x
მეტი
  • 10.04.2020
  • სტატია:101034
  • ვიდეო:345733
  • სურათი:463834
პიროვნული და პოლიტიკური თავისუფლება
image


თავისუფლება არჩევანია, ის ყოფიერებაა არჩევანის საფუძველზე. არჩევანი კი ყოველთვის გულისხმობს მის საზომს. როგორია ადამიანის არჩევანის საზომი? შეიძლება ითქვას გარკეულწილად, რომ ჩვენ ვირჩევთ ჩვენივე ინტერესის შესაბამისად, მაგრამ ეს ყოველივე ნაწილობრივ ერთმანეთს უპირისპირდება, რადგან ისინი არიან იერარქიულ დამოკიდებულებაში ურთიერთისმიმართ, ამიტომ ჩვენი არჩევანის საზომად ვგულისხმობთ ჩვენს ფუნდამეტურ ინტერესებთან შესატყვისობას. მეორე მხრივ, არასოდეს ვრჩებით გულგრილნი იმის მიმართ, თუ როგორ აფასებენ ჩვენივე არჩევანსა და მოქმედებას სხვა ადამიანები, გვამართლებენ და გვაღიარებენ, თუ არა ისინი? ჩვენ ვეძებთ ყოფიერების ღირებულებების აღიარებას.


თავისუფლება ნიშნავს შედარებით მოწყვეტას, “ნახტომს’’ დანარჩენი ობიექტური ყოფიერებისაგან. ამ “ნახტომის’’ გამო, მე ვკარგავ ობიექტური ყოფიერების, ძალებისა და ფაქტორების მხარდაჭერას. ვკარგავ საყრდენს და ვდგამ რისკიან ნაბიჯს-შეიძლება ვეღარ ვიპოვო ეს მხარდაჭერა და აღმოვჩნდე მარტოსული, აბსოლუტურად წარმავალი, როდესაც “ვხტები’’ ყოფიერების დადგენილი წესიდან. თავისუფლების ამგვარი კავშირი რისკთან წარმოშობს შიშს, ბადებს საკუთარი თავისუფლების უარყოფას ადამიანში, ამ თავისუფლებისგან გაქცევის მიდრეკილებას. [კაკაბაძე, 2012:258-274-275]


თავისუფლების ორგვარი გაგება არსებოს, როგორც ისააკ ბერლინი ყოფს, ესაა: პიროვნული და პოლიტიკური იგივე ე.წ. “ნეგატიური’’ და “პოზიტიური თავისუფლების ცნებები.


ნეგატიური, ანუ პოლიტიკური თავისუფლების ამოცანაა გაგვცეს პასუხი შეკითხვაზე: “რა არის ის, რაც ადამიანს ან მათ ჯგუფს დარჩენია სამოქმედოდ, რა უნდა ან ძალუძთ მოიმოქმედონ სხვა ადამიანების ჩაურევლად.’’ ხოლო პოზიტიურ, ანუ პიროვნულ თავისუფლებაში იგულისხმება ის, რომ ადამიანი რაციონალური არსებაა, მას სურს, სუბიექტდად ყოფნა და არა ობიექტად, ესაა პასუხი კითხვაზე: “რა ან ვინ არის კონტროლის წყარო, რომელსაც შეუძლია გარედან ჩაერიოს და განსაზღვროს რა არის საჭირო?’’ [თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის ანთოლოგია, 1997:72]


“ნეგატიური’’ თავისუფლების ცნება

“ჩვეულებრივ, ჩემზე იტყვიან, რომ მე თავისუფალი ვარ იმდენად, რამდენადაც არავინ-არც გარეშე პირი და არც ორგანიზაცია-არ ერევა ჩემს საქმეში’’

