x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჰერაკლე - ლომისტყაოსანი
ჰერაკლე - ლომისტყაოსანი


ჰერაკლე, ჰრაკლე, ლათ. ჰერკულესი (Herakles, Hrakles, Hercules) - "ჰერას დევნის წყალობით სახელგანთქმული", ე.ი. ვინც ჰერას მიზეზით საგმირო საქმეებს ახდენდა. ასე უწოდა მისანმა. მისი პირველი სახელია ალკიდი, ალკეოსი (Ikeides, Alkaios - დევგმირი, ძალუმი კაცი) - ბერძენთა, დორიელთა უდიდესი ეროვნული გმირი. ადამიანის დევგმირული ძლიერების უმაღლესი იდეალი, უზენაესი ზევსისა და მიწიერი მოკვდავი ქალის, ალკმენეს ზიარი შვილი, ბუნების სტიქიებთან და ბოროტ ძალთა ქაოტური უწესრიგობის წინააღმდეგ სიკეთის ბრძოლის განსახიერება, მცირე აზიურ და კოლხ-პელასგურ სტილში ლომისტყაოსნად მოვლენილი.


ზვიად გამსახურდია მის შესახებ წერდა: "ჰერაკლე პერსევსის ძეა, რომელმაც დააფუძნა ნათელმხილველური პელასგური კულტურა, რომელიც შემდეგ გადაიყვანა ათენელთა ჰელენურ კულტურაზე. ჰერაკლე ცხებულია ჰერასი (ჰაერასი), უძველესი პელასგურ-იბერიული ქალღმერთისა, რომელიც წინასახეა იზიდასი, სოფიასი, ქრისტიანული გაგებით - ღვთისმშობლის. ამავე დროს ჰერაკლე ზევსის ძეა, ვინაიდან მან აითვისა აგრეთვე ზევსური, ე.ი. ინდოევროპული ინიციაციური კულტურაც. ჰერაკლეს, ჩვეულებრივ, ლომისტყაოსნად გამოსახავენ მცირე აზიური ლომისტყაოსანი და ვეფხისტყაოსანი გმირების კვალობაზე. რაც სიმბოლოა თვითფლობისა და "მე"-ს მეფური ძალმოსილებისა. მისი ზებუნებრივი ფიზიკური ძალმოსილება, მისი გმირობანი სიმბოლურად ასახავენ მისტის ანუ ადეპტის სულიერ პოტენციებს. ნებელობის ძალას, მისი დოდეკაილოს (12 საქმე), 12 საფეხურია ინიციაციისა (ჰერაკლეს დასახვა მარტოოდენ ფიზიკური ძალის გმირად, უმეცრებაა).


ჰერაკლეს მიერ მიჯაჭვული პრომეთეს გათავისუფლება და ზევსის არწივის მოკვლა მისტერიათა ენაზე ნიშნავს შემდეგს: იაფეტურ-პრომეთესეული ანუ პროტო-ქართული, პროტო-ევროპული მოდგმა, რომელიც დათრგუნა და შეავიწროვა ინდო-ევროპულმა მოდგმამ (ზევსმა) ამჟამად მიჯაჭვულია კავკასიაზე, დამდაბლებული და დაწუნებული, მტრული მოდგმით გარშემორტმული. მას გულ-ღვიძლს უღადრავს არწივი (ინდო-ეროპელთა იმპერიული ძლიერების სიმბოლო), მაგრამ მომავალში პრომეთე განთავისუფლდება, აღორძინდება და დაიბრუნებს თავის პირვანდელ ძალასა და პოზიციას მსოფლიოში, როლს ცივილიზაციისა და კულტურის შემქმნელისა. მისტერიათა კულტურ-ტრეგერისა და კაცობრიობის მსაჯულისას. მას გაათავისუფლებს ჰერაკლეს ანუ ინიციაციის ახალი კულტურა, რომელსაც პრომეთემ თავადვე მისცა დასაბამი, რომელიც მომავალში მიაღწევს სულიერი განვითარების უმაღლეს საფეხურს, სულიერ ყოვლისშემძლეობას (ჰერაკლეს ყოვლისშემძლეობა), და იქცეა უზენაეს თეურგიად. ეს უზენაესი თეურგია არის ქრისტიანული თეურგია. ქრისტესეული ინიციაცია, რომლითაც მან აღადგინა ლააზარე, რომელიც გაგრძელებაა ანტიკური მისტერიებისა, ახალი დაუმაღლესი ეტაპია თეურგიისა და ინიციაციისა. აი, რა იხსნის დამდაბლებულ და დაწუნებულ, მიჯაჭვულ პრომეთე-ამირანს, აი, რა გაანადგურებს იმ იმპერიულ ძლიერებას, (ზევსის არწივს), რომელიც მას აწამებს" (ზ. გამსახურდია, "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი").



