x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
დიგლოსია, როგორც ენობრივი სიტუაცია და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ცნებითი და ტერმინოლოგიური საკითხი
image


1959 წელს ნიუ-იორკის საენათმეცნიერო წრის ჟურნალ “word’’-ში გამოქვეყნდა ჩარლზ ედრიუ ფერგიუსონის სტატია “დიგლოსია’’, რომელიც შემდგომში მრავალ სხვა გამოცემაში დაიბეჭდა და მას დღესაც არ დაუკარგავს სამეცნიერო ღირებულება. სტატიაში დიგლოსიის შემდეგი განმარტება შემოგვთავაზა ფერგიუსონმა: “დიგლოსია წარმოადგენს შედარებით სტაბილურ ენობრივ სიტუაციას, რომელშიც ენის პირველად დიალექტებთან არსებობს ძალიან განსხვავებული, უაღრესად კოდიფიცირებული, ხშირად გრამატიკულად ძალიან რთული ვარიანტი, რომელიც უმეტესწილად სამწერლო ენად გამოიყენება ან გამოიყენებოდა წინარე პერიოდში ან საერთოდაც სხვა სამეტყველო ერთობაში, რომელსაც ძირითადად ითვისებენ სასწავლო დაწესებულებებში და გამოიყენება წერითი და ოფიციალური მიზნებით, ოღონდ არ მოიხმარება საზოგადოების წევრებს შორის ყოველდღიური ურთიერთობებისას.’’ [კიკვიძე, 2015:140]


როგორც ცნობილია ტერმინი “დიგლოსია’’ ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს ორენოვნებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიცინაში მას საკმაოდ დიდი ხანია გამოიყენებენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1959 წელი, ანუ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი ვეღარ ჩაითვლება ათვლის წერტილად, ტერმინ “დიგლოსიის’’გამოყენების საკითხთან მიმართებით, ვინაიდან კვლევებმა აჩვენა, რომ ინგლისურენოვან საენათმეცნიერო ლიტერატურაში გრეცისტი ლინგვისტები უკვე იცნობენ და იყენებენ მას 1936 წელს, ტერმინს “დიგლოსია - diglossy’’ რამდენიმე წლით ადრე, კერძოდ 1930 წელს, კი გვხვდება ფრანგი არაბისტის - უილიამ მარსეს სტატიის სათაურშიც. იგივე მეცნიერი უილიამ მარსე აღნიშნავს, რომ პირველად ეს ტერმინი გვხვდება ფრანგი ენათმეცნიერის იოანის ფრიხარისის ნაშრომში 1928 წელს.


სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტყვა ჯერ კიდევ ჩვ.წ. პირველ საუკუნეში გვხვდება კატეხიზმოში, რომლის სახელწოდებაა “დიდაქე’’ მოძღვრება თორმეტი მოციქულისა - “ნუ იქნები ორგული და ორენოვანი, რადგანაც ორენოვნება მახეა სიკვდილისა’’ ცხადია აქ ორენოვნება სოციოლინგვისტიკის გაგებით არაა, თუმცა, რომ დასტურდება მისი გამოყენება ეს ფაქტია. [კიკვიძე, 2015: 143]


ამდენად, საკმაოდ ღრმა ისტორია აქვს თავად ტერმინის პირველად გამოყენებასა და შემდგომ გავრცელებას.


დიგლოსია - ორენოვნების ერთ-ერთი განსაკუთრებული სახეობაა. დიგლოსია არის სოციალური სტატუსით განსხვავებული ორი ენის, ან ერთი და იმავე ენის სხვადასხვა ვარიანტების გამოყენება, ამა, თუ იმ სამეტყველო სიტუაციაში. დიგლოსიის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ არაბულ სალიტერატურო ენის გამოყენება ოფიციალურ სფეროებში, ხოლო “ხალხური არაბული ენა-დიალექტებისა’’ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო სიტუციებში.

