x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ჰოდა, ნუ გვიკვირს, როცა ცხოვრება მალამოსავით გვიგზავნის მორიგ განსაცდელებს
image


16 მარტიდან „ბიბლიის განმარტებების“ მე-7 ტომს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეიძენს. ამ ტომში დავით მეფის ფსალმუნთა (1-10 კანონების) განმარტებები შევიდა. გთავაზობთ პროექტის ავტორისა და მთავარი რედაქტორის ბლოგს ამ ტომი შესახებ:


ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლო აქვს სულიერ წარმატებას: როგორი წმინდა ცხოვრებითაც არ უნდა განვვლოთ სიცოცხლის დღეები, საკმარისია ერთი გაფიქრებაც კი - როგორ კარგად ვცხოვრობ, სხვებს ათი თავით ვჯობივარ, ისინი ასეთი ცოდვილები არიან, მე კი ღმერთისთვის სათნოდ ვიცხოვრე, ჩემი სულიერი ცოდნა და ჩემი საქმენი სხვებისას ბევრად აღემატებაო - აი, აქ მთავრდება ჩვენი სულიერი აღმავლობა, თავქვე ვეშვებით მიღწეული ნებისმიერი სიმაღლიდან და ღვთისგან ნაბოძები მადლიც გვტოვებს იმ დრომდე, ვიდრე დიდ სინანულში არ ჩავვარდებით.


დაცემული მონანული სული გაცილებით ძვირფასია უფლისათვის, ვიდრე საკუთარი "წმინდა" ცხოვრებით გაამპარტავნებული და თავდაჯერებული. ჰოდა, ნუ გვიკვირს, როცა ცხოვრება მალამოსავით გვიგზავნის მორიგ განსაცდელებს ამ ყველაფრის მისახვედრად. მაინც გვიჭირს მიხვედრა.



დღევანდელი განსაცდელებიც ამისთვის არის, მაგრამ...


ვირუსი შეიძლება გავრცელდეს და ადრე თუ გვიან მოვიდეს ჩვენს გარემოცვაშიც. შეიძლება სხვა განსაცდელიც დაგვატყდეს თავს ყველას ერთად, არც ის არის გამორიცხული, თავის გადარჩენაზეც მიდგეს საქმე... ჰოდა აი, მანდ გამოჩნდება, ვინ ვინ ვიქნებით... შეგვრჩება თუ არა ადამიანობის ნიშანწყალი... სხვისი სიცოცხლისთვის საკუთარის გაწირვას თუ არა, რისკზე წასვლას მაინც თუ შევძლებთ? თუ საკუთარი კეთილდღეობისთვის გავწირავთ ყველას და ყველაფერს და დავჭამთ ერთმანეთს? ერთი რამ გვავიწყდება - ისე გვავიწყდება, რომ თითქოს არც გაგვეგონოს, ან არ გვჯეროდეს: სიკვდილი ადრე თუ გვიან ყველას მოგვადგება! მთავარი კი ის არის, როგორ - გულის რა მდგომარეობით შევხვდებით ამ დღეს! ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს! ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება…


VII ტომი


„ბიბლიის განმარტებების“ ეს ტომი, ისევე როგორც წინა ტომები, მრავალ ადამიანს დააინტერესებს და ანუგეშებს.


ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ღვთისმსახურება ძირითადად ფსალმუნებზე იყო აგებული, ამიტომ ყველგან, სადაც ქრისტიანობა გავრცელდა, ყველაზე ადრე ფსალმუნთა წიგნი ითარგმნებოდა.


ბიბლიის წიგნთა კრებულიდან ერთ-ერთი პირველი სწორედ ფსალმუნთა წიგნი ითარგმნა ქართულ ენაზეც, სავარაუდოდ, მეოთხე საუკუნეში. მას `დავითნიც~ ეწოდებოდა. XI საუკუნეში ძველ ტექსტში გადამწერების მიერ დაშვებული უზუსტობები გაასწორა და გადაამუშავა წმინდა გიორგი მთაწმინდელმა. სწორედ გიორგი მთაწმინდელისეული ძველი ქართული, ფსალმუნების კანონიკური ტექსტი გამოიყენება XI საუკუნიდან დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ.


რადგან ღვთისმსახურებისას, ასევე მრევლის წევრების მიერ ინდივიდუალური თუ ჯგუფური ლოცვის დროს გამოიყენება ფსალმუნთა ძველი ქართული ტექსტი (გიორგი მთაწმინდელისეული), ჩვენს პროექტში ფსალმუნთა განმარტებებიც ძველ ქართულ ტექსტს მიჰყვება. ძირითადი ტექსტი კი მოცემულია თანამედროვე ქართულით, რათა ადამიანს მათი აღქმა და გააზრება გაუადვილდეს.