ჰერაკლე - ლომისტყაოსანი


ჰერაკლე არის ზევსის შვილი, დიდი მაშვრალი და ბოლოს კვლავ ღმერთად ქცეული ლომისტყაოსანი, თავდაპირველად, კოლხ-პელაზგების პერიოდში აპოლონის მსგავსად, მზის ღმერთი უნდა ყოფილიყო. მისი ციური პროტოტიპი შორეულ წარსულშია საძიებელი. აპოლონთან მაინც ბევრი რამ აკავშირებს: მისებრ დახელოვნებული მშვილდოსანია, მკურნალი, ურჩხულთა შემმუსვრელი, ბნელი ძალების რისხვა, ბევრი რამ აქვს საერთო აგრეთვე ფინიკიელთა მელკარტთან და შუმერთა ღმერთკაც გილგამეშთან. მასავით ებრძვის ბოროტებას, განიწმინდება და ღმერთად იქცევა. ეს შორეული შრეები და პარალელებია. ჰომეროსის ჰერაკლე უკვე ჩამოყალიბებული, წმინდა ეროვნული გმირია. შემდეგ მხოლოდ პისანდრე როდოსელმა შემოსა ლომის ტყავით და მისცა ხელში უბრალო, მაგრამ მრისხანე იარაღი - კომბალი, რითაც უჯაროდ ებრძვის ბოროტებას. იმდენი საგმირო საქმე მოახდინა, ძირითადი 12 გმირობის გარდა, რომ ციცერონი ექვს ჰერაკლეს ითვლიდა, ვარონი ორმოცდასამს, მაგრამ ჰერაკლე ერთია. მისი საოცარი თავგადასავალი - ესაა ადამიანის ტიტანური ძალის ტრიუმფალური ეპოპეა, რაშიც ხალხმა ჩააქსოვა მშვენიერი აზრი: თვით ღმერთები იხსნა ადამიანმა დამხობისგან, ადამიანი ღმერთზე ძლიერია. ჰერაკლემ მაცდურ სიამეს ტანჯვის ეკლიანი გზა ამჯობინა, იშრომა, იღვაწა, იტანჯა, იბრძოლა, ისმინა, ითმინა, ამსხვრია ბორკილები, განწმინდა ქვეყნიერება ურჩხულებისა და მოძალადეებისგან, ბოლოს ტანჯვითვე აღესრულა და ცად ამაღლდა.


ჰერაკლე - ლომისტყაოსანი


ჰერაკლე ადიდა ჰომეროსმა, უძველესმა და უდიდესმა პირველწყარომ, უკვე მოგვცა გმირის ჩამოყალიბებული სახე, რასაც ჰესიოდეც ამაგრებს: ესაა კოლხ-პელაზგური და შემდეგ ბერძნული გმირი, რასაც შემდეგ კიდევ დაემატა ანაოგიურ უცხოელ სახალხო გმირთა, უმეტესად ეგვიპტური, ფინიკიური და ბაბილონური მითოლოგიის დეტალები. ასე შეადუღაბა ამ სახეში ბერძენთა მდიდარმა ფანტაზიამ აღმოსავლური და ადგილობრივი, ისტორიული და მითური, ზღაპრული და რეალური ელემენტები, ხორცი შეასხა კეთილ ბუმბერაზს, მზის მიმოქცევის მასშტაბები დაუდგინა და ამოქმედდა ეს ერთი ძე კაცისა მთელ მაშინდელ მსოფლიოში, ტროადიდან შორეული დასავლეთის ჰესპერიდების ბაღამდე - მისი სახელობის სვეტებამდე. აფრიკიდან კოლხეთამდე, ქვესკნელიდან ოლიმპომდე. არც ერთ სხვა გმირს არ ჰქონია მოქმედების ასეთი ფართო ასპარეზი. ფეხმარდი მაშვრალი ყველგან ასწრებს მისვლას, ყველგან თრგუნავს ბოროტებას, და თვით ღმერთები შესთხოვენ ხშირად დახმარებას გიგანტებთან ომში, ყაჩაღ კიკნოსის მოკვლა და სხვ. მისი ცხოვრებისა და შრომის გზა მოკლედ ასეთია.