ამ მხრივ პოლიტიკური თავისუფლება არის უბრალოდ ის სივრცე, სადაც ადამიანი შეუბოჭავად გრძნობს თავს სხვა პირების მხრიდან, არის შემთხვევები, როდესაც პიროვნებას ხელს უშლიან გააკეთოს ის, რისი რეალიზებაც სხვა შემთვევაში მას შეუძლია, ამ დროს ის არ არის თავისუფალი.ხოლო თუკი ეს სივრცე ვიწროვდება სხვა ადამიანების მიერ, რაღაც დადგენილ მინიმუმადე, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პიროვნება გახდა იძულების ობიექტი, ან უფრო მეტიც - მონურ მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ აქ აღსანიშნავია, რომ იძულება გულისხმობს ყველა სახის უუნარობასა და უძლურებას. ამიტომ საჭიროა მისი სწორი დეფინიცია, რაც შეიძლება ასე განიმარტოს, თუ ადამიანი ამბობს, რომ მას არ შეუძლია კითხვა იმის გამო, რომ ის ბრმაა ექსცენტრიულობა იქნებოდა იმის თქმა, რომ ადამიანი შებოჭილია ან დამონებული, რადგან იძულება ნიშნავს გარეშე ადამიანთა მხრიდან წინასწარი განზრახვით ჩარევას.

ამდენად, შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ თქვენ არ გაქვთ პოლიტიკური თავისუფლება მაშინ, როდესაც სხვა ადამიანები ხელს გიშლიან მიზნის მიღწევაში:


1.მხოლოდ უუნარობა მიაღწიო რაღაც მიზანს არ ნიშნავს პოლიტიკური თავისუფლების უქონლობას


  • ყოველივე ეს მოიტანა ისეთმა თანამედროვე გამოთქმებმა როგორიცაა “ეკონომკური თავისუფლება და მისი ანტითეზა “ეკონომიკური მონობა’’ მაგალითისთვის, თუკი ადამიანი იმდენად ღარიბია, რომ არ აქვს საშუალება იმისა, რომ შეიძინოს ისეთი რამ, რასაც კანონი არ კრძალავს, მაგალითად პური, ან საყოფაცხოვრებო ნივთები, მაშინ იგი იმდენადვეა არათავისუფალი, რამდენადაც იქნებოდა იმ შემთხვევაში ამას, რომ კანონი კრძალავდეს. სიღარიბის მიზეზი რომ ავადმყოფობა ყოფილიყო, რაც ადამიანს ხელს უშლის შეიძინოს თუნდაც პური, ამ სახის უძლურება არ იქნებოდა კვალიფიცირებული, როგორც თავისუფლების, ან, სულ ცოტა, პოლიტიკური თავისუფლების უქონლობა. იმიტომ, რომ ჩემი უძლურება მოვიპოვო რაღაც კონკრეტული საგანი გამოწვეულია იმით, რომ სხვა ადამიანებმა შექმნეს ისეთი სისტემა, რომლის ფარგლებშიც მე არ მაქვს იმის ფული, რომ შევიძინო კონკრეტული საგანი/ნივთი, ამიტომ ამ დროს მიაჩნია ადამიანს, რომ არის იძულების, მონობის მსხვერპლი. [თანამდეროვე პოლიტიკური ფილოსოფიის ანთოლოგია, 1997: 72-73]

პოზიტიური თავისუფლების ცნება

სიტყვა თავისუფლების “პოზიტიური’’ მნიშვნელობა გამომდინარეობს ინდივიდის სურვილისაგან, იყოს საკუთარი თავის უფალი. “მე მსურს, ჩემი ცხოვრება და გადაწყვეტილებები ჩემზე იყოს დამოკიდებული და არა ნებისმიერი სახის გარეშე ძალაზე. მე მსურს, რომ ჩემივე იარაღი ვიყო და არა სხვა ადამიანებისა’’

ადამიანს, როდესაც უნდა იყოს სუბიექტი და არა ობექტი, მოქმედებდეს საკუთარი გონების მიხედვით, შეგნებულად, მიზანდასახულად, საკუთარი გადაწყვეტილებების შესაბამისად და არა გარეშე პირთა სურვილისამებრ. პიროვნების მიზანია წარმოადგენდეს, რაღაცას’’ და არ იყოს “არავინ’’

