x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101015
  • ვიდეო:345710
  • სურათი:463803
გალაკტიონ ტაბიძე - ბედისწერასთან ომი
image




გალაკტიონ ტაბიძე


“შორი ალპების წყაროზე წმინდა,
სამხრეთის მზეზე უდიადესი!’’


სთქვი:რისთვის გერქვას ადამიანი
და მომავალის გეძახდეს ვალი,
თუ დაიკარგა შენი გულიდან
ნების ნაკადი თავისუფალი?
.............
სიცოცხლე! დიახ, სიცოცხლე გვინდდა!
სიცოცხლე გვინდა ასი ათასი!
შორი ალპების წყაროზე წმინდა,
სამხრეთის მზეზე უდიადესი!



გალაკტიონ ტაბიძე მეტად ინდივიდუალური ხელოვანია, სიმბოლისტური ხედვებით სავსე, თავისუფალი პოეტია, რომელმაც დროს გაუსწრო და შექმნა ისეთი პოეზია, რომელიც ყოველთვის ღრმა და მიმზიდველი იქნება თავისი ხმოვანებით, აზრითა და არსით, სიტვათა სისავსითა და მუსიკით, რომელსაც გალაკტიონი ქმნიდა და, რომელიც შეიგრძნობა მის ლექსებში.

მისი პიროვნების შესახებ საუბარს მოგონენებებით დავიწყებ

გალაკტიონ ტაბიძესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან მოგონებებს იხსენებს მწერალი - ვახტანგ ჯავახაძე, რომელსაც პირადი ურთიერთობა ჰქონდა პოეტთან. საყურადღებოა მის მიერ გალაკტიონისადმი მიძღვნილი წიგნი - “უცნობი, ’’ რომელიც ძალიან ემოციური და ნამდვილია, რადგანაც ავტორი, იმას წერს, რაც რეალურად მოხდა და რისი მომსწრეც თავად იყო.


თქვენ რომ გგონიათ ის ვარ’’ - აკაკისეული ეს ფრაზა მართლაც, რომ ზუსტად შეესატყვისება გალაკტიონის ბუნებასა და ცხოვრებას ეტყობა, ამიტომაც დაესესხა ავტორი მას, მოსალოდნელია, რომ იმ ადამინებს ვისთვისაც გალაკტიონი პოეტთა მეფეა და ესმით მისი პოეზია ყველას სურვილი ჰქონდა მასთან პირადი ურთიერთობის, თუმცა ვახტანგ ჯავახაძე აღნიშნაცს, რომ ის იმდენად თავის თავში ცხოვრობდა, რომ არ უყვარდა დიდად არავისთან კომუნიკაცია და ამ მხრივ ამშვიდებს მკითხველს.


ერთი შეხედვითაც შეატყობდი სხვა კაცი იყო

“როგორც პატარა ბავშვი ვეებერთელა მონასტერს ისე ვუვლიდი გარშემო, და რაკი მონასტერს კარი ვერ ვუპოვე, ფეხისწვერებზე ვდგებოდი, რათა მაღალი სარკმლიდან მაინც მომეკრა თვალი, რა ხდებოდა კედლებს იქით.’’ [ჯავახაძე, 1996:5]


ერთი შეხედვით შესაძლოა ადამინებისთვის უცნობი იყოს ის ფაქტი, თუ რა მონდომებული იყო მწერალი თავისი შრომების ერთ დიდ წიგნად გამოცემისა, მისი ოცნება იყო 8 ტომეულის ერთ ტომად, დიდ წიგნად გამოცემა, რის გამოც დადიოდა ყოველ ჯერზე დაბარებულ დროს რედაქციაში, შრომობდა, ითხოვდა, მაგრამ ამაოდ, სიცოცხლეში სამწუხაროდ ვერ ეღირსა ოცნების ასრულება. ბევრჯერ ტყუილად გაახარეს, მაგალითად, 1958 წელს, რადიოში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალაკტიონის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიბეჭდებოდა ეს წიგნი, თუმცა იმედი, რასაკვირველია, არ გამართლდა.

