x
მეტი
  • 10.04.2020
  • სტატია:101035
  • ვიდეო:345734
  • სურათი:463844
მანიპულატორი

image

ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა. მათ შორის მრავლად არიან მანიპულატორებიც, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა საშუალებით შთაბეჭდილება მოახდინონ ჩვენზე, რათა კონტროლი და მართვა მეტად ადვილი გახდეს. მანიპულაციის ძირითადი არსი, სწორედ ადამიანის მართვა და კონტროლია. თუმცა, მანიპულაცია ყოველთვის უარყოფითი მნიშვნელობის როდია. თითოეული ადამიანი თავისი ბუნებით მანიპულატორია. მაგალითის სახით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჩვილი, რომელმაც რამდენიმე თვის შემდეგ უკვე კარგად იცის, რა შეუძლია მის ტირილს და პატარა წამოტირების შემდეგ, რამდენად მარტივად შეიძლება სასურველის ხელში ჩაგდება. შესაბამისად, მანიპულაციას ხშირად მივმართავთ, რათა უფრო მარტივი გახდეს იმის მიღწევა, რაც ჩავიფიქრეთ.

თუმცა, წმინდა მანიპულატორი არსებითად განსხვავდება სხვებისგან. იგი ფარავს საკუთარ გრძნობებს, ცდილობს მინიმალური ინფორმაცია გაანდოს ვინმეს. ასეთ ადამიანს უხვად აქვს დაგროვილი ისეთი ფრაზები, რომლის საშუალებითაც მონუსხავს ვინმეს და მის მართვას შეძლებს. მთავარი ფაქტორი აქ ეფექტის მოხდენაა, რადგან შემდეგ უფრო მარტივად არის შესაძლებელი ინდივიდის დაყოლიება და მართვა. წმინდა მანიპულატორი ცდილობს არ გაამჟღავნოს საკუთარი ბუნება, თუმცა შინაგად იგი ცარიელია, ფაქტობრივად მექანიკურად არის გადაქცეული და ასეთი მდგომარეობიდან თავის დაღწევასაც კი ცდილობს. არსებობს სხვადასხვა სახის მანიპულაციური სისტემები:

აქტიური მანიპულატორი - იყენებს სხვადასხვა საშუალებასა და მეთოდს ადამიანების სამართავად. თავი მოაქვს, როგორც ძლიერი და მტკიცე პიროვნება. ნიღბავს საკუთარს და პირიქით ცდილობს გამოიყენოს სხვისი სუსტი მხარე. ყველაფერს აკეთებს სხვების სამართავად.

პასიური მანიპულატორი - ფაქტობრივად, აქტიური მანიპულატორის მეორე მხარეა. პასიურობით გამოირჩევა და თავის უსუსურობით ცდილობს მიზნის მიღწევას. იგი საკუთარ სისუსტესა და დაუცველობას იყენებს სხვების სამართავად. ჰიპოქონდრიკი შეგვიძლია ასეთ მანიპულატორად მივიჩნიოთ, რომელიც ცდილობს საკუთარი გამოგონილი ავადმყოფობით მანიპულირება მოახდინოს გარშემომყოფ საზოგადოებაზე, რათა მუდმივად ყურადღების ცენტრში იყოს.

მოპაექრე მანიპულატორი - მისთვის ცხოვრება შეჯიბრია, ყველას უყურებს როგორც კონკურენტი. ყველაფერს აფასებს მოგება წაგების მიხედვით. ყველანაირ საქმიანობაში ცდილობს მოგებული გამოვიდეს. ყოველდღიურად ბრძოლა უხდება, რადგან ცხოვრება მისთვის რბოლაა, ადამიანები კონკურენტები და ხშირ შემთხვევაში მტრებადაც შეიძლება მიიჩნეოდნენ. ასეთი პიროვნება შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც აქტიური და პასიური მანიპულატორის ნარევი.

