x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პიგმალიონის ეფექტი ანუ რწმენა ქმნის რეალობას

ჩვენს რწმენებსა და მოლოდინებს დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში სოციალურ ურთიერთობებსა თუ საკუთარი ქცევის დაგეგმვის პროცესში. ჩვენ ხშირად ვიყენებთ სუბიექტურ რწენებსა თუ მოლოდინებს სხვების შესახებ, რაც თავის მხრივ, შეიძლება ზემოქმედებდეს სხვებთან ურთიერთობაზე და მათ ქცევებზე ისე, რომ საწყისი რწმენა გაამართლონ. ფენომენს, როდესაც რწმენა ქმნის რეალობას, თვითაღსრულებადი (თვითქმნადი) წინასწარმეტყველება ეწოდება. ეს ტერმინი 1948 წელს გამოიყენა რობერტ მერტონმა, რომელმაც შექმნა თეორია: “თუ ადამიანი მოიაზრებს სიტუაციას როგორც რეალურს, შედეგად ის გახდება კიდეც რეალური“ (Merton, 1968).

image

ფენომენს, რომლის დროსაც ერთი ადამიანის მოლოდინი მეორის ქცევის მიმართ მოქმედებს როგორც თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება, რობერტ როზენტალმა პიგმალიონის ეფექტი უწოდა. ტერმინი ჯორჯ ბერნარდ შოუს პიესიდან მომდინარეობს და გამოიყენება იმ მოვლენის აღსაწერად, როდესაც წინასწარმეტყველება პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს რეალობაზე და ცვლის მას იმგვარად, რომ საბოლოოდ ეს წინასწარმეტყველება ხორციელდება.

პიგმალიონის ეფექტის კვლევა პირველად რობერტ როზენტალმა და ლენორ იაკობსონმა დაიწყეს. მათ ჩაატარეს ლაბორატორიული “ლაბირინთის ექსპერიმენტი“, რომლის მონაწილე 12 სტუდენტს ვირთხების გაწვრთნის ექსპერიმენტში მონაწილეობა სთხოვეს. როზენტალის კვლევის არსი შემდეგში მდგომარეობდა – ზოგიერთ სტუდენტს უთხრეს, რომ მათ მოუწევდათ მუშაობა მაღალი ინტელექტის მქონე ვირთხებთან, რომლებსაც ჰქონდათ ლაბირინთების სწრაფად დასწავლის უნარი. დანარჩენ სტუდენტებს უთხრეს, რომ ისინი იმუშავებდნენ ვირთხებთან, რომლებსაც არ შეეძლოთ ლაბირინთში სიარულის სწრაფად დასწავლა. სტუდენტები შეეცადნენ გამოემუშავებინათ თავიანთი ვირთხებისთვის გარკვეული უნარები და ლაბირინთში გასვლა ესწავლებინათ. შედეგად, იმ სტუდენტებმა, რომლებსაც უთხრეს, რომ მოუწევდათ მაღალი ინტელექტის მქონე ვირთხებთან მუშაობა, უფრო სწრაფად დაასწავლეს ვირთხებს ლაბირინთის გზები, ვიდრე იმ სტუდენტებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ დაბალი ინტელექტის მქონე ვირთხებთან მოუწევდათ მუშაობა. სინამდვილეში კი ვირთხების ორივე ჯგუფი შემთხვევითი მეთოდით იყო შერჩეული ლაბორატორიის სტანდარტული მღრღნელებიდან. ექსპერიმენტის შედეგებიდან გამომდინარე დაასკვნეს, რომ სწორედ მოლოდინებმა მოახდინა გავლენა იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ისწავლიდნენ ვირთხები ლაბირინთის გზას. გავლენა, რომელიც სტუდენტებმა მოახდინეს მღრღნელებზე იყო აბსოლუტურად შემთხვევითი და გაუცნობიერებელი. სწავლების პროცესში ვერბალურად თუ არავერბალურად, პირდაპირ თუ ირიბად, ჩამოყალიბებული ჩვევებისა და ქცევის დემონსტრირებით მუდმივად ამჟღავნებენ საკუთარ მოლოდინს მოსწავლეების მიმართ, რითაც გავლენას ახდენენ მათ სასწავლო საქმიანობაზე.

გაუცნობიერებელ, ჩვენგან დამოუკიდებლად გარკვეულ ვერბალურ თუ არავერბალური მიმანიშნებლების სხვების ქცევაზე გავლენას ადასტურებს ცხენის, „ჭკვიანი ჰანსი“ შემთხვევა, რომელსაც შეეძლო მათემატიკური ამოცანების ამოხსნა. პასუხების გასაცემად ის იყენებდა წინა ჩლიქებს. მაგალითად, თუ ეკითხებოდნენ რამდენია 2+2, ჰანსი ოთხჯერ ურტყამდა ჩლიქს მიწას. საბოლოოდ დადგინდა, რომ ცხენი ამას გონების მეშვეობით არ აკეთებდა. ო. პფუნგსტმა ჩაატარა ექსპერიმენტების სერია, რომლებმაც აჩვენა, რომ ჰანსი იმპულსურად იღებდა პასუხებს ამოცანებზე თავად შეკითხვის ავტორისგან. მაგალითად, როდესაც ცხენი ჩლიქების ბაკუნის დროს უახლოვდებოდა სწორ პასუხს, შეკითხვის ავტორი, გაუცნობიერებლად, თითქმის შეუმჩნევლად სწევდა მაღლა თვალებს ან თავს, იმის მოლოდინში, რომ ცხენს „პასუხი გაეცა“. ცხენი, ამ გაუცნობიერებელ მოძრაობას აღიქვამდა როგორც ნიშანს, რომ შეეწყვიტა ფეხების ბაკუნი. ეს მინიშნებები კი, იწვევს დაკვირვების ობიექტის მხრიდან დამკვირვებლის მოლოდინის შესაბამის რეაგირებას. ეს ფენომენი, ფსიქოლოგიაში „ექსპერიმენტატორის მოლოდინის ეფექტის“ სახელით არის ცნობილი. სწორედ ეს მოლოდინის ეფექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოადგენს პიგმალიონის ეფექტს.