დიგლოსია შეიძლება სხვადასხვა სამეტყველო სიტუაციით იყოს გამოწვეული. მაგ: “ბერძნული დიგლოსიის’’ ძირები მრავალ საუკუნეს ითვლის, თუმცა სრული სახით იგი ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნის დასაწყისში, ბერძნული ლიტერატურის აღორძინების ხანაში. [გამყრელიძე, 2008 :459-460]


“მონოლინგვიზმი’’ - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, საერთოდაც არ არსებობს; წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება მონოლითური, არადიფერენცირებული კოდური ენის სისტემის არსებობა, რომელსაც გამოიყენებდა მხოლოდ ის საზოგადოება, სადაც თითოეული ადამიანი რომელიმე ერთ იზოლირებულ როლს ასრულებდა, რაც თითქმის წარმოუდგენელია, თუნდაც მცირეწლოვან ბავშვებში. [ჯაფარიძე, 2005:122]

კოდებს შორის ცხადია არსებობს განსხვავება, როგორც მიკრო-ინდივიდუალური, ასევე მაკრო- სოციალური გამოყენების დონეები. სოციოლინგვისტიკის ვალი მათი ზუსტი განსაზღვრა და აღწერაა. კოდთა დიფერენციაციის პროცესი სოციალური და კულტურული ღირებულების თვალსაზირით მიმდინარეობს. ასეთ საზოგადოებაში არსებობს შეთანხმება, თუ რომელი კოდი სარგებლობს უფრო “მაღალი’’ ან “დაბალი’’ სტატუსით.



მაღალი სტატუსით აღინიშნება - H-(High Variety ) ძირითადად გამოიყენება საჯარო სფეროებში, წერილობით მეტყველებაში.

დაბალი სტატუსით აღინიშნება - L( low variety), რაც ზეპირსიტყვიერებაში გამოიყენება. ამგვარი სიტუაციის აღსაწერად შემოიღეს ტერმინი დიგლოსია. [ჯაფარიძე, 2005: 123]

დიგლოსია განსაზღვრავს ენის “მაღალ და “დაბალ’’(რეგიონალურ) ვარიანტებს შორის განსხვავებას. დიგლოსიის დროს სალიტერატურო ენა პრივილეგირებულად მიიჩნევა. ზოგჯერ მხოლოდ ის ითვლება რეალურ ენად, ხოლო არასტანდარტული ენა იგნორირებულია. მაგალითად, ვინმეზე შეიძლება თქვან არაბული არ იცისო, იმ შემთხვევაში, თუკი ეს პირი არ ფლობს სალიტერატურო ან “მაღალი ვარიანტის’’ სტანდარტულ არაბულ ენას, რომელიც პირობითად აღინიშნება H სიმბოლოთი. [ გამყრელიძე, 2008:460]


ენობრივი განსხვავება “დაბალ’’ და “მაღალ’’ ვარიანტებს შორის.

განსხვავება უპირველესად ვლინდება გრამატიკულ კატეგორიებში, რადგან პირველის გრამატიკული სტრუქტურა გაცილებით მარტივია, ვინაიდან მორფემებს ნაკლები ალომორფები აქვს და ისინი ფონოლოგიურად არიან შეპირობებულნი; ნაკლებია იმ ფლექსიურ კატეგორიათა რიცხვი, რომლებიც მარკირებულია მორფოლოგიური მაჩვენებლითა და სინტაქსური შეთანხმებით, ასევე პარადიგმები უფრო სიმეტრიულია. მაგალითად, კლასიკურ არაბულში არსებით სახელს აქვს აფიქსებით გამოხატული სამი ბრუნვა, ხოლო სასაუბრო დიალექტებში არც ერთი ბრუნვა არ დასტურდება.

ძირითადი ლექსიკონი ენის ამ ორ სახეს ნაწილობრივ განსხვავებული აქვს, ვინაიდან სამეცნიერო-ტერმინოლოგია ენის “მაღალ’’ ვარიანტში შედის, ხოლო ყოფითი საგნების სახელები მასში ნაკლებადაა წარმოდგენილი, უფრო პირველ ვარიანტში გვხდება. ფონოლოგიურ დონეზე ენის “მაღალ’’ და “დაბალ’’დონეებზე განსხვავება არ არის თანმიმდევრული. [გამყრელიძე, 2008 : 461]


დიგლოსიასა და ბილინგვიზმს შორის სამი ტიპის ურთიერთობას ასხვავებენ მეცნიერები.

  • მხოლოდ ბილინგვიზმი;
  • მხოლოდ დიგლოსია;
  • ბილინგვიზმის შერწყმა დიგლოსიასთან.

