x
მეტი
  • 28.03.2020
  • სტატია:100798
  • ვიდეო:345476
  • სურათი:463429
მოტივაციისთვის
იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩემი პირველი სტატიაა, მინდა ჩემს შესახებ მოგიყვეთ. ერთი შეხედვით უჩვეულო და ქართულ რეალობასთან შედარებით განსხვავებული კონტენტის შემოთავაზებას ვაპირებ მომავალშიც.

ხვალ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს. ყველაფერი მოვამზადე თითქმის, თუმცა ჩაძინება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დილის ექვს საათზე გავიღვიძებ, თმას გავისწორებ, ვისაუზმებ. შვიდ საათზე უკვე გაჩერებასთან ვიქნები, ავტობუსს რომ მივუსწრო, შემდეგ მატარებელს და რამდენიმე წუთში პიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შესასვლელთანაც აღმოვჩნდები. უზარმაზარი ეზო და კოლონებით გაფორმებული აუდიტორიები, მოწესრიგებული, სიმეტრიულად და პუნქტუალურად, ძველ ბერძნულ სტილში განლაგებული ოთახები უზარმაზარი ფანჯრებით, სადაც 150 ადამიანი, ყველა განსხვავებული ასაკის, შევიკრიბეთ საერთო მიზნის მისაღწევად: ჩვენ უნდა ვემსახუროთ სამართალს!

მიუხედავად იმისა, რომ ყველას უცხოეთში სწავლა, ფაქტობრივად, სასწაულად ეჩვენება და ბევრს ოცნებადაც კი აქვს ქცეული, ჩემთვის, თითქოს, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, ზედმეტი წვალებისა და ბრძოლის გარეშე. მაშინ ვერც კი ვხვდებოდი, რომ ნამდვილი ომი 16 სექტემბრიდან დაიწყებოდა, დღეს, როდესაც დაიწყო სწავლა.

როგორც ყველა დანარჩენისთვის, პირველი დაბრკოლება: მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება გახლდათ, რაც არც ისე მარტივი აღმოჩნდა. გარდა ჩემი კომპლექსებისა, გარემოც არ დამხვდა დიდად კეთილგანწყობილი, ლექტორებიც ძალიან მკაცრები მომეჩვენენ, ამასთან მე სხვა უფრო დიდი პრობლემაც მქონდა და ახლაც მაქვს: იტალიური ენა. ცხადია, წამოსვლამდე კერძო მასწავლებელთან ვემზადებოდი, რომელმაც ერთ წელიწადში ჩემი ენობრივი დონე A2-დან B2-მდე აწია, თუმცა ეს საკმარისი არ იყო, საკუთარი თავი ჩამეთვალა მზად გავმკლავებოდი ყველაფერს.


ყოველ ჯერზე, ყოველდღე, ყოველ ლექციაზე და ყოველ წამს გაქცევაზე ვფიქრობდი. შინ დაბრუნება მინდოდა, სახლში, ჩემს საყვარელ მამასთან ჩახუტება მაკლდა, ბებოს გაკეთებული საჭმლის გემო და მისი პოლიტიკური განხილვების ძალაუნებურად მოსმენამაც კი მომანატრა თავი. ყველაზე მეტად შუადღე მიყვარდა. ამ პერიოდში მზე ზუსტად მამაჩემის ოთახის ფანჯრებს ანათებდა, მზის სხივები საწოლს ეცემოდა.

ზამთრის მიწურული იყო, გაზაფხული დგებოდა უკვე. სრულიად შემთხვევით შევიხედე ცარიელ ოთახში, რაღაცამ ძალიან მიმიზიდა, აქ ყოველთვის უფრო მისტიური აურა იყო. ლოგინზე თბილი გადასაფარებელი ეფარა, გარედან ბავშვების ჟრიამულის ხმა შემოდიოდა. ბუნება იღვიძებდა. ინტერნეტი გამოვრთე, ფრენის რეჟიმი ჩავრთე, მუსიკაც ავარჩიე, დავწექი და სახე მზეს მივაპყარი. მინდოდა მთელი სხეულით გავხვეულიყავი მზის ფაქიზ სხივებში, ასე ნაზად რომ მელამურებოდა ღაწვებზე. სრულიად მოვდუნდი. იმ წუთებში არაფერზე და არავიზე ვფიქრობდი და ეს საოცარი იყო.

უცებ გამოვერკვიე ფიქრებიდან. ახლა უამრავი უცნობი პიროვნების გარემოცვაში ვიყავი და ვუსმენდი ადამიანს, რომლის ნათქვამი 10 სიტყვიდან 6 არ მესმოდა და ყოველთვის, როცა ასე ხდებოდა, ფანჯარაში მზის დანახვას ვცდილობდი. იმ მზის, ადრე რომ ასე ბედნიერად მაგრძნობინა თავი და გამილამაზა ბავშვობის მარტოსულობის დღეები. მე ახლა იქ ვარ, სადაც უამრავს უნდოდა და ვერ მოხვდა, მე ახლა სხვის ოცნებას საკუთარ თავზე ვისრულებ და ყველა ასეთი ადამიანის სახელით მინდა, ბოლომდე გავიტანო ჩემი სათქმელი, მინდა, დაწყებული საქმე დავასრულო, თუნდაც, ძალიან დიდი შრომის გაწევა დამჭირდეს ამისთვის და მე ამას შევძლებ!

ხვალიდან ისევ ამ კალაპოტში დაბრუნებას ვაპირებ. მარტო ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, პირველივე დღის შემდეგ საქართველოში დავბრუნდებოდი. კავკასიური ჟინი და ტემპერამენტი ყველასგან განსხვავებული და გამორჩეულია, მე ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. სწორედ, იმ გარემომ, რომელშიც გავიზარდე, მომცა საშუალება მესწავლა, თუ როგორია იყო ძლიერი და დამოუკიდებელი პიროვნება. მე მის გარეშე არაფერი ვიქნებოდი და შენ, ვინც ამას კითხულობ და შენს საყვარელ სამშობლოში იმყოფები, მინდა გთხოვო, დააფასო მისი ყოველი კუთხე-კუნჭული, რადგან მისი სადარი მართლაც არ არის... პიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შენობა


1
19
1-ს მოსწონს
ავტორი:blogger
blogger
19
  
17 თებერვალი, 10:22
როგორ მეზიზღება ეს პათეტიკა და დამოძღვრა...რა გიჭერს მერე, ჩამოდი შე კაი ადამიანო, დატყვევებული ხარ? რით ხარ ჩვენზე მეტი ან ნაკლები? რატომ გვიყურებ ასე ზევიდან?
0 1 1