თავისუფლება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ იყო საკუთარი თავის უფალი და შენ არავინ გიშლის ხელს აირჩიო რაღაც, ერთი შეხედვით შეიძლება, არც მოგვეჩვენოს ლოგიკურად ერთმანეთისგან დაშორებულ ცნებებად, მაგრამ სინამდვილეში ისტორიულად თავისუფლების ეს ორი ასპექტი ნეგატიური და პოზიტიური სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებოდა.

პიროვნულ თავისუფლებაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს შემდეგი: “მე ვარ ჩემი თავის უფალი’’ ან “მე არავისი მონა ვარ’’ რაც ნიშნავს საკუთარი თავის უფლობის მეტაფორას, მაგრამ მიუხედავად ამ თავისუფლებისა, ადამიანს არ შეუძლია თუნდაც ბუნების ძალების წინააღმდეგ წასვლა. განა არ გამოუცდია კაცობრიობას საკუთარი სულის, ან ბუნების ტყვეობიდან გამოხსნისათვის ბრძოლა? არ უგრძვნია ძალა, რომელიც აღემატებოდეს პიროვნულ “მეს’’, რომელიც ბატონობს ჩემზე, რა თქმა უნდა, უგრძვნია. [თანამედროვე პოლიტიკური ანთოლოგია, 1997 :86-87]


პოზიტიურ თავისუფლებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ერთმანეთისგან პიროვნული თავისუფლება და თვითნებობა

შეკითხვაზე თავისუფლება ხომ არ არის თვითნებობა? უნდა გაეცეს უარყოფითი პასუხი თავისუფლებასა და თვითნებოას შორის არსებობს არსებითი განსხვავება, რადგან თვითნებობა ისეთი ქმედებააა, რომელიც ანგარიშს არ უწევს არავითარ აუცილებლობას, მისთვის არ არსებობს შემაკავებელი ფაქტორები. ის ადამიანის ჟინის, კაპრიზის განხორციელებაა. მაგალითისთვის: ასე იქცევა ტირანი. რომის იმპერატორის კალიგულას გადაწყვეტილებით, სენატის სხდომებს ესწრებოდა მისი ცხენიც საამისოდ, არც კანონიერი და არც ზნეობრივი საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ რადგან ასე სურდა ტირანს ასრულებდა კიდეც. თავისუფალი ქცევა კი ჯერარსრულია. მისი შესრულება სავალდებულოა, ამას მოითხოვს შესაბამისი ღირებულები და ზნეობრივი ნორმები.


ადამიანმა სიცოცხლე გაწირა სამშობლოს დასაცავად. მან დათმო ყველაზე ძვირფასი პატრიოტული გრძნობის გამო, რადგან ამას ავალდებულებდა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი, შეიძლებოდა ასე არ მოქცეულიყო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ის ზნეობრივ მოვალეობებთან წინააღმდეგობაში აღმოჩნდებოდა. თავისუფლება უპირისპირდება თვითნებობას, მაგრამ არა შინაგან აუცილებლობას, რადგან თავისუფლება იმ შინაგანი აუცილებლობის რეალიზაციაა, რომლესაც ადამიანი განიცდის, როგორც საკუთარ მოთხოვნილებებს.

