x
მეტი
  • 01.04.2020
  • სტატია:100896
  • ვიდეო:345602
  • სურათი:463570
პირველი ქართული სტამბა და "ვეფხისტყაოსანი"
image

ვახტანგ ლევანის ძე დაიბადა 1675 წელს და იზრდებოდა ისეთ პირობებში, რომ საკვირველია, როგორ პოულობდა ის დროს სწავლა-განათლებისთვის. 1703 წელს, როდესაც ვახტანგი ქართლის გამგედ დაინიშნა, ის ჩვენ გვევლინება როგორც ჭკვიანი, ენერგიული, განათლებით აღჭურვილი და ახოვანი ადამიანი. მის განათლებას ორმაგი ხასიათი ჰქონდა: სასულიერო და საერო. მან ზედმიწევნით იცოდა საეკლესიო ლიტერატურა და აგრეთვე საერო მწერლობა, ქართული და სპარსული. ამავე დროს ის იყო ნამდვილი მეცნიერი და მოტრფიალე მეცნიერებისა. ცხრა წლის პერიოდი როდესაც ვახტანგი ქართლს განაგებდა, იყო უნაყოფიერესი ხანა მისი კულტურულ-ლიტერატურული და სამეცნიერო მოღვაწეობისა, რომელიც მემატიანეებს მეტად მკრთალად აქვთ აღწერილი. ამ პერიოდში მან გამოუშვა, სწავლულ კაცთა დახმარებით, "ქართლის ცხოვრების" ახალი რედაქცია, გასწია განმაცვიფრებელი საკოდიფიკაციო შრომა, რომლის შედეგი იყო ეგრეთ წოდებული "ვახტანგის კანონები" და "დასტურლამალი", და დააარსა თბილისში სტამბა, რომელმაც გაამდიდრა ჩვენი წიგნის ბაზარი. [კეკელიძე, 1952:483]

მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ VI-ს ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება, ამ სტატიაში საუბარი იქნება ვახტანგ VI-ის მიერ დაარსებული სტამბისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

სანამ საქართველოში პირველი სტამბა დაარსდებოდა, პირველი ქართული წიგნი გამოიცა1629 წელს იტალიაში, კერძოდ რომში.
ეს იყო სტეფანე პაოლინის მიერ თეიმურაზ I-ის ელჩის ნიკიფორე ირბახის დახმარებით შედგენილი ქართულ–იტალიური ლექსიკონი. წიგნი დაიბეჭდა სარწმუნოების გამავრცელებელ სასულიერო საზოგადოების სტამბაში და განკუთვნილი იყო საქართველოში კათოლოკობის საქადაგებლად წამოსული მისიონერი ბერებისთვის.
მხოლოდ 1709 წელს შეძლო ვახტანგ VI-მ და დაარსა სტამბა, სადაც 1722 წლამდე ოცი სასულიერო და საერო-სამოქალაქო ხასიათის წიგნი დაიბეჭდა. სამწუხაროდ სტამბაში დაბეჭდილ ყველა წიგნს ჩვენამდე არ მოუღწევია.
ამჯერად ჩვენს ყურადღებას იქცევს 1712 წელს დაბეჭდილი "ვეფხისტყაოსნის" მეცნიერულ-კრიტიკულად დამუშავებული ტექსტი, რომელიც ინტერპოლატორებმა დროთა გამავლობაში წარყვნეს და დაამახინჯეს რის გამოც წარმოიქმნა არა მხოლოდ ე.წ "გაგრძელებების პრობლემა", არამედ ხელნაწერ ტექსტშიც გაჩნდა გარკვეული უზუსტობები. ვახტანგის რედაქციაში შეინიშნება სტროფების კლება და არც ბუნებრივია გაგრძელებებია მოცემული. შესაბამისად სამეცნიერო წრეში გაჩნდა კითხვები და გახდა საჭირო სათანადოდ შესწავლილიყო ეს რედაქცია. კვლევა კი XIX საუკუნიდან დაიწყო და არსებობდა რამდენიმე მოსაზრება. მეცნიერებს აინტერესებდათ, ვახტანგ მეფეს, შემთხვევით, ხელთ ხომ არ ქონდა ისეთი ხელნაწერი, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია?
ექვთიმე თაყაიშვილმა თავისი გამოკვლევის შედეგად ცხადყო, რომ ვახტანგისეული რედაქცია არ იმეორებს რომელიმე ძველ ხელნაწერს და იგი მხოლოდ კრიტიკული განხილვის შემდეგაა მიღებული.
ვახტანგმა კარგად იცოდა, რომ ტექსტში უამრავი ჩართული სტროფი იყო, ამიტომ იგი შეეცადა პოემის გაწმენდას და დანამატების მოშორებას. ამგვარად მიიღო კრიტიკულად დადგენილი ტექსტი. მართალია ამ გამოცემაშიცაა გაპარული რამდენიმე ჩანართი, თუმცა მათი რიცხვი ძალიან მცირეა.
ამრიგად შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დიდია ვახტანგის რუსთველოლოგიური ღვაწლი, რადგან მან შეძლო ჩაეტარებინა ურთულესი სამეცნიერო სამუშაო და პოემა გაეწმინდა ჩანართ-დანართებისგან.
ამ გზით მან მიიღო 1589 სტროფი, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მოგვიანებით ჯერ აკაკი შანიძის და შემდეგ სარგის ცაიშვილის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რედაქციის დასაწყისში წამძღვარებული ვახტანგის კომენტარები, განიხილავს არა კრიტიკულად დამუშავებულ ტექსტს, არამედ მთლიანს, როგორც ძველ ხელნაწერებშია.