ბილინგვიზმი დიგლოსიის გარეშე

მთელი საზოგადოებისათვის უჩვეულოა შეიცავდეს ინდივიდთა დიდ რიცხვს, რომლებიც ერთდროულად ორ ენობრივ საზოგადოებას ეკუთვნიან. თუმცა გარკვეული ნაწილისთვის ეს სულაც არაა უცხო. ევროპაში ამის კარგი მაგალითია ბელგია, განსაკუთრებით ის რაიონები, სადაც ნიდერლანდური და ფრანგული ენების მოქმედების საზღვარზეა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს დიგლოსია არაა, ვინაიდან ნიდერლანდური და ფრანგული ენები აქ განსხვავებული იურიდიული სტატუსით არ სარგებლობენ. ორივე ოფიციალური სახელმწიფო ენაა. [ჯაფარიძე, 2005:123-124]


დიგლოსია ბილინგვიზმის გარეშე.

თუკი ბილინგვიზმი ანდა მულტილინგვილიზმი გულისხმობს ორი, ან მეტი ენის ისეთ თანაარსებობას ერთი საზოგადოების ფარგლებში, როდესაც ამ ენებს შორის ფუნქციონალური სხვაობა არაა, დიგლოსია გულისხმობს, ერთი ენის ორი ან მეტი ვარიანტის არსებობას. აქ შეგვიძლია მოვიხმოთ ზემოთ აღნიშნული არაბული ენის მაგალითი, რომლიდან გამომდინარეც შეიძლება ითქვას, რომ H- არის სალიტერატურო ოფიციალური ენა, ხოლო ამავე არეალში - L არის არაოფიციალური, სასაუბრო მეტყველებისთვის დამახასიათებელი. ასევე, კიდევ ერთი არსებითი სხვაობა N და L ვარიანტებს შორის ისაა, რომ L შეთვისებულია ენის ადგმისას, ახლობლებთან, თუ გარემოცვასთან კონტაქტის დამყარებისას, ხოლო H ვარიანტი არის ნასწავლი. მას მოგვიანებით სწავლობენ ადამინები სასწავლო დაწესებულებებში, სკოლებსა და უნივერსიტეტში. [ ჯაფარიძე, 2005:124]


დიგლოსია და ბილინგვიზმი

იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობს ისეთი სიტუაციები, როდესაც საზოგადოების ნაწილი ერთზე მეტ აღიარებულ ენას ფლობს, მათგან ერთის H სტატუსით სარგებლობს, ხოლო მეორეს შემთხვევაში მხოლოდ L სტატუსია დაუფლებული. მაგ: მსგავსი სიტუაციაა პარაგვაიში, სადაც ორი ენა ფუნქციონირებს გუარანი(L) და ესპანური( H) ასეთ დროს უნდა ითქვას, რომ საქმე გვაქვს ბილინგვურ დიგლოსიასთან. [ჯაფარიძე, 2055: 125]


განსხვავება დიგლოსიასა და დიალექტურ სტანდარტებს შორის - სივრცეში, დროსა და ენობრივ ოჯახში გავრცელება და განაწილება გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები.

  • ფუნქცია: ფუნდამენტურია დიგლოსიაში ენობრივ სახესხვაობათა ფუნქციური დიფერენციაცია, რადგანაც სწორედ იგი განსახვავებს დიგლოსიას ბილინგვიზმისაგან მაგალითად, ისევ H და L ვარიაცებს, რომ მივუბრუნდეთ ისინი სრულად განსხვავებული მიზეზებით გამოიყენება. მათი აღრევა შესაძლოა სასაცილოც კი იყოს;
  • პრესტიჟი: გამოკვლეულ დიგლოსიათა რაოდენობაში H-ს უფრო დიდი პრესტიჟი უკავშირდება, ვიდრე L -ს;
  • ლიტერატურული მემკვიდრეობა : დიგლოსიურ ენათა უმრავლესობაში მთელი ლიტერატურა მოცემულია H ვარიაციაში L ვარიაცია არ გვთვაზობს არანაირ ლიტერატურას გარდა “დიალექტური’’ პოეზიის, სარეკლამო განაცხადებისა და ე.წ. დაბალი ჟანრების;
  • ათვისება: L ვარიაცია ისწავლება პირველად. ეს ოჯახის ენაა, ხოლო H ვარიაცია კი სკოლასა და უნივერსიტეტში შეისწავლება;
  • სტანდარტიზაცია: H ძლიერად სტანდარტიზებული(გრამატიკა, ლექსიკა) იშვიათად სტანდარტიზებული L;
  • გრამატიკა: H ვარიანტის გრამატიკა გაცილებოთ რთულია, ვიდრე L ვარიანტისა
  • ლექსიკა: ამ შემთხვევაში არსებობს ურთიერთგადაფარვა. მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ H შეიცავს L არ არსებულ სიტყვებს და პირიქით; [ ლადარია, 2002 : 86-87]

  • კოდის შერჩევის, შერევისა გადართვის პრობლემა.

