x
- ჩიტის გრიპიიი მოოოფრინავდა, ჰოოოუ ნააანინააა...– ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელიამედია-კავშირ "ობიექტივის" ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება კორონა ვირუსთან დაკავშირებით აურზაურს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

- ჩიტის გრიპიიი მოოოფრინავდა, ჰოოოუ ნააანინააა... - წამოიწყო ერთ სუფრასთან ვახტანგ გოგუაძემ.
- მე შროშანი მეგონაოოო, - გაიწკრიალა პირველმა ხმამ.
- ოოოოოო, - აჰყვა ბანი და შეჰკრა, შეაერთა ხმები, მაგრამ ვეღარ ჩაამთავრეს, სიცილ-ხარხარმა იფეთქა და გადაფარა ეს მშვენიერი სიმღერა.
მიხვდით, ალბათ, ქათმის გრიპმა რომ შეაჯანჯღარა მსოფლიო, ის პერიოდი იყო.
- ვაი, შენ, ქათმის სკინტლით შეშინებულო კაცობრიობავ! - ჩაილაპარაკა სიცილისგან თვალებზე ცრემლმომდგარმა ვახტანგმა.

უზარმაზარი ცინიზმით იყო გაჟღენთილი ვახტანგ გოგუაძის ცხოვრების ეს პატარა ეპიზოდი. მთელი კაცობრიობის მიმართ ღია, სასტიკი და დაუნდობელი დაცინვა იფრქვეოდა მის ბაგეთაგან, თუმცა, რასაკვირველია, ეს არ იყო სიხარული ბოროტებასა ზედა, ეს იყო უზომო სინანული, ენით აუწერელი ხვაშიადი და კაეშანი, თუ გნებავთ, ერთგვარი ხელის ჩაქნევაც და უიმედობაც კაცობრიობის უმწეობისა გამო, მისი საცოდავობისა და გზასაცდენილობისა გამო...

მრავალ ფუნდამენტურ რელიგიათა შემქმნელი კაცობრიობა, რომელმაც, თეორიულად, არნახულ ზნეობრივ სიმაღლეებს მიაღწია და ყოველი ცალკეული ადამიანი ღმერთის სახედ და ხატად წარმოიდგინა, საბოლოოდ, უზნეობის ჭაობში ჩაიხრჩო და საკუთარი ისტორია ომების ისტორიად აქცია.


მეოცე საუკუნეში, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის კვალდაკვალ, მაშინ როდესაც ადამიანთა და საზოგადოების კეთილგონიერი არსებობისა და განვითარების ყველა წინაპირობა არსებობდა, კაცობრიობამ, ერთი არ იკმარა, ორი მსოფლიო ომი "გაუჩალიჩა" საკუთარ თავს, რაც სისხლის მდინარეებად მოუბრუნდა, მაგრამ ზნეობრივი ცხოვრებისკენ შემობრუნების აუცილებლობის შესახებ დასკვნა კი არ გააკეთა, კვლავ ომისკენ გაუწია გულმა და იარაღის ისეთი სახეობების შექმნა დაიწყო, რომელსაც კაცობრიობის ამა თუ იმ ნაწილის კი არა, ადამიანთა მოდგმისა და მთელი პლანეტის ერთბაშად მოსპობა რომ შეეძლო.

ბირთვული იარაღი ხომ შეჰქმნა, დედამიწის ნებისმიერ წერტილში მისი უსწრაფესად მიტანის საშუალებები ხომ შეჰქმნა, უბინძურესი ქიმიური იარაღი ხომ შეჰქმნა, წყალქვეშა გემები და ზებგერითი სამხედრო თვითმფრინავები ხომ შეჰქმნა, მაგრამ ეს ყველაფერი არ იკმარა და იარაღთა შორის ყველაზე საზიზღარი, ბიოლოგიური იარაღიც შეჰქმნა, რითაც სიცოცხლის ერთი სახეობა - მიკროორგანიზმები, სიცოცხლის უფრო სრულყოფილი სახეობის, კერძოდ, ადამიანებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად აქცია.

