x
მეტი
  • 28.03.2020
  • სტატია:100798
  • ვიდეო:345467
  • სურათი:463429
დამოუკიდებლობის აქტიდან საბჭოურ ანექსიამდე

imageქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე თავგანწირვით იბრძოდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ სივრცეში მოქცეულს, მუდამ მრავალი მტერი ჰყავდა, მის დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მუდმივად საფრთხე ემუქრებოდა. მტრები გაცილებით მრავალრიცხოვანნი და ძლიერები იყვნენ, თუმცა, ეს ვერ აიძულებდა პატარა ქვეყნის შვილებს ხელი აეღოთ ეროვნული ინტერესების დაცვაზე, უარი ეთქვათ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე და მუდმივ მონობას შეგუებოდნენ. საქართველოს წარსული არის მუდმივი ბრძოლის ისტორია საკუთარი იდენტობის დასაცავად, ისტორიულ-კულტურული ფასეულობების შესანარჩუნებლად.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენა მოხდა _ საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო და დაამტკიცა ‘’საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი’’, რომელიც 1919 წლის 21 მარტს ოფიციალურად დადასტურდა დამფუძნებელი კრების მიერ. სულ საქართველოს დამოუკიდებლობა აღაირა 17-მა სახელმწიფომ: თურქეთი, რუსეთი, გერმანია, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, იაპონია, ავსტრია, რუმინეთი, ჰაიტი, ლიბერია, მექსიკა, პანამა, სიამი, ლუქსემბურგი. ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, აღსდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის აქტით სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკა. დაიწყო ეროვნულ- სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის იდეოლოგიური საფუძველი იყო ევროპული ტიპის დემოკრატიული სოციალიზმი, რაც პრინციპულად უპირისპირდებოდა სოციალიზმის რუსულ მოდელს, ბოლშევიკურ მაქსიმალიზმს. დაიწყო თითქმის ყველა სფეროს რეფორმირება და ახალი სახელმწიფოებრივი სისტემის დანერგვა. აღნიშნული პერიოდისთვის საქართველო მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მაჩვენებელ სუბიექტს წარმოადგენდა და რეგიონში განსაკუთრებულ ადგილის მატარებელი იყო. საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენის მომენტში საერთაშორისო ვითარება უკიდურესად რთული და დაძაბული იყო. მსოფლიო ომის შემდეგ მეომარი სახელმწიფოების მომავალი ბედი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. ამავდროულად, საქართველოს ჩრდილოეთით მძვინვარებდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგებს საქართველოსთვის არსებითი მნიშვენელობა ენიჭებოდა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მტრულად შეხვდა საბჭოთა რუსეთი. სამოქალაქო ომისა და უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის პირობებში რუსეთს არ შეეძლო 1918-1920 წ-ში საქართველოს საშინაო საქმეებში უშუალოდ ჩარევა. სწორედ ამიტომ, ამიერკავკასიის რუსთა ეროვნულმა საბჭომ აქტიურად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ საქმიანობა, რომელსაც დიდ დახმარებას თბილისის რუსი სამღვდელოება უწევდა. რუსეთის ძირითად დასაყრდენ ძალას წამოადგენდნენ ქართველი ბოლშევიკები. ათობით მათმა აგენტმა დაიწყო ძირგამომთხრელი საქმიანობა _ შემოჰქონდათ იარაღი, ფული და აღჭურვილობა, რომელსაც ურიგებდნენ დეზერტირებს, ბანდიტებსა და სხვა დამნაშავეებს დესტაბილიზაციისთვის.

აღნიშნული მდგომარეობა კარგად გამოიყენეს ბოლშევიკებმა და 1918 წლიდან დაწყებული „გლეხთა“ აჯანყებების ინსპირირება მოაწყვეს სხვადასხვა რაიონებში. 1920 წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა საქართველოსთვის. სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ საბჭოთა რუსეთმა დაიწყო მზადება ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების დასაპყრობად. 1920 წლის აპრილის ბოლოს საბჭოთა მე-11 წითელი არმია ს. ორჯონიკიძის მეთაურობით ბაქოში შევიდა. აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. ამ ფაქტის შემდეგ, რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო, პირადად ს. ორჯონიკიძე და მე-11 არმიის სარდლობა შესაძლებლად მიიჩნევდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობასაც. საჭირო იყო საბაბი საქართველოში შეჭრისათვის. ასეთ საბაბად იქცა 1920 წლის 1-2 მაისის ღამით ქართველი ბოლშევიკების მიერ მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმა იუნკერთა სასწავლებელზე თბილისში. რუსეთის მე-11 წითელი არმია აზერბაიჯანიდან თბილისისაკენ დაიძრა, რომლის აღებასაც 15 მაისისთვის გეგმავდა. საქართველოში გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. ფოილოს ხიდთან ბრძოლაში რუსები დამარცხდნენ და სწრაფად დაიხიეს უკან. საგულისხმოა, რომ ქართველების მიერ აყვანილი ტყვეებიდან ყველა რუსი იყო, რაც აშკარად ადასტურებდა კომუნისტების განცხადების სიცრუეს, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის ჯარებმა შეუტიეს საქართველოს და არა რუსებმა.

