x
მეტი
  • 06.04.2020
  • სტატია:100970
  • ვიდეო:345680
  • სურათი:463728
სპარსოფილური მიმდინარეობა ქართულ ლიტერატურაში
თეიმურაზ I

1453 წელს, როდესაც თურქებმა კონსტანტინეპოლი დაიპყრეს და აია-სოფიას გუმბათზე ნახევარმთვარე აღმართეს, დაიმსხვრა აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი "ოქროს ხიდი". ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული კულტურის შემდგომი ბედისათვის. ბიზანტიის იმპერიის დაცემა ქართული კულტურის დაქვეითების ხანას დემთხვა. ამან შექმნა ერთგვარი ვაკუუმი ქართული ხელოვნების განვითარებაში. ამგვარ ვითარებაში კი ადვილად გაეხსნა გზა აღმოსავლურ ნაკადს, რომელიც ამ პერიოდიდან მძლავრად იჭრება ქართული კულტურის, ხელოვნების თუ ყოფიერების სხვადასხვა სფეროში. [სირაძე, 1978: 233]

სწორედ ამ დროიდან სპარსოფილურმა გატაცებამ მოიცვა მწერლობა, არქიტექტურა, მინიატურა... მაგრამ იგი განსაკუთრებით მკვეთრად, ერთგვარად დეკლარაციული სახით გამოიხატა თეიმურაზ პირველის სიტყვებში: "სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანიო" და კიდევ უფრო მეტად, - როცა იგი წერდა: "მძიმე არს ენა ქართველთაო". [სირაძე, 1978: 234]

თეიმურაზ პირველი უცილობლად განიცდიდა სპარსული ლიტერატურის გავლენას. ის ცდილობდა ქართულ პოეზიაში დაენერგა სპარსული მწერლობის ტრადიციები. თეიმურაზი ერთგვარად უცხოური (სპარსული) ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენელია მშობლიურ მწერლობაში. იგი არ მალავდა თავის გატაცებას სპარსული ენითა და მწერლობით. საყურადღებო ისაა რომ სპარსული ენის სიტკბოთი აღტაცებულ პოეტს სრულიად მოულოდნელად წუნი დაუდვია ქართულისთვის. ამავდროულად მან კარგად იცოდა, რომ სპარსულ პოეზიას სიტყვათა რიტორიკულობა, ენაწყლიანობა, ხელოვნურობა ახასიათებდა.


მთარგმნელობითი საქმიანობის გასამართლებლად კი თეიმურაზს შეუმუშავებია თავისი თეორია, რომლის მიხედვითაც ქართულ ენაზე დაუმუშავებია სპარსულსა და აღმოსავთის ზოგიერთ სხვა ხალხთა ლიტერატურაში კარგად ცნობილი პოემები. როდესაც ვამბობთ, დაუმუშავებია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სიტყვასიტყვით არ უთარგმნია შესაფერისი სპარსული დედნები. თეიმურაზს გამოუყენებია სპარსული სიუჟეტები, ამბავი სწორად გადმოუცია, მაგრამ ბევრი თავისებურებანიც შეუტანია ტექსტში. [კეკელიძე, ბარამიძე, 1987:331]

თეიმურაზ პირველის ცხოვრების შესახებ ცნობებს გვაწვდის არჩილი, რომელსაც ეკუთვნის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“. აქ თავმოყრილია მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტები. რომ არა არჩილ მეფე, რთული იქნებოდა ასეთი სიზუსტით აღგვედგინა თეიმურაზ პირველის ცხოვრება და მოღვაწეობა.

თეიმურაზი დაიბადა 1589 წელს. იგი იყო შვილი კახეთის მეფის დავითისა და ქეთევან დედოფლისა. დავითიც და ქეთევანიც ქართული მწიგნობრობის მოყვარულნი და მოამაგენი იყვნენ. დავითს უთარგმნია ქართულ ენაზე “ქილილა და დამანას” ერთი ნაწილი, ქეთევანისაგან კი ჩვენს დრომდის მოღწეულია “ანბანთქება” და “ვედრება”. თეიმურაზის მამა დავითი ადრე გარდაიცვალა (1602 წ.), მომავალი პოეტის აღზრდას ხელმძღვანელობდნენ პაპამისი (მეფე ალექსანდრე) და დედა. XVII საუკუნის დასაწყისში კახეთის სამეფო კარზე თავი იჩინა მწვავე დინასტიურმა განხეთქილებამ. ამან ქეთევანი აიძულა თავისი პირმშო სპარსეთში გაეგზავნა, შაჰ-აბას პირველთან. შაჰის კარზე თეიმურაზი “ისწავებდა წიგნსა და ენასა სპარსთასა”. [კეკელიძე, ბარამიძე, 1978:319]