ახალგაზრდა ჰერაკლე


1) ჰერაკლეს ჩამომავლობა


დორიელთა მოდგმის გმირი წარმოშობით არგოსელია, უძველეს ქალაქ ტირინთოდან, სადაც მეფობდნენ პაპამისი პერსევსი და პროიტე, პერსევსის პაპის, აკრისიოსის ტყუპი ძმა. ზევსის შვილის მიწიერი მამა - ამფიტრიონი, ალკეოსის და სტიდიმიას ზე, პერსევსის და ანდრომედას შვილი იყო, ტირინთოს მეფე, ხოლო იგივე ალკეოსის ძმა ელექტრიონი (სამფიტრიონის ბიძა) მიკენში მეფობდა. ერთხელ პტერელაოსის შვილებმა ტაფიელთა ჯარი მიუსიეს მიკენს, დახოცეს ელექტრიონის შვილები (გადარჩა მხოლოდ ლიკიმნიოსი) და გაიტაცეს მეფის ჯოგი. ელექტრიონმა თავისი ტახტიც დაუთმო ძმისშვილს ამფიტრიონს, და ტურფა ასული ალკმენეც მიათხოვა იმ პირობით, რომ შურს იძიებდა. ამფიტრიონმა მართლაც გაილაშქრა, მაგრამ სისხლის დაუღვრელად დაიბრუნა ჯოგი, ელიდის მეფის პოლიქსენესაგან, ვისაც მტაცებლებმა შესანახად ჩააბარეს და ელექტრიონს მიურეკა მიკენში. გაიმართა ამფიტრიონის და ალკმენეს ქორწილი. აქ ბიძა-ძმისწული ერთიმეორეს აუხირდნენ, ალბათ ჯოგის თაობაზე და ამფიტრიონმა განზრახ თუ უნებლიედ (ძროხის რქაზე ასხლეტილი კომბლით) მოკლა ელექტრიონი. მოკლულის ძმამ, სთენელოსმა ამფიტრიონი და ალკმენე მიკენიდან განდევნეს. ახლად შეუღლებულნი ლიკიმნიოსთან ერთად ჩავიდნენ თებეში და თავი შეაფარეს ამფიტრიონის ბიძას დედის მხრიდან - კრეონტს, შემდეგ კი ამფიტრიონმა შეასრულა პირობა, რაც ალკმენეს მისცა - რომ ცოლისძმების სისხლს აიღებდა: ტაფიებზე გაილაშქრა, მათი კუნძულის დაპყრობაში დაეხმარა კრეონტს, სხვა გმირებთან ერთად. ამ დროს ზევსმა ისარგებლა ქმრის ლაშქრად ყოფნით, მიიღო მისი (ამფიტრიონის) სახე, ერთი ღამე სამად აქცია და მშვენიერ ალკმენეს სარეცელში ნებივრობდა, თან ტაფიებთან ბრძოლის ამბავს მოუთხრობდა. მაშინ ჩაისახა ჰერაკლე, როცა შინ დაბრუნებულმა ამფიტრიონმა ცოლს გულგრილობა უსაყვედურა, ქალმა უსაყვედურა, სამი დღე არ მომასვენე და კიდევ რა ალერსს მთხოვო? დაეჭვებულმა ამფიტრიონმა ტირესიას მიმართა და მისანმა აუხსნა: შენს სარეცელში ზევსი იწვაო. კიფსელოსის ყუთზე დახატული ყოფილა ზევსი, რომელიც ალკმენეს თასსა და მძივებს აძლევს, ვითომ ტაფიებთან ომის ნადავლს (5, 18, 1). ამის შემდეგ ზევსს მოკვდავ ქალთან აღარ უცხოვრია. პირველი კი იყო ნიობე. როცა ალკმენესთან ამ კავშირის შედეგად უნდა შობილიყო ჰერაკლე, ზევსმა ღმერთების საკრებულოზე დაიტრაბახა: "დღეს ჩემი შვილის, პერსევსის გვარში დაიბადება ვაჟი, რომელიც მთელი მისი მოდგმის მბრძანებელი გახდებაო."