ვახტანგ ჯავახაძე იმასაც იხსენებს, რომ თითქმის არც ერთი ლექსის პერიოდიზაცია არ არის სწორი, ვინაიდან ესეც გალაკტიონის ერთგვარი ხერხი და იდუმალება იყო, რადგანაც ხშირად უცვლიდა ლექსებს თარიღებს. ვახგტანგი თავად იყო ამის მომსწრე რედაქციაში, როდესაც ერთი და იგივე ლექსი რამდენჯერმე სხვადასხვა თარიღით მიიტანა დასაბეჭდად...როცა კი ამ საკითზე ეკითხებოდნენ იგი უბრალოდ იღიმოდა... ალბათ, ესეც მისი პიროვნების იდუმალებისა და ამოუხსნელობის კიდევ ერთი დასტურია.

მთელი მისი ცხოვრება სახელგამთან იყო დაკავშირებული აქ გამოიცა მისი კრებულები. მნიშვნელოვანია მისი “არტისტული ყვავილები’’, ლექსებისა და პირადი წერილების სხვადასხვა კრებული, რომელიც დაუსრულებელი ოკეანეა მისი ფანტაზიისა და რეალობის შერწყმის.


გალაკტიონი და ცისფერყანწელები

“ცისფერყანწელები’’- ქართველ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში დომინირებდა. დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში 1915 წელს, 1918 წლიდან კი თბილისში გააგრძელეს მოღვაწეობა. გაერთიანებამ სახელწოდება მიიღო თავისი პირველი ბეჭდური ორგანოსაგან "ცისფერი ყანწები", რასაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - ცისფერი აღიქმებოდა, როგორც პოეზიის ფერი, ყანწი კი - ბოჰემური ცხოვრების, ქართული ხასიათის სიმბოლო იყო. სამკერდე ნიშნად პოეტებს მამლის დეზები ეკეთათ, რაც ცისფერი ყანწის ასოციაციას იწვევდა. ჰქონდათ თავიანთი გამოცემები: "მეოცნებე ნიამორები", "შვილდოსანი", "ბარიკადი", "ბახტრიონი".

გალაკტიონი არ იყო მათი წევრი, მაგრამ, ალბათ, ერთ-ერთი დიდი სიმბოლისტია თავისი აზროვნებითა და შემოქმედებით. საინტერესოა მისი ურთიერთობა სიმბოლისტებთან.


ტიციანი ზოგჯერ აღტაცებაში მოდიოდა, როდესაც გალაკტიონის ლექსებს კითხულობდა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც უდიერად მოიხსენიებდა, 1922 წლის 7 იანვარს ციხფერყანწელთა გაზეთმა “ბარიკადმა’’ ჟურნალ ლომისში დაბეჭდილი ლექსები გაულანძღა, ზოგჯერ ამ ყველაფერის მიზეზად პოეტთა მეფის ხასიათს - “მედიდურობას’’ ასახელებდნენ. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ცისფერყანწელები ნამდვილად აფასებდნენ გალაკტიონს ვალერიან გაფრინდაშვილმა თარგმნა რუსულად, მისი ლექსები, გრიგოლ რობაქიძემ 1962 წელს მიუძღვნა ესე “ნიკორწმინდას’’. ასევე მისი შემოქმედება იმეჭდებიდა ცისფერყანწელთა ბეჭდურ გამოცემებში.


გალაკტიონი და ტიციანი ბიძაშვილები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ გალაკტიონი უფროსი იყო, თუმცა სკოლის პერიოდში ის განსაკუთრებული სიბეჯითით არ გამოირჩეოდა ამიტომ ერთ კლასში ჩარჩა- ანუ განმეორებით გაიარა და ამიტომ ის და ტიციანი ერთ კლასში იყვნენ, ყველაფრის მიუხედავად, მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, ტიციანმა მას შემდეგი ლექსიც კი მიუძღვნა:


ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი,
ერთად ლპებიან ჩვენ მამების კუბოს ფიცარი.
ორპირის ფშანის ერთად ვწოვეთ ჩვენ უჟმურები
და ლექსებითაც ერთმანეთს არ დავემდურებით...

გაუყოფელი დაგვრჩა ეზო, სახლი და კარი,
რიონის ტალღად დაგვედევნა სიტყვა ანკარა.
ერთია ჩვენი სამუდამო ხაშმის ემბაზი,
ლექსი ქართული გაიმართა ორპირის ხაზით.