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან აქტიურად მიჰყო ხელი მთარგმნელობით საქმიანობას და სპარსული პოეზიის არაერთი მნიშვნელოვანი შედევრი ქართულ ენაზე შემოგვთავაზა. მისი შემოქმედება ორ კატეგორიად იყოფა: სპარსულიდან გადმოკეთებული და ორიგინალური.

ვფიქრობ, მართელბული იქნება თუ ჩვენს ყურადღებას ორივე კატეგორიას დავუთმობთ, თუმცა არც ისე პატარაა თეიმურაზ მეფის შემოქმედება, ამიტომ განხივილოთ რამდენიმე მათგანი, რათა უკეთესად შევიცნოთ სპარსული ლირიკული ნაწერების თავისებურებანი.

image

„ვარდბულბულიანი“ მოგვითხრობს ვარდისა და ბულბულის სიყვარულის ამბავს. გაზაფხულზე ბაღში მრავალი ყვავილი აყვავებულა, გარდა ვარდისა. ამიტომ ყველა მოელოდა ყვავილთა მეფის მოსვლას, მათ შორის ბულბულიც. ვარდის აღმოცენების შემდეგ კი ბულბული არ შორდებოდა, მუდამ თავს ევლებოდა და განუწყვეტლივ მღეროდა, რაც ვარდს აწუხებდა და მსგავსი ქცევა ეთაკილებოდა, ამიტომ მებაღეს დაუძახა და ჩიტის ვინაობა გამოკითხა. მებაღებაც აუხსნა რომ ბულბული მას ეტრფოდა და მზად იყო ვარდისთვის მომკვდარიყო კიდევაც. ეს რომ ვარდმა გაიგო, ბულბულს პირდაპირ მიმართა: სად მე და სად შენ? დღე და ღამე აქ დამყეფ და ძილს მიფრთხობო.

ბულბულმა კი უპასუხა: ჩემი სიკვდილი შენ რას გარგებს? თუ ცოცხალი გაგეყრები, სული ამომხდებაო. აქედან დაიწყო მათი დიალოგიც. ვარდი ჩამოუთვლის თავის ღირსებებს და ბულბულს ამცნობს, რომ ის მისი შესაფერისი არ არის, ამიტომ თხოვს რომ მას გაეცალოს. ამის გაგონების შემდეგ თვალცრემლიანი ბულბული მორცხვად მიუთითებს თავის ღირსებებზე და შეევედრება, ნება მისცეს მასთან დარჩეს და მხოლოდ უყუროს. თუმცა ვარდი მას მაინც მოთხოვს წასვლას, რის შემდეგაც ბულბული ეკლის ძირას დაეცემა. ვარდს შეებრალება და ნებას დართავს მის ბაღში იყოს. მიუხედავად ამისა, ვარდი მაინც თვლის, რომ ისინი არ შეეფერებიან ერთმანეთს. თუმცა, ბულბული კმაყოფილი დარჩა ვარდის გადაწყვეტილებით.

მეფე პოეტი თავადვე ამბობს, რომ ეს თხზულება სპარსულიდან უთარგმნია, ავტორად კი მილა აჯას ასახელებს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით. გადმოკეთებული უნდა იყოს მეფის იმერეთში ყოფნის დროს, 1649-1656 წლებში.

„შამიფარვანიანი“ ანუ „სანთელი და პეპელა“ დაახლოებით იგივე შინაარსისაა რაც ზემოთხსენებულ „ვარდბულბულიანში“ აღვწერეთ. აქ პეპელას უყვარს სანთელი და ღიად უცხადებს მას თავის გრძნობას. პეპელა თვლის, რომ სწორედ სანთლისთვისაა დაბადებული და მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, მაგრამ აქ სხვა პრობლემა იჩენს თავს. სანთელი პეპელას თხოვს რომ თავი დაანებოს, რადგან იგი საღმრთო დანიშნულებისაა, შექმნილია ეკლესიის მსახურად, მიცვალებულს უნთია და მისთვის მიჯნურობა დაუშვებელია. ამის გამგონე პეპელას ყოველგვარი იმედი გადაეწურა, სანთლის ალს დაეცა და მკვდარი იქვე დავარდა. სანთელს კი შეებრალა მიჯნური და მის ცივ ტანზე დაიწყო დნობა. პოეტს „შამიფარვანიანიც“ იმერეთში ყოფნის დროს გადმოუკეთებია, 1656 წელს.

