x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
წიგნები, რომლებიც შეიყვარა მკითხველთა არაერთმა თაობამ
image


„იკითხე კლასიკა“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ერთ-ერთი გამორჩეული სერიაა, რომელზე მუშაობაც 2018 წელს დაიწყო. სერიაში თავს იყრის წიგნები, რომლებიც უკვე შეიყვარა მკითხველთა არაერთმა თაობამ; წიგნები, რომლებმაც გაუძლო დროს, ლიტერატურული სტანდარტების, სტილისა და გემოვნების ცვლილებებს და დარჩა მუდამ თანამედროვედ; წიგნები, რომელთა კითხვა ბედნიერება, დროისა და სივრცის უსაზღვროების შეგრძნება და სიახლის უწყვეტი განცდაა.


კლასიკურ ლიტერატურაზე, ახალ გამოცემებსა და ქართველი მკითხველის გემოვნებაზე სასაუბროდ, პროექტის მენეჯერს - ანა კოპაძეს მივმართეთ:


რა პრინციპით შეირჩევა წიგნები სერიისთვის "იკითხე კლასიკა"?



სერიაზე პროექტის მენეჯერი მუშაობს სარედაქციო ჯგუფთან ერთად. წიგნების შერჩევის პრინციპი მარტივია, მსოფლიოში კლასიკად აღიარებულ ნაწარმოებებზე ვმუშაობთ. ისეთებზე, რომლებიც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ პოპულარობითა და რომელთა კითხვაც მკითხველს არასდროს მობეზრდება.


რომელია სერიის ყველაზე გამორჩეული წიგნი, რომელსაც მკითხველის განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა?


ერთი წიგნის გამორჩევა რთული იქნება, რადგან ეს სერია მთლიანობაში უყვარს მკითხველს, თუმცა რამდენიმეს ჩამოთვლას მაინც შევეცდები: ფიოდორ დოსტოევსკის „მოთამაშე“; ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენი“; რეი ბრედბერის „ბაბუაწვერას ღვინო“ და ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია ტომის ქოხი“.


რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კლასიკური ლიტერატურის ახალი გამოცემები გვქონდეს? რით განსხვავდება ისინი ძველი გამოცემებისგან?


კლასიკური ლიტერატურის ახალ გამოცემას ბევრი დადებითი მხარე აქვს - პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის, რომ სარედაქციო ჯგუფი ხელახლა მუშაობს ტექსტზე და ცდილობენ, რომ მკითხველს მაქსიმალურად დახვეწილი პროდუქტი შესთავაზონ. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ ეს წიგნები გამორჩეულია დიზაინითაც, მოსახერხებელია თან სატარებლად.


image


ზოგადად მსოფლიოში როგორი ტენდენციაა, რამდენად კითხულობენ კლასიკას? თუ თანამედროვე ლიტერატურა უფრო აქტუალურია?


მსოფლიო მასშტაბით, ტენდენციებს თუ გადავხედავთ, საზღვარგარეთ უფრო აქტუალურია თანამედროვე ლიტერატურა. თუმცა, ისევე როგორც საქართველოში, ყველგან პოპულარობით სარგებლობს კლასიკური ნაწარმოებები.


საქართველოში რა მდგომარეობაა, აქ კლასიკა უფრო მოთხოვნადია თუ თანამედროვე?


საქართველოში უფრო მოთხოვნადი ალბათ უფრო კლასიკაა, რადგან მკითხველისთვის მარტივია ისეთი ავტორების წიგნების შეძენა, რომლებსაც უკვე იცნობენ.


როგორც ახსენეთ, დიდი ყურადღება ექცევა ვიზუალურ მხარეს? ვინ მუშაობს წიგნების დიზაინზე?


წიგნის ვიზუალური მხარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის მხატვრული კონცეფცია და დიზაინი ანა მაჩაიძესა და მარიტა ჯანაშიას ეკუთვნით. ამ სერიის ყველა ყდაზე მათ იმუშავეს.


რომელი წიგნების გამოცემაზე მუშაობთ ამჟამად?


სერიაში მალე გამოვა ბალზაკის „შაგრენის ტყავი“, უახლოეს მომავალში ასევე გამოვცემთ ჯეკ ლონდონის „წინაპართა ძახილს“. სერიას დაემატება ისეთი კლასიკოსების მოთხრობებიც, როგორებიც არიან: დოსტოევსკი, ჩეხოვი, ტოლსტოი.

0
41
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0