x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
#შემოდიპორტალში - მსოფლიოს ბესტსელერი „ასასინის შეგირდი“ ქართულ ენაზე
image


ეს არის ნამდვილი ფენტეზი... რობინ ჰობის წიგნები ბრილიანტებია ცირკონების ზღვაში - ასე ახასიათებენ რობინ ჰობის რომანს „ასასინის შეგირდი“. წიგნს, რომელიც 25 ენაზეა თარგმნილი და მრავალი ქვეყნის ახალგაზრდების საყვარელი თავგადასავალია, „პალიტრა L-მა” ქართულ ენაზე გამოსცა.


ჟრუანტელის მომგვრელ ნისლიან საღამოს, კოკისპირულ წვიმაში უცნობმა მოხუცმა სასახლის კარზე დააკაკუნა, ერთიანად გალუმპული 6 წლის ბიჭი მცველს ჩააბარა და უთხრა: „თქვენი მომავალი მეფის, რაინდის ნაბიჭვარია. ახლა თქვენ მიხედეთ.“


და შეძრწუნდა შორსმჭვრეტელთა მთელი დინასტია _ შესაძლოა ერთ დღესაც ტახტი უფლისწულის უკანონო ვაჟს ერგოს?! ამას ვერ დაუშვებენ, მაგრამ მემკვიდრეს ვერც სასახლიდან გააძევებენ. და ბიჭი, სახელად ფიცი, სასახლეში ცხოვრებას იწყებს. ერთადერთი ნუგეში ცხოველებთან ჯადოსნური კავშირის უნარი, შნოა. თუმცა სამეფო ოჯახი მისგან უფრო მეტს ითხოვს: ბრძოლაში დახელოვნებას, დახვეწილ ქცევას და რაც მთავარია: სამეფო ტახტის უკანონო მემკვიდრე საიდუმლო მკვლელი, ასასინი უნდა გახდეს...“



ეს კი თავად ისტორიაა, რომელიც მკითხველს სხვა სამყაროში შეიყვანს და საოცარ ფენტეზიში ამოგზაურებს.


image


უკანასკნელ პერიოდში, როდესაც მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ფენტეზი იკავებს, რობინ ჰობის შემოქმედება გამორჩეულისა და განსაკუთრებულის პოზიციას არ თმობს. რობინ ჰობი ეპიკური ფენტეზის ჟანრის მსოფლიოში აღიარებული მწერალი ქალია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რობინ ჰობი არის მარგარეტ ასტრიდ ლინდჰოლმ ოგდენის ფსევდონიმი, რომელსაც იგი იყენებდა ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებების წერისას. ფსევდონიმი პირველად გამოჩნდა 1995 წელს.


თავად მწერალი კი 1952 წელს კალიფორნიაში დაიბადა და ალასკაზე გაიზარდა, სადაც ისწავლა მგლის ლეკვის აღზრდა, ფურ–ირმის გატყავება და ველურ ბუნებაში თავის გატანა. როცა მოგვიანებით ცოლად მეთევზეს გაჰყვა, რომელიც წელიწადში ექვს თვეს ქაშაყსა და კოდიაკის ორაგულზე თევზაობაში ატარებდა, მთელი ეს ცოდნა გამოადგა. ჰობი ზრუნავდა ოჯახზე, უვლიდა კარ-მიდამოს, შორეულ თემებში ფოსტას არიგებდა და ამავე დროს მოთხრობებსა და ნოველებს წერდა. ამჟამად მწერალი ვაშინგტონის შტატის ქალაქ ტაკომაში ცხოვრობს.


ქართულ ენაზე "ასასინის შეგირდი" ანა ჭიჭინაძემ თარგმნა, მისი გამორჩეული და დასამახსროვრებელი ყდის დიზაინი კი მხატვარ ნინო ბოსიკაშვილს ეკუთვნის. წიგნი სერია „პორტალის“ ფარგლებში გამოიცა. ეს არის გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერია, რომელიც ფენტეზის ჟანრის ბესტსელერებს აერთიანებს. „ასასინის შეგირდი“ კი წიგნის მაღაზიის თაროებზე უკვე ხელმისაწვდომია.

0
108
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0