიოდათ, მაგრამ მაინც არ ანებებდნენ თავს - არ უნდოდათ დათოს სხეული ნადირებისთვის მიეგდოთ საჯიჯგნად, როგორც სხვა დანარჩენი, ამ გზაზე გაყინული ადამიანები. როგორც იქნა, მიაბარეს მიწას მისი ცხედარი და ისევ დაადგნენ გზას - გზას, რომელსაც დასასრული არ ჰქონდა. ბევრი ვერ უძლებდა განსაცდელს და ჭკუიდან იშლებოდა. ადიცას დანაშაულის გრძნობა აწუხებდა, ფიქრობდა: გოგონა დროულად რომ მიმეყვანა დედისთვის, ახლა დათოც ცოცხალი იქნებოდაო. პატარა თამარი ამტანი ბავშვი გამოდგა, უძლებდა შიმშილს და სიცივეს, დრო და დრო წამოიტირებდა ხოლმე და ჩერდებოდა. გზად ერთი მოხუცი კაციც მოდიოდა შვილიშვილთან ერთად. დაახლოებით ცხრა წლის იქნებოდა. საბრალოს სიცივისგან ლოყები და ყურები ეყინებოდა - არაფერი ეცვა “სვიტრის” გარდა! ხელი მაგრად ჰქონდა ბაბუასთვის ჩაკიდებული და ძლიერი მამაკაცივით იტანდა ტკივილს და შიმშილს... ბაბუას გარმონი მოჰქონდა, გზაში რომ ისვენებდნენ გარმონზე უკრავდა, თითქოს ამით უამებდა გაუსაძლის ტკივილის განსაცდელში მყოფ ადამიანებს! იყო წუთები, როცა ავიწყდებოდათ კიდეც სად იყვნენ და რას გამოექცნენ - მოხუცთან ერთად მღეროდნენ. როცა მოხუცი გარმონზე დაკვრას შეწყვეტდა, წამიერად ყველა ჩუმდებოდა, უხმოდ ადგებოდნენ და გზას განაგრძობდნენ. სამანქანო გზაც გამოჩნდა. როგორც იქნა, სატვირთო მანქანა მოვიდა, საკვები და თბილი ტანსაცმელები მოიტანა. ვინც შეძლო ასვლა საბარგულზე, ავიდნენ. ადიცა ისევ გზაზე დარჩა, დანარჩენებთან ერთად. რამდენიმე საათში სოფელში შევიდნენ, სადაც უკვე თავი დაცულად იგრძნეს. ადიცას იმედი ჩაესახა, რომ თავი უკვე დააღწია სიკვდილის გზას, ფიქრობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა...

( გაგრძელება როგორც დაგპირდით იქნება მომდევნო ხუთშაბათს) გთხოვთ გააზიაროთ !

ავტორი: სოფო იმერელი წიგინის " გოგონა აფხაზეთიდან" შეძენა შეგიძლიათ ათენი: ომონიაზე ინტელ ექსპრესის გვერდით ვილარა/3 ქ. ციალას გრაფიოში. ტ:6946050445 6993080999

პირეოსის /4 სართილი 5 "მადლი და სიკეთე"

ჯგუფში ვილარას /2 მეორე სართულზე, "იმედი" ჯგუფის გოგონეთან, ეკლესიის წინ.

(დარჩენილია რამდენიმე ცალი) საქართველოში: თბილისში T 555587088 ქუთაისში T 558475757

იტალიაში: ნებისლიერი ქალაქიდან დაუკავშირდით :327 02 36 077 ზაზა გთხოვთ გააზიაროთთა სხვებმაც ნახოს

0
307
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0