თავისუფლების ზოგადი სტრუქტურა კი ასე შეიძლება წარმოვადგინოთ: ის მოიცავს შემდეგ მომენტებს: ალტერნატივების გაცნობიერება - გადაწყვეტილება (არჩევანი)-რწმენა-მოქმედება-პასუხისმგებლობა [ერქომაიშვილი, 2013:225-227]


თავისუფლების დეტერმინირებულობის ხასიათი

თავისუფლება არ არის თვითნებობა, ამიტომ გარკვეულწილად დეტერმინირებულია, ეი. განპირობებულია. მაგრამ როგორია მისი დეტერმინაციის ხასიათი? დეტერმინაციის ერთ-ერთი ფორმაა მიზეზობრიობა. არის თუ არა თავისუფლება მიზეზობრივად განპირობებული? არა, არ არის და პრინციპულად არც შეიძლება იყოს, რადგან მიზეზობრიობა და პრინციპულობა შეუთავსებელი ცნებებია, მიზეზობრიობის ფარგლებში თავისუფლების არსებობა შეუძლებელია, ამას განსაზღვრავს მიზეზობრიობის ხასიათი საქმე ისაა, რომ მიზეზი აუცილებლობით იწვევს შედეგს ეს არის გარეგანი აუცილებლობა, სადაც მიზეზი აიძულებს შედეგს იყოს სწორედ ისეთი, როგორიც იგი არის, შედეგი არ ირჩევს თავის თავს, მისი არსებობა დამოკიდებულია მიზეზზე. [ერქომაიშვილი, 2013 : 229]

მიზეზობრივი დეტერმინიზმის წარმომადგენელი სპინოზა განასხვავებს თავისუფლების სამ ცნებას:


  • თავისუფლება, როგორც შინაგანი აუცილებლობა
იგი ახასიათებს ისეთ საგანს, რომელიც თვითმიზეზის მქონეა. მისი მიზეზია არა მის გარეთ, არამედ თვით მასშია. ასეთია სუბსტანციაა ღმერთი, რომელიც არის თავისუფალი, რადგან თვითონაა თავისი თავის მიზეზი, მაგრამ ექვემდებარება აუცილებლობას. მას არ შეუძლია თავისი ნებითა და სურვილით მოქმედება ღმერთს არ ახასაითებს თვითნებობა. ე.ი. უმიზეზობა

  • თავისუფლება, როგორც უმიზნო მოვლენა
ეს არის ნების თავისუფლება, როდესაც თვითნებურად, უმიზეზოდ ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ვაკეთებთ არჩევანს. სპინოზას მიხედვით, ამგვარი თავისუფლება არ არსებობს, რადგან ეწინააღმდეგება მიზეზობრიობის პრინციპს. იგი ილუზიაა, მოჩვენებაა, რომელიც ემყარება მიზეზის უცოდინრობას.

  • თავისუფლება, როგორც გონების ბატონობა ვნებებსა და აფექტებზე
ადამიანი არაა თავისუფალი, როდესაც თავისი ვნებებისა და ლტოლვების მონაა. იგი თავისუფალია, როდესაც გონივრულად იმორჩილებს და წარმართავს მათ. შეძლო, თუ არა სპინოზამ თავისუფლების დაფუძნება მიზეზობრიობის ფარგლებში? ამ კითხვის პასუხი უარყოფითია, რადგან თავისუფლება გულისხმობს შინაგან აუცილებლობას, მაგრამ არ არის მისი იგივეობრივი. შინაგანი აუცილებლობა თავისუფლება არაა. მეორე- თავისუფლება არ არის გონების ბატონობა აფექტებზე. ვნებების მოთოკვა და მათი გონივრული მართვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს თავისუფლებას. ეს მისი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა.

თავისუფლება განპირობებულია და მისი თავისებურება ისაა, რომ მას აქვს მოტივაციის ხასიათი. ნება ავტომატურია, დამოუკიდებელია მიზეზისაგან, მაგრამ მოტივირებულია ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს არჩევანს იმის მიხედვით, რომ აცნობიერებს ალტერნატივებს და ითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს. იგი მიმართავს ვარიანტების გათვლას, რომელთაგან ერთ-ერთს ანიჭებს უპირატესობას. მან არჩევანი გააკეთა სათანადო არგუმენტირების, ანუ მოტივირების შემდეგ. ამდენად, ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოტივირებულია და არა მიზეზობრივად დეტერმინირებული. [ერქომაიშვილი, 2013 :230-231]