მესმის ყანებში გადაბმული გრძელი ნადური,
მოაქვს დილიჟანსს კრენდილები და „ნაკადული“.
მოიმღერიან შარაგზაზე ჩალანდარები
და შიშველ ფეხებს აქ ეკალიც არ ეკარება.

მე შემიყვარდა სამუდამოდ ჩვენი ორპირი,
შენ გაბრმავებდა ბავშვობიდან მარტო დაფნარი.
მღერის გომბეშო გაუმშრალი და ოქროპირი,
ჩვენი სიმღერაც ამ ორკესტრის ხმაა, დამდნარი.

............................................................................


ცოტა რამ კვლავ გალაკტიონის შესახებ

წერილი რედაქციის მიმართ’’

“ძვირფასო ამხანაგებო მე ხშირად მესმის საყვედური მომართული ჩემდამი თითქოს ჩემთვის წოდებული სახელწოდება “პოეტთა მეფე’’ მე ვამაყობდე, მართლაც ვამაყობ არა იმიტომ, რომ მეფე ვარ... პოეტთა ის ნაწილი ვინც მე მეფედ ამომირჩია ცოცხალი აღარავინაა, ამიტომ უფლება გაქვთ აირჩიოთ სხვა თუკი უკმაყოფილო ხართ’’



გალაკტიონი შავგვრემანი, მაღალი, ჯანიანი, ღონიერი და მოუვლელი კაცი იყო. ბევრჯერ უნახავთ წინდებზე გამოხეული ქუსლით, ხორცი რომ მოუჩანდა. ერთგან წერს “დღეს მოვკემსე წინდები, ასე რომ, ბედნიერი კაცი ვარ, წინდები მაქვს”. წვერმოშვებული დადიოდა. ის ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა. ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი კაცი იყო. საოცრად მორიდებული და, ამავე დროს, ძალიან ეჭვიანიც. ის ყოველთვის ფიქრობდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა, ყველგან ჩასაფრებას ხედავდა. გალაკტიონს არ შეეძლო, ჩვეულებრივი ყოველდღიურობით ეცხოვრა, ის მუზების ქვეყანაში ცხოვრობდა. ბაზარში წასვლა და სანოვაგის ყიდვაც კი არ შეეძლო. გალაკტიონს დიდ ბავშვს ეძახდნენ. ის სხვანაირი ადამიანი იყო, ამას განსაკუთრებით კარგად ხედავდა დედამისი, მაკრინე ადეიშვილი. 2 ვაჟი ჰყავდა მაკრინეს, უფროსი აბესალომი და უმცროსი გალაკტიონი. მამა პოეტის დაბადებამდე გარდაიცვალა, ასე რომ, სტრიქონები “მოხუცი მამა, მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში” მხოლოდ ფანტაზიაა, რადგან გალაკტიონი მამას არ მოსწრებია.


გალაკტიონი უცნაური ბავშვი იყო. ერთხელ პატარა პოეტი დედამისს მარტო დაუტოვებია ოთახში და როდესაც მაკრინე ოთახში დაბრუნებულა, დაუნახავს, როგორ კოცნიდა გალაკტიონი ფანჯრის ჭრილში შემოპარულ მზის სხივს. გაკვირვებულ დედამისს ხმამაღლა უთქვამს: “რას შვრები, გატუნია?” გალაკტიონს შერცხვენია და დედის კალთაში ატირებულა. ასეთი უცნაური პიროვნება იყო ის ბავშვობიდან. ამიტომაც დედა წერილებში მუდამ ასე სწერდა: “ჩემო ფიქრებიდან მოუშორებელო, სხვადასხვანაირად სადარდებელო შვილო.” აბესალომს კი სწერს: “შენ გაბარებ გალაკტიონს, ხომ იცი, რა ძნელი მოსავლელია. ხალხში ნუ გაუბრაზდები, მარტო რომ იქნება, მაშინ დატუქსე, თორემ მეშინია, რამე არ აუტეხოს თავს.”


https://artinfo.ge/2015/07/galaktion-tabidze-poezii/?fbclid=IwAR0wiyavCpTAlmqUKXabgNOBJ7D8I8Hg31xO_V7lNIr87REeWRcvW71VzJI


ალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერ ვანის რაიონის სოფელ ჭყვიში. პოეტის წინაპრები გიორგი ტაბიძე და მისი ძმები აქ 1804 წელს დასახლებულან. როგორც იმერეთის მეფის სოლომონ მეორის მიერ 1803 წელს გაცემული “წყალობის წიგნით’’ ირკვევა, ჭყვიშში ისინი ხონიდან გადასახლებულან მატერიალური მდგომრეობის გასაუმჯობესებლად.


