x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რატომ ეზიზღებათ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ერთმანეთი საქართველოში?
თავისუფლება


ამ ზამთარს მილანში ვიყავი. ვცხოვრობდი სახლში კორსო ბუენოს-აირესზე, სადაც ჩემ გარდა იყო ერთი ავსტრალიელი ვეგანი გოგო, რომელიც საერთო სამზარეულოში გამუდმებით ამზადებდა სალათებს, ცხრამეტი წლის ბიჭი შოტლანდიიდან, რომელსაც იტალიელი გოგოები უყვარდა და იტალიის მოქალაქეობის მიღება სურდა, რადგან არ სურდა ევროკავშირის მოქალაქეობის დაკარგვა ბრექსიტის გამო და ლიტველი რუსების წყვილი ვილნიუსიდან. რუსი ქალი 26 წლის იყო, მამაკაცი კი – 47 წლის. ამასთან, ქალს ჰქონდა ლიტვის (და შესაბამისად, ევროკავშირის) მოქალაქეობა, მამაკაცს – არა. რუსულად ძალიან კარგად ვსაუბრობ და გაუხარდათ, იტალიაში საკუთარ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი რომ იპოვეს, ხოლო როცა გაიგეს, რომ წარსულში მოსკოვსა და ვილნიუსში ვცხოვრობდი – მთლად გაგიჟდნენ.


რასაკვირველია, ვერ დაიწყებ ახლად გაცნობილ ადამიანებთან საუბარს მათი პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გასარკვევად. ეს უხერხულია. სიმართლე გითხრათ, არც დიდი სურვილი არ გამაჩნდა საამისოდ. “ევროკავშირის ტერიტორიაზე არიან დაბადებულები და გაზრდილები, უბრალოდ, რუსულად საუბრობენ და რუსები არიან. ქსენოფობი ხომ არ ვარ, რომ რადგან ეთნიკურად რუსები არიან, ხმა არ გავცე?” ვფიქრობდი მე.


მაგრამ მოგვიანებით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გავარკვიე (ორივე მათგანი “ფეისბუკზე”, მეგობრებში დავიმატე), რომ ქალიც და მამაკაციც საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით იყვნენ განმსჭვალულები. მამაკაცი ამაზე ღიად საუბრობდა, ხოლო ქალი შეფარვით უთანაგრძნობდა საკუთარი პარტნიორის ნოსტალგიას. ორივე ძალიან გაღიზიანდა, როცა ვუთხარი, რომ ყირიმი უკრაინისაა, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.



იტალიაში ყოფნის დროს მამაკაცი ქალს ხშირად ეჩხუბებოდა. ქალი ძალიან სიმპათიური იყო, თან მამაკაცზე 21 წლით ახალგაზრდა. მამაკაცი გამუდმებით ლოთობდა და ქალს დაჰყვიროდა. ჩამპალი კბილებიდან დორბლებს ყრიდა და ქალი მას ჩუმად უსმენდა. მაგრამ ყველაფერს იტანდა, რადგან მოსწონდა მამაკაცის შეხედულებები და მისი ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ (ერთხელ, მორიგი ჩხუბის დროს გამოვესარჩლე და მკაცრად მიმითითა, რომ "საკუთარ პრობლემებს თავად მიხედავდა" და "სხვების დახმარება არ სჭირდებოდა").


ისინი დღემდე ერთად ცხოვრობენ და ერთად მოგზაურობენ ქვეყნიდან ქვეყანაში. ყველა იმ ბენეფიტით სარგებლობენ, რასაც მათ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ბინადრობის უფლება სთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ სძულთ ევროკავშირი და საბჭოთა კავშირი უნდათ.


დამეთანხმებით, რომ მსგავს სიახლოვეს ვერცერთ იმ ადამიანთან ვერ დაამყარებ, ვისაც ევროკავშირი მოსწონს და ვინც პროგრესულ იდეებს იზიარებს. სიახლე არაა, რომ გეებს შორის ყველაზე მეტი ჰომოფობია, რომ თავისუფლების და თანასწორობისთვის მებრძოლი და უთანასწორობის მსხვერპლი ადამიანები მცირედს და უმნიშვნელოსაც კი არ გაპატიებენ (ვისაც ჩემი არ სჯერა, ფილმი "ადელის ცხოვრება" ნახოს), ხოლო თავისუფალ და სიცოცხლის მოყვარულ ქალებს ყველაზე მგზნებარედ სწორედ სხვა ქალები უწოდებენ "ბოზებს".