ჰერაკლე - ლომისტყაოსანი


ცბიერმა ჰერამ ვითომ არ დაუჯერა, წმინდა ფიცი მოსთხოვა. ზევსმა სტიქსი დაიფიცა. ჰერას მეცადინეობით მის გონებას დაეუფლა სიცრუის ქალღმერთი ატე, ამიტომ ვერ მიუხვდა ეჭვიან ცოლს. ჰერა დედამიწაზე დაეშვა, ოქროს ეტლით ჩავიდა არგოსში, და როგორც მშობიარობის ქალღმერთმა, დააჩქარა პერსევსის ძის სთენელოსის "ღმერთთა სწორი ცოლის", - ნიკიპეს მშობიარობა (ილ/ 199, 95). ასე იშვა ჰერსეიდების გვარში ჰერაკლეზე ადრე ევრისთევსი და ამ მოდგმის მეფეც ის გახდა (ჰომ. ილ. 14, 323); ზევსის ფიცის ძალით ლაჩარი ევრისთევსი იქცა მძლავ იარაღად ჰერას ხელში. ამრიგად, ჰერამ დედის მუცელშივე შეიძულა ჰერაკლე, რადგანაც ზევსს ის სხვა ქალისგან ჰყავდა. მასთან ერთად იშვა იფიკლე - ამფიტრიონის შვილი, ჰერაკლეს ძმა და ერთგული თანამგზავრი მრავალ ლაშქრობაში. აქ ორი შთამომავლობითი შტოა: 1) პერსევსი - ალკეოსი - ამფიტრიონი - ჰერაკლე; 2) პერსევსი - სთენელოსი - ევრისთევსი. ევრისთევსი ჰერაკლეს პაპის ძმისწულია. ამ დუხჭირი და უბადრუკი მეფის სიტყვა ჰერაკლესთვის კანონია, ამიტომ ზევსის ძე უდრტვინველად ასრულებს მისი ბრძანებით 12 დიდ საგმირო საქმეს, რის შემდეგაც, ამ მორჩილებისგან თავისუფლდება. თუმცა მაშვრალის ბედი შემდეგაც მძიმეა, ისე რომ ბოლოს სიკვდილიც კი თვითონვე ითხოვა. ზევსი ძლიერ დააღონა თავისი საყვარელი შვილის მძიმე ბედმა, ამიტომ ასული - ათენა მიუჩინა შემწედ და მფარველად. ჰერას კი სიტყვა ჩამოართვა, რომ 12 გმირობის შემდეგ ჰერაკლე მონობას თავს დააღწევდა და უკვდავად შეირაცხებოდა.


ამ ამბავთა სისწორეს ერთნაირად ადასტურებს ჰომეროსი, ჰესიოდე, პინდარე (ნემ. 10, 19; ისთმ. 7, 5). ევრიპიდე (ჰერ. 37, 2:0); ალკესტიდა და სხვ.

აე, სიცრუე ზევსმა შეიძაგა და ოლიმპოდან დედამიწაზე გადატყორცნა. მას შემდეგ სიცრუის ქალღმერთი ადამიანთა შორის ტრიალებს და ყველაგან თესავს ტყუილს.


ეგვიპტურ მითოლოგიაში ერთგვარ შორეულ ანალოგიას ვპოულობთ. ღმერთ რას ქურუმის ქალი რეჯედეტი შობს სამ შვილს, მოცეკვავე ქალთა სახით ეწვევიან ქალღმერთები - ისიდა, ნეფტიდა, ხეკეტი, რომლებიც აქ ბერძენთა ეილითიებს მოგვაგონებენ და ქმრის თხოვნით, უმსუბუქებენ მშობიარობას, რაც მეტად მძიმეა (შად. ლეტო). ქალღმერთთა და ღმერთ ხნუმის შემწეობით, მშბიარობა ჩქარდება და ზედიზედ იბადება სამი ბავშვი, ოქროთი და ქვა-ლაჟვარდით შემკულნი. მიუახლოვდა მესხენიტი ყრმას და თქვა: "ეს იქნება პირველი განმგებელი ამა ქვეყნისა". ამასვე იტყვიან დანარჩენ ორზე, რაუსერი მადლობელია (ძვ. ეგვ. პროზა, ხუფუს ჟამინდელი ზღაპრები, 4). რაუსერი ღმერთებს ტომარა ხორბალს აჩუქებს.