  • ჯონ სტიუარტ მილის შეხედულება თავისუფლებაზე
ჯონ სტიუარტ მილის აზრით, კაცობრიობის გონებრივი კეთილდღეობისთვის (მასზეა დამოკიდებული მისი ყველა სხვაგვარი კეთილდღეობა) შეხედულების თავისუფლებისა და შეხედულების გამოხატვის თავისუფლება აუცილებელია და გამოვყავით ამის ოთხი სხვადასხვა საფუძველი, რომელთაც ახლა მოკლედ შევაჯამებთ.


  • პირველი, თუ რაიმე შეხედულებას დუმილს აიძულებენ, ეს შეხედულება, რამდენადაც ჩვენ დანამდვილებით ვიცით, შეიძლება ჭეშმარიტი იყოს. ამის უარყოფა კი საკუთარი უცდომელობის დაშვებაა.
  • მეორე, თუნდაც ჩაჩუმებული შეხედულება შეცდომა იყოს, ის შეიძლება შეიცავდეს ჭეშმარიტების ნაწილს და ძალიან ხშირად სწორედ ასეა. და რადგან ნებისმიერ საკითხზე გავრცელებული ან გაბატონებული შეხედულება იშვიათად ან არასოდეს არის მთელი ჭეშმარიტება, მხოლოდ საპირისპირო შეხედულებათა შეჯახება ქმნის იმის შანსს, რომ ჭეშმარიტების დანარჩენი ნაწილი მისაწვდომი გახდეს.
  • მესამე, თუნდაც გავრცელებული შეხედულება არა უბრალოდ ჭეშმარიტი, არამედ სრული ჭეშმარიტება იყოს, თუკი მას წარსულში არ შებრძოლებიან ან ახლა არ ებრძვიან გააფთრებითა და გულწრფელად, მის გამზიარებელ ადამიანთა უმრავლესობა მას მიიღებს ცრურწმენის სახით, მისი რაციონალური საფუძვლების გაგებისა და განცდის გარეშე.
  • მეოთხე, თავად მოძღვრების შინაარსს ექმნება საფრთხე, რომ გაქრეს ან დასუსტდეს და დაკარგოს ხასიათსა და ქცევაზე ზემოქმედების ცხოველმყოფელი ძალა. დოგმა იქცევა მხოლოდ ფორმალურ აღიარებად, რომელსაც სიკეთის მოტანა არ ძალუძს, ის ბორკავს ადამიანს და ხელს უშლის გონებიდან ან პირადი გამო ცდილებიდან რაიმე რალური და გულითადი მრწამსის გაღვივებას.
ჯონ სტიუარტ მილი“თავისუფლების შესახებ’’ https://burusi.wordpress.com/2011/02/06/john-stuart-mill-2/


სანამ შეხედულების თავისუფლების საკითხზე მსჯელობას დავასრულებდე, რაღაც უნდა ვთქვა მათი მისამართით, ვინც ამტკიცებს, რომ ყველა შეხედულების თავისუფალი გამოხატვა ნებადართული უდა იყოს იმ პირობით, რომ გამოთქმის ხერხი ზრდილობიანია და არ სცდება სამართლიანი და პატიოსანი პაექრობის საზღვრებს. ბევრი შეიძლება ითქვას იმაზე, რომ შეუძლებელია დავადგინოთ სად უნდა გადიოდეს ეს ნაგულისხმევი საზღვრები; თუ ამის მაჩვენებლად მივიღებთ იმათ შეურაცხყოფას, ვის შეხედულებასაც თავს ესხმიან, მილის აზრით, გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთ შეურაცხყოფას ადგილი აქვს მაშინვე, როგორც კი თავდასხმა სერიოზული და მძლავრი აღმოჩნდება, და ადამიანები უზრდელ ოპონენტად მიიჩნევენ ყველას, ვისთვის პასუხის გაცემაც უჭირთ, თუკი ის ძლიერ ღელავს სადავო საკითხზე. თუმცა ეს მნიშვნელოვანი მოსაზრებაა პრაქტიკული თვალსაზრისით, მას კიდევ უფრო ფუნდამენტურ შედავებასთან მივყავართ.