ხშირად შემინიშნავს ასეთი სიტუაცია რუსეთში, როცა იქ ვცხოვრობდი: პუტინის მხარდამჭერი მამაკაცები ძალიან პოპულარულები არიან რუს ქალებში. ზოგადად, მამაკაცი, რომელსაც ტოტალიტარული და საშიში იდეები აქვს, დაბალი შინაგანი კულტურის მქონე ქალებში ძალიან პოპულარულია და ამ მხრივ რუსი ქალები გამონაკლისს არ წარმოადგენენ; ქალებში ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მამაკაცს მსოფლიოში, ადოლფ ჰიტლერს, რომელიც ლატენტური ბისექსუალი იყო და ამასთან ცალი ყვერის არმქონეც, რასაც მისთვის ხელი არ შეუშლია, მილიონობით გერმანელი ქალის გული მოენადირებინა, უყვარდა გამოთქმა, ხალხი ქალს ჰგავს, მოსწონს ძლიერი ხელიო. ამ "ძლიერ ხელში" რასაც გულისხმობდა ის, კარგად დავინახეთ მილიონობით მოკლული და დასახიჩრებული ადამიანის სახით. ჰიტლერმა იცოდა, რომ სიძულვილი ყველაზე უკეთ აერთიანებს ადამიანებს და ეს რეალობა დღემდე არ შეცვლილა. ბევრი ჩვენთაგანი არამზადებს ბევრს მიუტევებს ხოლმე, როცა საზოგადოების საუკეთესო წევრებს მცირედსაც კი არ ვპატიობთ და ვღიზიანდებით, როცა მაგალითად, ჩვენთვის საყვარელი ბლოგერი თავის 118-ე ბლოგში ისეთ ფრაზას ამბობს, რაც არ მოგვწონს. მზად ვართ, იმ ერთი ფრაზის გამო ვეცეთ და ყელი გამოვღადროთ, როცა მისი დანარჩენი 117 884 334 ფრაზა მოგვწონს.


ჰიტლერი საბედნიეროდ ცოცხალი აღარ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მკვდარსაც კი ჩემზე გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი ქალი ეყოლება, მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტი მამაკაცი ვარ და მთელი ცხოვრება ქალთა თანასწორობისთვის ვიბრძვი, რის გამოც უთვალავი პრობლემა მექმნებოდა და მექმნება დღემდე და რასაც ვანაცვალე კიდეც საკუთარი ჯანმრთელობა.


უცნაურია, რომ მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარულები ის ადამიანები არიან, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. ეს განსაკუთრებით ნათლად იგრძნობა საქართველოში, სადაც ლგბტ თემის წევრები გამუდმებით ჭამენ და ღრღნიან ერთმანეთს. თემის ერთი ნაწილი მსუყე გრანტებით ფუფუნებაში ცხოვრობს. აქვს ჯაკუზებიანი ოფისი და ყოველ მეორე დღეს პრესტიჟული ევროპული სასტუმროებიდან რთავს სოციალურ ქსელებში ლაივებს, როცა თემის რიგითი წევრები, რომლებიც ქამინგ აუთის შემდეგ ნათესავებმა და ოჯახმა გარიყეს, ღამეს ქუჩაში ათევენ. მათ ერთადერთი არჩევანი აქვთ – სხეულით ვაჭრობა. თემის პრივილეგირებული წევრები იმ მილიონებით, რასაც ისინი დონორებისგან იღებენ, უბრალო, ჰოსტელის ტიპის ღამის გასათევსაც კი არ აწყობენ არაპრივილეგირებული, გარიყული წევრებისთვის და დღეში ერთხელ, თბილ სუპსაც კი არ აჭმევენ მათ.



