x
მეტი
  • 01.04.2020
  • სტატია:100896
  • ვიდეო:345607
  • სურათი:463570
მიზეზები, თუ რატომ უბრუნდებიან ქალები მოძალადე პარტნიორებს.
ქალთა მიმართ ძალადობა
დღესდღეობით ქალთა მიმართ ძალადობის თემა საკმაოდ აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიც. ხშირად ისმევა ისეთი კითხვები, თუ რატომ რჩებიან ქალები მოძალადე პარტნიორებთან, რატომ ბრუნდებიან მათთან და რატომ აძლევენ გაკონტროლების უფლებას მოძალადეებს. ამ საკითხის კვლევით ორ ათეულ წელზე მეტია აქტუალურად არიან დაინტერესებული ფსიქოლოგები და გამოყოფენ რამდენიმე ძირითად მიზეზს თუ რატომ ბრუნდებიან ქალები მოძალადე პარტნიორებთან. ამ მიზეზებს, რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით, მოკლედ შევაჯამებთ მოცემულ სტატიაში.

ეს მიზეზები შეიძლება დაიყოს ემოციურ და სიტუაციურ ფაქტორებად.


ემოციური მიზეზები :


ა) იმედი, რომ მოძალადე შეიცვლება და გამოსწორდება. - თუ დიუტონისა და ფეინთერის (Dutton & Painter, 1981 ) კვლევას დავეყრდნობით, როდესაც პირველი ძალადობის ფაქტი ფიქსირდება, ეს ინციდენტი მსხვერპლისათვის მოულოდნელია და მის მიერ აღიქმება, როგორც გამონაკლისი შემთხვევა, მსხვერპლი უმეტეს შემთხვევაში აღსავსეა ოპტიმიზმით, რომ ძალადობის ფაქტი აღარ განმეორდება და პატიობს მოძალადეს, რასაც ხელს უწყობს მოძალადის მხრიდან „სინანულის“ გამოხატულება: დაპირებები, რომ შეიცვლება, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო რაც გააკეთა და ა.შ.

2) ტრავმული მიჯაჭვულობა- გრიფინის მიერ 2002 წელს ჩატარებულ კვლევაში აღმოჩნდა, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები პარტნიორთან ბრუნდებიან იმის გამო რომ მათ ისინი ენატრებათ, არ სურთ ურთიერთობის დასრულება, ეჭვი ეპარებათ რომ ოდესმე მათ კიდევ ვინმე შეიყვარებს, რადგანაც მათი თვით-შეფასება საკმაოდ დაბალია.


ისინი „იდენტიფიცირდებიან მოძალადესთან“. "მოძალადესთან იდენტიფიკაცია" ს. ფერენცის მიერ შემოტანილი ტერმინია ფსიქოლოგიაში, ის აღწერს ერთ-ერთ თავდაცვის მექანიზმს, რომლის მიხედვითაც მსხვერპლი ითვისებს მოძალადის ქცევებს, ამართლებს მოძალადეს და სიმპათიითაც განეწყობა მის მიმართ, რადგანაც თვლის, რომ ასე შეამსუბუქებს ძალადობის ფაქტს. ამ შემთხვევაში, მოძალადესთან იდენტიფიკაცია ვლინდება მაშინაც, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ქალები არ თანაუგრძნობენ სხვა მსხვერპლ ქალებს და ამართლებენ აგრესორს მათთან მიმართებაში.

3)პასუხისმგებლობის განცდა მოძალადის მიმართ - მსხვერპლის ნაწილს სჯერა, რომ ისინი პასუხისმგებლები არიან მოძალადეზე, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ დაეხმარონ გამოსწორებასა და „სწორ გზაზე“ დაყენებაში. ქალები თვლიან, რომ პარტნიორი მათ გარეშე ცუდად იქნება, შესაძლოა თავი მოიკლას და ა.შ . (ამ გრძნობის ჩამოყალიბებას ქალებში ხელს უწყობს პარტნიორის ფსიქოლოგიური და ემოციური მანიპულაციები, რომლებიც პირველ ქვე-პუნქტში დავასახელეთ.)

4) შიში მოძალადის მიმართ - გრიფინის კვლევაში ძალადობის მსხვერპლ ქალთა 31.7 % -მა აღნიშნა, რომ ისინი ბრუნდებოდნენ მოძალადესთან, რადგანაც მათ ეშინოდათ, უფრო მეტი აგრესია არ გამოეწვიათ განშორებით . ეშინოდათ, რომ პარტნიორები ორმაგად უფრო დიდ ზიანს მიაყენებდნენ მაშინ, როდესაც მათთან ურთიერთობის გაწყვეტას გადაწყვეტდნენ.

5) საკუთარი თავის დადანაშაულება და სოციალური წნეხი - მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში თვლის, რომ ის არის დამნაშავე და იმსახურებს ძალადობას, რაც უმეტეს წილად ინტერნალიზებული საზოგადოებრივი და კულტურული ნორმების შედეგს წარმოადგენს. მსხვერპლები განიაცდიან ემოციური მხარდაჭერის დეფიციტს საზოგადოებისგან, რომელიც მათ მოთმინებისაკენ უბიძგებს და აიძულებს შეინარჩუნონ თვითდესტრუქციული ურთიერთობა მოძალადესთან. ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეშინიათ, რომ გარიყულები იქნებიან საზოგადოებისაგან, ვერ შეძლებენ რესოციალიზაციასა და საკუთარი თავის უზრუნველყოფას.

სიტუაციური მიზეზები :

  • ფინანსური დამოკიდებულება მოძალადეზე.
  • შრომითი უნარების დეფიციტი, პროფესიის არქონა.
  • შვილების დაკარგვის შიში . (მოძალადეები ხშირად მანიპულირებენ რომ ისინი წაართმევენ მსხვერპლებს შვილებს, რადგანაც ისინი ვერ შეძლებენ მათ უზრუნველყოფას.)
  • სამართალდამცავი პირებისა და კანონის მიმართ უნდობლობა.
  • ინფორმაციის დეფიციტი სოციალური და მხარდამჭერი ინსტიტუტების გარშემო.
  • თავშესაფრისების დეფიციტი.
  • რელიგიური და სოციალური წნეხი.
როგორც ზემოთ განხილულიდან ჩანს, მსხვერპლსა და მოძალადეს შორის ურთიერთობა საკმაოდ კომპლექსურია. აღსანიშნავია, რომ მოცემული კვლევების ჩატარებისას გათვალისწინებული იყო ისეთი ფატორები, როგორებიცაა მსხვერპლისა და მოძალადის პიროვნული მახასიათებლები, ოჯახის დინამიკა და როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური ძალადობის სიხშირე .

იმისათვის, რომ მოხდეს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ქალები აღარ იყვნენ იძულებულები, რომ დაუბრუნდნენ მოძალადე პარტნიორებს ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, მნიშვნელოვანია, სულ მცირე, ისეთი ღონისძიებების გატარება როგორებიცაა: ინფორმაციის გავრცელება სოციალურ და მხარდამჭერ ინსტიტუტებზე, ასევე ემოციური მხარდაჭერის ზრდა საზოგადოებისაგან .

0
141
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მახათაძე
მარიამ მახათაძე
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0