x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს
ქეთრინ კეძირსკა


ქეთრინ კეძირსკა


ავსტრალიელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მოახერხეს, გაერკვიათ, თუ როგორ ებრძვის ადამიანის იმუნური სისტემა კორონავირუსს.


მათი კვლევების შედეგები ორშაბათს გამოქვეყნდა ჟურნალში “Nature Medicine”.



როგორც მკვლევარები იუწყებიან, ახალი ვირუსული ინფექციის დამარცხების მექანიზმის მოქმედება პრაქტიკულად არ განსხვავდება იმისგან, რასაც ორგანიზმი აკეთებს ჩვეულებრივი გრიპის წინააღმდეგ ბრძოლაში.


უფრო გასაგებად რომ განვმარტოთ, ამ აღმოჩენას შეუძლია, მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს მეცნიერებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების პროცესში.


“ეს აღმოჩენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ პირველად დავადგინეთ რეალურად, თუ როგორ იბრძვის ჩვენი იმუნური სისტემა კორონავირუსის წინააღმდეგ”, – ამბობს კვლევის ავტორი, პროფესორი ქეთრინ კეძირსკა.


ბევრი ექსპერტი სამედიცინო წრეებიდან ძალიან დადებითად გამოეხმაურა ამ აღმოჩენას, რომელიც პიტერ დოერთის სახელობის ინფექციის და იმუნიტეტის ინსტიტუტმა განახორციელა მელბურნში.


ის ფაქტი, რომ კორონავირუსისგან ძალიან ბევრი ადამიანი გამოჯანსაღდა, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს იმუნურ სისტემას ძალუძს, წარმატებით შეებრძოლოს დაავადებას, თუმცა კონკრეტულად როგორ ხდებოდა ეს, მეცნიერებმა აქამდე არ იცოდნენ.


ავსტრალიელმა მეცნიერებმა ოთხი სახეობის იმუნური უჯრედები აღმოაჩინეს, რომლებიც ორგანიზმის მიერ Covid-19-ის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში მონაწილეობენ.


თავის მხრივ ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ მეცნიერების აღმოჩენას შეუძლია, დააჩქაროს ვაქცინის და პოტენციური მედიკამენტის შექმნა კორონავირუსის წინააღმდეგ.


ქეთრინ კეძირსკა


ავსტრალიელი მეცნიერების წინაშე ამჟამად ახალი ამოცანა დგას: გაარკვიონ, თუ რატომ რეაგირებს ყველაზე მძიმე შემთხვევებში იმუნური სისტემა სუსტად ავადმყოფობის წყაროზე.


“ეს არის გასაღები იმის დასადგენად, თუ რით განსხვავდებოდნენ დანარჩენებისგან ისინი, ვინც ვირუსისგან გარდაიცვალა ან ვინც ძალიან რთულად იტანს დაავადებას. ამ ამოცანის ამოხსნის შემთხვევაში ჩვენ შევძლებდით დაავადებულების დახმარებას”, – განაცხადა პროფესორმა კეძირსკამ.

0
1307
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0