x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ლარის გაუფასურების ისტორიული ანტირეკორდი: როგორ გადავირჩინოთ საკუთარი შემოსავლები?
ლარის კურსი


დღეს ლარის გაუფასურების ისტორიული ანტირეკორდი დაფიქსირდა: “თი ბი სი ბანკის” მობაილბანკში ერთი დოლარი უკვე 3 ლარი და 52 თეთრი ღირს. ეს არის ყველაზე კოშმარული სცენარი, რასაც რამდენიმე დღის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით.


ლარის გაუფასურების მიზეზების შესახებ ნებისმიერი ადამიანი - იმის მიხედვით, თუ რა მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის თუ პოლიტიკური შეხედულების არის ის, მილიონ არგუმენტს მოგიყვებათ და ყველა ეს არგუმენტი მართალი იქნება. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა პრობლემატურია. ლარი ყოველთვის ხან შედარებით მყარდება, ხან უფასურდება და ჩვენც - მთელი ეს 3, 75 მილიონი ადამიანი, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, ტოტალიზატორში მყოფ აზარტულ მოთამაშეებს დავემსგავსეთ, რომლებიც ხან ერთ ვალუტაზე დებენ ფსონს, ხან მეორეზე, რათა პურის ფული შეინარჩუნონ.


მაგრამ მაინც: რა სჭირს ლარს? რატომ არის ჩვენი ეროვნული ვალუტა მუდმივად ასეთი პრობლემატური?



ლარის არსებობა ხელს აძლევს მხოლოდ მსხვილ ბანკირებს და მრავალმილიონიანი კაპიტალის მქონე ბიზნესმენებს, რომლებიც დაახლოებულები არიან ხელისუფლების უმაღლეს წრეებთან და წვდომა აქვთ იმ ინფორმაციებზე, რაც მე და თქვენ არ ვიცით. ამ ხალხმა წინსწრებით იცის ეროვნული ვალუტის მოსალოდნელი კურსი. ისინი ხშირად თავადვე მანიპულირებენ ლარის კურსით და ვალუტის სპეკულაციურ შესყიდვებს და გაყიდვებს აწარმოებენ.


მარტივად რომ ავხსნა, წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: საწარმო “ხეგლეჯიას” ხელმძღვანელმა შეიტყო, რომ სააქციო საზოგადოება “რკინის ბანკი” ქვეყანაში დებს 500 მილიონ დოლარს და ყიდულობს ლარს 17 თებერვალს. რასაკვირველია, “ხეგლეჯიას” ხელმძღვანელმა იცის, რომ 17 თებერვალს ლარი გამყარდება. ამიტომ ის ყიდულობს ლარს 16 თებერვალს და თვის ბოლოს გააქვს გასაყიდად, როცა ლარი კვლავ უფასურდება. შესაბამისად, მას რჩება აურაცხელი მოგება თქვენსა და ჩემს ხარჯზე, რომლებსაც ლარი 17 თებერვალს იმდენად ვერ გაგვიმყარდა, რამდენადაც უნდა გამყარებულიყო, ხოლო შემდეგ უფრო მეტად გაგვიუფასურდა, ვიდრე უნდა გაუფასურებულიყო.



ამას დაუმატეთ ის, რომ ეროვნული ბანკი ლარის გამყარების პერიოდში გამუდმებით ყიდულობს იმაზე მეტ დოლარს, ვიდრე სჭირდება და მერე ამ დოლარს პირდაპირი გაგებით, აწნილებს ეროვნული ბანკის საცავებში. ეს დაწესებულება ხომ საოცარი არაპროფესიონალებით და უვიცებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც საპატრიარქოს პირდაპირი ხელდასხმით მოდიან თანამდებობებზე. იქაც ისევე, როგორც ყველა სხვა სახელმწიფო ორგანოში, ათეისტებს და მაღალი დონის პროფესიონალებს არავინ არ აჭაჭანებს, რათა რუსეთის აგენტები, რომლებითაც საპატრიარქო და სინოდი ბოლომდე დახუნძლულია, არ გაღიზიანდნენ.


