x
მეტი
  • 10.04.2020
  • სტატია:101035
  • ვიდეო:345734
  • სურათი:463845
მეგობრები საქართველოდან


კონფიდენციალურობას დავარარვევ ამჯერად, მინდა ჩემს მეგობარზე მოგიყვეთ...

სათქმელი ძალიან ბევრია, არ ვიცი საიდან დავიწყო.ვცდილობ გავიხსენო ყველა მომენტი, რაც გიკავშირდება: პირველი შეხვედრა, გაცნობა, ტირილი, სიცილი და მოკლედ, ყველაფერი.

პირველი, რაც შენი სახელისა და გვარის ხსენებისას მახსენდება, ეს არის თხოვნა: „დაწერე რა ჩემზე რამე ისეთი, რომ ვიტირო“-ზუსტად ეს სიტყვები, ასეთი კომბინაციით მითხარი მარტში, შენ სახლში. მაგიდასთან იჯექი ჩემს პირდაპირ, ყავას სვავდი შენი საყვარელი მრგვალი ჭიქიდან და უკვე წასასვლელად ემზადებოდი. თვალებში შემოგხედე, ოდნავ ცრემლიანი გქონდა და, როგორც ამინდის შეცვლისას გჩვევია, ცალი თვალის ფერი ღია თაფლისფერში გადადიოდა, ცალი კი, თანდათან, ქვესკნელივით შავი ხდებოდა... მაშინ დაგიწერე პატარა ჩანახატი სიტყვებით „ ის რაც ჩვენი შეხვედრის შემდეგ ჩვენ შორის რჩება, მხოლოდ სიცილია“.

აღარ მახსოვს რომელ კლასში ვიყავი, როცა პირველად გავიგე შენზე ანნასგან. რათქმაუნდა, თავიდან, მხოლოდ ის მაინტერესებდა, ვინ იყავი და რა გინდოდა? რატომ გამოჩნდი ახლა?.. რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც ყოველთვის, დაუკითხავად ავედი ანნას სახლში და დავინახე სქელ, შავ ჯემპრში გამოწკეპილი, გრძელთმიანი, ბავშვისსახიანი მარიამ დვალიშვილი. როცა უფრო კარგად ჩავეძიე ჩვენს „მონა ტერეზას“ მივხვდი, რომ ბევრი საერთო გვქონდა და ყოველდღე, დღეში 10-ჯერ მაინც ვითხოვდი შენს ახლოს გაცნობას, რაც, საბოლოო ჯამში, ამ წლის დასაწყისისთვის მოვახერხე. ისევ ისე ძლიერად ციოდა, როგორც მაშინ, როცა პირველად გნახე ამ სახლში, ოღონდ, მაშინ მისაღებ ოთახში დიდ მაგიდასთან იჯექი, ლექციას კითხულობდი ახალგაზრდების სწორ და არასწორ ქცევებზე, თავის დამკვიდრებაზე საზოგადოებაში. მაშინვე ვუთხარი ანნას, რომ შენ გახდებოდი ძალიან, ძალიან მაგარი ჟურნალისტი, თუ მოინდომებდი.



image
არც ის მახსოვს, ზუსტად, რატომ მოგვინდა იმ საღამოს მარჯანიშვილზე წასვლა (დარწმუნებული ვარ, მარჯანიშვილის იდეა მე მეკუთვნის, მით უმეტეს, არ ვიცოდით რა შეგვემთხვეოდა, მაგრამ როგორც ამბობენ - ზოგი ჭირი მარგებელიაო. იმ დღეს კონცერტზე, შუა ზამთარში, სიცივეში, ელექტრო მუსიკაზე „პირველად გავაფრინეთ“ ერთად, ამ დროს ანნა მორცხვად მარტო ფეხს აყოლებდა რითმს. აი, მე კიდე მაშინ ყველაფერი დავიწყებული მქონდა, ის ხალხიც, ჩვენ რომ გამოშტერებული გვიყურებდა და ისინიც, მარტო „დასაბირჟავებლად“ რომ იყვნენ მოსულები. მაგრამ ეს არ ყოფილა მიზეზი რის გამოც კარგი მეგობრები გავხდით, ამაზე დაწერა შენთვის მომინდვია... ამის მერე იყო 9 იანვარი, ე.წ. ჩვენი დღე. შუაღამეს ვიჯექით ჩვენ სამნი ჩემთან სამზარეულოში, ორივე კარი მოხურული გვქონდა. ანნა ძლივს ახელდა თვალებს და ჩვენი ხათრით არ იძინებდა.მთელი ღამე, გათენებამდე, მორალს გიკითხადი ადამიანურ სისუსტეებზე, სიძლიერეზე, ცხოვრებაზე, პიროვნული თვისებების მნიშვნელობაზე... რეალურად, 9 იანვარს გაგიცანი მე შენ. 9 იანვარს იყავი ნამდვილი მარი, არ მსახიობობდი, თავს არ იკატუნებდი, ძალით არ იცინოდი. 9 იანვარს პირველად გნახე მე შენ.