თავისუფლების და სიმართლისთვის თუ იბრძვი და თუ იბრძვი ევროპის ერთიანობისთვის, გაირიყები და დარჩები აბსოლუტურად მარტო. მე ზუსტად ასე დამემართებოდა, რომ არა ემიგრანტი ქართველები და ჩემი უცხოელი მეგობრები. ამერიკაში, ინგლისში და საფრანგეთში საბედნიეროდ მდგომარეობა ინტელექტის თვალსაზისით ისე დრამატულად არ არის, როგორც საქართველოში. ევროპის ერთიანობის და თავისუფლების მხარდამჭერები შეიძლება ინგლისში ოდნავ უმცირესობაში არიან და 49 %-ს შეადგენენ, მაგრამ ეს 49 % არ შეგჭამს. ინგლისელ პროგრესულ ადამიანებს შეგიძლია, ენდო.



საქართველოში ერთადერთი პროგრესული პარტია იყო – “რესპუბლიკური პარტია”, რომელმაც მართლა რასაც ჰქვია, ამოიკნავლა, რომ ლგბტ ადამიანებისთვის პარტნიორობის უფლების მინიჭებას დაუჭერდა მხარს და ისიც მალევე სადისტების, მკვლელების და მოძალადეების პარტიასთან – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანდა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სწორედ ნაციონალების კანდიდატს დაუჭირა კიდეც მხარი.



თუ რატომ ეზიზღებათ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ერთმანეთი, რატომ მდიდრდება ლგბტ თემს ერთი ნაწილი მეორე ნაწილის უბედურების ხარჯზე და რატომ ეზიზღებათ ლესბებს, გეებს, პოლიამანტებს, ბისექსუალებს, ათეისტებს და აგნოსტიკოსებს ერთმანეთი, ამაზე პასუხი არ მაქვს – ეს საკვლევი თემაა. ფაქტია, რომ გაცილებით უფრო მყარი ერთობა ქართული ქრისტიანული და კონსერვატიული თემია. საბედნიეროდ, ამ თემის ძალიან დიდ ნაწილს ეზიზღება რუსული ოკუპაცია, პუტინის რუსეთი და სულაც არ მიაჩნია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქრისტიანი და კონსერვატორი ცოტაა. მართლაც, ევროპული კონსერვატიული და ქრისტიანული თემი უზარმაზარია და ამიტომ აზრი არ აქვს, უქადაგო ქართველ ქრისტიანებს და კონსერვატორებს, რომ ევროპაში მხოლოდ ლიბერალები ცხოვრობენ. ამასთან ერთად, საბედნიეროდ, ქართველი კონსერვატორების უდიდესი ნაწილი უკვე კარგად ხედავს განსხვავებას ჩვეულებრივ ევროპულ ქრისტიანულ კონსერვატიზმსა და პუტინის ნეოფაშისტურ იდეოლოგიას შორის, რომელიც ცდილობს, საკუთარი თავი კონსერვატიზმად შეასაღოს ადამიანებს.


მე მაინც მაქვს ჩემეული ვერსია, თუ რატომ ეზიზღებათ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ერთმანეთი საქართველოში და რატომ ვერ ახერხებენ გაერთიანებას. მაგალითად, ქართველი გეები: ისინი უბრალოდ, ვერ ხვდებიან, რომ უპირველეს ყოვლისა, გეები არიან და მხოლოდ ამის შემდეგ არიან ვაკელები, ქართველები, მორწმუნეები და ასე შემდეგ. ანალოგიური სიტუაციაა ქართველი ქალების შემთხვევაშიც: ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ უპირველეს ყოვლისა, ქალები არიან. ქართველი ათეისტებიც ანალოგიურად ფიქრობენ. საქართველოში ადამიანები საკუთარი გენდერული, რელიგიური და სექსუალური იდენტობის წინ უთვალავ სხვა იდენტობას (პოლიტიკურს, სოციალურს და ა. შ.) აყენებენ, რითაც დამღუპველ შეცდომას ჩადიან, რადგან ქვიარ ადამიანებს, ათეისტებს და ქალებს გარემომცველი სამყარო უპირველეს ყოვლისა, სწორედ ისე აღიქვამს, როგორც ქვიარ ადამიანებს, ათეისტებს და ქალებს. ქვიარი ადამიანები, ათეისტები და ქალები ფიქრობენ, რომ სექსუალური, რელიგიური და გენდერული იდენტობების წინ სხვა იდენტობების დაყენება კარგი თავდაცვის მექანიზმია, მაგრამ ეს ილუზია და თავის მწარედ მოტყუებაა მხოლოდ, რადგან არცერთი ტრადიციული ადამიანი არ შემოგხედავს როგორც ქართველს, “ქართული ოცნების” ან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს ან ქრისტიანს, თუ გეი ხარ, ლიბერალი, ათეისტი ან სახელმწიფოს სეკულარულ მოწყობას ემხრობი; არავინ არ მიგიღებს და არ გაღიარებს უმრავლესობის სრულფასოვან წევრად, თუ ზემოთ ჩამოთვლილ უმცირესობათაგან რომელიმეს წარმოადგენ ან მხარს უჭერ. სწორედ ის ქმნის ქართული თავისუფლების იდეისთვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს, რომ ქართული უმცირესობების წარმომადგენლები ადეკვატურად ვერ აზროვნებენ და საფრთხეებს ჯეროვნად ვერ აღიქვამენ.


