x
მეტი
  • 02.04.2020
  • სტატია:100915
  • ვიდეო:345633
  • სურათი:463633
წერილი მშობლებს აეროპორტიდან
ისევ აეროპორტში ვარ. ისევ იქ, სადაც ვიყავი მაშინ, სანამ ყველაფერი დაიწყებოდა...

აქ უკვე ყველა მიცნობს. ჩემი დანახვისას მხოლოდ ამასღა მეკითხებიან: დაბრუნება კარგია, ხომ?- მეც მორცხვად თავს დავუკრავ თანხმობის ნიშნად და გავუღიმებ.

აქ უკვე ყველაფერი ძალიან ნაცნობია. ნებისმიერს შემიძლია ნებისმიერი ადგილი მივასწავლო. მომწონს აქ ყოფნა, თავს კომფორტულად ვგრძნობ. არავინ გიცნობს, არავინ ერევა შენს საქმეში, აქ არ არსებობს შეზღუდვები.

აეროპორტი ყველაზე ნამდვილი ემოციების ადგილია დედამიწაზე. აქ უხარიათ, სწყინთ, ეჩქარებათ, ნერვიულობენ, ეშინიათ, სტკივათ, ტირიან... აქედან გასვლის შემდეგ ყველას ცხოვრებაში იცვლება რაღაც.


დედამიწის ზურგზე ყველაზე კარგი ადგილია აეროპორტი. ყველა აქ არის: იაპონელი, ამერიკელი, რუსი, ფერადკანიანი, აფრიკელი- ყველა. აქ მშვიდობაა. არავინ გერჩის შენი განსხვავებული შეხედულებების თუ მრწამსის გამო, პირიქით, ეხმარებიან კიდეც ერთმანეთს, რამე თუ დასჭირდათ- ეს ყველაზე კეთილი ადგილია.

უამრავი ადამიანია ირგვლივ. აქ არის მშობელი, რომელიც შვილს აცილებს და შვილი, რომელიც ტოვებს მშობელს. თუ გინდა გაიგო როგორია ნამდვილი სიხარული, მოდი აეროპორტში, იპოვე მამა, რომელიც ელოდება მონატრებული შვილის დაბრუნებას შორეული ქვეყნიდან და ნახავ.

ეს არის ადგილი, სადაც ყველა იმედებითაა სავსე, იმედით, რომ რაღაც შეიცვლება და შეიცვლება კიდეც, აუცილებლად.

აქ არის საუკეთესო მეგობრის გასაცილებლად მოსული ქართველი ქალი. თმა ქერად აქვს შეღებილი, შავი ტანსაცმელი აცვია, ხელში ცრემლებისგან დასველებული ცხვირსახოცი უჭირავს, პატარა კურნოსა ცხვირი და ფაფუკი ლოყები ჩასწითლებოდა, ამ სიწითლეში კიდევ უფრო მკვეთრად სჩანს მისი ღია ცისფერი თვალები, კრისტალებივით რომ უნათებენ ლამაზ სახეს და უკვე მკვეთრად გამოხატული ტუჩები.

-რა ვქნათ, ასე ხდება...-ამშვიდებს დედაჩემი- გაშვება ზოგჯერ სავალდებულოა. მეც შვილს ვაცილებ. რა ვქნა ვიცი, დიდი ხანი ვეღარ ვნახავ, ვეღარ ჩავიკრავ გულში, მაგრამ არ ვტირი, არ მინდა შვილმა ცრემლიანი დამიმახსოვროს...

ოჰ, დედა, დედა...

ჰო, შეიძლება არ ხარ მსოფლიოში ყველაზე თბილი, დაკვირვებული და სამართლიანი ჩემს მიმართ, მაგრამ შენ ჩემი ხარ. მარტო ჩემი დედა ხარ მშვიდმილიარდიან დედამიწაზე. შენ მხოლოდ მე გყავარ, მე კიდე - შენ. ვიცი, რომ ბევრი გადაიტანე, რომ ძალიან ბევრი გამოიარე ჩვენს გამო. ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი აფრინდა ცრემლებად დაიღვარე, ჩემი დატოვებული ტანსაცმელი გულში ჩაიკარი და სევდამაც თანდათან დაგისაკუთრა...

დედა, მე შენ მიყვარხარ, რადგან შენ გყავს ერთადერთი შვილი შვიდმილიარდიან დედამიწაზე და ეს შვილი მე ვარ.

... და ისევ აქ ვარ, აეროპორტში.

კვლავ იწელება დრო და საუკუნედ მეჩვენება თითოეული წამი.

იქ, რომ ჩავალ მამა დამხვდება. ვიცი, მანაც ბევრი იტირა ჩემი წამოსვლის შემდეგ. ჩუმად, გულში, მაგრამ იტირა. ბოლო დამშვიდობებისას ცრემლის ნაპერწკალი უღვიოდა და ტკივილისგან ჩაწითლებული ჰქონდა ჩემნაირი ღამისფერი თვალები...

ჰო, ამბობენ გოგონებს მამები უფრო უყვართ, ბიჭებს- დედებიო, მაგრამ არ მჯერა, რომ მხოლოდ ამის ბრალი შეიძლება იყოს ამხელა გრძნობა შენს მიმართ.

მე მყავს მამა, რომელმაც აღმზარდა, რომელმაც იშრომა, რომელმაც ყველაფერი ორმაგად გადაიტანა თავის მხრებზე და ამის მიუხედავად, მაინც, ერთხელაც არ მომისმენია მისი წუწუნი, ერთხელაც არ image
, ერთხელაც არ უსაყვედურია ღმერთისთვის. მან მე მომცა სტიმული მაშინ, როცა თვითონაც არ მჯეროდა საკუთარი თავის.

მახსოვს, ექვსი წელი მისრულდებოდა. წინა ღამით ვტიროდი, რადგან ეს იყო პირველი დაბადების დღე, როდესაც დედა გვერდით არ მყავდა, უფრო მეტიც, არ ვიცოდი სად იყო, როგორ იყო, ან იყო თუ არა საერთოდ... ვტიროდი და ვცდილობდი, ჩემი ხმა არავის გაეგონა მაშინ, როცა ყველაზე მეტად მინდოდა სხეულის ტკივილამდე ყვირილი. უცებ, ვიგრძენი, როგორ მომეხვია მამის ძლიერი მკლავი და გულში ჩამიკრა. მთელი ღამე ჩახუტებული ვყავდი, მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ამისთვის თავს არ დაზოგავდა, რომ იქნებოდა მუდამ ჩემს გვერდით და დამიცავდა ყველასგან და ყველაფრისგან. არასდროს, არასდროს, არასდროს დამავიწყდება მისი თბილი, ამავდროულად, ბოხი და სევდიანი, შრომისგან დაღლილი ხმით ნამღერი იავნანა იმ ღამით.

მამა, შენ ხარ ჩემი გმირი და გპირდები, ყველაფერს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იყო ბედნიერი ჩემს გამო- ჩვენს გამო...

... და მინდა ვთქვა ძალიან, ძალიან ხმამაღლა, რომ მე შენ მიყვარხარ იმიტომ, რომ მარტო ჩემი მამა ხარ შვიდმილიარდიან დედამიწაზე...

და მე ისევ აქ ვარ, აეროპორტში, ყველაზე ნამდვილი ემოციების ადგილას დედამიწაზე...


8/09/2018

22:54

0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:blogger
blogger
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0