მთელი ღამის უძილობის შემდეგ, რატომ გადავწყვიტეთ საჯარო ბიბლიოთეკაში წასვლა დილის 8 საათზე, თან მეტროთი, აი, რატომ? ვაგონში სულ 3 კაცი იჯდა და სამივე ჩვენ გვიყურებდა, ალბათ, დებილებივით რომ ვიცინოდით იმიტომ. მახსოვს 10-შიც ჩემთან უნდა ყოფილიყავით. მთელი ღამე ტიროდი, ანნა გაწყნარებდა და ისიც შენთან ერთად ტიროდა, მე კი უკვე ძალით ვაპირებდი შენს გაჩერებას, შენით რომ არ მიმხვდარიყავი ამას. მაშინ დავიფიცე, რომ არასდროს, არავის გამო აღარ მოგცემდი უფლებას, რომ გეტირა( მიუხედავად ამისა, ვიცი, ამის მერე კიდევ ძალიან ბევრჯერ იტირე). 10 იანვარს მე გავხდი შენი მეგობარი.

ბათუმში დიდი ხნის დაბრუნებული იყავი. მე და ანნა ჩუმად ავიპარეთ ღამით ჩვენ კლასში. შენზე ვლაპარაკობდით და, აი, შენც დარეკე. ოღონდ არა იმის სათქმელად, რომ გენატრებით ან თბილისში ჩამოსვლა გინდოდა, არა... შენ ტიროდი და ყველაფერს ვფიცავარ, მაშინ მზად ვიყავი მეორე დღესვე წამოვსულიყავი და შენს გვერდით ვყოფილიყავი, რომ არა ხათუნა დეიდა, რომელმაც ცოტა დამამშვიდა, უფრო სწორად, ისეთი სიტუაცია იყო, ყველა ერთმანეთს ვაწყნარებდით: ანნა მე, მე შენ, შენ დედაშენს, დედაშენი მე და მე დედაშენს... ეს ეტაპიც გადავლახეთ როგორღაც. რამდენიმე თვის შემდეგ დაუბრუნდი მშობლიურ ქალაქს. ჩემთან დარჩი. მთელი ღამე ვლაპარაკობდით, მთელი ღამე ვამბობდით, რომ ახლა დავიძინებდით, მთელი ღამე ვიცინოდით, მთელი ღამე გავათენეთ. ბოლოს, როცა ორივე დავიღალეთ, უკვე ძალიან გვიანი იყო და მხოლოდ იმით შემეძლო მენუგეშებინე, რომ სულ რაღაც ორ საათში წავიდოდი სკოლაში და თავისუფლად შეგეძლო დაგეძინა ჩემს დაბრუნებამდე. „დღეს იასეთი ლამაზი უნდა იყო, რომ ყველა შენ გიყურებდეს, „იმის“ ჯინაზე“- მეუბნებოდი სკოლაში წასვლის წინ და თან ტუშისა და სუნამოს შერჩევით იყავი დაკავებული... მერე იყო „დიღმის ამბავი“, ღამი თორმეტ საათზე, აქციიდან ახალმოსულებმა ფეხით შემოვიარეთ მთელი უბანი, კინაღამ დავიკარგეთ და კინაღამ შემომაკვდი იმ ღამეს, რომ არა ჩემი მოსახლეობისადმი პატივისცემა.

გვიკამათია ბევრჯერ. მეც ვყოფილვარ შენზე ნაწყენი და შენც ჩემზე( ეს ორი უკანასკნელი, ძირითადად, ერთმანეთს ემთხვეოდა). ჩემი აზრით, მეგობრობის ყველაზე მყარი საფუძველი ის თვისებებია, რომლებიც გვაერთიანებს. ყოველთვის ვიცი, რომ შემიძლია ყველაფერი მოგიყვე და არ გამკიცხო, შენ კიდევ ჩემზე უკეთ იცი, რომ ჩემი იმედი სულ უნდა გქონდეს.