პოეტის მამა, ვასილი, 1891 წელს გალაკტიონის დაბადებამდე 8 თვით ადრე გარდაიცვალა. დედა კი მაკრინე ადეიშვილი შვილებზე მეტად მზრუნველი ქალი იყო, თავისი ცხოვრება ფაქტობრივად მათ შესწირა. გალაკტიონი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა 1908 წლამდე შემდგომ კი ქუთაისიდან თბილისის სასულიერო სემიანრიაში განაგრძო სწავლა, აქ დაახლოებული იყო დემონის ფსევდონიმით ცნობილ ახალგაზრდა მწერალ ქუჩუ ქავთარაძესთან, რომელმაც 1910 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე სწორედ ამ პერიოდში ჰქონდა გალაკტიონს თვითმკვლელობის პირველი მცდელობა, როდესაც მან თავი მოიწამლა. ამდენად, მისი ცხოვრება ტრაგიკული იყო - დასაწყისიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე.


1910 წელს გალაკტიონმა სწავლას თავი დაანება და ხარაგაულის რაიონში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა აქ იგი 1911 წლამდე რჩება შემდგომ მიდის ქუთაისში, სადაც სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებს ხელმძღვანელობს “კოლხიდა’’, მნათობი’’, “თანამედროვე აზრი’’ და სხვა 1912 წელს მონაწილეობა მიიღო გაზეთ “თემის’’ ლიტერატურულ კონკურსში, სადაც მისმა ლექსმა “უხილავმა’’ მესამე პრემია დაიმსახურა. 1922-1923 წლებში საკუთარ ლიტერატურულ ორგანოსაც გამოსცემს სახელწოდებით: “ გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი’’

კრიტიკოს - შემფასებელთა აზრით, გალაკტიონიმსოფლიო სევდის’’, “უხვად დაჯილდოებული ღვთიური ცეცხლის გამომხატველი პოეტი იყო’’ “მარტოობის კავალერი’’ “იდუმალი ჯადოს მფლობელი შემოქმედი’’.. [ ნიკოლეიშვილი:377-380]

რევაზ თვარაზე გალაკტიონის შესახებ აღნიშნავს შემდეგ თემებსა და საკითხებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: “სულიერი ობლობა’’

მარტოობის ორგვარი განცდა არსებობს

  • გარკვეულ ფსიქიკურსა და ფიზიოლოგიურ ცვლილებათა შედეგად აღმოჩენილი
  • შემეცნების პროცესით ვერ დაძლეული აზროვნებით დადასტურებული მარტოობა
  • გალაკტიონის შემთხვევაში სულიერი ობლობა და მარტობაა უპირატესად გამოწვეული იყო იმით, რომ მისი გონებრივი მონაცემები და შემეცნება ვერ თავსდებოდა ამ სამყაროში იგი რეალობასა და დროს უსწრებდა. ამავდროულად, ფსიქოლოგიური მომენტიც დასაშვებად მიმაჩნია, ვინდაიდან ადამიანი, რომელიც ბოლომდე სწვალობს საკუთარ თავს სწვდება, რაღაც ისეთს, რასაც ვერ ხსნის და იგი გაუკვევლობაში გადადის. ეს ყველაფერი ურთიერთს უკავშიდება და იწვევს მარტოობის სამუდამო განცდას.

    გალაკტიონი რომ სიტყვაძუნწი, ჩაკეტილი პიროვნება იყი ამას ბევრი მწერალი თუ საზოგადო მოღვაწე იხსენებს მოგონებებში. არ იხსნებოდა ბოლომდე არავისთან. ძალიან გულჩათხრობილი იყო, თავისებური, ამიტომ უჭირდათ მასთან ურთიერთობა

    ამ ყოველივეს ადასტურებს გიორგი ლეონიძის მოგონება: მან აგარაკზე მიიწვია გალაკტიონი, მაგრამ ხალხმრავლობაში ვერ მოილხინა “ქართველურად’’, ისე, როგორც სხვებმა;

    ლადო ასათიანს ჩაუწერია: “მწვანე ბაზარში ვნახე გალაკტიონი ქეიფობდა მემწვანილეებთან და “მეტაჩკეებთან’’ ერთად.ზამთარი იყო-ქუთაისური ქარ-ყინვა. გულგაღეღილს მოუჩანდა აღაჟღაჟებული მკერდი”.