ფსალმუნთა ეს მუხლობრივი განმარტებები ეყრდნობა წმინდა მამების _ წმინდა კირილე ალექსანდრიელის, წმინდა ათანასე დიდის, წმინდა ბასილი დიდის, წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა თეოდორიტე კვირელისა და სხვა წმინდა მამათა კომენტარებს. ფსალმუნების კომენტატორთა ღვთივგანბრძნობილი ნააზრევი შეჯერებული და განმარტებულია არქიმანდრიტ მაკარი აბესაძის მიერ. ფსალმუნების განმარტებები იბეჭდებოდა ჟურნალ "კარიბჭეში". ძირითადი ტექსტი გადაამუშავეს, შეავსეს და გამოსაცემად მოამზადეს არქიმანდრიტმა მაკარიმ (აბესაძემ) და შორენა მერკვილაძემ.


image


ფსალმუნთა მნიშვნელობა


რაღა თქმა უნდა, რწმენით წარმოთქმული ყველა გულწრფელი ლოცვა უფლის მიერ შეიწირება; მაგრამ „ფსალმუნები“, წმინდა მამათა გადმოცემით, ყველაზე მეტად გვაახლოებს ღმერთთან და ყველაზე უკეთ გვანუგეშებს. ისინი ხომ სულიწმინდის შთაგონებით დაწერა დავით წინასწარმეტყველმა.


ფსალმუნნი უძველესი ლოცვაა, ამ საგალობელთა აღვლენით საუკუნეების განმავლობაში ესაუბრებოდნენ ღმერთს ადამიანები და ამით მილიონობით მორწმუნე ცხონდა. ამიტომაც ეს არის უფალთან მიმყვანი გამოცდილი გზა.


ჩვენ გვაქვს ქრისტიანული ხანის სხვადასხვა საუკუნეში მოღვაწე წმინდა მამათა დაწერილი ლოცვები, მაგრამ ისინიც კი ფსალმუნებით იწყება. გასაოცარი ღვთის დიდებისა და უძლიერესი წარმომავლობის გამო, ფსალმუნების მიმართ ყველა ადამიანი განსაკუთრებულ ლტოლვას გრძნობს.


რაც მთავარია, ეს საგალობლები სულიწმინდის შთაგონებითაა დაწერილი და მასში არა მხოლოდ ლოცვები, წინასწარმეტყველებებიც არის. წინასწარმეტყველური ფსალმუნები მოიცავს ახალ აღთქმაში მოსახდენ მოვლენებს, მათში აღწერილია ახალი აღთქმის ისტორია - უფლის შობა, ღვთის სასწაულები...


„ფსალმუნთა“ შესახებ წმინდა მამები საოცარ სიტყვებს ამბობენ. მაგალითად, წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ „უმჯობესია, მზემ დაკარგოს თავისი ბრწყინვალება, ვიდრე ის, რომ ფსალმუნების კითხვას თავი დავანებოთ.“; ბასილი დიდი კი, _ „არც ერთი სხვა წიგნი ისე არ ადიდებს ღმერთს, როგორც წიგნი ფსალმუნთა“. ამიტომაა რომ დიდი განსაცდელის დროს მოძღვრები ყოველთვის ურჩევენ მრევლს, რომ „ფასალმუნები“ იკითხონ. თითოეულ ჩვენგანს განსაცდელის დროს განსაკუთრებული ძალით შეგვეწევა 90-ე ფსალმუნი, 50-ე ფსალმუნი კი სინანული საგალობელია. პატრიარქი ძალზე ხშირად ბრძანებს, რომ ყველა მორწმუნემ ეს ფსალმუნები ზეპირად უნდა იცოდეს.


„ფსალმუნთა“ რწმენით კითხვისას ასეთი მადლის მოქმედებას არაერთი წმინდა მამა აღნიშნავს და განსაცდელში მყოფი ადამიანებიც გრძნობენ უდიდეს ნუგეშს - ფსალმუნთა კითხვა აძლევს მათ განსაცდელის გამკლავების ისეთ ძალას, რომელსაც მოცემულ სიტუაციაში ვერც კი წარმოიდგენდნენ.


ნუგეშად ქცეოდეს ეს ტომიც თითოეულ წამკითხველს და სულის მანანად ეპკუროს ჩვენს დამძიმებულ დღევანდელობას.

0
75
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0