x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101014
  • ვიდეო:345710
  • სურათი:463803
სხეულის დისმორფული აშლილობა
image
ალბათ თითოეულ ჩვენგანს ჰქონია საკუთარი გარეგნობის შეცვლის სურვილი. ეს სურვილი შესაძლოა მოიცავდეს როგორც რაიმე მცირე დეტალს, ასევე უფრო მასშტაბურ ცვლილებას. ხშირ შემთხვევაში ეს მხოლოდ სურვილის, ნატვრის, ოცნების სახით რჩება და ჩვენს ყოველდღიურ ფუნქციონერებას ხელს არ უშლის. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს იმდენად მახინჯად თვლიან, რომ უარს ამბობენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე, ან არ შეუძლიათ ნორმალური ფუნქციონირება, რადგან ფიქრობენ, რომ სხვა ადამიანებმა შეიძლება ამ ნაკლის/სიმახინჯის გამო დასცინონ. ამ უცნაურ დაავადებას სხეულის დისმორფული აშლილობა ეწოდება და მის ცენტრალურ მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ შედარებით ნორმალური გარეგნობის მქონე ინდივიდი მთლიანად არის მოცული გარკვეული წარმოსახვითი დეფექტის შესახებ აზრებით. სდა–ს მქონე პაციენტები ამ აკვიატებული აზრების შესაბამისად ახორციელებენ კომპულსურ ქცევებს (მაგალითად, ხშირად იხედებიან სარკეში საკუთარი გარეგნობის შესამოწმებლად). ამ ნიშნების მიხედვით ეს ფსიქიკური აშლილობა ობსესიურ–კომპულსური აშლილობის მსგავსია და ტვინის ნეიროვიზუალიზაციის ტექნიკის გამოყენებით ჩატარებული ერთ–ერთი კვლევის მიხედვით, ტვინის მსგავსი პათოლოგიური ფუნქციონირება ახასიათებს (Rauch et al., 2003).

სხეულის დისმორფული აშლილობის დიაგნოზის დასმა ხდება იმ შემთხვევაში, თუ გარეგნობის საკითხებით გონების ასეთი დაკავებულობა კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან გაუარესებას იწვევს სოციალურ, პროფესიულ ან ფუნქციონირების სხვა სფეროებში.
სხეულის ნაწილების საშუალო რაოდენობა, რომელთაც პაციენტები უჩივიან, 5-დან 7-მდე იცვლება. მათთვის დამახასიათებელია ჩივილის შემამსუბუქებელი სხვადასხვა ტიპის შემოწმებისა და მაკომპენსირებელი მექანიზმი. მაგალითად, გადაჭარბებული გარუჯვა დამახასიათებელია კანის დეფექტების დამალვის მცდელობისას. ასევე გადაჭარბებული თმის ვარცხნა და კანის მოქექვა. სდა–ს მქონე ინდივიდები ხშირად ამოწმებენ, წარმოსახვით სიმახინჯეში რამე ხომ არ შეცვლილა. ნაწილი კი სრულიად გაურბის სარკეში ჩახედვას ფობიის დონემდე. ეს ინდივიდები თვლიან, რომ ყველაფერი რაც ირგვლივ სამყაროში ხდება მათ წარმოსახულ დეფექტს უკავშირდება.


რთულია სხეულის დისმორფული აშლილობის გავრცელების სიხშირის შეფასება, რადგან თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მას ადამიანები საიდუმლოდ ინახავენ ან მიმართავენ არა ფსიქოლოგებს/ფსიქიატრებს, არამედ სხვა ტიპის პროფესიონალებს, კერძოდ, პლასტიკურ ქირურგსა და დერმატოლოგს. სდა თანაბრად გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში, თუმცა გამოვლენის თვალსაზრისით არსებობს გარკვეული განსხვავებები. მამაკაცები ძირითადად ფოკუსირდებიან სხეულის აღნაგობაზე, გენიტალიებსა და თმის შეთხელებაზე. ამას გარდა სდა–ს უფრო მძიმე ფორმების განვითარებისკენ არიან მიდრეკილნი. კუნთების დეფექტებსა და სხეულის აღნაგობაზე კონცენტრირება ამ აშლილობის მქონე მამაკაცების თითქმის უნიკალური მახასიათებელია. ქალები კი სხეულის სხვადასხვა ნაწილს აპყრობენ ყურადღებას და კვებითი აშლილობებისკენ უფრო არიან მიდრეკილნი, ვიდრე მამაკაცები. აშლილობის დაწყების ასაკი ადრეული მოზარდობიდან 30 წლამდე ცვალებადობს და პიკს 16-17 წლის ასაკში აღწევს.


ერთ–ერთი კვლევის მიხედვით, სდა–ს დიაგნოზის მქონე ინდივიდებს ფსიქოლოგიური სტრესის უფრო მაღალი და ცხოვრების ხარისხის უფრო დაბალი მაჩვენებლები ჰქონდათ, ვიდრე დეპრესიის, დიაბეტის ან მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებს. აგვარად, სდა სერიოზული ფსიქიკური აშლილობების რიცხვს მიეკუთვნება და დეპრესია და ნარკოტიკების მოხმარება მის ჩვეულ შედეგებს წარმოადგენს. სდა–ს მქონე ადამიანები იშვიათად ქორწინდებიან. ზოგიერთ შემთხვევაში, როცა ამ ინდივიდებს პლასტიკური ოპერაციების გაკეთების საშუალება არ აქვთ ან უარს ეუბნებიან, საკუთარი ხელით ცდილობენ გარეგნობის შეცვლას, რაც ხშირ შემთხვევაში ტრაგიკულად სრულდება.



სდა–ს გამომწვევი მიზეზების შესახებ საუბარი რთულია, რადგან არ არსებობს ღირებული ინფორმაცია ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური პრედისპოზიციური ფაქტორებისა და მოწყვლადობის შესახებ. ფსიქოანალიტიკური მიდგომის მიხედვით, აქცენტი კეთდება დაცვის მექანიზმებზე, კერძოდ, ჩანაცვლებაზე (მდგომარეობის საფუძვლად მდებარე არაცნობიერი კონფლიქტი შფოთვის მაპროვოცირებელი იქნებოდა ცნობიერში რომ ამოსულიყო. აქედან გამომგინარე, ინდივიდი ამ კონფლიქტის სხეულის ნაწილით ჩანაცვლებას ამჯობინებს)


სხეულის დისმორფული აშლილობა ქრონიკული დაავადებაა. ფსიქო- და ფარმაკოთერაპიის შედეგად (იშვიათად, თუმცა) შესაძლებელია მისი განკურნება, თუმცა, სამწუხაროდ, ახასიათებს რეციდივი.

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0