x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101012
  • ვიდეო:345709
  • სურათი:463801
რა უნდა ვიცოდეთ პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის შესახებ

image

პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა ეს არის დარღვევა, რომელიც უვითარდება ზოგიერთ ადამიანს მის ცხოვრებაში მომხდარი მოულოდნელი, საშიში, სტრესული მოვლენის შემდეგ.ბუნებრივია შიშის რეაქცია ტრავმული სიტუაციისა და შემგომ პერიოდში. შიშის გამომწვევი ფაქტორები შეიძლება, ცვლილებების მიზეზიც გახდეს და განაპირობოს დაცვის მექანიზმების ჩართვა საშიშროების თავიდან ასაცილებლად. თითქმის ყველა ადამიანს ახასიათებს სხვადასხვაგვარი რეაქცია ტრავმის შემდგომ, მაგრამ მეტწილად ისინი უმკლავდებიან ამ სიმპტომებს და ადგილი არ აქვს გართულებებს. მათ კი, ვინც დიდი ხნის განმავლობაში განიცდი ამ სიმპტომებს, შესაძლებელია, დაესვათ პოსტ-ტრავმული სტრესული აშილობის დიაგნოზი. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, ახასიათებთ ზეწოლისა და შიშის განცდა მაშინაც კი, როდესაც არ იმყოფებიან საფრთხის შემცელ გარემოში.


მიუხედავად იმისა რომ ტრავმირებული ადამაინების უმეტესი ნაწილი განიცდის მოკლევადიან სიმპტომებს, მხოლოდ მცირე ნაწილს უვითარდება პოსტ-ტრავმული აშლილობა. მისი განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც საშიში მოვლენა, ასევე მოულოდნელი შემთხვევები, როგორიცაა მაგალითად საყვარელი ადამიანის უეცარი გარდაცვალება. სიმპტომები ძირითადად ტრავმატული ინციდენტის მოხდენის შემდეგ იჩენს თავს, თუმცა ზოგჯერ ინტერვალი შეიძლება 3-4 თვე ან წლებიც კი იყოს. იმისათვის, რომ დაისვას დიაგნოზი, სიმპტომები მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უნდა ვლინდებოდეს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს პირად და სამსახურეობრივ ურთიერთობებზე. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს, როგორც ცუდ სიზმრებს, ასევე შემაშინებელ ფიქრებს, ფლეშბექებს, ადვილად გაღიზიანებადობას, უიმედობას, მეხსიერების გაუარესებას, ინტერესის დაკარგვას სხვადასხვა აქტივობების მიმართ, დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობას, ნეგატიური ფიქრები საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ. ამ სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობაში, ისინი მოქმედებს ფუნქციონირებაზე და შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური პრობლემები, პოსტ-ტრავმულ აშლილობას ხშირად ადგილი აქვს დეპრესიისა თუ შფოთვითი აშლილობების პარალელურად.



პოსტ-ტრავმული აშლილობა შეიძლება სხვადასხვაგვარად ვლინდებოდეს ბავშვებსა და ზრდასრულებში. ბავშვებთან შეიძლება ადგილი ჰქონდეს უნებლიე შარდვის, საუბრის გაძნებელის, მშობელთან მეტისმეტად მიჯაჭვულობის შემთხვევებს. გარდატეხის ასაკის მოზარდებისა და ზრდასრულების სიმპტომები მეტად გავს ერთმანეთს. მოზარდები შეიძლება ხასიათდებოდნენ უპატივცემულო, დესტრუქციული ქცევებით.


ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, ნებისმიერ ასაკში. მაგრამ არსებობს რისკ-ფაქორებიც, რომლებმაც შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს ადამიანის მიერ სტრესული მოვლენის აღქმასა და მისი სტრესული გავლენის გადალახვაში. რისკ-ჯგუფში შედიან, ომის ვეტერანები, ბავშვები და ადამიანები, რომლებსაც განუცდიათ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა. პოსტ-ტრავმული აშლილობის ნაციონალური ცენტრის მონაცემებით, 100 ადამიანიდან საშუალოდ 7-8 განიცის პოსტ-ტრავმულ სტრესულ აშლილობას. ასევე ქალებთან უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან და გენეტიკურმა ფაქტორებმაც შეიძლება იქონიოს უარყოფითი გავლენა.


რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთ ადამიანს უვითარედბა პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, ზოგიერთ კი - არა?


როგორც უკვე აღინიშნა, მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება ადამიანი სტრესულ მოვლენას. რისკ-ფაქტორების ჩამონათვალშია ბავშვობისდროინდელი ტრავმები, მენტალური დაავადების ისტორია, სტრესული მოვლენის შემდეგ ახლობლის გარდაცვალება, სამსახურის ან სახლის დაკარგვა, სოციალური მხარდაჭერის არქონა, უიმედობისა და დაუცველობის განცდა.

