x
image
დავითი ჩუთლაშვილი
გრენლანდიიდან და ანტარქტიკიდან ყინული ექვსჯერ იმაზე უფრო სწრაფად ქრება, ვიდრე ვარაუდობდნენ
გლობალური დათბობა


ახალი ცნობების თანახმად, გრენლანდია და ანტარქტიდა კარგავენ ყინულს ექვსჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე 90-იან წლებში – ამჟამად მიმდინარე ცვლილებებს ექსპერტები გლობალური დათბობის ყველაზე უარეს სცენარს უწოდებენ.


ორ ცალკეულ ნაშრომში, რომლებიც ჟურნალ “Nature”-ში გამოქვეყნდა, ნაჩვენებია, რომ გრენლანდიამ და ანტარქტიკამ დაკარგეს 6, 4 ტრილიონი ტონა ყინული 1992-დან 2017 წლამდე შუალედში, შედეგად კი ზღვის გლობალურმა დონემ 17, 8 მილიმეტრით აიწია.


პოლარული ყინულის შრეების დნობის შედეგად ზღვის მთლიანი დონის აწევა დაახლოებით 60 %-მდე (10, 6 მილიმეტრი) იყო გამოწვეული გრენლანდიის ყინულის დანაკარგებით, ხოლო დანარჩენი 40 % – ანტარქტიდის ყინულის დნობამ განაპირობა (7, 2 მილიმეტრი).



ყინულის გაქრობის საშუალო მაჩვენებელი 90-იან წლებში 81 მილიარდი ტონით გაიზარდა, ჩვენი საუკუნის ათიან წლებში კი კიდევ დამატებით 475 მილიარდი ტონით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლარული ყინულის შრეების დნობა რაც დრო გადის, სულ უფრო ჩქარდება.


ახალი შეფასება ეკუთვნის 89 პოლარული მეცნიერისგან დაკომპლექტებულ საერთაშორისო გუნდს, რომლებმაც წარმოადგინეს ყინულის დაკარგვის ყველაზე სრულყოფილი სურათი, რაც კი დღემდე არსებულა ოდესმე.


პროფესორი შეპარდი, რომელიც მეცნიერთა გუნდს ხელმძღვანელობს, განმარტავს, რომ ზღვის დონის ყოველი სანტიმეტრის მომატება იწვევს ზღვისპირა ზოლის დატბორვას და ზღვისპირეთის ეროზიას, რითაც საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლეს მთელ პლანეტაზე.


“თუ ანტარქტიდის და გრენლანდიის შემთხვევაში გაგრძელდება გლობალური დათბობის ყველაზე უარესი სცენარი, ეს გამოიწვევს ზღვის დონის დამატებით 17 სანტიმეტრით ზრდას საუკუნის ბოლოსთვის. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ 2100 წლისთვის 400 მილიონი ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება სანაპიროს ყოველწლიური დატბორვის შედეგად. ეს არ არის მარტივი მოვლენები, მინიმალური ზემოქმედებით გარემოზე. მსგავსი მოვლენები უკვე მიმდინარეობს, რაც დამანგრეველია დასახლებული სანაპიროებისთვის", – განაცხადა მან.


გლობალური დათბობა


კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) ბოლო მოხსენებით, მოსალოდნელი იყო, რომ ზღვის გლობალური დონე 2100 წლისთვის 60 სანტიმეტრით მოიმატებდა. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ეს 360 მილიონ ადამიანს საფრთხეს შეუქმნიდა სანაპირო ზოლში. თუმცა ახალი კვლევის შედეგები კიდევ უფრო უარესი გამოდგა.


ამასთან, მეცნიერთა ჯგუფის კვლევებმა აჩვენა, რომ ანტარქტიდიდან და გრენლანდიიდან ყინულის დანაკარგი იზრდება იმაზე სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რაც შეესატყვისება IPCC-ს კლიმატის ცვლილების ყველაზე უარეს სცენარს.

0
505
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0