    ასეთი იყო ჩვენი გალაკტიონი, რომელიც პოეზიასთან ერთად არაჩვეულებრივ ჩანახატებს, ხელნაწერებს, ნახატებსა და სიმბოლური დატვირთვის შემოქმედებას ქმნიდა.


    საინტერესოა გალაკტიონის ლექსისილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში’’ შექმნის ისტორია

    დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
    როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
    ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
    და შორეული ცის სილაჟვარდე.
    ..........................................


    ქაშუეთის ეკლესიასთან სამი მეძავი ქალი ყოფილა, შებინდებისას, როდესც წასულან მათგან ერთი დარჩენილა ძალიან ლამაზი შესახედაობის ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შესულა ტაძარში და მუხლებზედამხობილი ევედრებოდა ღვთისმშობელს ცოდვების შენდობას, როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, ეს იყო იდეა, რასაც შემდგომ პოეტის ტკივილებიც მიემატა და შეიქმნა ლექსი “სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში’’


    გალაკტიონს ტაბიძის პირადი წერილები

    ძვირფასო დედა!

    შენთან ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენხანს ვერ ჩამოვედი.მაგრამ იმედი მაქვს ძალიან არ იწუხებ. მე მალე ჩემოვალ. აქ იმდენი საქმეები მაქვს, და ისე დიდი საქმეები, რომ ნებას არ მაძლევს ასე ადვილად მივატოვო ქუთაისი.

    მშვიდობით, საყვარელო დედა!

    მე მალე ჩამოვალ.

    შენს ამბებს ყოველთვის ვტყობილობ, მადლობა ღმერთს, რომ ავად არ ყოფილხარ.

    ეხლა გამაგრდი, დედა! მთელი ქვეყანა გახარებულია თავისუფლებით.შენც უნდა იყო მხიარულად.მე სხვაფრივ კარგად ვარ.

    შენი ერთგული და მუდმივად მოყვარული შვილი გ.

    1917წ.მარტი





    ისევ დედას!

    შენმა წერილმა მე მომკლა! დედიკო! რატომ იწერები, რატომ იწერები, რომ მე შენთვის სანატრელი ვარ.

    არა, დედა, შენ გენაცვალე, ჩემზე ნუ ფიქრობ. თუ არ მოვკვდი, სწორედ ურცხვენელად, როგორც გინდა, გავატარებ ჩემს ახალგაზრდობას.

    შენ იწერები “შენგან მოძულებული!”(!)

    ძვირფასო დედა, შენ არ შეგფერის სთქვა “შენგან მოძულებული”.

    ო, ჩემო ძვირფასო დედა!..

    დედა, რაც შეეხება ჩემს ეხლა ჩამოსვლას, ჩემთვის ძალიან ძნელია. დედიკო! რა ვქნა, სწორედ ეხლა იბეჭდება, ჩემი ოთხი წიგნი, შეიძლება ორი მაინც მალე გამოვიდეს. მე, თუ ეს მოთავდა, მოვალ.

    ასე, დედიკო!

    მშვიდობით!

    წიგნის დაბეჭვდის შემდეგ მე შენთან ვარ.

    (1929 წლის აგვისტო)

    დედასთან მიწერილ წერილებში იგი ბავშვურად ნაზი და მოსიყვარულეა. იგრძნობა ის დიდი პატივისცემა და სიყვარული, რასაც გრძნობდა მშობლისადმი. დედამისიც ყველაზე კარგად იცნობდა და იცოდა მისი არაპროგნოზირებადი ხასიათი, ინდივიდუალურობა და ამიტომაც მეტად ენერვიულებოდა და ეფიქრებოდა გაკალტიონზე.




    ძვირფასო ძმაო აბესალომ!

