x
ციფრული საქართველოს მოდელი
ლაშა ბოდაველი CICD Lasha Bodaveli

COVID19 ძალიან მალე ეკონომიკას დაავირუსებს, შემდეგ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ჩვენი მსგავსი ქვეყნების გრძელვადიან საფრთხეებში მასლოუს პირამიდის I-II საფეხურზე მასობრივი დაბრუნებაც შეიძლება განვიხილოთ თუ ვირუსთან ბრძოლისას მხოლოდ ჯანმრთელობის რეკომენდაციებით შემოვიფარგლებით.



ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (CICD) თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი


პირველ რიგში გულწრფელი მადლობა ჯანდაცვის სისტემის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან საამაყოდ ებრძვიან ვირუსს და პრევენციულ ზომებს აქტიურად იღებენ, მაგრამ არ შეიძლება სხვა მიმართულებებში გვეძინოს.


არავინ იცის როდის დამთავრდება ეს ყველაფერი და საქართველოსთვის ძალიან კარგი შანსია სწრაფად და ეფექტიანად შევიმუშაოთ ციფრული საქართველოს მოდელი. პირველივე წინადადება ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მექნებოდა, სასწრაფოდ არის დასარეგისტრირებელი ინიციატივა არჩევნების ელექტრონულად ჩატარებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ოქტომბრამდე საფრთხე ჩაივლის, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა ყოვლად გაუმართლებელი იქნება მოსახლეობის საარჩევნო უბნებთან დაბარება. ელექტრონული არჩევნების სისტემის დაშვებაზე საკანონმდებლო ინიცირება ახლავე უნდა დაიწყოს, ეს ერთი მხრივ იქნება ხარჯთეფექტური, მეორე მხრივ რეგიონში მოწინავე პოზიციებს გაგვიმყარებს და მესამე მხრივ შეიზღუდება ე.წ. გაყალბების ალბათობა.


სასწავლო დაწესებულებები უკვე ალაპარაკდნენ online სწავლებაზე, რაც რათქმაუნდა სწორი ნაბიჯია და ამ კუთხით ალბათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც უსწრაფესად შეძლო ელექტრონული მოდელის დანერგვა და ახლა რეგიონალურ უნივერსიტეტებსაც სთავაზობენ დახმარებას. სწავლის გადადება უპროგნოზო ვითარებაში გამოსავალი არ არის და ვერც იმაზე ვიმსჯელებთ რამდენად მოსაწონია დისტანციური სწავლება, სწავლების ნაწილშიც სასწრაფოდ უნდა გავციფრულდეთ და ამ კუთხით ხარისხის კრიტერიუმები შესამუშავებელია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს განათლების დეგრადირებაა გეტყვით, რომ კალიფორნიის, ბერკლის, კოლუმბიის, სტენფორდის, ჰონგკონგის, პენსილვანიის ბრიტანული კოლუმბიის, ფლორიდის, ლონდონის, მერილენდის, პიტსბურგის, დიუკის, ჯონ ჰოპკინსის, პრინსტონის, ჯორჯიის, ედინბურგის, ოჰაიოს, მიჩიგანის, ტორონტოს, ვირჯინიის, ვაშინგტონის და სხვა მრავალი უდიდესი სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები რამდენიმე წელია OPEN LEARNING სისტემებს ელექტრონულად გვთავაზობენ.



ბიზნესმა კარგად იცის, რომ მომავალი - ცოდნის ეკონომიკაზე დგას და გამოიყენეთ ეს შანსი, საქართველოში არსებულმა მსხვილმა ქსელებმა: მაღაზიებმა, აფთიაქებმა, ბანკებმა და ა.შ. დროა შექმნათ თაობა Z-ის პლატფორმები, გააციფრულოთ საქმიანობა და ვიდრე ტექნოლოგიურად დაიხვეწება ეს ყველაფერი იქნებ საკუთარ ქსელებში შექმნათ ONLINE კონსულტანტები, მიაბით ამას მიტანის სერვისები და დახვეწეთ online shopping-ები.


ლაშა ბოდაველი CICD lasha bodaveli
2016 წელს ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრში (CICD) დავტესტეთ ვირტუალური ოფისის გახსნა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოხალისეც ავიყვანეთ ონლაინ, აღმოჩნდა, რომ მაშინ საზოგადოება ამისთვის მზად არ იყო, რის გამოც პროექტი დაიხურა. ვითარება შეიცვალა და უკვე შესაძლებელია სხვადასხვა სახის კონსულტაციები, მომსახურეობა და სხვა, ონლაინ გაიცეს. გაამარტივეთ და გააციფრულეთ საქმიანობა თუ არ გინდათ, რომ ვირუსისგან გადარჩენილები ეკონომიკამ არ შეგვიწიროს.


ინიციატივების კრიტიკოსებიც უამრავი იქნება, თუმცა ცივილიზაციას, კორონა ვირუსის გარეშეც, ამის გაკეთებისკენ მაინც მივყავართ და ვფიქრობ, აჯობებს თუ მოწინავე პოზიციებს გავიმყარებთ. პირადად ვეცდები ზემოთ ჩამოთვლილი ინიციატივები ადრესატებს მივაწოდო და გავუზიარო ხედვები, მაგრამ თქვენი ჩართვების, რეკომენდაციების და ინიციატივების გარეშე მე ცალკე აღებულს არაფერი გამომივა




0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0