x
მეტი
  • 06.04.2020
  • სტატია:100966
  • ვიდეო:345680
  • სურათი:463728
არჩილ II და "მართლის თქმის" პრინციპი
image

მეფე თეიმურაზ პირველის დროს ჩვენში სპარსოფილური მიმდინარეობა გავრცელდა და მოიცვა არა მხოლოდ ლიტერატურა, არამედ არქიტექტურაც, ბუნებრივია შეცვალა ადამიანების ცხოვრების წესი თუმცა ყველა როდი უჭერდა მხარს ამ ცვლილებებს. იყვნენ ისეთებიც, რომლებაც ბრძოლა გამოუცხადეს ყოველივე არაეროვნულს და აქტიურად დაიწყეს ქართული ენისა და ლიტერატურის დაცვა.

ჩვენს ლიტერატურისმცოდნეობაში შემუშავებულია აზრი, რომ მე-17 მე-18 საუკუნეების ქართულ მწერლობაში წამყვანი მოქმედი ლიტერატურული პრინციპი იყო ე.წ "მართლის თქმის" პრინციპი. მის მთავარ მოთხოვნას, როგორც ცნობილია, შეადგენდა კონკრეტულ-ისტორიული ფაქტების ასახვა. მწერლობაში ნაციონალური თემატიკის დამკვიდრება. ასეთი იყო მისი ზოგადი ლიტერატურული შინაარსი. ამასთანავე იგი ყოველთვის აღბეჭდილი იყო ძველ ქართული მწერლობისთვის დამახასიათებელი კონკრეტული ლიტერატურული თავისებურებებით. იგი წარმოადგენდა რეაქციას სპარსოფილური მიმდინარეობის წინააღმდეგ, რომლის მეთაურობა თეიმურაზ პირველის პოეტურ სახელს დაუკავშირდა. [სირაძე, 1957:237]

თეიმურაზ პირველის ორიენტაციას სპარსულ პოეზიაზე უარყოფითად აფასებდა მოწინავე ქართველი ლიტერატურული საზოგადოება. ამ საზოგადოების იდეური მეთაური იყო არჩილი. [კეკელიძე, ბარამიძე, 1987:344]
რა შეიძლება ითქვას არჩილის პიროვნებისა და ცხოვრების შესახებ? მოკლედ განვიხილოთ მისი ბიოგრაფია.
არჩილი იყო უფროსი შვილი შაჰნავაზად წოდებული ქართლის მეფის ვახტანგ V-ისა (1658-1675). დაიბადა 1647 წელს. თავისი დროისთვის კარგი აღზრდა მიიღო, თუმცა პოლიტიკურად არასტაბილურმა მდგომარეობამ არჩილი იძულებული გახადა დაეტოვებინა ტახტი და კახეთს გაცლოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ცდილობდა აღედგინა პოზიციები და თავისი მმართველობა იმერეთში გაევრცელებინა ყოველი ცდა უშედეგოდ დასრულდა. მას ოთხჯერ მოუწია ტახტის დათმობა. იგი საბოლოოდ დარწმუნდა რომ არც სპარსეთის და არც ოსმალეთის ნდობა არ შეიძლებოდა და რუსეთის გზას დაადგა. ჩვენ აღარ გავაგრძელებთ მისი ბიორგაფიის დეტალებზე საუბარს. მხოლოდ დავამატებ, რომ რთული ცხოვრების მიუხედავად, იგი სასოწარკვეთილებას არ ეძლეოდა, ინარჩუნებდა სულიერ მხნეობას და ლიტერატურულ საქმიანობას აყოლებდა გულის მწუხარებას. გარდაიცვალა 1713 წელს და დასაფლავებულია დონის მონასტერში, მოსკოვში. [კეკელიძე, ბარამიძე 1987:345]