    შენი წერილი ბაკურიანში მივიღე, მაგრამ ამდენი ხანი ვერ გიპასუხე, დიდი ხნის სულიერად დაუმშვიდობლობის გამო…
    ისეთი აპატიით ვიყავი გარემოცული, რომ კალმის ხელში აღება არ შემეძლო. ხომ იცი, ჩემი ჩვეულებრივი მელანქოლია როცა დამიბყრობს, ყველაფრის ხასიათი მეკარგება.

    ბაკურიანში მომკლა ამ მელანქოლიამ. აქ ათასგვარი გასართობია, მშვენიერი ბუნება, სულ ფიჭვები და ნაძვები, როცა ტყეში გახვალ (ირგვლივ სულ უზარმაზარი ტყეებია), მშვენიერი სუნი სდგას, ჰაერი ფიჭვის სუნითაა გაჟღენთილი…არიან მთები, საიდანაც დიდებული საყურებელია მზის ამოსვლა; მე ვნახე მზის ამოსვლა “ცხრა წყაროს” მთიდან და დიდი ხნით მემახსოვრება იგი. ათასი წყაროები და ნაკადულები, საღი ჰაერი… ერთი სიტყვით ყველაფერი, რომ ადამიანმა მართლაც დაისვენოს, მაგრამ ჩემთვის აქ თითქო არაფერი არ არსებობდა…

    პარკში ყოველდღე ვთამაშობდით ისეთ გასართობებზე, როგორიცაა კეგლი, ლაონ-ტენისი, ლოტო და სხვა. ეს მხოლოდ წყალწაღებულის ხავსზე მოკიდება იყო. ეს გასართობები ისე მართობდნენ, რომ მათზე შეჩერებაც არ ღირდა. დროდადრო ვაკეთებდი ექსკურსიებს წაღვერისკენ. მინდოდა ბაკურიანიდან წარვერში გადასახლება, მაგრამ იქ უფრო შფოთიანი ცხოვრება იყო, სწორედ ისე, როგორც ქალაქში და არა სააგარაკო ადგილზე, ქალები კორსეტებით დადიოდნენ, მამაკაცები გალსტუკებით და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქო ეს ხალხი სრულიადაც არ იყო ჩამოსული დასასვენებლად.

    ბაკურიანში ქუთაისიდან რამდენიმე ოჯახი ჩამოვიდა, ესენი ქუთაისშიდაც მეზარებოდნენ და აქ ხომ თვალის დანახვადაც მეჯავრება ყველა. სხვათაშორის ადგილობრივ მღვდლად არის შენი ამხანაგი ინოკენტი სხირტლაძე, ისეთი სასაცილო ვინმეა, რომ პირდაპირ მეშინია მასთან შეხვედრა, რომ არ გამეცნოს და არ შევრცხვე…ამასწინად ცხენი შემომთავაზა გასასეირნებლად მთებში, მაგრამ მე უარი ვსთქვი, რადგან ცხენი სრულიადაც არ უვარგა. ცხენი სხვას ვთხოვე და მთელი დღის განმავლობაში იგი ჩემს განკარგულებაში იყო.”



    გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას ტრაგიკული და სირთულეებით აღსავსე სიყვარული. გალაკტიონ ტაბიძეს ყველაგნ დაბრკოლებები, ტრაგედია და ტკივილი ხვდებოდა პირადი ცხოვრებიდან დაწყებული შემოქმედებითი მოღვაწეობით დასრულებული. მას ძლიერ უყვარდა მეუღლე, და ამიტომაც ის პერიოდი როდესაც ოლღა გადაასახლეს მისთვის დეპრესიული და გაუსაძლისი იყო.

    ამ პატარა წერილიდანაც იგრძნობა მათი ურთუერთდამოკიდებულება და ის დიდი სიყვარული, რომელზედაც ვსაუბრობთ



    ოლღა ოკუჯავას წერილი გალაკტიონს

    “… ჩემო ძვირფასო, ძვირფასო გალკ!

    ირგვლივ ყინულის ლოლუები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან. მაშ, ახლოა გაზაფხული!

    გაზეთში წავიკითხე, რომ მანდ, შენთან, საქართველოში, თბილა. 20-25 გრადუსია სითბო. თესვა დაიწყო, აყვავდა ნუში და ა.შ.

