x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101012
  • ვიდეო:345709
  • სურათი:463801
დისოციაციური აშლილობა-მკურნალობის გზები

დისოციაციური აშლილობების დროს, ინდივიდის მეხსიერების ერთი ნაწილი გამიჯნულია, გამოყოფილია დანარჩენებისგან. არსებობს დისოციაციური აშლილობების რამდენიმე სახეობა:დისოციაციური ამნეზია, რომლის დროსაც ხდება ინდივიდის მიერ მნიშვნელოვანი და ხშირად ემოციით დატვირთული პერსონალური ინფორმაციის დავიწყება; დისოციაციური ფუგა – ადამიანს არამარტო წარსული ავიწყდება, არამედ მოულოდნელად მიემგზავრება მისთვის ჩვეული გარემოცვიდან და შესაძლოა ჩამოუყალიბდეს ახალი იდენტობა; იდენტობის დისოციაციური აშლილობა (მრავლობითი პიროვნული აშლილობა) – დამახასიათებელია ორი ან რამდენიმე განსხვავებული პიროვნების იდენტობის არსებობა, რომელთაგან თითოეული პერიოდულად განსაზღვრავს ადამიანის ქცევას და მოქმედებებს.image

დისოციაციური ამნეზიის და დისოციაციური ფუგის შემთხვევებში განკურნება ხანდახან თავისით, მოულოდნელად ხდება. ამის საპირისპიროდ, იდენტობის დისოციაციური აშლილობის შემთხვევაში, ხშირად საჭიროა მკურნალობა, რათა ადამიანმა აღიდგინოს დავიწყებული და ჩამოუყალიბდეს ინტეგრირებული იდენტობა. დისოციაციური ამნეზიის და დისოციაციური ფუგის შემთხვევებში განკურნება ხშირად უფრო წარმატებულია იდენტობის დისოციაციური აშლილობისგან განსხვავებით, რაც, სავარაუდოდ, ამ აშლილობების ნაკლები სირთულით (კომპლექსურობით) არის გამოწვეული.
განსხვავებით დისოციაციური ამნეზიის და დისოციაციური ფუგის მსხვერპლებისგან, იდენტობის დისოციაციური აშლილობის მქონე ინდივიდების შემთხვევაში მკურნალობა გაცილებით რთული და კომპლექსურია. იდენტობის დისოციაციური აშლილობის თერაპიის საბოლოო მიზანია, მოახდინოს სხვადასხვა იდენტობების შერწყმა, ინტეგრირება. იმისათვის, რომ პაციენტმა გაიხსენოს დავიწყებული ინფორმაცია, თერაპევტები იყენებენ განსხვავებულ მიდგომებს, მათ შორის ფსიქოდინამიკურ, ჰიპნოიტურ, მედიკამენტურ თერაპიას. იდენტობის დისოციაციური აშლილობის შემთხვევაში ეს მიდგომები ნელა მუშაობს, რადგან ის ინფორმაცია, რომელიც ერთმა იდენტობამ აღიდგინა შეიძლება მეორემ უარყოს.
დისოციაციური აშლილობის ნებისმიერი ფორმის დროს მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა, რადგანაც მშვიდ გარემოში ყოფნა დისოციაციური აშლილობის მქონე ადამიანის მეხსიერების აღდგენას უწყობს ხელს.
ფსიქოდინამიკური თერაპია ხშირად გამოიყენება დისოციაციური აშლილობების შემთხვევაში. თერაპევტისთვის უმნიშვნელოვანესია, გაარკვიოს, როგორ იყენებს პაციენტი რეპრესიის ანუ განდევნის პროცესს კონფლიქტებთან გამკლავებისას. სიმპტომი განიხილება, როგორც არაცნობიერიდან წამოსული შეტყობინება იმის შესახებ, რომ რაღაც არ არის წესრიგში. ფსიქოანალიტიკოსის ამოცანაა, დაეხმაროს პაციენტს განდევნილი აზრების ცნობიერებაში ამოტანაში და აღმოაჩენინოს განდევნილ კონფლიქტებს შორის არსებული კავშირი. ფსიქოდინამიკური თვალსაზრისით, თერაპია წარმატებულია, პაციენტი კი –გამოჯანმრთელებული მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ადრეულ ბავშვობაში განდევნილ ინფორმაციას გააცნობიერებს და მისგან გათავისუფლდება.
განდევნილი კონფლიქტების გაცნობიერებასა და მათ მოგვარებაში პაციენტისთვის დახმარების გასაწევად ფსიქოდინამიკური ტრადიციებით მომუშავე თერაპევტები იყენებენ სხვადასხვა ტექნიკებს; ესენია: თავისუფალი ასოციაციები, წინააღმდეგობის ანალიზი, სიზმრების ანალიზი, გადატანისა და კონტრგადატანის ანალიზი.
განდევნილი კონფლიქტების გაცნობიერებასა და მათ მოგვარებაში პაციენტისთვის დახმარების გასაწევად ფსიქოდინამიკური ტრადიციებით მომუშავე თერაპევტები იყენებენ სხვადასხვა ტექნიკებს; ესენია: თავისუფალი ასოციაციები, წინააღმდეგობის ანალიზი, სიზმრების ანალიზი, გადატანისა და კონტრგადატანის ანალიზი.