image

„იოსებზილიხანიანში“ მოთხრობილია თავგადასავალი ზილიხა ანუ ზილიხანისა. სიუჟეტად აღებულია ბიბლიური მოთხრობა იოსებ მშვენიერის შესახებ, რომელიც ძმებმა გაყიდეს ეგვიპტეში და რომელსაც გაუმიჯნურდა, სპარსული ეპოსით, ფარაონის ცოლი, ზულეიხა. ეს ეპიზოდი სპარსელ რომანტიკოსებს გაუვრციათ და შეუმკიათ თავისებურად, ასე რომ ბიბლიური მოთხრობიდან მხოლოდ ჩონჩხიღა დარჩენილა. [კეკელიძე, 1981:375]

ეს პოემა ქართულ ენაზეც გადმოუკეთებიათ და ჩვენამდე ორი რედაქციით არის მოღწეული. ამჯერად ჩვენს ყურადრებას იქცევს მეორე რედაქცია, რომელიც თეიმურაზ პირველს ეკუთვნის. ეს რედაქცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მოკლედ არის გადმოცემული „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსი, მისი ავტორისა და წარმოშობის ვინაობა და „ვისრამიანის“ ლიტერატურული ისტორია.

თეიმურაზის „იოსებზილიხანიანი“ მოგვითხრობს იოსების ამბავს, მის ეგვიპტეში მიყვანას, გაყიდვას, ზილიხას გამიჯნურებას, ბაზიყას სიყვარულსა და სიკვდილს, იოსებისა და ზილიხას ერთად შეყრას, მერე იოსების ციხეში ჩასმას, იქიდან განთავისუფლებას და აზიზის გარდაცვალების შემდეგ გამეფებას. პოემა თავდება იოსებისა და ზილიხას დაქორწინებით. [კეკელიძე, 1981:377]

რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი თეიმურაზს ეს პოემა გადმოუკეთებია 1629 წლიდან 1633 წლამდე.

image

ისევე როგორც „იოსებზილიხანიანი“, „ლეილმაჯნუნიანიც“ თეიმურაზ პირველამდე უნდა ყოფილიყო ქართულ ენაზე გადმოკეთებული, თუმცა მას ჩვენამდე არ მოუღწევია. თეიმურაზმა კი ეს პოემაც 1629-1633 წლებში გადმოაკეთა ქართულ ენაზე.

პოემის მოკლე შინაარსი ასეთია: არაბეთის ქალაქ ლაზაში ორი მონათესავე, მეფეთა შთამომავალი, ოჯახი ცხოვრობდა. ერთსა და იმავე ღამეს ერთ ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც ყაისი უწოდეს, ხოლო მეორეში - ქალი, რომელსაც ლეილი დაარქვეს. ასტროლოგებმა ვაჟის დედ-მამას უწინასწარმეტყველეს, რომ ის შეუდარებელი მიჯნური გახდება, ასე რომ მიჯნურობისაგან უდაბნოში გაიჭრებაო. შვიდი წლის ყაისი და ლეილი მშობლებმა ერთსა და იმავე სკოლაში მიაბარეს მოლას. რამდენიმე ხნის შემდეგ მოლამ აღმოაჩინა რომ ყაისის ლეილი შეუყვარდა, ამიტომ ის სკოლიდან გააგდო, ლეილი კი მის მშობლებს გადასცა. [კეკელიძე, 1981:384]

ამგვარად დაიწყო ლეილისა და ყაისის თავგადასავალი და მათმა სიყვარულმა არაერთ დაბრკოლებას გაუძლო, თუმცა ცხოვრებისეული სირთულეების გამო დაღლილი და დადარდიანებული ლეილი გარდაიცვალა, ეს რომ მიჯნურმა გაიგო კუბოზე დაემხო, ცრემლებით გამოიტირა და თვითონაც იქვე განუტევა სული. შეყვარებულები კი ერთად დაასაფლავეს.