რაც შეეხება იმას, რაც ჩვეულებრივ იგულისხმება ზღვარგადასულ კამათში, სახელდობრ: ლანძღვა, სარკაზმი, პიროვნებაზე აპელაცია და მსგავსი – ასეთი საშუალებების დაგმობა მეტ თანაგრძნობას დაიმსახურებდა, ოდესმე, რომ შემოეთავაზებინათ მათი აკრძალვა ორივე მხარისთვის ერთნაირად. მაგრამ, როგორც წესი, სურთ, შეზღუდონ მათი გამოყენება მხოლოდ გაბატონებული შეხედულების წინააღმდეგ; ხოლო არაგაბატონებული შეხედულების წინააღმდეგ მათი გამოყენება არა მხოლოდ საყოველთაო დაგმობის გარეშე შეიძლება, არამედ მოსალოდნელია, რომ ის, ვინც მათ იყენებს, ამით გულწრფელი ენთუზიაზმისა და სამართლიანი აღშფოთების საქებარ სახელს მოიმკის. მაგრამ რამხელაც არ უნდა იყოს ამ საშუალებების გამოყენებით გამოწვეული ზიანი, ის უფრო დიდია უფრო დაუცველის წინააღმდეგ მათი გამოყენების შემთხვევაში; და რამხელაც არ უნდა იყოს უსამართლო უპირატესობა, რომელსაც რაიმე შეხედულებას მისი დაცვის ასეთი ყაიდა ანიჭებს, ის თითქმის მხოლოდ და მხოლოდ გავრცელებული შეხედულებების მხარესაა.


ამ სახის ყველაზე უარესი შეურაცხყოფა, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლემიკაში, არის საპირიპირო შეხედულებაზე მყოფთა ცუდ და ამორალურ ადამიანებად მონათვლა და მათთვის სახელის გატეხვა. განსაკუთრებით იოლია იმათი ამ სახით დამცირება, ვინც რაიმე არაპოპულარულ შეხედულებას იზიარებს, რადგან ასეთთა რიცხვი და გავლენა საზოგადოდ მცირეა და თვითონ მათ გარდა არავინაა დიდად დაინტერესებული იმით, რომ მათ სამართლიანად მოეპყრან.

ამდენად, ასეთია ჯონ სტიუარტ მილის მოსაზრება თავისუფლებასთან დაკავშირებით რომელშიც, ვფიქრობ, დამაფიქრებელია.

ჯონ სტიუარტ მილი “თავისუფლების შესახებ’’ https://burusi.wordpress.com/2011/02/06/john-stuart-mill-2/


პოლიტიკური თავისუფლება

პოლიტიკის ცნება, თავისი არსით, ამოუწურავია. მასთან მიმართებით არსებობს ორგვარი დამოკიდებულება: როგორც დენკენი აღნიშნავს, მუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პრობლემის ანალიზისგან განსხვავებით, ეს მოსაზრება უფრო შეფასებაა იგი ამბობს, რომ პოლიტიკა არის საზოგადოებრივი ინტერების ერთგულება, იმის სურვილი, რომ სხვებს მიუძღვნა ცხოვრება. მეორე მხრივ კი - ესაა მაკიაველური ცბიერებით აღსავსე საქმიანობა, რომლის მამოძრავებელი ძალაც არის ძალაუფლების სიყვარული და უსაზღვრო ამბიცია. [ჯალაღონია, 2018:24-25]