თავისუფლება


და სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში ყოველდღიურად ხოცავენ და აუპატიურებენ ქალებს, საპატრიარქო მილიონობით ლარს იჯიბავს და ქართულმა ლგბტქი თემმაც რეალურად ჯერჯერობით მნიშვნელოვანს ვერაფერს ვერ მიაღწია საკუთარი უფლებების აღიარების და დაცვის გზაზე.


არადა, ქართველ ქალებს, ათეისტებს და გეებს ბევრი სასიკეთო რაღაცის გაკეთება შეუძლიათ ინდივიდუალურადაც და კოლექტიურადაც, რასაც ისინი არასოდეს არ აკეთებენ. მაგალითად, მათ შეუძლიათ, აღარ ჰქონდეთ სექსი მათთან, ვინც მათ გენდერულ, რელიგიურ ან სექსუალურ იდენტობას შეურაცხყოფს, მაგრამ ხშირად ისინი იმასაც კი ვერ ხვდებიან, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს გენდერული, სექსუალური თუ რელიგიური იდენტობის შეურაცხყოფა. კრიტიკა, რომელიც მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ არის მიმართული, ქართველ ქალებს ხშირად შეურაცხყოფა ჰგონიათ, ხოლო ქართველი ტრადიციული თამადის საუბრები “მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და ზნეკეთილ” ქართველ ქალებზე – ფემინიზმი. ქართველ ქალებს, როგორც მინიმუმ, შეეძლოთ, აღარ დასველებულიყვნენ ძველ ბიჭებზე, ტონიან ჯიპებში მსხდომ მშიშარა და კონფორმისტ ტიპებსა და არაფემინისტ და არაფემინურ კაცებზე. შეეძლოთ, სექსი ჰქონოდათ იმის მიხედვით, თუ რა ფასეულობები აქვს მამაკაცს და სწორედ ეს იქნებოდა ყველაზე სწორი მიდგომა – ყველაზე თანამედროვე და განვითარებული ქალები პარტნიორებს სწორედ იმის მიხედვით ირჩევენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მამაკაცისთვის ქალთა უფლებები და თავისუფლების იდეა. მაგრამ საქართველოში პირიქით ხდება; აქ ქალების მკვლელები უთვალავ სასიყვარულო წერილს იღებენ ქალებისგან ციხეებში, ათეისტები ეკლესიებში ლოცულობენ (როგორც ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც წარსულში ღიად განაცხადა, რომ ათეისტია), გეებს მებრძოლ ჰომოფობებთან აქვთ ყველაზე მხურვალე სექსი, ხოლო ქართველი ნაციონალისტი ბიჭები პუტინის მიმდევარი რუსი გოგოების გაჟიმვაზე ოცნებობენ, რადგან რუსეთი ოკუპანტია. ყველაფერი არეულია. და სწორედ ეს არის მენტალური ჯოჯოხეთი. სწორედ ამიტომ ვცხოვრობთ ჩვენ ჯოჯოხეთში. რადგან ის, რაც სიყვარული გვგონია, ხშირად ზიზღია და პირიქით.

2
286
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
286
  
2020, 1 მარტი, 19:21
ე.ი. თუ ქალი პუტინისტია,მაგრამ მაგარი ნაშაა,არ უნდა მქონდეს სექსი?
2020, 1 მარტი, 18:30
თითქოს ჩემს გულში იჯექი.
0 1 2