x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ფოლკლენდის კრიზისი - კონფლიქტის ფსიქოლოგიური ანალიზი

image

ფოლკლენდის ომს ვუწოდებთ 10-კვირიან პერიოდს 1982 წლის აპრილიდან ივნისამდე, როდესაც დავის მხარეებს, დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას, შორის დავის საგანს წარმოადგენდა ფოლკლენდის კუნძულები და მისი შემოგარენი, მასზე დამოკიდებული ტერიტორიები.


კონფლიქტი, როგორც ხდება ხოლმე, დაიწყო ინტერესთა აღქმული განსვლის გამო. დავის საგანს წარმოადგენდა ფოლკლენდის კუნძულები, რომლის „დასაკუთრებაც“ (დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში უფრო კორექტული იქნებოდა, გვეთქვა, შენარჩუნებაც) წარმოადგენდა ორივე მხარის ასპირაციას, სპეციფიკურ ინტერესს. ორივე მხარეს ჰქონდა მაღალი, რიგიდული ასპირაციები და აღქმული ინტეგრალური ალტერნატივების დეფიტი.


ორივე მხარე საკუთარ ასპირაციებს განიხილავდა, როგორც ლეგიტიმურს. არგენტინა ფოლკლენდის კუნძულებს მიიჩნევდა არგენტინის „კუთვნილ“ ტერიტორიად (მიუხედავად იმისა, რომ ფოლკლენდის კუნძულების პირველ აღმომჩენზე არ გვაქვს მოცემული ზუსტი ისტორიული ცნობები და მასზე სხვადასხვა ერი „ბატონობდა“ სხვადასხვა პერიოდში), ხოლო დიდი ბრიტანეთისათვის ფოლკლენდი იყო სამეფო კოლონია 1841 წლის შემდეგ. ფოლკლენდის მკვიდრი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ომის პერიოდში, ისევე, როგორც დღესდღეობით, წარმოადგენდა ბრიტანელთა შთამომავლობას.



სწორედ ამიტომ, როდესაც 1982 წლის 19 მარტს არგენტინელთა ჯგუფი შეიჭრა სამხრეთ ჯორჯიის კუნძულზე და აღმართა არგენტინული დროშა, ეს ბრიტანეთმა აღიქვა, როგორც პირველი თავდასხმითი ქმედება და როგორც ომის საწყისი. ბრიტანელების აღქმაში, არგენტინელთა მთელი რიგი ქმედებები იყო არა მათ მიერ კუთვნილი ტერიტორიის დაბრუნება (განსხვავებით არგენტინელებისაგან), არამედ სამეფო კოლონიის ოკუპაცია და დაპყრობა უცხო ქვეყნის მიერ.

მთლიანობაში კონფლიქტი გრძელდებოდა 74 დღეს, არგენტინის მიერ ფოლკლენდში ოფიციალური შეჭრა განხორციელდა 1982 წლის 2 აპრილს, სამხრეთ ჯორჯიაში - 3 აპრილს, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა საომარი ფლოტი სამხრეთის მიმართულებით 5 აპრილს გაგზავნა. ომი, როგორც ასეთი, არცერთი სახელმწიფოს მიერ არ გამოცხადებულა, თუმცა ტერიტორიები ორივე სახელმწიფოს მთავრობამ გამოაცხადა „საომარ ტერიტორიებად“.


რაც შეეხება კონფლიქტის გარემოს, პირველ რიგში უნდა განვიხილოთ ის დრო და სივრცე, რომელშიც კონფლიქტი ვითარდებოდა. ფოლკლენდის ომში ზეგავლენა მოახდინა, მაგალითად, იმჟამინდელმა ტემპერატურამ და ზღვის თავისებურებებმა. იყო მომენტები და კონკრეტული ბრძოლები, როდესაც ბრიტანელებისათვის შეუძლებელი იყო საზღვაო ხომალდების ნაპირთან შეჩერება და მათგან იარაღის ჩამოტვირთვა, ორი საჰაერო ხომალდი დაიღუპა ნისლის გამო და ა.შ.; უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ომი დაიწყო დიდი ბრიტანეთის მთავრობა ფაქტობრივად დადგა ადმინისტრაციული და გეოგრაფიული კრიზისის წინაშე, რადგან, ისტორიული ცნობებით, მათ არ ჰქონდათ ფოლკლენდის კუნძულების დეტალური, ტოპოგრაფიული რუკები.


