x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რატომ უნდა დავრგოთ ხეები
image


გლობალური დათბობა პიკს აღწევს. კლიმატოლოგების ცნობით, 2100 წლისთვის პლანეტის საშუალო ტემპერატურა 3 გრადუსით მოიმატებს, რაც შეიძლება უკვე კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდეს. ამასთან დაკავშირებით ახალი ზელანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ დარგავს ერთ მილიარდ ხეს, კომპანია “ტესლამ” საკუთარი პატენტები გაასაჯაროვა, რათა მისი ელექტრომობილების მსგავსი გადაადგილების საშუალებები, რითაც ერთი დატენვით 620 კილომეტრის გავლა შესაძლებელია, ბევრმა კომპანიამ დაამზადოს, მიდის აქტიური ფიქრი ჰელიუმ 3-ის მოპოვებასა და ჩამოტანაზე მთვარიდან. მოკლედ, ყველა მოაზროვნე ადამიანი მთელ სამყაროში ფიქრობს, თუ როგორ აიცილოს თავიდან გლობალური დათბობა, ამიტომ მეც შევეცდები, ამ ბლოგში, რაც შეიძლება მოკლედ შემოგთავაზოთ ჩემეული ხედვა კლიმატის ცვლილების თავიდან ასაცილებლად და გაგაცნოთ ის, თუ რას ვაკეთებ და რის გაკეთებას ვაპირებ მომავალში, რათა საკუთარი მოკრძალებული წვლილი შევიტანო პლანეტის გადარჩენის საქმეში.


მე წლების მანძილზე “მწვანეთა პარტიის” წევრი და ყვარლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყავი. დიდი ხანია, რაც აქტიურ პოლიტიკას ჩამოვშორდი, თუმცა მთელი ჩემი არსებით ისევ მწვანე და ეკოლოგისტი ვარ.


მუდმივად მტანჯავდა პოლიტიკაში ყოფნის დროს განცდა იმისა, რომ საკმარისს არ ვაკეთებდი. დღეს, მწერლობასა და ჟურნალისტიკაში ყოფნის დროსაც ეს განცდა მტანჯავს. ამიტომ ვაპირებ, მთელი ცხოვრება დავრგო ხეები და ასევე ვაპირებ იმასაც, რომ ხეების დარგვის კულტურის პოპულარიზაციას მივუძღვნა სიცოცხლის დარჩენილი წლები. მე მსურს, გავაკეთო რაღაც კონკრეტული, როგორც ერთმა ადამიანმა.



აქამდე სულ ათიოდე ხე თუ მექნება დარგული. თანაც, ამას გაუაზრებლად ვაკეთებდი. ხეებს იმის გამო არ ვრგავდი, რომ ადამიანებს სუნთქვისთვის საჭირო ჟანგბადი ჰქონოდათ. საამისო სამოქალაქო შეგნება მაშინ არ გამაჩნდა. ამას როგორღაც, გაუცნობიერებლად ვაკეთებდი.


დღეს ეს ასე აღარ არის. მე მუდმივად დავრგავ ხეებს კახეთში, საკუთარ მიწის ნაკვეთებში. ორი დღის წინაც დავრგე გრეიპფრუტი. მალე უნდა ვიყიდო ბლის, ბროწეულის, გარგარის და ალუჩის ნერგები და გავახარო. ხოლო როცა საკუთარ ნაკვეთებს ნერგებით ავავსებ, მერე უკაცრიელ ადგილებში გადავინაცვლებ.


დედამიწა


ხეების დარგვა საკუთარი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად უნდა ვაქციო. თქვენც იგივეს გირჩევთ. საქართველოში 3, 7 მილიონი ადამიანი ვცხოვრობთ. წარმოიდგინეთ, რამხელა ეფექტი ექნება, ყველა ჩვენთაგანმა 10 ხე მაინც რომ დარგოს ცხოვრების მანძილზე. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხეების დარგვა ბუნებასთან ახლო კონტაქტი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საქმიანობაცაა.


თუ გადაწყვიტეთ, ხეების დარგვა თქვენც ჩემსავით საკუთარი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციოთ, უმჯობესია, ისეთი ხეები დარგოთ, რომლებსაც ნაყოფი ექნება რომელიმე გემრიელი ხილის სახით. დამიჯერეთ, სასარგებლოს სასიამოვნოსთან შეხამება ყოველთვის შეიძლება.

0
211
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0