დავუბრუნდეთ მთავარ სათქმელს. ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ არჩილი გმობს მისი წინამორბედი პოეტების ამბავთა ზღაპრულობასა და უცხოურ (სპარსულ) წარმოშობილობას. თავის მხრივ გვპირდება მშობლიური ქვეყნის, საქართველოს ამბის მართლად გადმოცემას. ეროვნული თემატიკისა და "მართლის თქმის" შემოქმედებითი მეთოდის ქომაგი პოეტი თანამიმდევარია სალიტერატურო ენის საკითხებშიც. ის იბრძვის ენის წარყვნის წინააღმდეგ. უარყოფს ბარბარიზმებს, დიალექტიზმებს, პროვინციალიზმებს და იცავს ენის სიწმნინდეს, პურიზმს. [კეკელიძე, ბარამიძე, 1987:346]

მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ მართალია, არჩილი იბრძვის ქართული ენის სიწმინდისთვის, იგი ამავდროულად ხაზს უსვამს, რომ საჭიროა უცხო ენის ცოდნა და უცხოურ მწერლობაში გაწაფულობა.

იმ დროისათვის სპარსულ-ქართული ენებისადმი და სპარსულ-ქართული ლიტერატურისადმი დამოკიდებულება ორ ბანაკად ყოფდა განათლებულ ქართველ საზოგადოებას. საზოგადოების ერთი ნაწილის ზრახვებს გამოხატავდა თეიმურაზის, მეორისას არჩილი. თეიმურაზი და არჩილი არსებითად ასახიერებდნენ ორ გარკვეულ მიმდინარეობას ქართულ მწერლობასა და საზოგადოებრივ აზროვნებაში. თუ თეიმურაზი სპარსოფილურ ტენდენციას გამოხატავდა, არჩილი იდგა ხალხურ, ეროვნულ ნიადაგზე. სპარსული პოეზიის ზღაპრულობისა და ფანტასტიკურობისა, ანუ უიდეობისა და სინამდვილიდან მოწყვეტის ნაცვლად, არჩილმა ირჩია იდეური, რეალისტური შემოქმედების გზა. საგულისხმო ისიცაა, რომ სპარსული მსუბუქი, სალაღობო პოეზიის წინააღმდეგ მებრძოლი არჩილი თავის მოკავშირედ იყენებდა შოთა რუსთველს. "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტური მხარის უარმყოფელი მწერალი რუსთველის პოემად აცხადებდა პოეტური კულტურის უმაღლეს საზომად, ის პოეტებს მოუწოდებდა რუსთველის თქმულის კვალობაზე მიყოლას. მაგრამ ამით არჩილი როდი ქადაგებდა რუსთველისადმი ბრმა მიმბაძველობასა და ეპოგონობას. [კეკელიძე, ბარამიძე, 1987:347]

არჩილის გამოსვლა სალიტერატურო სარბიელზე მაჩვენებელი იყო ქართველი მოწინავე საზოგადოების ეროვნული თვითშეგნების გზაზე შედგომისა, მისი იდეური მოწიფულობისა და კულტურულად ზრდისა. [კეკელიძე, ბარამიძე, 1987:348]

როგორც უკვე ვახსენეთ, არჩილის მხატვრულ-შემოქმედებით კონცეფციაშიც საგანგებო ადგილი უჭირავს “, მართლის თქმის“ პრინციპს, რომელშიც რეალიზმის ელემენტები იკვეთება. არჩილის აზრით, მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟები, სიტუაციები, ამბები რეალურ ისტორიულად არსებულ ფაქტებს უნდა ასახავდეს. ისტორიულად არარსებულ ფაქტებს იგი ზღაპრულს უწოდებს. არჩილისთვის სრულიად უცნობია ზოგადობისა და ტიპურობის მომენტი, რაც რეალისტური მსოფლშეგრძნების საფუძველია. იგი სკეპტიკურადაა განწყობილი სახოტბო პოეზიისადმი, რადგან ბევრი რამ მასში გამონაგონია. ყველაფერთან ერთად კი არჩილი მოითხოვს ისტორიულ-ნაციონალური თემატიკის ასახვის აუცილებლობას. მწერლობა, უპირველესად, უნდა ემსახურებოდეს ერის წინაშე დასმული საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას, მასში გამოძახილს უნდა პოვებდეს ისტორიული წარსულიცა და თანამედროვეობაც. მისი ეს პოზიცია ერთგვარი რეაქცია იყო თეიმურაზ პირველის სპარსოფილური ტენდენციების წინააღმდეგ.