image

პიგმალიონის ეფექტის მნიშვნელობას ადასტურებს ასევე როზენტალის კიდევ ერთი გამოკვლევა, რომლის ჰიპოთეზაც მდგომარეობდა იმაში, რომ ღარიბი, ფერადკანიანი მოსწავლეები სკოლაში კარგად ვერ სწავლობენ იმიტომ, რომ მასწავლებლები მათგან წარმატებას არ მოელიან და შესაბამისად, ეპყრობიან როგორც უნიჭოებს. მოსწავლეების მხრიდან, ეს ბადებს ისეთ ქცევას, რისი მოლოდინიც ჰქონდათ მასწავლებლებს. ეთიკურობიდან გამომდინარე როზენტალმა ხელოვნურად შექმნა მოსწავლეებისათვის დადებითი იმიჯი. მათ მასწავლებლები დაარწმუნეს, რომ სპეციალური ტესტის ჩატარების შედეგად დაადგინეს, რომ ეს მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სწავლაში განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწევდნენ და, რომ ისინი „მომავალი ვარსკვლავები არიან“. სინამდვილეში ასეთი პროგნოზისათვის რეალური საფუძველი არ არსებობდა, რადგან ტესტირების შემდეგ ბავშვების გვარები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლინეს. წლის ბოლოს ეს წინასწარმეტყველება გამართლდა და სასწავლო წლის ბოლოს იმ ბავშვების 30%-მა, რომლებიც „მომავალი ვარსკვლავების” სიაში იყვნენ შეყვანილნი, საშუალოდ 22 ერთეულით გააუმჯობესა თავისი IQ მაჩვენებელი. ე.წ. „ეტიკეტირებული“ ბავშვების აკადემიური მოსწრება და ინტელექტუალური ზრდის მაჩვენებელი საგრძნობლად ამაღლდა დანარჩენ მოსწავლეებთან შედარებით. მოსწავლეების სასკოლო წარმატების გაზრდის მიზეზს წარმოადგენდა მასწავლებელთა მიერ ამ კონკრეტულ მოსწავლეთა წახალისება. მათ ეთმობოდათ მეტი ყურადღება და მთლიანობაში, დადებითად ეკიდებოდნენ (Rosenthal, Jacobson, 1963). როზენტალის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მასწავლებლის მოლოდინი დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ თუ სხვა უნარებზე. კერძოდ, თუ მასწავლებელი პროგნოზირებს, რომ ერთ-ერთი მოსწავლე მაღალ ქულას მიიღებს მათემატიკის ტესტში, ამ მოსწავლეს უმაღლდება თვითეფექტურობის განცდა და ის უფრო მეტ ძალისხმევას გაიღებს, რათა მაღალი ქულა მიიღოს.

image

პიგმალიონის ეფექტის ასეთ გავლენას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს:

  • ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ძლიერ მოსწავლეებთან ურთიერთობისას მასწავლებლები უფრო ხშირად იღიმებიან და მოწონების ნიშნად თავს უქნევდნენ მოსწავლეს, ვიდრე “სუსტ“ მოსწავლეებს. სოციალური განმამტკიცებლები კი მნიშვნელოვან წამახალისებლ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე.

  • კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მასწავლებლის მოთხოვნები. „სუსტის” იარლიყის მქონე მოსწავლეების მიმართ მასალის დამუშავებასა თუ დავალებებში ნაკლებ ხარისხს ითხოვენ “ძლიერებთან“ შედარებით. ზოგჯერ მათ უყურადღებოდ ტოვებენ და კლასში მოსწავლეთა დიდი რაოდენობის გამო უფრო მეტად კარგ მოსწავლეებზე კონცენტრირდებიან მასწავლებლები. ამ დროს შესაძლოა ასეთი ბავშვების მოტივაცია შემცირდეს და სწავლას ნაკლები დრო დაუთმონ.

  • უკუკავშირი კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს მოსწავლის ქცევებზე. მასწავლებელი უფრო ხშირად აქებს მაღალი მოლოდინების მქონე მოსწავლეებს სწორის პასუხისთვის, მაშინ როდესაც სუსტებს უფრო ხშირად აკრიტიკებს არასწორი პასუხისთვის.

  • ინტერაქციის სიხშირე - იმ მოსწავლეებთან, რომლებისგანაც მეტს ელიან, მასწავლებლებს უფრო ხშირი სასწავლო ურთიერთობა აქვთ, ვიდრე მათთან, ვის მიმართაც დაბალი მოლოდინი აქვთ.
0
280
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ბერიძე
ანი ბერიძე
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0