x
image
მოზამბიკელი
რა მოჰყვება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ? - ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება 

იმ ფონზე, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელებას პანდემიის კვალიფიკაცია მიანიჭა და საქართველოში ვირუსით
დაინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა საგანგებო მდგომარეობის მიზანშეწონილობის შესახებ. მიუხედავად, იმისა რომ ქვეყანაში სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდა, მოსახლეობა თვითიზოლაციისა და სახლში დარჩენის რეკომენდაციას, ყოველდღიურად არღვევს. საქმე ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვამ გამოასწორა. სწორედ ამიტომ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საუბარი მთავრობის მხრიდან სულ უფრო აქტუალური ხდება.

image

რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა და რა ვითარება შეიძლება შეიქმნეს ქვეყანაში მისი გამოცხადების შემდეგ, ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაავრცელა :

"არსებული ვითარების გათვალისწინებით, ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლებამ
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, რეალურია.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველია ბუნებრივი ან ტექნოლოგიური კატასტროფა ან ეპიდემია, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.
საქართველოს კონსტიტუციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ინფიცირებულთა
რაოდენობის მატება საგრძნობლად გაიზრდება და ვირუსის მასობრივი
გავრცელების საფრთხე რეალური იქნება."

ადამიანის უფლებათა ცენტრის გავრცელებულ განცხადებაში სხვა ქვეყნების მაგალითზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა
ოფიციალურად მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა
გამოცხადდეს, რადგან საგანგებო მდგომარეობას, თავისი დანიშნულებიდან
გამომდინარე, დიდი ალბათობით, შეიძლება მოჰყვეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა, რიგ შემთხვევებში კი - უფლებებში არაპროპორციული ჩარევაც.

"დღეისათვის მთავრობა ისედაც ატარებს რამდენიმე შემზღუდველ
ღონისძიებას, რაც შეიძლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას
არსებობდეს, მაგრამ ოფიციალურად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა
გამოცხადებული არ არის. სხვა ქვეყნების პრაქტიკას თუ გადავხედავთ, სადაც
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ახალი კორონავირუსის გავრცელების
პრევენციის მიზნით, სხვადასხვა სახის შეზღუდვა დაწესდა: დაიხურა ყველა
ბაზარი, სავაჭრო და გასართობი ცენტრი; დაიხურა თეატრები, კინო და
მუზეუმები; აიკრძალა მასობრივი ღონისძიებები; შეჩერდა საზოგადოებრივი
ტრანსპორტი; სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გამოცხადდა
კარანტინი; სამედიცინო დაწესებულებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე
გადავიდნენ; აიკრძალა ქვეყანაში შესვლა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ახალი
კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს წარმოადგენენ. მსგავსი სახის
შეზღუდვები, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ამ ეტაპზე გაატარა, რაც
ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებებად შეიძლება შეფასდეს. ამავე დროს, არსებული შეზღუდვები მოცემულ ეტაპზე რელევანტურია და ემსახურება მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. სამართლებრივი სახელმწიფოს პრიციპი მოითხოვს, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით თანაზომიერების
პრინციპის შესაბამისად უნდა შეიზღუდოს. დღევანდელი მოცემულობით,
გავრცელებული ვირუსის კონტროლი ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ იმ
შემთხვევაში, თუკი ქვეყანა ეპიდემიის რისკის წინაშე დადგება, აუცილებელი
გახდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
საგანგებო მდგომარეობა არ გულისხმობს ინსტიტუტების ჩამოშლას და
კონსტიტუციით აღიარებული უფლებების მუდმივად შეზღუდვას. პირიქით -
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი
ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა. ეს არის
დროებითი ღონისძიება, რომელიც ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა
უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის. ამავე დროს, ქვეყანაში
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ყველა ინტიტუტის ნორმალურ
ფუნქციონირებაზე ახდენს ზეგავლენას და შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს
ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზეც. ქვეყნის საგანგებო რეჟიმზე
გადასვლა გულისხმობს ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, რაც
შესასრულებად სავალდებულოა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში
ადამიანი მოკლებულია შესაძლებლობას, იცხოვროს ჩვეული რიტმით, რადგან
პრეზიდენტს დეკრეტით შესაძლებელია, შეზღუდოს საქართველოს
კონსტიტუციის მთელი რიგი მუხლებით აღიარებული ადამიანის ძირითადი
უფლებები", - ნათქვამია განცხადებაში.

0
342
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0