თუ განვიხილავთ კონფლიქტის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოს, მნიშვნელოვანია, ორივე მხარის შემთხვევაში, გავითვალისწინოთ იმჟამინდელი პოლიტიკური მდგომარეობა. ფოლკლენდის კრიზისის პერიოდში არგენტინას მართავდა მილიტარისტული ხელისუფლება დიქტატორი გენერლის - ლეოპოლდო გალტიერის თაოსნობით. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირი იყო ადმირალი ხორხე ანაია (რომელიც, უნდა აღინიშნოს, რომ იყო ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერი ფოლკლენდის დაპყრობისა და სწორედ ის მიიჩნევდა, რომ აბსოლუტურად არ იყო მოსალოდნელი ბრიტანეთისაგან მილიტარისტული პასუხი ფოლკლენდის დაპყრობაზე). არგენტინა იტანჯებოდა მძიმე ეკონომიკური კრიზისითა და გადატანილ ომში (Dirty War) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ფეხქვეშ გათელვით. ეს ფაქტი, როგორც ცნობილია, ხელს უწყობს არასტაბილურობას და შეიძლება განაპირობებდეს მკვეთ რეაქციებს ნებისმიერ რაიმეზე. დიდ ბრიტანეთში მძვინვარებდა უმუშევრობა, განსაკუთრებით - სამრეწველო სექტორში, იყო ხშირი სამოქალაქო - და ზოგჯერ ძალადობრივი - პროტესტები, ხოლო იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი - მარგარეტ თეტჩერი, გამოკითხვების მიხედვით, საერთოდ არ სარგებლობდა საზოგადოებაში სიმპათიითა და პოპულარულობით. რაღაც მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ორივე ქვეყნისთვის ფოლკლენდის ომი იყო მცდელობა, შეენიღბათ პრობლემები საკუთარ „შიდა სამზარეულოში“. ექსპერტთა მოსაზრებით, ომი ორივე მხრის მიერ გამოყენებულ იქნა, რათა საზოგადოებაში გაღვივებულიყო ნაციონალისტური გრძნობები, შექმნილიყო საერთო გარეშე მტერი და აღმოცენებულიყო ჩვენ/ისინი დიქოტომია. მიიჩნევა, რომ არგენტინამ ომი წამოიწყო სწორედ დისტრაქტორად გამოყენებისათვის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ომის მოგების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მილიტარისტული მთავრობა არგენტინელი ხალხის თვალში შეიძენდა რეიტინგსა და ლეგიტიმაციას.

კონფლიქტის ქცევითი სტრატეგიებიდან ფოლკლენდის კრიზისის პერიოდში ჩვენ ვხვდებოდით მუდმივ კონკურენტულ, მეტოქეობით სტრატეგიას, რომელსაც პერიოდულად კომბინაციურად ენაცვლებოდა მცდელობები პრობლემის დიპლომატიური გადაჭრისა, და რომელიც საერთო ჯამში დასრულდა 14 ივნისს არგენტინის დანებებით - დათმობით. დიდი ბრიტანეთი სწორედ რომ კომბინირებულად აწარმოებდა არგენტინის წინააღმდეგ როგორც მილიტარისტულ კამპანიას, ასევე დიპლომატიურ ზეწოლას. მეტოქეობის სტრატეგია ორივე მხარის მიერ უპირატესობამინიჭებული იყო, რადგან თითოეული ნაკლებად ინტერესდებოდა მეორის მიღწევებით, ორივე მხარის პრეტენზიები იყო მაღალი და ისინი ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც მათ შემცირებას, მცირე იყო მხარეებს შორის აღქმული საერთო პლატფორმა და ა.შ. დიდი ბრიტანეთიც და არგენტინაც ფოლკლენდის ომში საკმაოდ მძიმე ტაქტიკებს ახორციელებდა, რომელთა ინტენსივობაც იზრდებოდა თანდათანობით, ხოლო პასუხისმგებლობა საკუთარ მკაცრ საქციელებზე მუდმივად ეკისრებოდა მეორე მხარეს.

უნდა ითქვას, რომ კონფლიქტის განმავლობაში მანამდე ერთგვარად დაყოფილ არგენტინელთა შორის მუდმივად იზრდებოდა ჯგუფის შეჭიდულობის განცდა, რომელიც ხუნტას (მმართველ ძალას) კრიტიკისაგან დროებით იცავდა.