ასევე არსებობს ფაქტორები, რომლებიც ეხმარებიან ადამიანს გაუმკლავდეს სტრესულ მოვლენას. ესენია: მხარდაჭერის ძიება, ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობა, საფრთხისთვის ან უსიამოვნო მოვლენისთვის თვალის გასწორება, პოზიტიური დაძლევის სტრატეგიების გამოყენება.


არსებობს უამრავი მედიკამენტი, რომელიც ეხმარება პიროვნებას, გაუმკლვდეს პოსტ-ტრავმულ სტრესულ აშლილობას, მაგრამ ამ პრობლემასთან საბრძოლველად არანაკლებ საჭიროა ფსიქოთერაპევტის დახმარება და საკუთარ თავზე აქტიურად მუშაობა. ფსიქოთერაპევტები ხშირად მიმართავენ კოგნიტური რესტრუქტურიზაციის მეთოდს, რომელიც ეხმარება ადამიანებს გადააფასონ მოვლენის მნიშვნელობა, რეალისტურად შეხედონ მომხდარს და ისაუბრონ მის შესახებ. ადამიანმა პირველ რიგში, უნდა იცოდეს ტრავმისა და მისი შედეგების შესახებ, განივითაროს განტვირთვისა და ბრაზის კონტროლის უნარები, მიიღოს რჩევები ძილის, კვებისა და ვარჯიშის შესახებ. თერაპევტი ასევე ეხმარება პრობლემის მქონე ადამიანს იმაში, რომ გაუმკლავდეს სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობას და ფოკუსირება მოახდინოს მომავალზე.


საინტერესოა, როგორ შეიძლება დავეხმარო საკუთარ თავს, თუ მაქვს პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა?


მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სტრესთან გამკლავებას და პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრას აუცილებლად დასჭირდება გარკვეული დრო. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური მხარდაწერის ძიება, დადებითი შედეგის მომტანია ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებმაც უკვე გადალახეს მსგავსი პრობლემა. დადებითი შედეგი მოჰყვება პატარ-პატარა მიზნების დასახვას, ფიზიკურ აქტივობას, სანდო, ახლობელ ადამიანებთან საუბარს, კომფორტული სიტუაციების აღმოჩენას და მისკენ სწრაფვას. რაც მთავარია, აუცილებელია ადამიანმა გაიაზროს, რომ სიმპტომები თანდათანობით მცირდება და არ დანებდეს, თუ მაშინვე ვერ იგრძნობს გაუმჯობესებას.

როგორ დავეხმაროთ პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის მქონე ადამიანს?

იმისათვის, რომ ადამიანი გაუმკლავდეს პოსტ-ტრავმულ სტრესულ აშლილობას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური გარემოც დაეხმაროს ამაში. ამიტომ, თითოეულმა პიროვებამ, რომელსაც დახმარების გაწევა სურს პრობლემის მქონე ადამიანისთვის, უნდა გაიაზროს თავისი როლი და აიღოს პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, აუცილებელია, მოვიპოვოთ ნდობა და შევუქმნათ პრობლემის მქონე ადამიანს უსაფრთხო გარემო, რომელშიც თავს როგოროც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად დაცულად იგრძნობს, მოვუსმინოთ, როდესაც საუბარი სურს და არ დავატანოთ ძალა, გვითხრას, რაიმე, როდესაც ამის სურვილი არ აქვს. უარყოფით ზეგავლენას აცდენს მოკლე პასუხები, რომლებშიც შეინიშნება დაღლილობა და მობეზრება პიროვნების მოსმენით. აუცილებელია, გარშემო მყოფმა ადამიანებმა მოახდინონ ტრიგერების იდენტიფიცირება და მაქსიმალურად აარიდონ ისინი აშლილობის მქონე ადამიანებს.


როგორც ფსიქოთერაპევტები ამბობენ, გარშემო მყოფი ადამიანები არანაკლებ დისკომფორტსა და სირთულეებს აწყდებიან, რადგან მათ უწევთ თავიანთი ემოციებისა და სიტყვების სისტემატურად გაკონტროლება, მეორე ადამიანის მდგომარეობის მუდმივი გათვალიწინება და ა.შ. სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგები ყოველთვის ურჩევენ მათ, რომ მეგობრისა თუ ახლობლის დახმარების დროს, არ დაივიწყონ საკუთარი მენტალური ჯანმრთელობა და დაიცვან ბალანსი, გამოუყონ გარკვეული დრო საკუთარ თავზე ზრუნვას და ახსოვდეთ, რომ მხოლოდ ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელები შეძლებენ სხვის დახმარებას.

0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ქარელი
თინათინ ქარელი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0