ამგვარად დაუდო თეიმურაზ პირველმა სპარსოფილურ მიმდინარეობას სათავე და ქართველ ხალხს გააცნო სპარსული ლიტერატურის არაერთი გამორჩეული თხზულება თუ ამბავი.

როდესაც თეიმურაზ პირველის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ მაჯამა, რომელიც ერთგვარი ლირიკული პოემაა. მაჯამაში გაერთიანებულია სევდიანი განწყობილების გამომხატველი, სატრფიალო და მოსალხენი ლექსები, ასევე ხოტბები. ასეთია თეიმურაზის მაჯამა. გარდა მელანქოლიური და სამიჯნურო განწყობილების გამომხატველი ლექსებისა, აქ არის ორი სპეციალური კარი:"გაბაასება ღვინისა და ბაგისა", "ქება და მკობა ხელმწიფის ალექსანდრესი და დედოფლის ნესტან-დარეჯანისა". [კეკელიძე, ბარამიძე, 1987:333]

მაჯამის მთელი ინტერესი ომონიმური სიტყვების შერჩევაა. მოხდენილი, გამომტყველი, შინარსიანი ომონიმები მაჯამას ამშვენებს. ზოგჯერ პოეტი ამ მხრივ ნამდვილ ვირტუოზობას აღწევს. ყოველ ენაში განსაზღვრულია ომონიმური სიტყვების მარაგი. მთელი თხზულების ომონიმური ლექსებით გამართვა მეტად ძნელი საქმეა. ამიტომაც ავტორი, კერძოდ თეიმურაზი იძულებული ხდება დაარღვიოს სიტყვების ბუნებრივი წყობა. პოეტი იგონებს ხელოვნურ ფორმებს, არღვევს გრამატიკულ წესებს, სესხულობს უცხოურს, სრულიად გაუგებარ სიტყვებს, იყენებს არქაულ ლექსიკას. ერთი სიტყვით, ომონიმების მისაღებად პოეტი ხერგავს მშობლიურ ენას ბარბარიზმებით, უმართებულო ნეოლოგიზმებით, დიალექტიზმენით, არქაიზმებითა და ა.შ. [კეკელიძე, ბარამიძე, 1987:334]

მაგრამ უნდა ითქვას, რომ ყველა ნათარგმნი პოემის პროლოგ-ეპილოგში თეიმურაზი ღრმა სინანულს გამოთქვამს სულის საზიანო თემების დამუშავებისთვის და ღმერთს გულმხურვალედ სთხოვს შენდობას. ამისდა მიუხედავად, ცხადია, თეიმურაზმა თავისი თარგმანებით ქართველი მკითხველი საზოგადოების ერთ ნაწილს გაუღვიძა ინტერესი სპარსული მწერლობისადმი. [კეკელიძე, ბარამიძე, 1987:331]

ყოველივე ამის მიზეზად რევაზ სირაძე შემდეგ მიზეზს ასახელებს:“ალბათ, ეროვნული და პოლიტიკური იდეალების განუხორციელებლობამ შეუწყო ხელი ფუჭ ფანტაზიაზე დამყარებული სადევგმირო-ზღაპრული სიუჟეტების გავრცელებას. როცა საკუთარი საომარი წარმატებანი დამაჯერებელი აღარ იყო, ლიტერატურაში იოლად მკვიდრდებოდა ყოვლად დაუჯერებელი ფალავნობანი. ასე ხდებოდა განუხორციელებელ იდეალთა თავისებური კომპენსირება.“ [სირაძე, 1978:225]

ამგვარი იყო მეფე თეიმურაზ პირველის ცხოვრება და მოღვაწეობა. სპარსოფილურმა მიმდინარეობამ კი თავისი მარადიული დაღი დაასვა ქართულ ლიტერატურას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ მკითხველში დღემდე დიდ ინტერესს იწვევს.



გამოყენებული ლიტერატურა:

  • სირაძე რევაზ - “ქართული ესთეტიკური აზრის ისტორია“ თბ.1978 წ.
  • კეკელიძე კორნელი, ბარამიძე ალექსანდრე - „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია (V-XVIIIსს) თბ.1987 წ.
  • კეკელიძე კორნელი - „ძველი ქართული ლიტერატურისისტორია“, ტომი მეორე, თბ. 1981 წ.

  • 0
    129
    შეფასება არ არის
    ავტორი:ქეთევან მდევაძე
    ქეთევან მდევაძე
    129
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0