x
image
ლურჯი თოლია
სიყვარულის მთავარი იარაღი ორი სასწაულმოქმედი სიტყვაა ...

image

ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო სიყვარულია. დიახ, უფლის და ადამიანების თავგანწირული სიყვარული ადამიანს ყველა ცხოვრებისეულ სიძნელეებს ადვილად გადაატანინებს და უფრო მეტიც — მის გულს ენითგამოუთქმელი უწყვეტი სიხარულით აღავსებს.

თუ ვიცხოვრებთ სხვებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე ენითაუწერელი ბედნიერებისთვის ვართ განწირული. ჩვენს გულს ღვთიურ შეგრძნებამდე აამაღლებს იმის განცდა, რასაც სხვებისთვის გავაკეთებთ და გავცემთ, ხოლო რასაც ჩვენთვის მოვიხვეჭთ და მოვითხოვთ არარაობად მოგვეჩვენება.

თავგანწირული სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის პრეროგატივაა, ამით განსხვავდება ის ცხოველისაგან, სწორედ ამ თვისებით ვლინდება მასში ღვთის სახება და ხატება. ის რაც სხვებისთვის დავთესავთ, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს, მრავალ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო ის რასაც ჩვნთვის მოვწყვეტთ ჩვენი აურაცხელი სურვილების და მისწრაფებების ლაბირინთებში გახმება.

სიყვარულის მთავარი იარაღი ორი სასწაულმოქმედი სიტყვაა -„მაპატიე“ და „მადლობა“, არაფერი არ ასულდგმულებს ამ გრძნობას როგორც მიტევება და მადლიერება.

აქ ათონზე ერთი, უკვე ხანდაზმული ბერი ცხოვრობს-ბერი სოფრონი, მას უფლის წინაშე ერთი უჩვეულო ღვაწლი აქვს აღებული: ის დადის მონასტრიდან მონასტერში (როგორც იცით ათონზე ოცი დიდი მონასტერი და ამდენივე სხვადასხვა ზომის სავანეა), შედის ეკლესიაში და მივა რა თითოეულ ადამიანთან ხელზე ეამბორება და სთხოვს პატიებას და დალოცვას, როგორც კი დაივლის ყოველ ადამიანს, არა აქვს მისთვის მნიშვნელობა თუ ვინ არის, მთავარია არავინ გამორჩეს, შემდეგ მიდის შემდეგ სავანეში და ასე ორმოცი წელიწადია დადის სავანიდან სავანეში. მინდა გამოვხატო ის შეგრძნება, რომელსაც მე ვგრძნობ, როცა ეს სიყვარულით სავსე, წმიდა მოხუცი ჩემს ცოდვილ ხელებს ეამბორება, მაგრამ ჩემი სიტყვა ამისთვის მეტად უძლურია, ერთს კი გეტყვით, რომ ამ დროს აშკარად ვგრძნობ, რომ გაცილებით უფრო სუფთა ვხდები ვიდრე მასთან შეხვდრამდე ვიყავი, თითქოს მისმა სიწმინდემ ტალღასავით შემოაღწია ჩემს უგრძნობ გულში და ამ დროს მხოლოდ ტირილი მინდება!

დიახ! არაფერი არ ასუფთავებს გულს ისე, როგორც თავგანწირული, მიმტევებელი სიყვარული!

ღმერთო მოჰმადლე ყოველ ადამიანს ასეთი სიყვარულის გრძნობა!

ბერი ერმოლაოსი

1
243
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
243
  
2020, 28 თებერვალი, 18:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1