x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
კომპოზიტების მართლწერა - გრამატიკა მოკლედ და გასაგებად!

კომპოზიტები ორი ან მეტი სიტყვის შეერთებით ახალი სიტყვის მიღებას გულისხმობს.


image


კომპოზიტი ორგვარია: ერთცნებიანი და ორ- და მეტცნებიანი.

ერთცნებიანია კომპოზიტი, რომლის ფუძის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს. მაგ.: მრავალძარღვა, ცისარტყელა, გულმოკლული...

ორ- და მეტცნებიანია კომპოზიტი, რომლის მნიშვნელობა უდრის შემადგენელი ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს და მათ შორის შეიძლება აზრობრივად ჩაისვას და კავშირი. მაგ.: ცოლ-ქმარი, რაჭა-ლეჩხუმი...

დაიმახსოვრეთ:

ყველა ერთცნებიანი კომპოზიტი იწერება ერთად. ესენია:

✅ა) ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები, როცა ერთნაირი, ან ხმოვან- ან კიდევ თანხმოვან-შეცვლილი მარცვლებია გაერთიანებული:

ლიკლიკი, წიკწიკი, თავთავი, კაშკაში, წამწამი... რაკარუკი, ბინდბუნდი, არემარე, ჩამიჩუმი, ქოხმახი, ახლომახლო, ნაყარნუყარი, უსწორმასწორო, სხაპასხუპი, ბრახაბრუხი...

✅ბ) ფუძეგაორკეცებულ სიტყვებში და კავშირია ჩასმული:

თანდათან, ცხენდაცხენ, გზადაგზა, პირდაპირ, ფეხდაფეხ, სხვადასხვა, ხანდახან, კვალდაკვალ...

✅გ) სხვადასხვა ფუძის ან ფორმის შეერთებით მიღებული კომპოზიტები: წლისთავი, გლეხკაცი, თავმომწვარი, ახალგაცნობილი, გულდამწვარი... დედაბუნება, ელექტროგადამცემი, კინოროლი, კინოფირი, ლუკმაპური, რადიოგადაცემა, წყალსადენი... დისშვილი, ხელისგული, კარისკაცი, ვარდისფერი, ცხვირსახოცი, ერთადერთი... ზედამხედველი, თანასკოლელი, წინდახედული... ხელფეხგახსნილი, ცხვირპირდასიებული...

✅დ) მაწარმოებელი აფიქსების მქონე კომპოზიტები:

მამაშვილობა, უდედმამო, უსახლკარო, იგავარაკული, დედაშვილური, დაძმური...

✅ე) ნათესაობის აღმნიშვნელი კომპოზიტები, როცა კუთვნილებითი ნაცვალსახელი მეორე ადგილზეა:

ბებიაჩემი, ბიძაშენი, ბებიათქვენი.

✅ვ) თუ თანდებული ან ზმნიზედა დაერთვის სიტყვის ფუძეს, ვღებულობთ კომპოზიტს, რომელიც ერთად იწერება: ჭერქვეშ, ფეხქვეშ, თვალწინ...

* * *

✅დეფისით იწერება:✅

✅ა) სინონიმური და ანტონიმური მნიშვნელობის რთული სახელები:

ბედ-იღბალი, სიცილ-კისკისი, ალალ-მართალი, სვე-ბედი, ტოლ-ამხანაგი, ღარიბ-ღატაკი, ოხერ-ტიალი, მთა-ბარი, დიდ-პატარა, კვლევა-ძიება, მშვილდ-ისარი, ჩოხა-ახალუხი, სასოფლო-სამეურნეო, ფოსტა-ტელეგრაფი...

✅ბ) ზმნისწინით განსხვავებული ან სხვადასხვა ფუძის მქონე ზმნების გაერთიანება:

გაიხედ-გამოიხედა, აიხედ-ჩაიხედა, გაატარ-გამოატარა...