კონფლიქტის ხელშემწყობი გარემოებებიდან ყველაზე აშკარად მოცემული იყო განუსაზღვრელობის არსებობა ძალთა თანაფარდობაში. აქ არ იგულისხმება საბრძოლო რესურსების ქონა (თუმცა ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ, როდესაც ვისაუბრებთ ფოლკლენდის ომის „მესამე მხარეზე“), მაგრამ რეალურად ომის დაწყებამდე არგენტინა იძლეოდა გარკვეულ მინიშნებებს კუნძულთა მოსალოდნელი დაპყრობის შესახებ, ხოლო ეს მინიშნებები იგნორირდებოდა დიდი ბრიტანეთის მიერ. აქ საქმე გვაქვს სწორედ მცდარ აღქმასა და განწყობასთან. არგენტინელთა ფრუსტრაცია ბრიტანეთის მიერ დახასიათდა, როგორც უვნებელი, და ლათინური ჰიპერბოლიზირების ტიპური მაგალითი. ხოლო არგენტინის მთავრობამ, თავის მხრივ - ბრიტანეთის პასიურობის გამო - მცდარად ჩათვალა, რომ ბრიტანეთს აღარ ჰქონდა კუნძულების ინტერესი, ამის დამადასტურებელ საბუთად მათ გამოიყენეს ის, რომ ბრიტანეთმა შეზღუდა მოქალაქეობის უფლება, გადაწყვეტილი ჰქონდა გაეყვანა ერთადერთი ბრიტანული საზღვაო ხომალდი ამ არეალიდან, სამეფო ფლოტი დაკავებული იყო საბჭოთა ხომალდების კონტროლით ჩრდილო-ატლანტიკურ რეგიონში, შემცირებული იყო დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტი და ა.შ. შეიძლება ვარაუდი, რომ სწორედ ამ განუსაზღვრელობამ გამოიწვია არგენტინის რწმენა და თავდაჯერება, რომ დიდი ბრიტანეთი არ განახორციელებდა საომარ მოქმედებებს ფოლკლენდის კუნძულების დასაბრუნებლად.

კონფლიქტის სპირალის შემადგენელი ფსიქოლოგიური მდგომარეობებიდან აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ დადანაშაულება, ბრაზი და შფოთვა იმიჯის გამო, ვინაიდან მრავალ წყაროზე დაყრდნობით, ბრიტანეთისათვის ეს ომი იყო სურვილი, შეენარჩუნებინა დიდი ძალაუფლების სტატუსი, მტკიცე მდგომარეობებიდან ფოლკლენდის კრიზისი ხასიათდებოდა მტრობისა და მეტოქეობის მიზნებითა და ნეგატიური განწყობებითა და აღქმით. ჩანდა აგრეთვე ბოროტი ძალით მართული მტრის ხატი, რაც ვლინდებოდა არგენტინულ პრესაში ხშირად გამოქვეყნებული კარიკატურებით, რომლებიც მარგარეტ ტეთჩერს ხატავდა, როგორც მეკობრეს, ბოროტ ჯადოქარს, მკვლელს და ა.შ.


სანამ გადავალთ კონფლიქტის მიმდინარეობასა და ესკალაციის პროცესის დახასიათებაზე, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ მესამე მხარეები ფოლკლენდის ომში, რადგან ეს ხშირად კონფლიქტის განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება ხოლმე.

არგენტინის მიერ ფოლკლენდის „დაპყრობის“ გამოცხადებისთანავე ავსტრალიამ, კანადამ და ახალმა ზელანდიამ ბუენოს-აირესიდან გამოიყვანეს საკუთარი დიპლომატები, მეტიც, ახალმა ზელანდიამ სულაც „გარიცხა“ არგენტინის ელჩი და დიდ ბრიტანეთს სათადარიგო ხომალდი გაადასცა. თავად მარგარეტ თეტჩერის განცხადებით, ახალი ზელანდია ფასდაუდებლად იღწვოდა თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის.

ევროპის ეკონომიკურმა საზოგადოებამ არგენტინას დაუწესა ეკონომიკური სანქციები.