ჰერაკლე - ლომისტყაოსანი


როგორც თებეში შობილს, ჰერაკლეს ტებასგენეზს ეძახდნენ, ხოლო როგორც ამფიტრიონის ძეს - ამფიტრიონიადეს.

ტრადიციით, ჰერაკლე საბერძნეთში, ჩრდილოეთ თესალიაში მცხოვრები დორიელთა ტომის გმირია. ამ ტომს უნდოდა დაეპყრო პელოპონესი - სამხრეთ საბერძნეთი და თავის დიდ ლაშქრობას ამით ამართლებდა, რომ ეს ჰერაკლესა და ჰერაკლიდების საგვარეულო საბრძანებელი იყო. არგოლიდაში კი მისი კულტი შეტანეს ან ამავე დორიელებმა, ან დელფოელებმა, რომლითაც უფრო სწამდათ აპოლონი, ჰერაკლეს ძმა.


ჰერაკლეს ციკლი სივრცითა და მნიშვნელობით ისევე დიდია, როგორც ილიადა, ოდისეა, არგონავტიკა, თებეს ციკლი, "თეზევსი"... ამ დიდ ეროვნულ ჰეროსში აისახა ბერძენი ხალხის ღირსებებით, სიმამაცეც და ადამიანური სისუსტეც. ჰერაკლე ღვთაებრივი გმირია, მაგრამ არც ადამიანური მანკიერებანია მისთვის უცხო და ეს მეტყველებს ამ მომხიბლავი სახის რეალისტურ საწყისებზე. თუ აქილევსის გმირობა მაინც ლოკალიზებულია ტროას ომით, ჰერაკლეს გარშემო ტრიალებს თითქმის მთელი ბერძნული მითოლოგია. ის საყვარელი სახალხო გმირიცაა და ღმერთიც. ჰერაკლეს სახელთანაა დაკავშირებული არგონავტების ლაშქრობაც, კალიდონის ნადირობაც, ოლიმპიური ასპარეზობაც და უთვალავი სხვა მოვლენა. ორაკულმა ზევსს უწინასწარმეტყველა, ამბოხებულ გიგანტებს ვერ დაამარცხებთ მოკვდავის დაუხმარებლადო. ასეთი მოკვდავი აღმოჩნდა მხოლოდ ჰერაკლე, მან დაიცვა ახალი, ოლიმპიური რელიგია (ნ. გიგანტომაქია).


2) ჰერაკლეს ბავშვობა, აღზრდა, პირველი საგმირო საქმეები (ევრისთევსის სამსახურამდე).


ჰერა დევნიდა ჰერაკლეს შობამდეც და შემდეგაც. ჯერაც ახალშობილ ყრმას აკვანშივე მოუგზავნა ორი საზარელი გველი, რომელთაც ის უნდა გაეგუდათ. ბავშვმა ორივეს ყელში ჩაავლო ფუნთუშა ხელები და როცა ძიძის და დედის კივილზე ხალხმა მიირბინა, ორივე ურჩხული უკვე გაგუდული იყო. ეს ამბავი პირველად პინდარეს აქვს მოთხრობილი (ნემ. 1, 49);

ასევე პირველი პერიოდის სხვა ეპიზოდები გვიანდელი ვერსიებით ვიცით, ჰომეროსი კი ზოგადად ამბობს, რომ დევნიდა ჰერა, იცავდნენ ზევსი და ათენა, თვით გმირი კი თავს არავის აჩაგვრინებდა. და იყო ისეთი ღონიერი, რომ თვით ღმერთების ძლევა შეეძლო. ჰერმესმა ყრმა ოლიმპოზე აიყვანა, მძინარე ჰერას მკერდზე დასვა, ჰერაკლემ ქალღმერთის რძე შესვა და ღონით ყველა მოკვდავს აღემატა. გმირმა ყოველმხრივი წვრთნა და განათლება მიიღო. ამფიტრიონი ეტლის მართვას ასწავლიდა, კასტორი მუშტი-კრივსა და იარაღით ბრძოლას, ავტოლიკე - ჭიდაობას, მშვილდოსნობას - ევრიტე, მუსიკას - ევმოლპე ან ორფეოსის ძმა - ლინოსი. ეს უკანასკნელი მეცნიერების საწყისებსაც ასწავლიდა, მაგრამ ერთხელ მოწაფე გაუბრაზდა, რადგან მისი აზრით, უსამართლოდ მოექცა, თავში ლირა ჩასცხო და სული გააფრთხობინა.


