x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105293
  • ვიდეო:348890
  • სურათი:470818
,, ეს ქვეყანა შენია"
image

“პირადად მე მთავრობა არას მარგებს!“- სტერეოტიპულ სულელურ ფორმულას უწოდებს
ესპანელი პუბლიცისტი მიგელ დე უნამუნო ამ ფრაზას, რომელიც კანარის კუნძულებზე
მოგზაურობისას ბევრი ანტიპოლიტიკოსი ადამიანისგან მოისმინა. როგორც უნამუნო
გვეუბნება სწორედ ამ ფრაზას იყენებენ ის “ ეგოისტები და სხვა მუქთახორები, როცა მათ
პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ“. 1911 წელს დაწერილ
პუბლიცისტიკაში “ანტიპოლიტიკოსები“ ნათლად არის გადმოცემული მოქალაქეების
პოლიტიკისგან განდგომის და ამ ტენდენციის დადებითად აღქმის
პრობლემა. “მოქალაქისათვის პირველი და აუცილებელი პირობაა მოქალაქეობრიობა და არც
შეიძლება არსებობდეს ისეთი სამშობლო, ჭეშმარიტი სამშობლო რომ ჰქვია, სადაც
მოქალაქეებს პოლიტიკური პრობლემები არ აწუხებდეთ.“- ერთი შეხედვით აქ
სიტყვა “მოქალაქეობრიობა“ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და თითოეულმა
მკითხველმა შეიძლება სხვადასხვანაირად გააშიანაარსოს უნამუნოს სიტყვები, თუმცა
მთლიანი ტექსტის წაკითხვისას მივხვდებით, რომ პუბლიცისტი მოქალაქეობრიობაში
პირველ რიგში პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობას გულისხმობს. (მაგრამ, აღსანიშნავია,
რომ ეს ჩართულობა არ შემოიფარგლება მაინცდამაინც რომელიმე პოლიტიკური პარტიის
წევრობით.) მოქალაქეობრიობა უნამუნოს უფრო მაღალ საფეხურზე აქვს აყვანილი ვიდრე
უბრალოდ კანონის მორჩილება და გადასახადების გადახდაა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პუბლიცისტიკის გამოქვეყნებიდან საუკუნეზე მეტია გასული
მასში დასმული საკითხი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობებისა და სამოქალაქო
აქტივიზმის შესახებ დღესაც არსებითი მნიშვნელობისაა ნებისმიერი დემოკრატიული
სახელმწიფოსთვის. თემა განსაკუთრებით სენსიტიურ სახეს იღებს, როცა საქმე ისეთ მყიფე
დემოკრატიულ სახელმწიფოს ეხება როგორიც საქართველოა. ქვეყანა დემოკრატიის
რელსებზე გადმოსვლის უკვე მესამე დეკადას ითვლის, თუმცა თითქმის 70-წლიანი
განვითარების შეჩერების შემდეგ რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დიდი შრომა სჭირდება
თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის, ამისათვის კი
პოლიტიკოსთა სწორი გათვლების გარდა სამოქალაქო აქტივიზმი უმნიშვნელოვანეს როლს
ასრულებს. საბედნიეროდ, საქართველოს ისტორიაში მოგვეპოვება ისეთი ფაქტები, როცა
სამოქალაქო საზოგადოებამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა სახელმწიფო
კეთილდღეობისთვის. ამის ნათელი მაგალითია “თერგდალეულები“, კონკრეტულად
კი “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. საქართველოს რუსეთის იმპერიაში
შეერთების შემდეგ სწორედ მათ-ინტელიგენციის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა,
რომლებმაც იარაღად კალამი გამოიყენეს, შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი მომავალი
დამოუკიდებლობის მოპოვებაში. მათი სახით საქართველოში გაჩნდა ახალი აზროვნების,
ახალი ხედვის მატარებელი თაობა. ლიტერატურული ნაშრომებით, პუბლიკაციით, მედიის
საშუალებით ისინი სარკედ მოევლინნენ ქვეყანას და მოურიდებლად უთითებდნენ ერს მათ

მანკიერებაზე. მეორე მხრივ კი ავრცელებდნენ ევროპის მოწინავე იდეებს, რაშიც ყველაზე
კარგად ჩანდა განსხვავება ევროპულ განვითარებულობის სიკეთესა და რუსულ
„პოვოსკას“ ბოროტებას შორის. „თერგდალეულთა“ მოღვაწეობა სხვა საზოგადოებრივი
მოძრაობების შექმნის შთაგონების წყაროც გახდა. მათ შორის ქართველი ემიგრანტი
სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებული საზოგადოება “უღელი“.