საფრანგეთმა, პრეზიდენტი მიტერანის თაოსნობით, არგენტინას დაუწესა ემბარო, ხოლო ბრიტანეთს შესთავაზა როგორც პორტისა და აეროდრომის გამოყენება დაკარში (სენეგალი), ასევე პილოტთა ტრენინგი უკვე არგენტინის საკუთრებაში მყოფი ფრანგული საჰაერო ხომალდების წინააღმდეგ ბრძოლასა და ტაქტიკებში. საფრანგეთის სადაზვერვო სამსახური დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან ერთად ცდილობდა, არგენტინელებს საერთაშორისო ბაზარზე ვეღარ მოეპოვებინათ გემთსაწინააღმდეგო რაკეტები. ფოლკლენდის ომის პერიოდში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ჯონ ნოტის განცხადებით, საფრანგეთი ფოლკლენდის ომში დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი მოკავშირე იყო. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ როგორც შემდგომში (2012) გაირკვა, საფრანგეთს იმ პერიოდში არგენტინაშიც ჰყავდა ჯგუფი, რომელიც არგენტინულ მხარეს ეხმარებოდა როგორც მატერიალურად, ასევე ფრანგული რაკეტების შეკეთებით. ჯონ ნოტს ამ ჯგუფზე ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა მისი განცხადებით, არ იცოდა, თუ რას ემსახურებოდა ის. ამის შემდეგ ნოტმა აღნიშნა, რომ მან ყოველთვის იცოდა, თუ როგორი ორპირები იყვნენ ფრანგები.

სიერა ლეონე და გამბია ბრიტანეთს სთავაზობდნენ გემებისა და საჰაერო ხომალდების გაჩერებას საწვავით დატვირთვისათვის მანამ, სანამ ბრიტანეთი მიაღწევდა ამაღლების კუნძულს (რომელიც ამ ომში ბრიტანეთისთვის „შუალედური წერტილი“ იყო ფოლკლენდისაკენ მიმავალ გზაზე).

აშშ-მ, გაეროსთან ერთად არგენტინას სთავაზობდა გარკვეულ ინტეგრალურ რეზოლუციას, თუმცა უარის მიღების შემდეგ, მან მატერიალური დახმარება გაუწია დიდ ბრიტანეთს და შეწყვიტა იარაღების გაყიდვა არგენტინის მიმართულებით. უნდა ითქვას ისიც, რომ აშშ-ში ფოლკლენდის ომის დროს არ ყოფილა ერთსულოვანი მოსაზრება დიდი ბრიტანეთის დახმარებასთან დაკავშირებით და იმჟამინდელი სახელმწიფო მდივანი, ალექსანდერ ჰეიგი (როგორც 2012 წელს დეკლასიფიცირებულ საბუთებში ირკვევა), პრეზიდენტ რეიგანს არგენტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

ჩილე დიდ ბრიტანეთს სთავაზობდა ინფორმაციას არგენტინის მილიტარისტული რესურსების შესახებ. უნდა ითქვას, რომ არგენტინას საკმაოდ ეშინოდა ჩილეს ინტერვენციისა და ჩილეს საზღვართან გაგზავნილიც კი ჰყავდა სპეციალური სამხედრო დანაყოფები.

რაც შეეხება არგენტინას, მას ზურგს უმაგრებდა ლათინური ამერიკის ქვეყნების უდიდესი ნაწილი (ჩილეს გარდა), პერუ (რომელიც ცდილობდა კიდეც საფრანგეთიდან სპეც.ოპერაციების მეშვეობით რაკეტების შემოტანასა და არგენტინისათვის გადაცემას), ისრაელი (რომელიც სწორედ პერუს გავლით არგენტინას ამარაგებდა იარაღით) და ლიბია (რომელიც არგენტინას ასევე აწვდიდა რაკეტებსა და ცეცხლსასროლ იარაღებს. ისრაელი ამით ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა დიდ ბრიტანეთზე, რომ შეეწყვიტა იარაღის გაყიდვა ისრაელის არაბულ ნაწილზე და დაესრულებინა ემბარგო ებრაელთა სახელმწიფოზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიბიის თვითმფრინავები ჩერდებოდნენ საწვავისათვის ბრაზილიაში. ამ ოპერაციებიდან ზოგიერთი, წყაროების მიხედვით, ორგანიზებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ.