    მეტად მნიშველოვანია სწორი კოდის ბილინგვურსა და მულტილინგვისტურ სიტუაციაში სწორი ენის, ხოლო დიგლოსიის შემთხვევაში სწორი ენობრივი ვარიანტის შერჩევა. ამ მხივ საყურადღებოა ერთი აფრიკული ენის მაგალითი, სადაც საუბრობენ, როგორც სუაჰილ ენაზე, ასევე ინგლისურზე. თუ ვთქვათ ამ ქვეყნის მოქალაქეს, კერძოდ, მძღოლს სურს, მართვის მოწმობის ვადის გაგრძელების თაობაზე დაელაპარაკოს სათანადო პირს ის ისაუბრებს იმის მიხედვით, თუ როგორი ურთიერთობა და კომუნიკაცია სურს დაამყაროს საქმეში გარკვეულ პირთან. თუ “გაშინაურებაა’’საჭირო სუაჰილი ენა უნდა გამოიყენოს ხოლო, თუ სურს მასში პატივისცემა აღძრას -ინგლისური.

    ამდენად, როდესაც ერთი კოდიდან გადავდივართ მეორეზე, სიტუაციიდან გამომდინარე ვუწოდებთ - სიტუაციურ კოდს. ხოლო თუ კოდის ცვლა გარკვეული მოსაზრებით ხდება მას - მეტაფორულ კოდს, როგორც ენათმეცნიერებაშია დამვიდრებული.

    კოდის შერევა - მას მხოლოდ მაშინ ექნება ადგილი თუ მოსაუბრეთაგან ორივე კარგად ფლობს შესარევ კოდებს. შერევის მიზეზი შესაძლოა მრავალი იყოს თუნდაც ის, რომ რომელიმე ცნების სახელი ერთ-ერთ კოდზე უფრო ადვილად ითქმის, ვიდრე მეორეზე.

    კოდის შერევის პროცესი ხშირად გაუცნობიერებელია, ხოლო კოდის გადართვა და შერევა შეგნებულად ხდება. [ჯაფარიძე, 2005:125-126]


    ამრიგად, დიგლოსია ამ ტერმინის გამოჩენიდან დღემდე მიმდინარეობს მისი დანიშნულების, არსის კვლევა-ძიება ენათმეცნიერების მხრივ, რაც გამოიხატება იმაშიც, რომ ამ საკითხთთან დაკავშირებით შეიქმნა ე.წ. ტერმინთა ლექსიკონი, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ :


    მონოგლოსია - ბერძ. ენის მხოლოდ ერთი ვარიანტი, სახესხვაობის ფლობა ან მისი მოხმარება. ამგვარი ვითარება დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო უძველეს დროში, ენის განვითარების ადრეული ეტაპისთვის. დღეისათვის ამ ტიპის ენის რეალურად აღმოჩენა ძალიან იშვიათია. ამავე მნიშვნელობით გვხვდება ტერმინი -“უნიგლოსია’’

    პოლიგლოსია - ბერძ. ცვლადების რაოდენობის მიხედვით, უფრო გართულებული დიგლოსიური სიტუაცია;

    კვადრიგლოსია და ტეტრაგლოსია - ოთხკომპონენტიანი დიგლოსიური სიტუაცია. ტრიგლოსია-სამკომპონენტიანი დიგლოსიური სიტუაცია ;

    მულტიგლოსია - ლათ. ენის მდგომარეობა, როდესაც ამ ენის განსხვავებული ნაირსახეობები გვერდიგვერდ არსებობენ ენობრივ ერთობაში და განსხვავებული ფუნქციებით გამოიყენებიან სხვადასხვა სიტუაციაში;


    პლურიგლოსია - ერთი ინდივიდის უნარი ფლობდეს და იყენებდეს ერთი ენის რამდენიმე ლექტს;

    ავტოგლოსია - ლათ. ხალხის მიერ საკუთარი ენის გამოყენება;

    ალოგლოსია - სახელმწიფოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიერ თავისი, ოფიციალური სტატუსის არმქონე, ან უმრავლესობის ენის გამოყენება;

    ეგზოგლოსია - ენდოგლოსია - ამ ორი ტერმინით გერმანელი ენათმეცნიერი ჰაინც კლოსი აღნიშნავს, ეგზოგლოსიის შემთხვევაში დიგლოსიის H ვარიანტს, ხოლო ენდოგლოსიის შემთვევაში L, ანუ დაბალ ვარიანტს. [კიკვიძე, 2015 : 144-146];


    იდიოგლოსია - იდიოსინკრეტული ენა, რომელიც შექმნილია ორი ან რამდენიმე პირის მიერ და გასაგებია მხოლოდ მათთვის. ძირითადად დამახასიათებელია ტყუპებისათვის ადრეულ ასაკში. ამავე არსის მატარებელია ტერმინი - კრიპტოგლოსია.