თითოეული მოქალაქის გაცნობიერებული ხედვა, რომ მათ ყველაზე დიდი ძალა აქვთ
სახელმწიფოში რეალური ცვლილებების განსახორციელებლად წინაპირობაა დემოკრატიულ
ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტის- თავისუფლების შესანარჩუნებლად.
“თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
სადაც არაა პიროვნება თავისუფალი იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა
უნდა, პიროვნებაც მონაა“- ამბობს ვაჟა ფშაველა პუბლიცისტურ წერილში “ რას ჰქვიან
თავისფლება’’. ვაჟას ეს სიტყვები თავისი შინაარსით იდენტურია რენესასანსის დროინდელი
იტალიელი მოაზროვნის ნიკოლო მაკიაველის სიტყვებისა - “ვერავინ იქნება თავისუფალი
მანამ სანამ ყველა არ გათავისუფლდება’’. ორივე მოაზროვნის სიტყვები ზუსტად და
მკაფიოდ გამოხატავს საზოგადოებრივი თავისუფლების მნიშვნელობას. თავისუფალია
საზოგადოება, სადაც თითოეული წევრი თავისუფალია და ეს ინდივიდუალიზმით კი არ
არის გამოხატული, არამედ ყველას, თითოეულის თავისუფლების პირობაა. საზოგადოების
თავისუფლებისთვის პიროვნების თავისუფლების ასპარეზზე გამოჩენა ყველაზე
მნიშვნელოვანია, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ შენ უნდა გახდე თავისუფალი, რომ შეძლო
სხვისი გათავისუფლება. ამ რთული პროცესის დასაწყისი კი პროტესტია. პროტესტი
ირგვლივ გამეფებული უსამართლობის გამო, იმ უსამართლობისა, რომელიც თავისუფლებას
ბორკილებს ადებს. პროტესტი სწორედ პიროვნული თავისუფლების გამოხატვაა, რომელსაც
შეუძლია საზოგადოებრივ თავისუფლებამდე გზის გაკვალვა. საქართველოში ისტორიულ
თუ თანამედროვე ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროტესტი სამოქალაქო
აქტივიზმის ყველაზე ხშირი გამოხატულებაა, რაც იმითაც არის განპირობებული, რომ
ზოგადად ქართველები მეამბოხე სულის მატარებელი ერი ვართ. ჯერ კიდევ საბჭოთა
საქართველოში პროტესტს არ უშინდებოდნენ რიგითი მოქალაქეები. ბუნებით მონიჭებული
ადამიანის თავისუფლება ნებისმიერ ტოტალიტარიზმზე და ტირანიაზე უფრო ძლიერია,
ამიტომ კომუნიზმის დიადობის ხანაშიც ჩვენს შორის აღმოჩნდნენ ადამიანები რომელთა
თავისუფლების ნებაზე გავლენა ვერ მოახდინა ამ ეპოქამ. ამის მაგალითია 1978 წლის 14
აპრილი, როცა ქართველმა საზოგადოებამ პროტესტი გამოახცადა ხელისუფლების
გადაწყვეტილების წინააღმდეგ-ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის
გაუქმების შესახებ. დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საბჭოთა მოვლენად რჩება
1983 წლის “თვითმფრინავის ბიჭების“ ამბავი, რომელიც ერთი მხრივ დიდი ტრაგედია იყო,
მეორე მხრივ კი ნათელი გახდა, რომ საქართველოში იბადებოდა მძაფრი ახალგაზრდული
პროტესტი ტოტალიტარული რეჟიმის მიმართ. თავისუფლების ნამდვილი სურნელი კი 1989
წლის 9 აპრილს დატრიალდა. თარიღი, რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება
როგორც ტრაგიკულ მოვლენად, ასევე დიდ მონაპოვრად. სწორედ 9 აპრილის ტრაგედიის
შემდეგ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამ შეუქცევადი პროცესის სახე.