თავად ფოლკლენდის კრიზისის მიმდინარეობა შეგვიძლია განვიხილოთ კონფლიქტის ესკალაციის სპირალური მოდელის მიხედვით, რადგან ფაქტებს შორის შესაძლებელია ქმედებებისა და უკუქმედებების ჩაკეტილი წრის შემჩნევა. პირველი მხარის შემტევი ტაქტიკები აძლიერებდა ასეთსავე შეტევით ქმედებას მეორე მხრიდან, რაც იწვევდა პირველის მეტოქეობის პროვოცირებას, წრე იკვრებოდა და იწყებოდა ესკალაციის ახალი აღმასვლა. მსუბუქ ტაქტიკას ნელ-ნელა ცვლიდა მძიმე, მაგალითად, კრიზისის დასაწყისში არგენტინას დაუწესდა ემბარგო და ხორციელდებოდა ეკონომიკური ზეწოლა, ხოლო შემდეგ, განსაკუთრებით კი არგენტინული საომარი ხომალდის, გენერალი ბელგრანოს, ჩაძირვის შემდეგ, კონფლიქტი გადაიზარდა ბევრად უფრო მძიმე დაპირისპირებაში. ამ ფაქტებს განვიხილავთ თანმიმდევრულად.


მას შემდეგ, რაც არგენტინული დროშა აღიმართა სამხრეთ ჯორჯიაში, არგენტინულმა ხუნტამ დაპყრობის ბრძანება ორ აპრილს გასცა. ოპერაცია „როსარიო“ იყო საკმაოდ სწრაფი და ეფექტური და ბრიტანეთის იქაური გარნიზონი დანებდა იმავე დღეს. ეს, შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც არგენტინელთა „გამათამამებელი“ სწრაფი წარმატება.


შემდეგ, ბრიტანეთმა სამხრეთ ატლანტიკის რეგიონისაკენ გააგზავნა სამხედრო დანაყოფები, კვირების განმავლობაში მიდიოდა როგორც მძიმე დიპლომატიური აქტივობები, ასევე მნიშვნელოვანი სამხედრო დაპირისპირება და შეტაკებები. ბრიტანეთის კონტრ-თავდასხმა ფაქტობრივად დაიწყო სამხრეთ ჯორჯიის დაბრუნებით, არგენტინული Santa Fe-ს ჩაძირვით (21-26 აპრილი) და ფოლკლენდის კუნძულზე მდებარე ქალაქის - სტენლის დაბომბვით.

სწორედ მას მოსდევს 2 მაისს არგენტინული ხომალდის - გენერალი ბელგრანოს - ჩაძირვა, რომლის დროსაც დაიღუპა მთლიან ომში დაღუპულ ადამიანთა ნახევარი. ამ ხომალდთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა კამათი, ვინაიდან დაბომბვის მომენტში გენერალი ბელგრანო არ იმყოფებოდა „საომარ ტერიტორიაზე“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გემის კაპიტანმა - ჰექტორ ბონზომ - 2003 წელს ოფიციალურად განაცხადა, რომ გენერალი ბელგრანო კი არ ტოვებდა საომარ ტერიტორიას და მიემართებოდა არგენტინისაკენ (როგორც ეს მანამდე მიიჩნეოდა თეტჩერის კრიტიკოსთა მიერ), არამედ იგი მანევრირებდა და მეტიც, მას ჰქონდა მიღებული ბრძანება, რომ გაენადგურებინა ნებისმიერი ბრიტანული გემი, რომელიც კი შეიძლებოდა შეხვედროდა გზად.


ბელგრანოს ჩაძირვას მოსდევს 4 მაისს ბრიტანული ხომალდის HMS Sheffield-ის, 21 მაისს Ardent-ისა და 25 მაისს Coventry and Atlantic Conveyor-ის ჩაძირვა არგენტინის საჰაერო დანაყოფების მიერ.


უნდა ითქვას, რომ არგენტინელებს ჰქონდათ შესამჩნევად კარგი შეიარაღება საჰაერო დანაყოფების მხრივ, მაისის დასაწყისში, თუმცა რამდენიმე საჰაერო სამხედრო თვითმფრინავი სწორედ მაისის პირველ რიცხვებში მათაც დაკარგეს.