უამრავი ბუნებრივი მტერი ჰყავს კაცობრიობას მიკროორგანიზმების სახით, ქოლერაო, ციმბირის წყლულიო, შავი ჭირიო, ებოლაო... იმის ნაცვლად, რომ ამ საშინელი ბუნებრივი მტრის გასანეიტრალებელ საშუალებებზე მუშაობდეს და იხარჯებოდეს, ხელოვნურ მტერს რომ იმრავლებს ის კაცობრიობა დაცინვის ღირსია, აბა რა არის?!

მსოფლიომ, 2018 წელს, შეიარაღებაში ერთი ტრილიონ რვაასოცდაორი მილიარდი დოლარი დახარჯა. წარმოიდგინეთ, რა თანხაა ეს? წარმოდგენაც ძნელია, ხომ? ახლა, ბუნებრივია, რომ ეს თანხა გაზრდილია.
ამ დროს, მსოფლიოში უამრავ ადამიანს კვების ნორმალური რაციონისთვის არ მიუწვდება ხელი... ექიმთან და წამალთან, განათლების სისტემასთან, კულტურის დაწესებულებებთან არ მიუწვდება ხელი. ორ ტრილიონ დოლარს კი, ერთმანეთის გადარჩენის ნაცვლად, ერთმანეთის დახოცვის საშუალებების შექმნაში ხარჯავენ.
აი, ამ პარადოქსულ მდგომარეობას უმღერა ცხონებულმა ვახტანგმა იმ თავისი გასაოცარი სარკაზმით.
- ჩიტის გრიპიიი მოოოფრინავდა...

ახლა ე.წ. კორონავირუსი მოფრინავს ჩინეთიდან. თავს გვირგვინი ადგას და მოფრინავს ყველა მიმართულებით, ოცდაათამდე ქვეყანაშია უკვე.
ვიღაცა ამბობს, კორონავირუსი ბუნებრივი ვირუსების ნაირსახეობააო;
ვიღაცა ამბობს, ჩინეთის სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიიდანაა გამოქცეულიო;
ვიღაცა ამბობს, ამერიკელების მიერ სპეციალურადაა
შექმნილი ჩინელებისთვისო.

იქნებ ასეა, იქნებ არც არის ასე, მაგრამ მან
უკვე შეაზანზარა მსოფლიო. ბევრი შეიწირა, მრავალი დააინფიცირა, არია ისედაც დაულაგებელი მსოფლიო ეკონომიკა, შეაფერხა მიმოსვლა და ტვირთბრუნვა, ჩამოშალა საბირჟო ინდექსები, შეცვალა ფასები ენერგომატარებლებზე და, რაც მთავარია, მთელ მსოფლიოს აგრძნობინა, რომ ეს გონიერი, მოაზროვნე და, რაც მთავარია, ვითომ ყოვლისშემძლე კაცობრიობა, შესაძლებელია, ერთმა, პატარა, თვალით უხილავმა მიკროორგანიზმმა შეიწიროს...

- ვაი, შენ, ქათმის სკინტლით შეშინებულო კაცობრიობავ! - თქვა ვახტანგ გოგუაძემ. იმ დღეს სხვა არაფერი უთქვამს, მაგრამ ძახილისნიშნიან ამ ერთ წინადადებაში ესეც იგულისხმა:
- ვაი, შენ, ტვინისა და ზნეობისგან დაცლილო, თითქოს დიდო, სინამდვილეში კი არარაობასავით პატარა და სულმოკლე კაცობრიობავ, ვაი შენ, უბადრუკო ადამიანო, გაუმაძღარო არსებავ, რასაც მოახერხებ, ყველაფერს საკუთარ ბუნაგში რომ ეზიდები და, რასაც ვერ ახერხებ, იმისი დარდი გკლავს და განადგურებს. დაუმსახურებლის მიმთვისებელო და მუდამ წართმევის სურვილით აღძრულო ნაძირალავ, რაკი შენ ვერ ხვდები, იქნებ ქათმის გრიპმა, ღორის გრიპმა, ან მომავალში მოსასვლელმა გვირგვინოსანმა ვირუსმა მაინც მიგახვედროს, რომ არასწორად განვითარდი, არასწორად იცხოვრე და თავად იქეცი იმ ვირუსად, რომლითაც, დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, საკუთარ თავს გაანადგურებ...
- ჩიტის გრიპიიი მოოოფრინავდა, ჰოოოუ ნააანინააა...

ვალერი კვარაცხელია
3 თებერვალი, 2020 წ.

1
712
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
712
  
2020, 13 მარტი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1