✅გ) სახელის ფუძის გაორკეცების შედეგად მიღებული ზმნიზედები ან ზედსართავები:

ქუჩა-ქუჩა, ტყე-ტყე, ნაპირ-ნაპირ, ცხელ-ცხელი, ჭრელ-ჭრელი...

მინდორ-მინდორ, ტყე-ტყე, გზა-გზა,

ლამაზ-ლამაზი, მაღალ-მაღალი...

✅დ) რიცხვითი სახელების გაორკეცებისას:

ორ-ორი, ერთ-ერთი, ათ-ათი...

✅ე) ვიცე- რთული ფუძის პირველი ნაწილი მომდევნო ფუძესთან შეერთებულია დეფისით და შემდეგნაირად იწერება:ვიცე-პოლკოვნიკი, ვიცე-პრემიერი, ვიცე-მერი...


* * *

✅კუთვნილების გამომხატველი კომპოზიტები ერთად იწერება:

დაბალშემოსავლიანი,

გრძელფეხება,

ორგანზომილებიანი...

✅მაგრამ, თუ კუთვნილებით კომპოზიტს წინ უძღვის -ზე ან -ში თანდებულიანი ადგილის გარემოება, ასეთ შემთხვევაში ვწერთ ცალ-ცალკე: ფიქრებში ჩაფლული, მკერდზე დაკრული. თუ კუთვნილებითი კომპოზიტის პირველი ნაწილი რიცხვითი სახელია, დეფისით უკავშირდება მომდევნო სახელს: 8-ფურცლიანი, 5-ელემენტიანი.

✅დაიმახსოვრეთ:✅

უდეფისოდიწერება სიტყვა, თუ ორცნებიან კომპოზიტს მაწარმოებელი სუფიქსები დაერთვის და ახალი მნიშვნელობის სიტყვა მიიღება:

და-ძმა - დაძმობა

სტუმარ-მასპინძელი - სტუმარმასპინძლობა

მამა-შვილი - მამაშვილობა

თავად-აზნაური - თავადაზნაურობა,

სათავადაზნაურო

ტან-ფეხი - ტანფეხიანი.


* * *

✅ შერწყმული დანართის პირველი წევრი უნდა გადმოიცეს ფუძის სახით და დაიწეროს საზღვრულთან ერთად დეფისით:

სახლ-მუზეუმი

წევრ-კორესპონდენტი

მუზეუმ-ნაკრძალი

პოეტ-აკადემიკოსი

ტელეფონ-ავტომატი

ექიმ-კონსულტანტი

პრემიერ-მინისტრი

ვაგონ-რესტორანი


* * *

✅ ერთად დაიწერება უცხო წარმოშობის აფიქსებით ან შემოკლებული სიტყვებით ნაწარმოები სიტყვები:

პრესრელიზი, პრესკონფერენცია, პრესბიურო, პოლიტსაბჭო, პოლიტპატიმარი, პოლიტკორექტული, პოლიტემიგრანტი, სპეცსამოსი, სპეცსამსახური, სპეცსემინარი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული, ანტიმარქსისტი, ანტიპათიური, ანტიკომუნისტი, პოსტსაბჭოური, პოსტსკრიპტუმი...

პირველ ყოვლისა, მაგრამ:პირველთანრიგოსანი, პირველკურსელი, პირველმიზეზი.


* * *

ორცნებიანი კომპოზიტი წინადადების ერთი წევრია, ამიტომ ზმნა-შემასმენელი მხოლობით რიცხვში შეეწყობა. მაგ.: და-ძმა გვესტუმრა (და არა: გვესტუმრნენ), ცოლ-ქმარიჩამოვიდა (და არა: ჩამოვიდნენ)...

>>> ნაცვალსახელების მართლწერა - გრამატიკა მოკლედ და გასაგებად!

>>> მისი თუ თავისი? - რომელია სწორი ფორმა და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ






0
777
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
777
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0