x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სხვადასხვა სახის მარტოობა

მარტოობა

ფსიქოლოგების მიხედვით, მარტოობა არამარტო უსიამოვნო გრძნობაა, არამედ დაავადებაცაა, რომელიც გარკვეული ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის. მარტოობა ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა საკმაოდ დაბალი იყოს (მაგალითად, 4, 4 პროცენტი აზერბაიჯანში), თუმცა ზოგიერთ ადგილას მისი პროცენტული რაოდენობა შემაშფოთებელიცაა ( მაგ, 20 პროცენტი დანიაში).

ამ ყველაფრის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ მარტოობის იდენტიფიცირების საყოველთაოდ მიღებული მეთოდი არ არსებობს. დიაგნოსტიკური მეთოდების უმეტესობა მას, როგორც ერთ-განზომილებიან კონსტრუქტს განიხილავს: მიუხეავად იმისა, რომ ის დონეებით შესაძლოა განსხვავდებოდეს, ადამიანია ან „მარტოსულია, “ ან არა. თუმცა, ახალი შეხედულების მიხედვით, რომელიც ჟურნალ “Social Psychiatry and Psychiatric Epidemiology” გამოქვეყნდა, მარტოობა სამ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ, რომელთაგან ორი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთანაა დაკავშირებული.

დუბლინის ტრინიტი კოლეჯის მკვლევარმა ფილიპ ჰაილენდმა და კოლეგებმა 1839 18-დან 70 წლამდე ამერიკელი ადამიანი გამოიკვლიეს, რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში 1 ტრავმული მოვლენა მაინც ჰქონდათ გადატანილი (ამით მკვლევრებმა ასევე დაადგინეს კავშირი ბავშვობის ტრავმასა და მარტოსულობას შორის). კვლევის მონაწილეების უმეტესობა დაქორწინებული იყო ან პარტნიორთან ცხოვრობდა.


მონაწილეებმა ექვს დებულებიანი კითხვარი შეავსეს, რომელიც „სოციალურ მარტოობას“ ზომავდა ( რაც სოციალური ურთიერთობების რაოდენობას განსაზღვრავს). მათ ასევე შეავსეს კითხვარები, რომლებიც ბავშვობის და ზრდასრულობის ტრავმის, დეპრესიის და შფოთვის, მათი ფსიქოლოგიური კარგად-ყოფნის აღმოსაჩენად იყო განკუთვნილი.


ამის შემდეგ, მონაწილეების 17.1 პროცენტს, რომელთა მარტოობის ქულებიც საშუალოაზე უფრო მაღალი აღმოჩნდა, ე.წ. „მარტოსულის“ სტატუსი მიენიჭათ. თუმცა მკვლევრებმა სტატისტიკური ტექნიკებიც გამოიყენეს იმისთვის, რომ ხარისხის მიხედვით განსხვავებები ენახათ მონაწილეების მარტოობის განცდაში.

პირველ ტიპს, მათ „დაბალი დონის მარტოობა“ უწოდეს, რაც სოციალური და ემოციური მარტოობის სკალებზე დაბალი ქულებით განისაზღვრებოდა. როგორც აღმოჩნდა, მონაწილეების ნახევარი ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. მეორე ტიპი „სოციალური მარტოობა“, რომელიც მონაწილეთა მხოლოდ 8.2 % შეადგენდა, მოიცავდა ადამიანებს, რომლებსაც დაბალი ქულები ჰქონდათ ემოციური მარტოობის სკალაზე, მაგრამ მაღალი სოციალურ მარტოობაში. მესამე ტიპი „ ემოციური მარტოობა“ კი პირიქით მაღალ ემოციურ მარტოობას და სოციალური მარტოობის დაბალ დონეს აღნიშნავდა, ასეთი ქულები მონაწილეების მეოთხედს დაუფიქსირდა. რაც შეეხება მეოთხე და საბოლოო ტიპს, მას „სოციალური და ემოციური მარტოობა“ დაარქვეს და ის ორივე ტიპის მარტოობის სკალებზე მაღალ ქულებს ნიშნავდა, მონაწილეების 12.4 % შევიდა ამ ტიპში.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს მკაფიო ფსიქოლოგიური დისტრესი მონაწილეებში. „დაბალი დონის მარტოობის“ მქონე პირები ყველაზე ნაკლებ სტრესს განიცდიდნენ, რაც, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ ყოფილა. ამის შემდეგ მოდიოდა „ სოციალური მარტოობის“ მქონე მონაწილეები, შემდეგ „ემოიცური მარტოობის“ და სულ ბოლოს „სოციალური და ემოციური მარტოობის“ ტიპში შემავალი მონაწილეები.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ურთიერთობების ხარისხი აშკარად უფრო მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ვიდრე უბრალოდ მათი რაოდენობა. ეს შედეგები გვაჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მარტოობა დაკავშრებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის გარკვეულ გაუარესებასთან, ემოიციური მარტოობა ფსიქიკურ ჯანმრთელობას უფრო დიდ ზიანს აყენებს და უფრო უარყოფით გავლენას ახდენს მასზე. ამასთან ერთად, „სოციალური და ემოციური მარტოობის კომბინაცია ყველაზე მეტად არის ასოცირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან“- წერენ მკვლევრები.

ადამიანები, რომლებიც“ ემოციური მარტოობის“ ტიპს განეკუთვნებოდნენ, უფრო ხშირად ქალები და შედარებით ახალგაზრდები იყვნენ, არ იყვნენ ურთიერთობაში და უფრო მეტი ბავშვობის ტრავმა ჰქონდათ ვიდრე დანარჩენ მონაწილეებს. მსგავსი ტიპის მონაწილეებს ვხდებოდით „სოციალურ და ემოციური მარტოობის“ ტიპშიც, მხოლოდ ერთი განსხვავებით- ასეთ ადამიანებს უფრო მეტი „ზრდასრულობის ტრავმა“ აღენიშნებოდათ.

ზემოთაღნიშნული კვლევა გვიჩვენებს, რომ მარტოობის კვლევისას ან მარტოობაზე საუბრისას საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ მარტოობის რამდენიმე განსხვავებული კატეგორია არსებობას, ასევე იმას, რომ უფრო მნიშნველოვანი არა ურთიერთობების რაოდენობა, არამედ ხარისხია. როგორც მკვლევრები ასკვნიან:“საზოგადოებრივი პერსპექტივიდან და ფსიქოლოგიური დისტრესის შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ შევეცადოთ გავაუმჯობესოთ სოციალური კავშირების ხარისხი და არა უბრალოდ გავზარდოთ მათი რაოდენობა“.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:თინა სოლომონია
თინა სოლომონია
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0