x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სტუდენტმა გოგონამ უცხო პლანეტა აღმოაჩინა, რომელზეც შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს

ეგზოპლანეტა


KIC-7340288 b – ეს რომელიმე წყალქვეშა ნავის საიდუმლო კოდი არ გეგონოთ. ასე ეწოდება ეგზოპლანეტას, რომელიც მზის სისტემიდან წარმოუდგენლად შორს, 1000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.


მიშელ კუიმოტომ, რომელიც ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტში, ასტრონომიის ფაკულტეტზე სწავლობს, ახლახანს 17 ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. სწორედ მათ შორის ერთ-ერთს ეწოდება KIC-7340288 b, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ ის დედამიწაზე მხოლოდ ერთნახევარჯერ არის დიდი და საკუთარი მზიდან იმ მანძილზე მდებარეობს, სადაც წყალი თხევად მდგომარეობაში შეიძლება არსებობდეს, რაც სიცოცხლის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ წინაპირობად არის მიჩნეული.


ეგზოპლანეტა ტელესკოპ “კეპლერის” მეშვეობით იქნა აღმოჩენილი, რომელიც შორეულ კოსმოსში სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგის პლანეტებს ეძებს.



აღნიშნული ეგზოპლანეტის აღმოჩენა, მიუხედავად დედამიწიდან მისი უზარმაზარი დაშორებისა, მაინც უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად სულ მხოლოდ 16 დედამიწის მსგავსი პლანეტაა აღმოჩენილი მთელ კოსმოსში.


ეგზოპლანეტა


უკვე დადგინდა, რომ ახლად აღმოჩენილი პლანეტა საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ სრულ შემობრუნებას 142, 5 დღეს ანდომებს, ხოლო დომინანტი მნათობისგან მისი დაშორება 67 მილიონ კილომეტრს შეადგენს. ეგზოპლანეტა დედამიწაზე დასხივებული მზის შუქის მესამედ სინათლეს იღებს საკუთარი ვარსკვლავისგან, რომლის გარშემოც ის ბრუნავს.


აღმოჩენა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქამდე მოძიებული დანარჩენი 16 ეგზოპლანეტა მხოლოდ ძალიან უხეშად ჰგავს დედამიწას. მათი უმეტესობა დედამიწას 6-ჯერ ან 8-ჯერაც კი აღემატება მასით, რაც მათზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამიტომ KIC-7340288 b-ის მსგავსი ეგზოპლანეტა ძალიან დიდი იშვიათობაა.

0
251
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0