P.S.მიზეზი, რის გამოც ეს დავწერე არის ის, რომ ჩვენ გვაქვს, თითქმის, ერთნაირი წარსული. მართალია, არ ვიცი, როგორ მოხდა ასეთი დამთხვევა, მაგრამ სხვადასხვა გარემოებების და ხასიათების გამო, სხვადასხვანაირად აღვიზარდეთ და სულ ვფიქრობ, ალბათ, ჩვენ რომ ადგილები გაგვეცვალა შენ ჩემნაირი იქნებოდი, მე კი -შენნაირი. ჩვენ დიდი ხის სხვადასხვა ტოტზე აღმოცენებული ერთნაირი ფოთლები ვართ. ხის ძირი ერთია, როოგორც ჩვენი წარსული, ტოტები სხვადასხვა, როგორც ჩვენი განვითარების გზები, მაგრამ ფოთლები მაინც ერთნაირია, როგორც ჩვენ.

ერთნაირად ვფიქრობთ, ერთნაირად ვაზროვნებთ და ჰო, სულ რამდენიმე თვეა გიცნობ(რაზეც რეალურად, ეხლა დავფიქრდი), მაგრამ უკვე იმდენი საერთო მოგონება დაგვიგროვდა, იმდენ რამეზე შეგვიძლია ვთქვათ- „გახსოვს?“, რომ წლების ნაცნობებსაც კი არ აქვთ ხოლმე ამდენი საერთო.

პატარა რომ ვიყავი, ღმერთს სულ იმას ვეწუწუნებოდი, ტყუპი და რატომ არ მყავსთქო, ან ისეთი ადამიანი მაინც გამაცანი ჩემნაირი რომ იყოს ზუსტადთქო, მაგრამ ამ ვარიანტს მაშინვე გამოვრიცხავდი, არ მეგონა თუ ვინმეს ექნებოდა ჩემნაირი ხასიათები და წარსული. და როცა უკვე იმედი გადავიწურე, რომ ოდესმე ვიპოვიდი ჩემს „მეორე მეს“, მაშინ გამოჩნდი შენ.

სანამ წამოვიდოდი, ორი თვის წინ, ჩემს ოთახში მარტო ვიჯექი, კუთხეში რბილად, თბილი ყავით ხელში და ვფიქრობდი, ვფიქრობდი ძალიან ბევრს.მაშინ, პირველად დავუშვი შესაძლებლობა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა დიდხნიანი განშორებისა და დიდი მანძილის გამო და შეიძლებოდა დამეკარგა ის, რაც მაძლიერებს- თქვენ. ვიგრძენი, რომ ვკარგავდი ყველაფერს, ყველაზე ძვირფას და ყველაზე სანუკვარს, ჩემი ბავშვობის ოცნებას, „ჩემს პატარა ორეულს“- მარიამ დვალიშვილს. და ვიტირე იმდენი, რომ მოვითენთე და ბავშვივით ჩამეძინა... როცა გამოვფხიზლდი უკვე აეროპორტში წასვლის დრო იყო...

ბევრჯერ გიკითხავს, როგორ შეგიძლია გახდე ჩემსავით ძლიერი?-არ ვიცი, უბრალოდ, ყოველთვის გახსოვდეს, რომ რაღაცის დასასრული, რაღაც ახლის დასაწყისია, რთული პერიოდი კი ძალიან მალე გაივლის, ამიტომ ზედმეტი დარდი და ნერვიულობა არ ღირს არაფერზე. მე მხოლოდ ერთი ტაქტიკით ვმოქმედებ, ყველა ხერხით, ვცდილობ შევინარჩუნო ის, რაც ჩემთვის ძვირფასია. ჰო, შეიძლება ყოველდღე არ გეუბნები, რომ მიყვარხარ (გითხარი კიდეც, რომ ეს სიტყვა ცხოვრებაში მხოლოდ 5 ადამიანისთვის მაქვს ნათქვამი), მაგრამ გაგრძნობინებ რომ ასეა, გვერდში დაგიდგები, დაცემულს წამოგაყენებ და არ გაგწირავ იმიტომ, რომ ცხოვრებაში ადამიანი ადამიანობით ფასდება და რასაც გასცემ ადრე თუ გვიან, ყოველთვის უკან გიბრუნდება, ყოველთვის ადრე თუ გვიან...

და ბოლოს, გახსოვდეს, ის, რაც ჩვენი შეხვედრის შემდეგ ჩვენ შორის რჩება, მხოლოდ სიცილია...


1
76
2-ს მოსწონს
ავტორი:blogger
blogger
76
  
18 თებერვალი, 9:38
ქართული ისწავლეთ.
0 1 1