ის, ვინც პოლიტიკაშია ძალაუფლებისკენ მიისწრაფვის, როგორ ესახება მას ეს ძალაუფლება? -სხვა იდეალურ ან მატერიალურ მიზანთა მიღწევის საშუალებად, თუ ძალაუფლებად “მხოლოდ ძალაუფლების გულისათვის’’, რათა დატკბეს პრესტიჟულობის იმ გრძნობით, რასაც ის ადამიანს ანიჭებს. პოლიტიკურის განსაზღვრებისას სირთულე გამოწვეულია თავად პოლიტიკური ფენომენის სირთულით, აღსანიშნავია პლატონისა და არისტოტელეს მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით:

პლატონი აღნიშნავდა, რომ პოლიტიკა ესაა პიროვნების მიერ ადამიანთა მართვის სფერო, რომლის საფუძველი ერთდროულად არის, როგორც სამეფო ცოდნა, ისე ხელოვნება, რომ პოლიტიკურ ცნებაში უმთავრესია ადამიანთა სახელმწიფოდ გაერთიანება, ცალკეულია, სხვადასხვა ბუნებისა და მიდრეკილებების მქონდე ინდივიდებისგან ერთიანი და ჰარმონიულად მოქმედი საზოგადოების შექმნა.


არისტოტელეს აზრით, კი ადამიანის საქმიანობის უმაღლესი ფორმა, რამდენადაც მისი მეშვეობით ადამიანურ ურთიერთობებში ყალიბდება სამართლიანობა და მიიღწევა სიკეთე. სამართლიანობა დაკავშირებულია სახელმწიფოსთან. “რადგან ყოველი მეცნიერებისა და ხელოვნების მიზანი არის სიკეთე, მაშინ მათ შორის ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი სფეროს მიზანი იგივე იქნება- ეს კი არის პოლიტიკა. პოლიტიკაში სიკეთე, სამართლიანობაა, ხოლო სამართლიანობა სასარგებლოა საზოგადოებისთვის. არისტოტელეს აზრით, პოლიტიკა არის სიკეთის მოსაპოვებლად წარმოებული საქმიანობა.

მაკიაველი ყურადღებას ამახვილებს ძალაუფლებისათის ბრძოლისა და გამოყენების ხელოვნებაზე, ტაქტიკაზე, ხერხებსა და საშუალებებზე. მისი აზრით, პოლიტიკა არის, საშუალებათა ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რათა მოხვიდე ხელისუფლებაში განამტკიცო ძალაუფლება და სასარგებლოდ გამოიყენო იგი. მაშასადამე, პოლიტიკა არის მიმართება გარემოებებით მოცემულ ძალაუფლებასთან, ან ხალხის ძლიერებასა და აგრეთვე მიმდინარე სიტუაციაზე.[ჯალაღონია, 2018:28-29-30]


ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, ედმუნდ ბერკი წერდა: თეორეტიკოსი ფილოსოფოსის საქმეა მიუთითოს სახელმწიფოს ჭეშმარიტ მიზნებზე, პრაქტიკოსი პოლიტიკოსის სამქე კი იმაში მდგომარეობს, რომ მან უნდა იპოვოს საჭირო საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად და შეძლოს მისი წარმატებით გამოყენება.

ამდენად, პოლიტიკური ფილოსოფია - მისი ამოცანაა, სახელმწიფოს არსისა და ძალაუფლების, მიზნების ადამიანის ბუნებასთან მიმართებით, კვლევაა. [ჯალაღონია, 2018:45]



















გამოყენებული ლიტერატურა:

  • დემურ ჯალაღონია “ პოლიტიკური თავისუფლება’’გამომცემლობა ლოგოსი, 2018 წელი
  • ზურაბ კაკაბაძე “ რჩეული ფილოსოფიური შრომები’’ ერთტომეული, “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა; 2012 წელი
  • ვახტანგ ერქომაიშვილი “ფილოსოფია’’2013 წლის
  • თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის ანთოლოგია გამომცემლობა “ცის ნამი’’ თბ, 1997წელი

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:დათუნაშვილი ანი
დათუნაშვილი ანი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0