x
მეტი
  • 10.04.2020
  • სტატია:101034
  • ვიდეო:345733
  • სურათი:463844
შფოთვა და მასთან გამკლავების სტრატეგიები

ერთ-ერთი ფაქტორი რომლის უარყოფითი გავლენაც აშკარაა სასკოლო მიღწევებზე არის შფოთვა. ჯერ კიდევ 1908 წლის შრომაში იერკსი და დოდსონი მიუთითებდნენ სასკოლო წარმატებასა და შფოთვას შორის უარყოფით კორელაციაზე. შესაბამისად, სწავლის ეფექტურობის გაზრდისთვის აშკარაა შფოთვასთან გამკლავების სტრატეგიების შემუშავების საჭიროება. თუმცა შესაბამისის სტრატეგიის შერჩევამდე აუცილებელია პასუხი კითხვებზე, თუ რა არის შფოთვა და რა იწვევს მას.
შფოთვა განიმარტება, როგორც ემოციური მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს მთელი რიგი ფიზიოლოგიური პროცესები და დაძაბულობისა და მოსალოდნელი საფრთხის სუბიექტური განცდა. ფიზიოლოგიურ რეაქციებში ერთიანდება როგორც სუნთქვისა და გულისცემის გახშირება, ასევე სისხლის წნევისა და კუნთური ტონუსის მომატება, ამ ყველაფერს კი საფუძვლად სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაცია უდევს.
შფოთვის გავლენა ძლიერია აზროვნებაზე და შესაბამისად ქცევაზე. შფოთვის კოგნიტური ასპექტი წარმოადგენს ნეგატიურ აზრებს, მაგალითად საკუთარი მარცხის შესახებ. ერთი მხრივ იგი ადაპტურია, რადგან უზრუნველყოფს მიზანმიმართული ქცევის განხორციელებას, თუმცა ამასთან ერთად ხშირად აბრკოლებს ადამიანის სრულფასოვან ფუნქციონირებას.
შფოთვა არის ასევე პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არის ზოგი მოსწავლისთვის სხვებთან შეჯიბრის სიტუაცია დამთრგუნველი. ესაა შეგრძნება, როცა მარცხს საკუთარი თავის პრეზენტაციისას მოჰყვება უსიამოვნო შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ შფოთვას ყველა ადამიანზე აქვს ნეგატიური ეფექტი, მისი შედეგები განსაკუთრებით საყურადღებოა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. იგი აფერხებს, როგორც სწავლას, ასევე ყურადღების ფოკუსირებასა და საკუთარი თავის შემოწმებას. გამომდინარე იქედან, რომ ახალი მასალის ათვისება შეუძლებელია სათანადო ყურადღების გარეშე, მარტივი წარმოსადგენია თუ როგორი რთულია, კომპლექსური სასწავლო მასალის აღქმა და დამახსოვრება მოსწავლისთვის, რომელიც კონცენტრირებულია საკუთარ განცდებსა და მოსალოდნელ საფრთხეზე.
აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ რაც უფრო მეტია შფოთვა მით უფრო ნაკლებია მასალის ეფექტური ათვისების ხარისხი, შესაბამისად მოსწავლე ნაკლებად წარმატებულია, ხოლო წარუმატებლობა თავის მხრივ ზრდის შფოთვის დონეს.
გარდა იმ ტექნიკებისა, რომელსაც შფოთვასთან გამკლავების მიზნით შესაძლოა მოსწავლემ მიმართოს, მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს როლიც. აუცილებელია, რომ სკოლა არ წარმოადგენდეს შფოთვასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ამ მხრივ საყურადღებოა მოსწავლეთა შორის შეჯიბრებითი სიტუაციების არსებობა, აუდიტორიის წინაშე წარდგენის აუცილებლობა, ორაზროვანი ინსტრუქციები და მკაცრად შეზღუდული დრო.
რაც შეეხება შფოთვასთან გამკლავების სტრატეგიებს, ისინი ადამიანისა და სიტუაციის მიხედვით სპეციფიკურია, თუმცა ეფექტურია თვითრეგულიაციისა და ემოციების მართვის სწავლა, რეალისტური მიზნების დასახვა და სხვ.
მიუხედავად ინდივიდუალურად სპეციფიკურობისა, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ერთი უნივერსალური გზა, რომელსაც კარგი ძილი ეწოდება. სასკოლო ასაკის ბავშვებთან ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგების მიხედვით (Meijer & van den Wittenboer, 2004) რაც უფრო მაღალია ძილის ხარისხი, მით მეტია პოზიტიური აგზნება, რაც უკავშირდება სწავლის დიდ ხარისხს და შესაბამისად, სასკოლო წარმატებას.image

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:მარიტა ივანაშვილი
მარიტა ივანაშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0