    დამიკოცნე მაგ გაზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება!

    ჩემო ძვირფასო! ტიტანური ძალით მინდა, რომ მოგეხვიო. ეხ, შეგხვდები კი ოდესმე?! მაგრამ შორს ეს ფიქრები – ეს დემონი ჩემი სულისა!

    ძვირფასო ჩემო, ნაღვლობენ, დარდობენ, ხელობენ ოცნებანი შენზე.

    შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა!!!

    თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი.

    ძვირფასო გალკ, გული მეწურება, გული მძვინვარებს – უნდა შეიტყოს შენი ჯანმრთელობის, შენი ცხოვრების ამბავი, გკოცნით, გკოცნით შენ და შენს ქმნილებებს.

    ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ ჩურჩულში, რომელიც ერთვოდა მთვარის სხივების ციმციმს, ტალღებს…

    ძვირფასო, უკვე მიჭირს წერილის მოწერა. რა ვქნა? ძალიან მიჭირს, მშვიდობით!
    შენიოლია
    მას შენ გაგიჟებით უყვარხარ!

    გალაკტიონის სახლ-მუზეუმი:

    დიდი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის ინიციატივითა და ქველმოქმედთა ხელშეწყობით დაარსდა. მუზეუმი პოეტის დაკრძალვის დღიდან ზუსტად ორმოცი წლის შემდეგ – 1999 წლის 21 მარტს გაიხსნა.

    ამ სახლში გალაკტიონი 1935 წლიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე – 1959 წლამდე ცხოვრობდა. მუზეუმი სამ ოთახს აერთიანებს. ექსკურსი პოეტის სამუშაო ოთახიდან იღებს სათავეს. საწერი მაგიდა, კალამი, სამელნე – თითოეული ნივთი იმ გარემოს აღდგენის საშუალებას იძლევა, სადაც გალაკტიონის გენიალური პოეზია იბადებოდა.

    განსაკუთრებული ადგილი მუზეუმში წარმოდგენილ ექსპოზიციაში ფოტოებს უჭირავს. მდიდარი ფოტომასალა გალაკტიონის ცხოვრების ერთგვარ მემატიანედ იქცა. ბავშვობის ამსახველი ფოტოების სერია მომდევნო ოთახში გრძელდება და პოეტის დაკრძალვისადმი მიძღვნილ გვირგვინთან სრულდება.

    გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში იმართება ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები მწერლებთან. ყოველწლიურად, ღონისძიებების სახით აღინიშნება პოეტის დაბადებისა (17 ნოემბერი) და გარდაცვალების (17 მარტი) დღეები.

    მუზეუმი ხშირად უწევს მასპინძლობას უცხოელ სტუმრებსაც. მათთვის ექსკურსი ინგლისურ და გერმანულ ენებზე წარიმართება.

    მის მარჯანიშვილის N4

    გალაკტიონის სახლ-მუზეუმი ჭყვიშშიც არის. სამწუხაროდ მეტად მძიმე მდგომარეობაში

    გალაკტიონ ტაბიძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 1959 წელს.








    ნოდარ დუმბაძე გალაკტიონზე

    გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა. ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა რომ მან ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა, ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა…

    სინამდვილეში აი რა მოხდა:

    გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო. მისთვის არც წერაყინს არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია. იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და, რადგან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან, ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში.

    ქართული პოეზიის ისტორიაში პირველად რუსთაველს დაეკისრა შემოქმედების მძიმე უღელი. რუსთაველმა უზარმაზარი მაგნიტური ველის კვზარივით ჩამოუარა მანამდე არსებულ მთასა და ბარში არსებულ მთელ ფოლკლორს, ეპოსსა თუ მითს, შთანთქა იგი ერთ ფასდაუდებელ ოქროს ზოდად – “ვეფხისტყაოსნად” ჩამოსხმული დაუბრუნა ხალხს.