ხოლო უახლოეს წარსულში კიდევ უფრო ბევრი, შვილიშვილებისთვის მოსაყოლი ამბავი
დაგვიგროვდა ახალგაზრდებს. ბოლო წლების განმავლობაში საპროტესტო აქციათა მთელი ციკლი განხორციელდა და სწორედ ამ მოვლენებმა დაგვანახა, რომ საქართველოში
სამოქალაქო პასუხისმგებლობა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას განსაკუთრებით
გაგვიჯდა სისხლში.
სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი დიდი “აფეთქება“ მოხდა 2018 წლის 12 მაისის
მოვლენის შემდეგ, როცა შუაღამისას სპეცრაზმი კლუბ “ბასიანში” და კაფე “გალერიში”
შევიდა და სპეცოპერაცია დაიწყო, რომელიც შსს-ს განმარტებით ნარკოტიკული
საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად ჩაატარეს, თუმცა რეალურად 8
დაკავებული ნარკოლიზატორის გარდა შედეგად მივიღეთ ძალოვნების მიერ ძალაუფლების
ნეგატიურად გამოყენების ფაქტები და ადამიანის უფლებების შელახვა, ახალგაზრდების
ძალით გამოყრა კლუბებიდან და ძალით ჩატენვა საპატრულო მანქანებში. რა თქმა უნდა,
უკურეაქციამაც არ დააყოვნა და იმ ღამესვე დაიწყო საპროტესტო მსვლელობები
პარლამენტისკენ, ხოლო შემდეგი ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციაზე ათასობით
მოქალაქე იყო შეკრებილი, რომლებიც მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას,
საპოლიციო სისტემის და ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმას მოითხოვდნენ. თავად
დაზარალებულების, მათი მეგობრების, არასამთავრობო ორგანიზაციების და უბრალოდ
თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდების გარდა სამოქალაქო პროტესტის ნიშნად ჩვენს
გვერდით შუახნის რიგითი მოქალაქეებიც იდგნენ, რომლებიც თავს ვალდებულად
თვლიდნენ, რომ ახალგაზრდებისთვის თავისუფლების შეზღუდვის ასეთი აგრესიული
ფაქტისთვის პასუხი უნდა ეგოთ შესაბამის პირებს.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის უდიდესი გამოხატულება იყო 2019 წლის 20 ივნისის
მოვლენაც, რომელმაც სამწუხაროდ ღრმა და პირდაპირი მნიშნელობით, სისხლიანი კვალი
დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი
გავრილოვის ვიზიტი საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამის
დაკავება და მართლმადიდებლური ასამბლეის გაძღოლა გახდა საზოგადოების აღშფოთების
და სამოქალაქო მოძრაობების მხრიდან აქციების დაანონსების მიზეზი. პარლამენტთან
საპროტესტო აქციამ პირველი შედეგი გამოიღო და გავრილოვმა საქართველო დატოვა,
თუმცა აქციაზე მისული ათასობით სხვადასხვა ასაკის მოქალაქე, რომლებიც თავს
ვალდებულად მივიჩნევდით, რომ გაგვეპროტესტებინა აღნიშნული ფაქტი, ვერ
ვიფიქრებდით მოვლენების ასეთ აგრესიულ წარმართვას. მოქალაქეების მიერ
უსამართლობის წინააღმდეგ ამაღლებულ ხმას და ღია პროტესტს მთავრობა
დაუპირისპირდა რეზინის ტყვიებით და წყლის ჭავლით. მიუხედავად იმისა, რომ ამ
აგრესიის შემდეგაც აქციები გრძელდებოდა სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ეს მუხტი