არჩილის ლიტერატურულ შეხედულებებში გარკვეული ადგილი უკავია მხატვრულ ნაწარმოებში შინაარსისა და ფორმის ურთიერთმიმართების საკითხს. სპარსული პოეზიით გატაცების ეპოქაში ბუნებრივად წინ წამოიჭრა ნაწარმოების გარეგნული, მხატვრული მხარე და დაჩრდილა იდეურ-შინაარსობრივი. არჩილის აზრით კი “სიტყვით სიუხვე“ ღრმა შინაარსის, სიბრძნის გარეშე შემოქმედის სისუსტის მაჩვენებელია. "თუმც უხვია თეიმურაზ, მაგრამ სიბრძნეს არა გასცემს".

არჩილის პოეზიაში ჩვენ ვხედავთ ახალი თემატიკის შემოჭრას, აღმოსავლური სიუჟეტების ნაცვლად, იგი ამუშავებს ეროვნული სინამდვილის საჭირბოროტო საკითხებს. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ეპიკური ქმნილება -“გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“, რომელშიც ჩანს რუსთაველისა და თეიმურაზის ეპოქების სურათი, ისტორიულ მოვლენათა ანალიზი და შეფასება.

რუსთაველისა და თეიმურაზის შემოქმედების შესწავლის საფუძველზე არჩილმა ჩამოაყალიბა მათი ლიტერატურული შეხედულებები. კამათის დროს თავად პოეტი თითქოს ნეიტრალურ პოზიციაზეა, მაგრამ აშკარაა მისი სიმპათიები რუსთაველის მიმართ. რუსთველი სიბრძნის ტბაა, რომელსაც ვერავინ შეედრება, თუმცა ეს არ არის არჩილის სუბიექტური შეხედულება, იგი იმდროინდელი მოწინავე საზოგადოებრივი აზრის გამომხატველია. არჩილი შესანშნავ ხერხად იყენებს რუსთაველისა და თეიმურაზის გაბაასებას, რათა დაპირისპირების გზით ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნას საქართველოს ისტორიაზე, მისი დიდებისა და დაკნინების ეპოქებზე. არჩილი დიდი განცდითა და მამულიშვილური გულისტკივილით აღგვიწერს მშობლიური ქვეყნის უმწეო მდგომარეობას თეიმურაზის დროს. გხვდება სპარსელთა თარეშის ამსახველი რეალისტური სურათები, წარმოდგენილია კახეთის აოხრება. არჩილი ასევე აშიშვლებს ფეოდალთა მანკიერ მხარეებს, ისინი ზრუნავდნენ მხოლოდ ეგოისტური პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, რაც შინგნიდან ტეხდა ქვეყნის სიმტკიცეს. გაბაასებაში გამოკვეთილია ასევე სამშობლოსადმი თავდადებულ გმირთა სახეები, მათ შორის გამოირჩევა გიორგი სააკაძეც.

ამრიგად, არჩილი იცავს სიმართლით ასახულსა და კარგი სალიტერატურო ენით გამართულ ისტორიულ ნაციონალურ თემატიკას. [კეკელიძე, ბარამიძე 1987:347]

ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში არსებობდა სერიოზული ძალა, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია სპარსოფილურ მიმდინარეობას. ეს იყო შემობრუნება ეროვნულისკენ და ბრძოლა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. არჩილ მეფემ კი ყოველივე ამაში დიდი როლი შეასრულა.


გამოყენებული ლიტერატურა:

სირაძე რევაზ - “ქართული ესთეტიკური აზრის ისტორია“ თბ.1978 წ.

კეკელიძე კორნელი, ბარამიძე ალექსანდრე - „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია (V-XVIIIსს) თბ.1987 წ.



0
200
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან მდევაძე
ქეთევან მდევაძე
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0