აღსანიშნავია, რომ ბელგრანოს ჩაძირვამ იქონია ფუნდამენტური სტრატეგიული ეფექტი, რადგანაც ეს იყო საზღვაო ძალებზე ბრიტანეთის მიერ აბსოლუტური უპირატესობის მოპოვება და ამის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით ხომალდ San Luis-ს, არგენტინულ ფლოტს აღარ დაუტოვებია ფოლკლენდის ნაპირები და მათ ბრძოლა გააგრძელეს საჰაერო „ჭრილში“, სადაც შედარებითი უპირატესობა ჰქონდათ.

HMS Sheffield-ის ჩაძირვას სერიოზული ზეგავლენა ჰქონდა ბრიტანულ საზოგადოებაზე, ვინაიდან განწყობებისა და აღქმის თვალსაზრისით, სწორედ ამ ფაქტმა დაანახა საზოგადოებას, რომ „კრიზისი“ უკვე რეალურ ომად იყო ქცეული (An actual shooting war). HMS Sheffield იყო სამეფო ფლოტის პირველი ხომალდი, რომელიც ჩაძირეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამასობაში ბრიტანელები მიიწევდნენ კუნძულისაკენ, როდესაც არგენტინელები ემზადებოდნენ სტენლის დასაცავად. საზღვაო შეტაკებებს ბრიტანელების საწინააღმდეგოდ სერიოზული ტაქტიკური მნიშვნელობა ჰქონდათ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბევრი ხომალდი გადარჩა კიდეც არგენტინელთა მიერ გამოყენებული არასწორი საომარი ტაქტიკების გამო. ისინი გემებს ბომბავდნენ ზედმეტად დაბალი სიმაღლიდან, მეტიც, 13 ბომბი ჩამოვარდა ისე, რომ საერთოდ არ დეტონირებულა.


სამწუხარო ფაქტი იყო ის, რომ ამ ინფორმაციის BBC-ის მიერ გასაჯაროების გამო ამ ფაქტებმა მიაღწია არგენტინელებამდეც, რომლებმაც სწრაფადვე შეცვალეს ბომბირების ტაქტიკა. პრესა თავად დიდ ბრიტანეთშიც დაყოფილი იყო ე.წ. მშვიდობისმოყვარეებად, და ომის მომხრეებად და გაზეთები The Daily Mirror და The Sun მუდმივად ავრცელებდნენ ფაქტების რადიკალურად განსხვავებულ ინტერპრეტაციებს. არგენტინა შემჩნეული იყო ფაქტების დამახინჯებით, ყალბი ფოტოების გავრცელებით (მაგ, ცეცხლმოკიდებული ბრიტანეთის ხომალდის ფოტო და ა.შ.) და ნეიტრალური რეპორტიორების დაკავებით.

ძალთა განუსაზღვრელობის თვალსაზრისით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ერთი საინტერესო რამ - ივნისის დასაწყისში, როდესაც ნელ-ნელა მიიწევდნენ ფოლკლენდის მთავარი ქალაქისაკენ, მათ გემებზე (ჯარისკაცებსა და ოფიცრებს შორის გარკვეული გაუგებრობებისა და უფლებამოსილებების გადაჭარბების გამო) თავდასხმის შედეგად 50-მდე ბრიტანელი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 115. ეს ფაქტი ხაზგასასმელია, რადგან ამ დროს, არგენტინის გენერლამდე მივიდა ინფორმაცია, რომ ამ კონკრეტულ თავდასხმაში დაიღუპა 900 ბრიტანელი, რის შედეგადაც არგენტინელები ელოდებოდნენ ბრიტანელთა დემორალიზაციასა და დანებებას სწორედ მაშინ, როდესაც ბრიტანეთი ქალაქ-ქალაქ მიიწევდა ნაპირების გასწვრივ სტენლისაკენ.


ბოლო მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა 11-13 ივნისს, რომლის შემდეგაც არგენტინამ, უკვე მორალურად დასუსტებულმა, დეზორგანიზებულმა და რესურსებ-გამოცლილმა, გადაწყვიტა, გამოეცხადებინა კაპიტულაცია. ეს იყო კონფლიქტის ე.წ. მკვდარი წერტილი და დათმობის განპირობება, ვინაიდან არგენტინის მხარე მივიდა დასკვნამდე, რომ კონფლიქტი გახდა ზედმეტად წამგებიანი, აუტანელი და უნდა დასრულებულიყო რაც შეიძლება მალე. არგენტინამ განიცადა როგორც მეტოქეობის ტაქტიკის მარცხი, ასევე საჭირო რესურსების გამოფიტვა და მიუღებელი დანახარჯები.


