x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
“ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე ვინც უარს ამბობს, უარს ამბობს მაცხოვარზე!” - აცხადებს საპატრიარქო
ზიარება


„შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის“.


- მარკოზი:2.27


ძვირფასო მეგობრებო, მაშინ, როცა მთელი სამყარო ყალყზე დგას და გაშმაგებით ებრძვის საშინელ კორონავირუსს, რომელმაც უკვე შეიწირა მრავალი ათასი ადამიანის სიცოცხლე, როცა, რაღა შორს წავიდეთ და, აგერ, თვით პორნოსაიტი Pornhub-იც კი ყველაფერს აკეთებს, რათა ადამიანები დარჩნენ სახლში, არ გავიდნენ გარეთ და ვირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ და როცა რუსეთის პატრიარქი კირილიც კი თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს მრევლს, საქართველოს ეკლესია ქართულ სახელმწიფოს ისევ კუნთებს უთამაშებს და საკუთარ წესებში უმცირესი ცვლილების შეტანასაც კი არ აპირებს, რათა ადამიანები გადარჩნენ და დაავადების მასიურ გავრცელებას არ შეეწყოს ხელი.



უფრო მეტიც: წარმოიდგინეთ და ზიარებაზე უარის მთქმელ ადამიანებს, რომლებსაც შინ დარჩენით საკუთარი და სხვათა სიცოცხლის გადარჩენა სურთ, საპატრიარქომ “ქრისტეს უარმყოფელებიც” კი უწოდა.


ეს სრულიად წარმოუდგენელი და გაუგონარი ამბავია, რადგან საერთო კოვზით ზიარების დაშვება, რაც საპატრიარქომ ჩაიდინა, ადამიანების და ქვეყნის გაწირვას უდრის, რამეთუ ამგვარად ვირუსი ძალიან სწრაფად გადავა ადამიანიდან ადამიანზე და ეპიდაფეთქება მოხდება.


საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ, რათა თქვენ თვითონ დარწმუნდეთ, თუ რასთან გვაქვს საქმე ამ ინსტიტუტის სახით:


“ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები.


ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, რომ:


ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი, - 1, 5 მეტრით (ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება).


დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.


ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ.


ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება დიდი აქცენტი სულიერი საზრდოს მისაღებად კვირაში ერთხელ საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე მაშინ, როდესაც ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით.


განსაკუთრებულად უპირისპირდებიან ზიარების ათასწლოვან პრაქტიკას მაშინ, როდესაც ასეთი პოზიციის მქონეთა უმრავლესობას არა აქვს სათანადო ცოდნა ან რწმენა აღნიშნული საიდუმლოს სულიერი მნიშვნელობისა.


ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე!


გვესმის, რომ ზოგიერთი შეიძლება რწმენაში დაბრკოლდეს იმ პროპაგანდით, რაც დღეს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს; არიან სასულიერო პირებიც, რომლებიც ტაძარში ხალხის დასწრებაში პრობლემას ხედავენ, პრობლემას ხედავენ მრევლის ზიარებაშიც….. (არ ვგულისხმობთ უცხოეთში მკაცრ საგანგებო რეჟიმში მყოფ მოძღვრებს).


გვინდა, ყველას ვუთხრათ, რომ, მსგავსად სნეულებაში მყოფი ადამიანებისა, ისინიც, ვინც ვირუსით დაავადების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, დარჩნენ სახლში და თავისი მოძღვარი, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიაკითხავს.


ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა კი მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე.


2020 წლის 20 მარტის წმინდა სინოდის განჩინებისამებრ, კვლავაც ყველას (ეკლესიაში მოსულთ და სახლში დარჩენილთ) მოვუწოდებთ ლოცვისკენ, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ცოდვათა გაცნობიერებისაკენ, გულწრფელი სინანულის, აღსარებისა და ზიარებისკენ, რათა წმინდა სისხლი და ხორცი ქრისტესი გვექმნას საკურნებლად სულისა და ხორცისა.


ყველას გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!


ჩვენთან არს ღმერთი!


იყავნ ნება შენი, უფალო, ამინ!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


როგორც იტყვიან, ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია, თუმცა ერთს დავამატებ: სპეციალისტების განმარტებით არც 1, 5 მეტრის და არც 2 მეტრის დისტანცია ადამიანებს შორის არ არის აბსოლუტურად უსაფრთხო მანძილი. დისტანციის დაცვაზე ექიმები ყურადღებას მხოლოდ იმიტომ ამახვილებენ, რომ ასე შედარებით უფრო ნაკლები შანსია დაავადების გადადების, ხოლო შანსი იმის, რომ 10 წუთით მაღაზიაში ჩასულს და კორონავირუსიანი პაციენტისგან 2 მეტრის დაშორებით მდგარს დაავადება გადაგედოს, მაინც არსებობს.


ზიარება



რასაკვირველია, ადამიანებს ყველაზე ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად რომ არ სჭირდებოდეთ ავტობუსით მგზავრობა და პურის ყიდვა, რათა ელემენტარულად, სიცოცხლე გადაირჩინონ, ესეც აკრძალული იქნებოდა და არავინ არ ამბობს, რომ მაღაზიასა და ავტობუსში ყოფნა უსაფრთხო და სასურველია.



აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ თავად ქრისტე არავის არ აძალებს ზიარების მიღებას ან ეკლესიაში საჯაროდ ლოცვას. ქრისტიანული სწავლების თანახმად, ლოცვის დროს მთავარი წრფელი გულია და მნიშვნელობა არ აქვს, სად ლოცულობ თუ ეზიარები. ქრისტე სახარების მიხედვით მაინცდამაინც კარგი თვალით არც უყურებს საჯარო მლოცველ-მზიარებლებს და უფრო მეტად იმ ადამიანებს აფასებს, რომლებიც ჩუმად ლოცულობენ და გულში ინახავენ რწმენას.

1
124
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
124
  
2020, 27 მარტი, 23:52
ჩუთლაშვილო, გეტყობა მართმადიდებლობა გაკომპლექსებს, სულ მის გინებაში ხარ.
0 1 1