გულგრილი მანიპულატორი - თავს აჩვენებს, ისე თითქოს მისთვის ყველაფერი სულერთია. ძირითადად იზოლირებულია და ნაკლებად ამყარებს სოციალურ ურთიერთობებს. არ იჩენს ინტერესს ადამიანების მიმართ. ხშირად წარმოგვიდგება, როგორც ჭირვეული, წუწუნებს გარკვეულ საკითხებზე. საერთო ჯამში კი მისთვის სულაც არ არის ყველაფერი სულერთი. მას ტყუილად არ დაუწყია ასეთი თამაში. ეს მეთოდი საკმაოდ სანდოა მისთვის, რომ იმას მიაღწიოს რაც სურს.

როგორც ვხედავთ, არსებობს სხვადასხვა სახის მანიპულაციური სისტემები, რომელთაც აქტიურად გამოიყენებენ ადამიანები, ზოგი მეტად, ზოგი კი ნაკლებად. ხშირ შემთხვევაში ასეთი მანიპულაციები შეუმჩნეველი და ამოუცნობი რჩება, რადგან იმდენად არის გამჯდარი ყოველდღიურ ურთიერთობებში, რომ მის შემჩნევას დახელოვნება ესაჭიროება. როგორც უკვე ვახსენე, ზომიერად მანიპულატორები ყველა ვართ, თუმცა რაც შეეხება წმინდა მანიპულატორებს, რომელთაც ძირითადი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცხოვრების აზრი მეორე ადამიანის მართვასა და კონტროლშია. ეს ადამიანები შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც: მატყუარა, ცინიკოსი, კონტროლის მოყვარული, თვითცნობიერების დაბალი დონე. ისინი მუდმივად მიჯაჭვული არიან წარსულსა ან მომავალზე. რაიმე წარუმატებლობის შემთხვევაში საკუთარ თავს მუდმივად ამართლებენ წარსულითა და მომავლით.

ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მსგავსი მანიპულაციური სისტემებით და სურთ, რომ შეიცვალონ და როგორც ევერეტ შოსტრომი, გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი აღნიშნავს, აქტუალიზაციის გზას დაადგნენ, არსებობს სხვადასხვა მეთოდი: ჯგუფური დისკუსია, ლექციები, შემთხვევების ანალიზი, სენსიტიურობის ტრენინგი და სხვა. ამასთან დაკავშირებით, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი, კარლ როჯერსი თერაპიის რვა დონეს გამოყოფს. პიროვნებას შეუძლია დაიწყოს პირველი დონით და დაასრულოს მე-8 დონით. შეუძლია დაიწყოს მე-3 დონით და უცებ გადავიდეს მე-7 დონეზე, საკუთარი სურვილის შესაბამისად. ეს თერაპია ემსახურება მანიპულატორის გარდაქმნას აქტუალიზატორად.

მნიშვნელოვანია, განიმარტოს თუ რას ეწოდება და როგორი პიროვნება შეიძლება იყოს აქტუალიზატორი. თვითაქტუალიზაციაა, როდესაც ინდივიდი იყენებს საკუთარ შესაძლებლობებსა და რესურსს. იმ ნიჭის რეალიზირებას ახერებს, რომელიც გააჩნია. ასეთი ადამიანი მეტად უსაფრთხოდაა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მას ესმის, რომ უნიკალურია და საკუთარი რესურსი და ნიჭი სწორი მიმართულებით ვითარდება. იგი აწყმოთი ცხოვრობს და აღარ სჭირდება თავის გასამართლებლად წარსულისა და მომავლის დახმარება. (დამადებითი ინფორმაციისთვის, თვითაქტულიზაციასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ ჰუმანისტურ ფსიქოლოგებს, კერძოდ: აბრაჰამ მასლოუს).

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პიროვნება აქტუალიზაციის გზას ადგეს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მანიპულატორი თითოეულ ადამიანში იჩენს თავს, მათ შორის აქტუალიზატორშიც, თუმცა ეს უკანასკნელი მას არ აზარალებს. პირიქით, როგორც სრულყოფილი და უნიკალური პიროვნება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ეცდება და ამ ყველაფერს ყველანაირი დანაკლისი გარეშე შეძლებს.

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:ზურა სალამაძე
ზურა სალამაძე
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0