ჩაქრა, რაც შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე აისახა. არც 20 ივნისის აქციის დარბევის
ბრძანების გამცემი- გიორგი გახარიას პრემიერმინისტრად დანიშნვნა და არც პროპორციული
საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება არ გახდა საკმარისი აქციათა ახალი
ტალღისთვის. ამის მიზეზი კი ვფიქრობ ისაა, რომ მიუხედავად ზემოთხსენებული
ქართველების ბუნებით ბოძებული მეამბოხე სულისა, ემოციური ერი ვართ და საკითხს
პრობლემად მაშინ აღვიქვამთ, როცა ეს პირადად ჩვენს გრძნობებზე მოქმედებს. ამ
შემთხვევაშიც, თუნდაც გავრილოვის ვიზიტი და პარლამენტის თავმჯდომარის სკამის
დაკავება ქართველთა უმეტესობისთვის აღქმული იყო როგორც საძულველი ქვეყნის
ჩინოვნიკის მიერ ქართველების შეურაცხყოფა. მაგრამ ისეთ საკითხებს როგორიც გახარიას
პრემიერმინისტრად დანიშვნა ან პროპორციული სისტემით არჩვენების ჩატარების
კანონპროექტის ჩაგდებაა, არ ჰქონდა საზოგადოების უმეტესობის გრძნობებთან შემხებლობა
( საკითხის და მისი მნიშვნელობის არცოდნის გამო). შესაბამისად აქცია მცირერიცხოვანი
აღმოჩნდა.

ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნები დემოკრატიულობის ფუნდამენტია,
ხოლო არჩევნებში ხმის მიცემა მოქალაქის არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაა.
სამწუხაროდ დღესდღეობით საქართველოში მოქალაქეები „აპოლიტიკურებად“ ყველაზე
ხშირად არჩევნების დროს გვევლინებიან, ხოლო პასუხი კითხვაზე თუ რატომ არ მიდიან
არჩევნებზე ხმის მისაცემად ანალოგიურია კანარის კუნძულების ანტიპოლიტიკოსი
მოსახლეობის ფავორიტი ფრაზისა : “ მე არცერთი მთავრობა არ გამომადგება”; “ჩემს ვალებს
არცერთი მათგანი არ გაისტუმრებს”; “გვპირდებიან და არ ასრულებენ და რატომ უნდა
შევიწუხო თავი მისვლის გამო”... ეს და სხვა მსგავსი ფრაზები საქართველოს საშუალო
სტატისტიკური მოქალაქისთვის არჩევნების უგულებელყოფის გამამართლებელი მიზეზებია.
ადამიანის ეგოცენტრულობის ამ გამოვლინების გარდა პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ
არჩევნებზე არმისვლა ბევრისთვის კარგ ტონად აღიქმება და აღიარებით, რომ არჩევნებზე არ
აპირებენ მისვლას თითქოს ქულებს იწერენ საზოგადოებაში. რეალურად ამ სამოქალაქო
მოვალეობისგან თავის არიდება დაუდევარი საქციელია, რადგან სწორედ ამომრჩეველთა
აქტიურობა და თავიანთი აზრის დაფიქსირება მეტწილად უზრუნველყოფს ქვეყანაში
დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რაც ქვეყნის მომავალი კეთილდღეობის წინაპირობაა.
ბოლოსკენ კი მინდა, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდან სამოქალაქო აქტივიზმის უდიდეს
გამოვლინებაზე გავამახვილო ყურადღება. 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიამ ქვეყნის
დედაქალაქის მოსახლეობა ერთ მუშტად შეკრა. მდინარე ვერეს ადიდებამ 13 ივნისის ღამეს
23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი
დააზარალა, ზოოპარკში კი ცხოველები დახოცა. განადგურებული ვერეს ხეობის გაწმენდა
კი სრულიად უსასყიდლოდ ათასობით ახალგაზრდამ იკისრა საკუთარ თავზე.