1920 წლის 7 მაისს ხელი მოეწერა ლ. კარახანთან ერთად რუსეთ-საქართველოს საზავო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირს უნდა ეცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და უნდა აკრძალვოდა მის საშინაო საქმეებში ჩარევა.თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებას ახლდა ‘’განსაკუთრებული საიდუმლო დამატება’’, რომლის ძალითაც საქართველოს კომუნისტურ ორგანიზაციებს ეძლეოდათ ლეგალური მუშაობის უფლება. დადებული ხელშეკრულება, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ დროის მოგებისთვის და საომარი მოქმედებების მოსამზადებლად იყო გამიზნული. მიუხედავად მძიმე საშინაო მდგომარეობისა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ყველანაირად ცდილობდა საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების განმტკიცებას. მიმდინარეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის ფაქტობრივად და იურიდიულად აღიარების პროცესი. მიღებულ იქნა კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს, წითელი არმიის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე. მისი ძირითადი დებულებანი შემუშავებული იყო ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოების კონსტიტუციების, განსაკუთრებით შვეიცარიის დადებითი გამოცდილების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციას პრაქტიკულად არ უმოქმედია, მაინც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი იყო იგი ქართველი ერის ისტორიული განვითარების გზაზე.

საქართველოს გასაბჭოების სცენარი ითვალისწინებდა საქართველოს სოციალისტურ გადატრიალებას შინაგანი ძალებით. საბჭოთა რუსეთის ქმედება კლასობრივ თანამოძმეთა ‘’ძმური დახმარებით’’ უნდა გამართლებულიყო. 1921 წლის 11-12 თებერვალს ღამით ბორჩალოს მაზრის რუსი კოლონისტების სოფლებში დაიწყო ‘’აჯანყება’’, რომელიც საბჭოთა პროპაგანდამ ‘’საქართველოს მშრომელთა აჯანყებად’’ გამოაცხადა. 1921 წელს 12 თებერვალს რუსეთმა საომარი ოპერაციები დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. აზერბაიჯანიდან საზღვრები გადმოლახა მე-11 წითელმა არმიამ, რომელიც კავალერიის ორი დივიზიით იყო გაძლიერებული.

13 თებერვალს იწურებოდა ქართული არმიის დგომის ვადა ლორეს ნეიტრალურ ზონაში, ქართულმა მხარემ სომხებს შესთავაზა მოლაპარაკება ვადის გაგრძელების შესახებ. ამით ისარგებლა წითელი არმიის სარდლობამ და ე.წ. “აჯანყების” საბაბად ეს მომენტი გამოიყენა. ორჯონიკიძემ ი. ლაზიანს დაავალა შაგალის ხიდის დაცვის განეიტრალება და ლორეში განლაგებულ ქართულ დანაყოფებზე ღამით თავდასხმა. ამ მიზნით მომზადდა 400 სომეხი დივერსანტი. თუ ქართული არმია ლორეში წარმატებას მიაღწევდა, კონფლიქტი უნდა გაფორმებულიყო როგორც “სომხების აჯანყება”.

რუსეთი ცდილობდა შეენიღბა აშკარა აგრესია დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გადაწყდა, აჯანყებული საქართველოს მშრომელების სახელით მოსკოვში გაგზავნილიყო თხოვნა დახმარების თაობაზე. ეს თხოვნა შულავერში ორჯონიკიძის ინიციატივით შექმნილმა რევკომმა მოსკოვში მხოლოდ 1921 წლის 16 თებერვალს გაგზავნა, როცა 12 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიის ნაწილები უკვე საქართველოს საზღვრებში იყვნენ შემოჭრილი და ომიც მიმდინარეობდა, ხოლო 15 თებერვალს მოსკოვში უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება თბილისის დაკავების შესახებ. საოკუპაციო ძალებს საქართველომ ყველა ფრონტზე დაახლოებით 40 000-იანი არმია დაუპირისპირა.

გთავაზობთ ომის ქრონოლოგიურ მიმდინარეობას:

12 თებერვალი – ღამით დივერსანტებმა გაანეიტრიალეს შაგალის ხიდის დაცვა, გადაჭრეს დანაღმული ხიდის კაბელი და თავს დაესხნენ მეორე ბრიგადის მძინარე დანაყოფებს. ბამბაკის ხეობაში ტყვედ ჩავარდა დაახლ. 1.000 ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი (განადგურდა 5 და 8 ბატალიონები, ნაწილობრივ მე-7-ე.). ვრონცოვკის მიმართულებაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გვარდიის მეთაურ რ. ჩხეიძეს, მიღებული ზომების შედეგად მოხერხდა თავდასხმის მოგერიება. გარდა დივერსანტებისა, შეტევაში მონაწილეობას იღებდა 11-ე არმიის 96-ე მსროლელი ბრიგადა, 179-ე პოლკი და მე-20-ე დივიზიის ცხენოსანი პოლკი.