    რუსთაველის შემდეგ ასეთი მისია დავით გურამიშვილს დაეკისრა, დავითის შემდეგ აკაკიმ, ვაჟამ და ილიამ იკისრეს ეს ტიტანური ტვირთი და როდესაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამ მძიმე უღელში გალაკტიონ ტაბიძე შეება, ეს საზიდი უკვე ისე იყო დამძიმებული ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურული საგანძურით, რომ გალაკტიონს მისი ტარება უღლის ერთგული ლაბა ხარივით დაჩოქილს მოუხდა: დიახ, დაჩოქილს, ოფლად დაღვრილსა და თვალებში ცრემჩამდგარს მოუხდა ამ მძიმე ჭაპანის გაწევა. მხოლოდ ამ კუთხით და თვალსაზრისით უნდა შევისწავლოთ გალაკტიონი.






    სად უნდა ვსდიოთ ქარს რომ ელის ისე უსაშველოდ დაქრის გალაკტიონის შემოქმედებაში?! ისე უსაშველოდ, რომ წიგნი თავად იფურცლება და რომ ქარმა და გრიგალმა არ გამოგტაცოს ხელიდან, იგი მკერდზე უნდა გქონდეს მიკრული მაგრად, ვით ხატი და ძვირფასი ავგაროზი.

    გალაკტიონის შემოქმედება ერთი მისი პაწია ლექსის- “აი, რა მზის სიზმარიას” მსგავსად წაღმა უკუღმა იკითხება, სწორედ კი არასდროს, ან იშვიათად; ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ გალაკტიონი ყველას თავისად მიაჩნია და მას ყველა თავისებურად კითხულობს, მათ შორის მეც“ რაღა თქმა უნდა. ამიტომ არის გალაკტიონი სახალხო მგოსანი.

    ალბათ ამის გამო, ქართულ პოეზიაში არავის არ მოსწრებია იმდენი ეპიგონი, რამდენიც გალაკტიონს: ალბათ, ამის გამო არ მოსწრებია ქართულ პოეზიაში იმდენი მოჯიბრე და მტკაველის დამზომელი, რამდენიც გალაკტიონს. რიგში იდგნენ და დგანან დღესაც მთელი თაობები და აზომებენ საკუთარ პატარა მტკაველს მი დედამიწის გულივით გადაშლილ უსაშველოდ დიდ და თბილ ხელისგულს. ის კი დგას, დალოცვილი, ღიმილიან თვალებში ეშმაკური ელვა უთამაშებს და გაქეზებს: კი, ძამიკო, შენმა აჯობაო…

    სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული ჩვენთან არს, ჩვენთან არს ღმერთი, მივხვდებით, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.




    გალაკტიონის ცხოვრება მოკლედ, ფრაგმენტულად ჩანს ლექსში “არიან დღენი’’

    არიან დღენი

    არიან დღენი, ხანჯალივით ბასრი და მჭევრი,

    ოდეს სისხლივით აღელდება ოცნება შენი.

    შენ გენატრება მოკლულებით ფენილი ტევრი,

    შენ გინდა იყო უსულგულო ცხოვრების მტევრი,

    ელვარე ცეცხლით გადაბუგო მთანი და ტყენი.

    არიან დღენი, საუკუნეთ უფრორე მძლენი.

    ტყვია-წამლით და დინამიტით მსუნთქავი ქვევრი,

    აფეთქებანი, შეკივლება, ძახილი, ბევრი

    არიან დღენი.

    არიან დღენი... ცეცხლისა და მახვილის კევრი,

    ათასწლოვანი ადგილიდან სხლტებიან კლდენი.

    იმ გულს ეკუთვნის თვითეული თემა, შედევრი...

    არიან დღენი.






















    გამოყენებული ლიტერატურა

  • თვარაძე რევაზ -“ გალაკტიონ ტაბიძე’’
  • 2.ნიკოლეიშვილი ავთანდილ - “მეოცე საუკუნის ლიტერატურული ნარვევები’’

    3.ჯავახაძე ვახტანგ - “უცნობი’’

    4.გალაკტიონი- პირადი წერილები და პოეზია

    ინტერნეტ საიტები:

    5.https://artinfo.ge/2015/07/galaktion-tabidze-poezii/?fbclid=IwAR0wiyavCpTAlmqUKXabgNOBJ7D8I8Hg31xO_V7lNIr87REeWRcvW71VzJI


    6.https://burusi.wordpress.com/literature/galaktion-tabidze/


    0
    232
    შეფასება არ არის
    ავტორი:დათუნაშვილი ანი
    დათუნაშვილი ანი
    232
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0