ამიტომ მითია ლარის თავისუფალი ცურვის რეჟიმი. ეს ისეთივე უტოპიაა, როგორც ის, რომ კომუნიზმი უნდა აგვეშენებინა თურმე. 3, 75-მილიონიანი ქვეყნის ეროვნულ ვალუტას, რომელმაც 25 წელიწადში 25 ათასი კატასტროფა განიცადა, ვერასოდეს ვერ ექნება ვერც თავისუფლება და ვერც თავისუფალი ცურვის რეჟიმი. მსოფლიოში არავინ არ ენდობა ლარს გიჟის გარდა. ჩვენი სავალუტო ბაზარი იმდენად პატარაა და იმდენად ღარიბი ეკონომიკა ვართ, რომ პირდაპირ ვართ კორუმპირებული მოხელეების და მაქინატორების გასაოცრად იოლი საკბილოები ლარის არსებობის პირობებში.


ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რასაც ავთანდილ ბენდუქიძე გამუდმებით იმეორებდა, სანამ ცოცხალი იყო: დოლარის შემოღება გადახდის ოფიციალურ საშუალებად!


ლარის კურსი


თუ მაინცდამაინც გვსურს, რომ ფორმალურად შევინარჩუნოთ ეროვნული ვალუტა, რათა იმ ფულის ნიშნებზე, რომლებსაც ხელში დავიჭერთ, შოთა რუსთაველი და სხვა სახელოვანი ქართველები იყვნენ გამოსახული (ან ეს რა ჯანდაბად გვინდა, როცა ყველაფერი ელექტრონულ გადახდებზეა გადასული? რაში გვჭირდება ფულის კუპიურები და მონეტები, ათასგვარი ბაქტერიის და ვირუსის წყარო?), ჩვენ ესეც შეგვიძლია. შეგვიძლია, პირდაპირ მივაბათ დოლარს ლარი და ხელი ავიღოთ დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის წარმოებაზე. უნდა ვაღიაროთ, რომ დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის წარმოება ისედაც არ შეგვიძლია. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს თვალი უნდა გავუსწოროთ. ევროპაში არსებულმა მცირე სახელმწიფოებმა რომ ვერ შეძლეს დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის წარმოება, იმიტომ გაერთიანდნენ და იმიტომ შემოიღეს ევრო, თორემ თავები კი არ სტკიოდათ იქ მცხოვრებ ადამიანებს და ჩვენზე ნაკლებად კი არ უყვართ საკუთარი ეროვნული მოღვაწეები.


გარდა ამისა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ლარი მაინც დამთავრდება ადრე თუ გვიან. ევროკავშირში როცა შევალთ, მიმოქცევაში იქნება ევრო. მანამდე კი გვქონდეს დოლარზე მიბმული ლარი, ამით რა დაშავდება? ამერიკული დოლარი ძალიან სტაბილური ვალუტაა და მისი გადახდის საშუალებად შემოღება ხელს არ შეგვიშლის მოსახლეობის უმრავლესობას. ეს ხელს შეუშლის მხოლოდ იმ მაქინატორებს, თაღლითებს და სპეკულანტებს, რომლებიც მშრომელი ადამიანების გეგმაზომიერი გაღატაკების და სავალუტო ბაზრებზე სპეკულაციების წარმოების გზით მდიდრდებიან.

4
351
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
351
  
2020, 2 აპრილი, 1:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 29 მარტი, 3:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 26 მარტი, 20:36
...და ავთანდილ ბენდუქიძე ვინაა?
2020, 26 მარტი, 20:35
აბსოლუტურად დილეტანტური მოსაზრებაა ევროს და დოლარის შემოღების შესახებ-არავის აქვს ევროს ან დოლარის ეროვნულ ვალუტად შემოღების უფლება,თუ არ არის შეთანხმებული და შესაბამისი ქონებითი ვალდებულებებით გარანტირებული ევროკავშირთან და აშშ-სთან.თქვენი მოსაზრება არის იაფფასიანი პოპულიზმი ან საკითხის სრული არცოდნა.
0 1 4