თუ ვახტანგმა საჭიროდ ჩათვალა რომ ხელნაწერებით მოღწეული ტექსტი განეხილა, რატომ დაბეჭდა კრიტიკულად დადგენილი ვერსია?
შეიძლება პასუხად ითქვას, რომ მას ხელთ ჰქონდა პოემის ვრცელი ტექსტის შემცველი ხელნაწერი. თანაც ჩანს, რომ გამოცემის პროცესში ტექსტი შეუმოკლებიათ, ხოლო ამოღებული სტროფის კვალი დარჩენილია ვახტანგის კომენტარებში. მეცნიერის აზრით, ტექსტს ასწორებდნენ ბეჭდვის პროცესშივე და ზოგჯერ ერთი ვარიანტის ნაცვლად ხელნაწერებიდან სხვა ვარიანტები შეჰქონდათ, რაც იმას მოწმობს, რომ გამომცემლებს და ტექსტის დამდგენებს ხელთ რამდენიმე ხელნაწერი უნდა ჰქონოდათ. ასევე საყურადღებოა ერთი ფაქტი. მაშინ როდესაც "ვეფხისტყაოსანი" გამოიცა ვახტანგი უკვე აღარ იმყოფებოდა საქართველოში და იგი უშუალოდ ვერ მიიღებდა მონაწილეობას ბეჭვდის პროცესში, ამიტომ დანართის სახით ტექსტს დაურთეს ის რაც ვახტანგს უკვე ქონდა დაწერილი. ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე თუ რას იზამდა ვახტანგი საქართველოში რომ ყოფილიყო და რა სახით დაბეჭდავდა "ვეფხისტყაოსნის" პირველ გამოცემას.

ვფიქრობ, ნათლად ჩანს ვახტანგის დამსახურება "ვეხფისტყაოსნის" წინაშე, მაგრამ საინტერესოა მისი შეხედულება თავად პოემის სიუჟეტის წარმომავლობაზე. იმ დროში მიჩნეული იყო, რომ რუსთველმა მართლაც აიღო სპარსული ამბავი და გალექსა, თუმცა ვახტანგმა გააჟღერა აზრი, რომ ამგვარი ამბავი სპარსეთში არსად მოიპოვება და ყოველივე რუსთველმა გამოიგონა. დღეს სამეცნიერო ლიტერატურაში გაზიარებულია მისი აზრი.

მიუხედავად ამხელა შრომისა, რომლის სრულად გადმოცემას ამ სტატიაში ვერ მოვახერხებ, ამ რედაქციას წინ არაერთი სირთულე ელოდა. სამწუხაროდ დიდი ნაწილი განადგურდა XVIII საუკუნის 20-იან წლებში სპარს-ოსმალთა მიერ თბილისის გადაწვისას თუ სხვა მიზეზების გამო. საბედნიეროდ, გადარჩა პირველი გამოცემის 20 ცალი, რომელთა გათვალისწინება ყოველთვის იქნება საჭირო „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დადგენისას. პოემის პირველმა გამოცემამ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა, რასაც მოწმობს 1888 წლის გამოცემაზე მუშაობისას ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის განცხადება, რომ ყველაზე სანდო ტექსტი სწორედ ვახტანგისეული რედაქციაა.
ამრიგად, იმ დროს, ეს იყო ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული კიდევ ერთი დიდი და სწორი ნაბიჯი, რომელმაც განსაზღვრა ვეფხისტყაოსნის ბედიც. მართალია ვახტანგის მოღვაწეობა არ დასრულებულა იმგვარი დიდებით, როგორი მეცნიერი და მოღვაწეც იყო, თუმცა დიდია მისი წვლილი ქართულ ლიტერატურის განვითარებაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

კეკელიძე კორნელი - „ძველი ქართული ლიტერატურისისტორია“, ტომი მეორე, თბ. 1952 წ.

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან მდევაძე
ქეთევან მდევაძე
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0