ფოლკლენდის ომის შედეგად დაიღუპა 649 არგენტინელი, 255 ბრიტანელი და 3 ფოლკლენდის კუნძულის მკვიდრი. არგენტინაში ამ კონფლიქტს მოჰყვა საპროტესტო აქციები, მილიტარისტული, დიქტატორული მმართველობის შესუსტება და, საბოლოო ჯამში, მისი დამხობა.


დიდ ბრიტანეთში ფოლკლენდის ომს ბევრად პოზიტიური შედეგები მოჰყვა - კონსერვატორთა პარტიამ მოიპოვა პოპულარობა, საზოგადოების სიმპათია და მომდევნო წელს (1983) სერიოზული უპირატესობით მოიგო არჩევნები. მარგარეტ თეტჩერის განცხადებით, ფოლკლენდის ომმა გამოიწვია კოლოსალური სიამაყის განცდა, განცდა იმისა, რომ მთავრობა ჯერ კიდევ წარმატებით აკეთებდა იმას, რისთვისაც იგი იყო არჩეული. უნდა აღინიშნოს, რომ მარგარეტ თეტჩერმა ჯერ კიდევ 6 აპრილს მოიწვია ე.წ. საომარი კაბინეტი, რომელიც არ დაშლილა 12 აგვისტომდე და რომელშიც ყოველდღიურად განიხილებოდა ფოლკლენდის კრიზისთან დაკავშირებული საკითხები. კაბინეტს „მართავდა“ სწორედ რკინის ლედი, თუმცა როგორც წყაროებშია მოცემული, იგი ისმენდა საპირისპირო მოსაზრებებს, ხშირად მიმართავდა სხვებს კონსულტირებისთვის, თუმცა უკან აღარ იხევდა მაშინ, როდესაც მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებისას. თუ ამ კონფლიქტზე ვიმსჯელებთ მარგარეტ თეტჩერის პერსპექტივიდან, მის მიერ ომის პერიოდში ჟღერდებოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი მესიჯები, რომლებიც თვისებრივი კვლევების შედეგად 6 ძირითად კატეგორიად დაიყო. მარგარეტი ახსენებდა არგენტინის აგრესიასა და მოულოდნელ შეჭრას ფოლკლენდზე; ბრიტანეთის სუვერენულობას კუნძულებთან მიმართებაში; ფოლკლენის მკვიდრთა სურვილებსა და უფლებებს; მშვიდობიან მოლაპარაკებებს, დიპლომატიასა და მილიტარისტულ ალტერნატივებს; საერთაშორისო მხარდაჭერასა და გამარჯვებას - როგორც ფოლკლენდის კუნძულების დაბრუნებას. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რკინის ლედის გამოსვლებს სერიოზული ზეგავლენა ჰქონდა საზოგადოების პოზიტიური განწყობების ფორმირებაზე.

რაც შეეხება თავად ფოლკლენდის კუნძულებს, მათი მაცხოვრებლების უმრავლესობა მუდამ დიდი ბრიტანეთის მხარეს ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად ბრიტანელებთან იდენტიფიკაციისა, ომის შემდგომ კვლევებში ფოლკლენდის კუნძულის მრავალი მაცხოვრებელი აღნიშნავდა, რომ მათ ეცოდებოდნენ არგენტინელები, რომლებსაც აშკარად აშიმშილებდნენ და ცუდად ექცეოდნენ თავიანთივე ოფიცრები.ფოლკლენდის მკვიდრებმა 1983 წელს სრულად აღიდგინეს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა, ბრიტანეთმა კუნძულებში ჩადო დიდი რაოდენობის ინვესტიციები და დაიწყო ეკონომიკური ლიბერალიზაცია. 1985 წელს შეიქმნა ახალი კონსტიტუცია, რომელშიც ხაზგასმულია ფოლკლენდის კუნძულების ე.წ. self-government-ის მნიშვნელობა. მეტიც, ფოლკლენდის კუნძულებზე 1982 წელსვე შეიქმნა მემორიალი, რომელზეც 255-ივე ომში გარდაცვლილი ბრიტანელის სახელია დატანებული და რომელსაც აწერია „ჩვენი განმათავისუფლებლების ხსოვნისათვის“. მსგავსი მემორიალები აღიმართა დიდ ბრიტანეთსა (2) და არგენტინაშიც (3).

0
219
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0