    იზოგლოსია - ისეთი სამეტყველო სიტუაცია, რომლის ფარგლებშიც კომუნიკანტები ერთი საერთო, იდიომიის წყალობით სარგებლობენ და ასე აღწევენ ურთიერთგაგებინებას.

    შიზოგლოსია - “ენობრივი გაურკვევლობა’’ დიგლოსიის ან პოლიგლოსიის გაუკუღმართებული სახეობა, როდესაც ადამიანმა არ იცის რა ენაზე ლაპარაკობს. ტერმინი შემოიღო ნორვეგიელმა ენინ ჰაუგენმა

    ჰეტეროგლოსია - კონცეფცია იმის შესახებ, რომ ენა წარმოადგენს არა ერთ, უნიფიცირებულ ოდენობას, არამედ მრავალი სოციალური ენის, პროფესიისა და ასაკობრივი ჯგუფისა. ენის სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში გამოყენების ერთობლიობა. ტერმინი შემოიღო რუსმა მეცნიერმა მიხეილ ბახტინმა.


    აღნიშნულია ასევე ტერმინები: მეტროგლოსია, მიკროდიგლოსია, მიქსოგლოსია, პამგლოსია, ტრანსგლოსია, ქსენოგლოსია. [კიკვიძე, 2015:147-150]


    დიგლოსია არ არის შეზღუდული რომელიმე გეოგრაფიული რეგიონით, ან ენობრივი ოჯახით. დიგლოსიები არსებობს საუკუნებიის მანძილზე. დიგლოსიათა უმრავლესობა გულისხმობს წერა-კითხვის ცოდნას, მაგრამ უმწერლობო ზეპირი დიგლოსიებიც საკმაოდ გავრცელებულია. მისი ხელშემწყობი ფაქტორებია:

    • H ვარიაციაზე შექმნილი ძველი პრესტიჟული ლიტერატურის არსებობა, რომლის ასეთად შენარჩუნებას ესწრაფვის ლინგვისტიკა;
    • წერა-კითხვის ცოდნა, რომელიც გავრცელებულია მცირერიცხოვან ელიტაში;
    • დიგლოსიები განვითარებისთვის დროს მოითხოვს;
    • ეს სამი ფაქტორი, რომელიც, გარკვეული აზრით, რელიგიასთანაც არის დაკავშირებული, იწვევს დიგლოსიის სტაბილურობას, არაბულ ქვეყნებსა და სამხრეთ აზაში.

    ამრიგად, დიგლოსია ამ ტერმინის გამოჩენიდან ენათმეცნიერების მხრივ დღემდე მიმდინარეობს მისი დანიშნულებისა და არსის კვლევა-ძიება, რასაც საკმაოდ ღრმა ისტორია აქვს თავად ტერმინის პირველად გამოყენებასა და შემდგომ გავრცელებას.

    დიგლოსია-ორენოვნების ერთ-ერთი განსაკუთრებული სახეობაა. დიგლოსია არის სოციალური სტატუსით განსხვავებული ორი ენის, ან ერთი და იმავე ენის სხვადასხვა ვარიანტის გამოყენება ამა, თუ იმ სამეტყველო სიტუაციაში
















    გამოყენებული ლიტერატურა

    1.გამყრელიძე 2008 - თ.გამყრელიძე, ზოგადი ენათმეცნიერების კურსი, თსუ გამომცემლობა, თბილისი;


    2.კიკვიძე 2015 - ზ.კიკვიძე, სოციოლინგვისტიკის შესავლის საკითხები, გამომცემლობა არნ.ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი;


    3.ლადარია 2002 - ნ.ლადარია, სოციოლინგვისტიკა გამომცემლობა “მეცნიერება, თბილისი;


  • ჯაფარიძე 2005 - თ. ჯაფარიძე, სოციოლინგვისტიკის შესავალი, გამომცემლობა “ მერიდიანი’’, თბილისი.

  • 0
    207
    შეფასება არ არის
    ავტორი:დათუნაშვილი ანი
    დათუნაშვილი ანი
    207
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0