x
მეტი
  • 28.03.2020
  • სტატია:100798
  • ვიდეო:345476
  • სურათი:463429
24 თებერვალი ირაკლის გარდაცვალების დღეა - როგორ იხსენებს ამ დღეს გელა ჩარკვიანი

image

„ჩაწერა მაქვს „რუსთავი 2“-ზე, დათო გოგიჩაიშვილთან. ნახევარ საათში უნდა გავიდე, – მითხრა ქეთათომ ტელეფონით. – იქნებ მოხ­ვიდეთ და ჩვენთან იყოთ, სანამ დავბრუნდები. ირაკლი ღამე თავს კარგად არ გრძნობდა. ახლა ჩაეძინა, მაგრამ მაინც მეშინია“.

პარასკევის დილა იყო. ჩემს მდივანს დავურეკე და ვუთხარი, შემაგვიანდება-მეთქი. ომარ არუთინოვს ვთხოვე, ირაკლისთან ვერაზე მივეყვანე და გარაჟში ჩემს ზარს დალოდებოდა. ქეთათო რომ გავიდა, სავარძელში ჩავჯექი და კინოსცენარის კითხვას შევუდექი... რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ცოტათი მომწყინდა – მხატვრულის კითხვას გადაჩვეული ვიყავი. ფურცლები იატაკზე დავდე. ავდექი და კედელზე დაკიდებული ირაკლის ნახატებისა და ფოტოების თვალიერება დავიწყე. მერე დიდ ოთახში გავედი და მძინარე ირაკლის დავხედე. მშვიდად, მეტრონომის სიზუსტით სუნთქავდა. ერთ ბეჭზე საბანი არ ეხურა და ხელი დავადე. სიცხე არ ჰქონდა. კედლებზე სურათები აქაც იყო და სანამ ყველა, ალბათ ასჯერ ნანახი, ისევ დავათვალიერე, ოთახი არ დავტოვე. კვლავ სავარძელში ჩავეშვი, თუმცა სცენარი იატაკიდან აღარ ავიღე. სახლში წავიკითხავ-მეთქი, ირაკლის პატარაობა გამახსენდა, როგორ ვეთამაშებოდი „შემოქმედებით“ თამაშებს – რითმობანას, პარადოქსობანას, ოქსიმორონობანას და აბსურდობანას...

მოგონებებში გავატარე საათ-ნახევარი. მალე ქეთათო უნდა დაბრუნებულიყო. წამოვდექი და კვლავ იმ ოთახში შევედი, სადაც მძინარე ირაკ­ლი მეგულებოდა. იმავე პოზაში იწვა და ოთახიდან გასვლა დავაპირე. კართან ვიდექი. არც გავდიოდი და არც უკან ვიხედებოდი. ძალიან არ მინდოდა დამენახა ის თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება, რომელიც შევამჩნიე და არ შევიმჩნიე, ის ზარდამცემი, უსასრულოდ მცირე სხვა­ობა, ახლად მკვდარს ცოცხლისგან რომ განასხვავებს. რამდენ ხანს შემეძლო მეტყუებინა თავი... მივედი და იმავე ბეჭზე ხელი დავადე. არ სუნთქავდა. მერე მკერდს ჩავუყევი. მხოლოდ გულის სიახლოვეს აღმოვაჩინე პაწაწინა თბილი წერტილი. სასწრაფოს ექიმმა გარდაცვალება დაადასტურა. ქეთათო ჯერ კიდევ სტუდიაში იყო, იქ შევატყობინე და „რუსთავი 2“-მა ირაკლის სიკვდილის ამბავი breaking news-ის სახით გაუშვა ეთერში... ამას მოჰყვა სხვა ტელევიზიების სიუჟეტები, ათას­გვარი ვერსიებით და უწყვეტი ზარების ნაკადი ჩემს მობილურზე...

ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი – ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის – ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს. მეორე – მიამიტი და იმავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. „სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა“.

სამძიმრის სათქმელად ჩვენს პეკინის 14-ის ბინაში, ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების გარდა, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელები მოვიდნენ..."


0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0