თავდაპირველად ქაოსურად და შიშველი ხელებით სტიქიის შედეგებზე შეტევა მალევე
გადაიზარდა უფრო მასშტაბურ და ორგანიზებულ აქტში. ახალგაზრდები ურთულეს
სამუშაოს მთელი ენთუაზიაზმით ასრულებდნენ, ცალკე ჯგუფი კი სასმლით და წყლით
ამარაგებდნენ სტიქიის ზონაში მომუშავეებს. არ დაგვავიწყდეს ის მოქალაქე, რომელმაც
საკუთარი შემოსავლის ერთადერთი წყაროც კი მოხალისეობრივ საქმიანობას შეალია და
სტიქიის ზონის მოხალისეებს უფასო ტაქსით გადაადგილება შესთავაზა. 13 ივნისის მოვლენა
იმით არის გამორჩეული, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის სახელმწიფოს და მოქალაქეთა
თანადგომის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.


“პრინცის ტირანია ფეოდალურ სახელმწიფოში საერთო კეთილდღეობისთვის
ნაკლებ მავნებელია, ვიდრე მოქალაქის აპათია დემოკრატიულ სახელმწიფოში.”
შარლ ლუი დე მონტესკიე
და მართლაც, რა უნდა იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოსთვის უფრო სახიფათო ვიდრე
მოქალაქეების აპათია თავიანთი სახელმწიფოსადმი. მოქალაქეს, რომელიც სამოქალაქო
აქტივიზმისგან იზოლირებულია, არც აქვს უფლება რაიმე დაიჩივლოს და მითუმეტეს “ამ
მთავრობის ბრალია ყველაფერი” იყოს მისი პრობლემების მიზეზი. დემოკრატიული
სახელმწიფოს უდიდესი პლიუსი ხომ სწორედ ისაა, რომ სამოქალაქო ცხოვრებაში და
სახელმწიფოს შენებაში მონაწილეობა მოქალაქის უფლება და მოვალეობაა.


2
52
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა კაპანაძე
ლანა კაპანაძე
52
  
ბლოგის ავტორს ყველაფერში ვეთანხმები, გარდა ერთისა - დემოკრატია, კი ბატონო, ქვეყნის განვითარების ჯერ-ჯერობით არსებული საუკეთესო ფორმაციაა, თუმცა ძველი საბერძნეთისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნადაა შეცვლილი,.. უბრალოდ ყველაფერი. იმის თქმა მინდა, რომ დღეს არსებული პოლიტიკური ელიტიდან წარმოდგენილი, მაჟორიტარი გამძარცვავს (მეცა და სახელმწიფოს) თუ პროპორციული სიით "არჩეული", დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ამას ყველა ხედავს ან გრძნობს მაინც. აქედან მოდის აპათია, ანუ სასწრაფოდაა შესაცვლელი თავად არჩევნების "ფორმულა" და წესი, რათა არჩეული პარლამენტარის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობის, ან უარესი, ბიუჯეტის "გაწეწვის" ფონზე, შესაძლებელი იყოს უკუქმედება, ანუ დასჯა(!), ოღონდ რეალურად, თორემ ახლა არსებული კანონითაც არის ვითომ დასჯადი, თუმცა ყველამ ვიცით რა და როგორ არის ჩვენში.
არჩეული, ქვეყნის მომავალსა და პრობლემებზე უნდა ზრუნავდეს და არა თავის პირადულზე, თორემ ჩვენთან პარლამენტარიზმი და ზოგადად პოლიტიკოსობა თავის გამდიდრების გზაა მხოლოდ და ამასაც ხედავს ხალხი...
პრინციპში ამას კიდევ უფრო სიღრმისეული პრობლემები განაპირობებს, განსაკუთრებით ის, რომ საკუთარი სახელმწიფობრიობა ვერ შევიგრძენით ჯერ კიდევ, სახელმწიფო უმრავლესს მაინც "მეწველი ძროხა" ჰგონია, ამიტომაც სამწუხაროდ "წრეზე ვტრიალებთ" და გამოსავალი კი არ ჩანს.
23 მარტი, 3:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2