13 თებერვალი – გრძელდება შეტაკებები ვორონცოვკის სექტორში, სადაც ბრძოლაში ჩაება წითელი არმიის არტილერია და ცხენოსანი ნაწილები. ქართულმა სარდლობამ სცადა კონტრშეტევა, მაგრამ წარუმატებლად. მოწინააღმდეგემ დაიკავა სოფელი აირუმი.

14 თებერვალი – მძაფრი შეტაკების შემდეგ დაეცა სოფელი სადახლო. ჩხეიძის დაჯგუფება გარმოცვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და ბოლნისისკენ დაიხია. ქართული ნაწილები უკუიქცნენ მდინარე ხრამის მიმართულებით.

15 თებერვალი – შტაბში გამართულ თათბირზე ირკვევა რომ სარდლობამ არ იცის რა ხდება ფრონტზე. იოლ გამარჯვებაში საბოლოოდ დარწმუნებულმა ლენინმა გასცა ბრძანება თბილისის აღების შესახებ. ფოილოს ხიდთან განლაგებული ქართული დანაყოფები ამჩნევენ რუსების დიდი კოლონების მოძრაობას წითელი ხიდისკენ და ითხოვენ ხიდის აფეთქების ბრძანებას.

16 თებერვალი – მოწინააღმდეგე დიდი ძალებით უტევს წითელ ხიდთან განლაგებულ სახალხო გვარდიის გურიის ბატალიონს და უკუაგდებს. დასახმარებლად დაძრული თბილისის III ბატალიონი ჩასაფრებაში მოყვა და დაიფანტა. თბილისის I ბატალიონი შემხვედრ ბრძოლაში ანადგურებს მოწინააღმდეგის მეწინავე ნაწილებს და უკუაგდებს მდ. ალგეთს იქით. თუმცა მალევე გარემოცვაში ექცევა და უკან იხევს მდ. ხრამისკენ.
– რუსებმა სცადეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფოილოს სარკინიგზო ხიდის ხელში ჩაგდება, მაგრამ მესანგრეებმა მოასწრეს ხიდის აფეთქება, რომელსაც მტრის რამდენიმე ჯანშანმატარებელი მოადგა. მოგერიებულია ცხენოსნების შეტევა მარცხენა ფლანგზე. ხიდს სახალხო გვარდიის იმერეთის და სამეგრელოს ბატალიონები იცავდნენ.
– წითელი არმია შეტევაზე გადმოვიდა კახეთში, მე-18 ცხენოსანი დივიზიის და 2 ქვეითი პოლკის ძალით. მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობას უწევდნენ სასაზღვრო ჯარების სარდლის, გენერალ სტეფანე ახმეტელაშვილის დანაყოფები: არმიის VI ბატ., გვარდიის კახეთის ბატალიონი და მოხალისეთა საკაველერიო ასეული.
– სამხრეთის ფრონტი მოიშალა და გადარჩენილმა ნაწილებმა მდინარე ხრამთან იწყეს თავმოყრა.
– მთავარსარდლად დაინიშნა გ. კვინიტაძე
– ფ. მახარაძემ საქართველოს რევკომის სახელით ოფიციალურად დახმარება სთხოვა რუსეთს. შეიქმნა ე.წ. “შულავერის კომიტეტი”.

17 თებერვალი – თბილისში იძახებენ ყველა თავისუფალ ბატალიონს: არმიის IV ბათუმიდან, X ახალციხიდან, XI ახალქალაქი, XII არდაგანი, გვარდიის ქართლის I და II, ახალციხის და ბათუმის ბატალიონები.
–ორხევი-ლილოს მიმართულებაზე მოძრაობდნენ არმიის და გვარდიის ცხენისანი დივიზიონები.
–დ. ჭავჭავაძეს დაევალა ახალი ცხენოსანი დივიზიონის ფორმირება. სურამის უღელტეხილზე გაიგზავნა მესანგრეთა დანაყოფი.
– თბილისში შეიქმნა “მოხალისე მცველების” დანაყოფები, რომლებიც წესრიგის დაცვაზე ზრუნავდნენ. მოხალისედ ჩაეწერა ორგანიზაცია შევარდენის, უნივერსიტეტის და გიმნაზიების ბევრი მოსწავლე.
– მოწინააღმდეგემ აიღო ლაგოდეხი. სხვა მიმართულებებზე საბრძოლო მოქმედებები არ წარმოებდა.
– თბილისში ჯგუფ-ჯგუფად შემოდიან ხრამიდან უწესრიგოდ უკუქცეული დანაყოფები.