დისოციაციური აშლილობების მკურნალობის ერთ–ერთი თერაპიაა ჰიპნოტური თერაპია. თერაპევტი ახდენს პაციენტის ჰიპნოზირებას და ეუბნება, რომ გაიხსენოს დავიწყებული მოვლენები. იმ თვალსაზრისის გათვალისწინებით, რომ დისოციაციური ამნეზია და დისოციაციური ფუგა შეიძლება თვით–ჰიპნოზის ფორმები იყო, ჰიპნოთერაპია შეიძლება სასარგებლო ჩარევა აღმოჩნდეს. ჰიპნოტური ჩარევა შესაძლოა გამოყენებული იქნას ინტენსიური სიმპტომების შესაჩერებლად, მოდულირებისთვის, დავიწყებული ინფორმაციის გასახსენებლად, პაციენტის ეგოს გასაძლიერებლად, მეხსიერების ინტეგრაციისთვის და ერთი მთლიანი პიროვნული იდნტობის ჩამოსაყალიბებლად.
მედიკამენტური თერაპია – ხანდახან ბარბიტურატების (ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო პრეპარატი–აქვს ძილის მომგვრელი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ნარკოტიკული ეფექტი) ინექციები, როგორებიცაა ნატრიუმის ამორბიტალი და ნატრიუმის პენტობარბიტალი, გამოიყენება დისოციაციური ამნეზიის და დისოციაციური ფუგის მკურნალობისას, რათა ინდივიდმა აღიდგინოს დავიწყებული ინფორმაცია. ამ მედიკამენტების მოქმედების ეფექტი ვლინდება ადამიანის დამშვიდებაში, რაც ეხმარება მას აღიდგინოს დავიწყებული ინფორმაცია, რომელსაც თან ახლავს ძლიერი შფოთვა. ეს პრეპარატები ყოველთვის არ მოქმედებს და თუ მოქმედებს, ხშირ შემთხვევაში, კომბინირებულია მკურნალობის სხვა მიდგომებთან.
დისოციაციური აშლილობების შემთხვევაში იყენებენ კოგნიტურ–ბიჰევიორალური თერაპიას. ეს თერაპია ეფუძნება აზრს, რომ ჩვენ ის ვართ რასაც შთავაგონებთ საკუთარ თავს, რომ უნდა ვიყოთ და ვაკეთებთ იმას, რაც გვგონია, რომ უნდა გავაკეთოთ. ამ თერაპიაში გაერთიანებულია, ერთი მხრივ, მოტივაციასა და ქცევაზე აზრებისა და განწყობების გავლენის ანალიზი (კოგნიტური აქცენტი) და, მეორე მხრივ, ქცევის მოდიფიკაციის პირობითი განმტკიცება (ბიჰევიორალური აქცენტი). ამ თერაპიის გამოყენებით, დისოციაციური აშლილობის მქონე ადამიანს შესაძლოა ასწავლონ სტრესთან, ტრავმასთან გამკლავების უნარები, რითაც შემდგომი დისოციაციები თავიდან აცილებული იქნება.
დისოციაციური აშლილობების მკურნალობისას, ასევე, გამოიყენება შემოქმედებითი თერაპიები (არტ თერაპია, მუსიკალური თერაპია). არტ თერაპია ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს და აქცენტი ამ შემთხვევაში კეთდება არა მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე ნაწარმოებების შექმნაზე, არამედ თავად შემოქმედებითი პროცესის თერაპიულ ეფექტზე. კარლ გუსტავ იუნგი თავის ნაშრომებში მიუთითებდა, რომ სიმბოლური ენა, რომელიც ხელოვნების ნიმუშების მეშვებით მეტყველებს, ყველაზე ნათლად გამოხატავს პიროვნების „შინაარს“ და მის არაცნობიერს, ფარულ და ხშირად პიროვნებისთვის უცნობ შფოთვას და წუხილს. ხელოვნებით საკუთარი განცდების გადმოცემას და შემდგომ ამ შინააარსის მიხედვით საკორექციო სამუშაოების ჩატარებას იუნგი „კომპენსატორულ“ მექანიზმს უწოდებდა.
დისოციაციური აშლილობების მკურნალობისას ხშირად გამოიყენება ოჯახური თერაპია, რათა მოხდეს მეუღლეების და ბავშვების ინფორმირებულობა აშლილობის შესახებ და ასევე სასარგებლო ინფორმაციის შეგროვება. ოჯახური თერაპიის კლიენტია მთელი ოჯახი, რომელსაც აქვს თავისი ბირთვი, ხოლო ოჯახი განიხილება, როგორც ურთიერთქმედებათა სისტემის წევრი. ოჯახის თერაპიას შეუძლია ოჯახში არსებული დაძაბულობის შემცირება და ცალკეული წევრების ფუნქციონირების გაუმჯობესება იმით, რომ დაეხმაროს კლიენტებს და დაანახოს მათი ურთიერთობის როგორც დადებითი, ისე – უარყოფითი ასპექტები.
ამრიგად, დისოციაციური აშლილობების მკურნალობისას სხვადასხვა მიდგომები გამოიყენება. სამწუხაროდ, მკურნალობის გზების ეფექტურობის კვლევები არ არის ჩატარებული, მაგრამ შემთხვევების ანგარიშების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფსიქოდინამიკური მიდგომა და ჰიპნოტური თერაპია წარმატებულად მოქმედებს. თერაპია კიდევ უფრო ეფექტურია თუ ემყარება ეკლექტურ მიდგომას, რომლის დროსაც გამოიყენება მკურნალობის სხვადასხვა გზები.




0
52
შეფასება არ არის
ავტორი:აბრამიშვილი ანი
აბრამიშვილი ანი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0