18 თებერვალი ¬_ იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს საბრძოლო წარმატება. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომლებმაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისის და ვაშლოვანის იქით განდევნეს. უკვე 19 თებერვალს ¬_ მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რუსების უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა, ქართულმა ჯარმა წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა. ქართველებმა 1000 ტყვე იგდეს ხელთ.

19-20 თებერვალს _ სოფელ ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე მეთაურობდა. სოფელი ქართველ იუნკერებს დარჩათ, თუმცა წითელმა არმიამ მათ გვერდი აუარა და შეტევა გააგრძელა.

20 თებერვალს ¬_ კოჯრის რაიონში მე-11 წითელი არმიის ნაწილები კვლავ დამარცხდნენ, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს.

21 თებერვალი – მოგერიებულია წითლების შემოტევა სოფელ ტაბახმელაზე. შუადღისას კონტრშეტევაზე გადასულმა ქართულმა ნაწილებმა დაიკავეს სოფლები კუმისი და წალასყური. ტყვედ ჩავარდა 60 წითელარმიელი, ალაფის სახით დაგვრჩა 8 ტყვიამფრქვევი და ბევრი ვაზნა.
– ლილოს ფრონტზე (ა. ჯიჯიხია) სახალხო გვარდიის 7 ბატალიონი შეტევაზე გადავიდა და 10 კილომეტრით დაახევინა წითლებს. აქტიურად იბრძოდა ცხენოსანი დივიზიონი.
– 11-ე არმიას დაევალა თბილისის აღების ახალი გეგმის შემუშავება.
– დარიალის მიმართულებაზე წერეთლის ჯგუფმა (დარიალის მესაზღვრეთა რაზმი, სახალხო გვარდიის დუშეთის ბატალიონის ნაწილი და მოხალისეები) მოიგერია წითელი არმიის შეტევა.

22 თებერვალი – წითლების ცხენოსანმა დივიზიამ XII ბატალიონის ნაწილთან შეტაკების შემდეგ აიღო მანგლისი. წყნეთის გზაზე შემხვედრ ბრძოლაში მოხერხდა შეტევის მოგერიება. წყნეთში გაიგზავნა გვარდიის ერთი ბატალიონი.
– მთიულების ცხენოსანი ესკადრონი (80 კაცი) დაიძრა ნახშირგორის მიმართულებაზე მოწინააღმდეგის დასაზვერად.
– ტაბახმელას ფრონტზე ადგილობრივი მნიშვნელობის პოზიციური ბრძოლაა.
– გაგრა. 31-ე დივიზიამ აფსუა კომუნისტების დახმარებით შემოუარა ქართულ გამაგრებულ რაიონს (“რესპუბლიკის ფარი”) მთებიდან და შეიჭრა გაგრაში.
– დარიალი. წერეთლის რაზმმა ააფეთქა ხიდი და მოიგერია შემოტევა.

23 თებერვალი
– სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა (გენერალმა წულუკიძემ ლიანდაგები ააფეთქა და გზები დაანგრია, რომ მტრის შემოსვლა შეეჩერებინა), რამაც რუსეთის რეზერვის შევსება გამოიწვია და მათი შეტევა გააძლიერა დედაქალაქის მიმართულებით. 17-24 თებერვალს ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისის მისადგომებთან. მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, 24 თებერვლისთვის რუსეთ- საქართველოს ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კმ-ზე იყო გადაჭიმული, რომლის დაცვა რეზერვების სიმცირის გამო შეუძლებელი ხდებოდა. თბილისის მისადგომები ზოგ რაიონში საერთოდ დაუცველი იყო.

24 თებერვალი_ საღამოს 10 საათზე, მთავრობამ და გენერალმა გ. კვინიტაძემ მიიღეს გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკანდახევისა და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ. შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ბრძოლების გამართვას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან ს. ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა: ‘’თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!’’ თბილისის დატოვების შემდეგ ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტეკება ჰქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე. მთავრობა ბათუმში გადავიდა. მიუხედავად უკიდურესად რთული მდგომარეობისა მას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. ბათუმში გაიმართა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელმაც დაადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლა და იქიდან ბრძოლის გაგრძელება რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს განთავისუფლების მიზნით. თვითონ დამფუძნებელ კრებას, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, თავისი უფლებამოსილება არ მოუხსნია. ამრიგად, სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველო გახდა რუსეთის ინტერვენციის მსხვერპლი, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემითა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით. დემოკრატიულ საქართველოში, კომუნისტური ტირანიის დამყარებამ უდიდესი წინააღმდეგობის კერები წარმოშვა შემდგომში.
image

0
37
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0