ჰერაკლე - ლომისტყაოსანი


მეცნიერებაში და მუსიკაში ბრძენი კენტავრი ქირონიც წაფავდა, შემდეგ ჰერმესმა მახვილი აჩუქა, აპოლონმა - მშვილდი და ისრები, ჰეფესტომ ოქროს ჯავშანი, ათენამ - მოსასხამი, პოსეიდონმა - რაშები (დიოდ. 4, 15, აპოლოდ. 2, 4, 11). მაგრამ ეს საჩუქრები არ შეადგენენ მის ნამდვილ ატრიბუტებს. არც ჩანს მათი ხშირი გამოყენება. ჰერაკლემ თვითონ გაითალა კომბალი ნემეის ტყეში, კითერონის ლომის ტყავი მოიხურა, მშვილდი და ისრები აიღო, ლომის ზუჩი დაიდგა და ესაა მისი აღჭურვილობა.


მას შემდეგ რაც ინოსი მოკლა, მამამისმა, ამფიტრიონმა ჯოგში გაგზავნა, რადგან ხედავდა, რომ მისი ღონის მფლობელი სხვებსაც იმსხვერპლებდა. ამ დროს 18 წლის იყო. ნაღვერდლებივით თვალები ჰქონდა. 4 წყრთა სიმაღლე, დაახლოებით 3 მეტრამდე, ერთი შეხედვით ეტყობოდა, რომ თვით ზევსის შვილი იყო. კითერონის მთებში მოთარეშე ლომის მოკვლა იკისრა. მეფე თესპიოსმა მიიწვია, თავის 50 ასულთან დააწვინა რიგ-რიგობით, ან ერთ ღამეს დაწვა ყველასთან, რადგან სურდა შვილიშვილები მისგან ჰყოლოდა და კიდეც გააჩინეს 52 შვილი. შემდეგ წავიდა, მოკლა ლომი და ამის შემდეგ მის ტყავს ატარებდა მოუშორებლად, ზუჩის მაგიერ კი ლომის ყბებს იხურავდა (სხვა ვერსიით ეს ტყავი და თავი "ზუჩი", ნემეის ლომისა იყო). სოფისტმა პროდიკოსმა (ძვ.წ. V ს.) აქ ჩაურთო შესანიშნავი სიმბოლური ეპიზოდი, რაც მთელმა განათლებულმა მსოფლიომ აღიარა და ისიც ისე, რომ ავტორის სახელიც ბევრს არ გაუგონია: ჭაბუკი ჰერაკლე გზის გასაყარზე ჩამოჯდა და დაფიქრდა რომელ გზას დავადგეო, უეცრად თავს წაადგა ორი წარჩინებული, მაგრამ სულ სხვადასხვა იერისა და ხასიათის მანდილოსანი. ერთი სთავაზობს ბედნიერსა და უზრუნველ ცხოვრებას, მეორე - ეკლიან გზასა და უჭკნობ სახელს. პირველია ნებიერება, მეორე კი სათნოება. ორივე თავისას ითხოვს, ჰერაკლე ირჩევს სათნოების ეკლიან გზას (ქსენ. ციც. "მოვალეობ". - ოფიციის, 1, 32).


ჰერაკლე - ლომისტყაოსანი


ამის შემდეგ გმირის გზა საბოლოოდ დადგენილია და ის თებეში ბრუნდება. გზად ორქიმენელი მინიების მეფის, ერგინეს ელჩები შემოეყრებიან: სამარცხვინო ხარკი უნდა აკრიფონ: ასი ხარი უნდა აძლიოს დამარცხებულმა თებემ ორქომენეს ყოველწლიურად. ჰერაკლემ ყურები და ცხვირები დააჭრა ელჩებს. ამით კრეონტი ძლიერ დააშინა, ერგინემ მართლაც მაშინვე ომი გამოაცხადა. ჰერაკლემ სძლია, ორთაბრძოლაში დაამარცხა და ორქომენს ორმაგი ხარკი დააკისრა. მადლიერმა კრეონტმა გმირ ჭაბუკს თავისი ასული მეგარა მიათხოვა (ოდ. 11, 269). არ იყო ბედნიერი ეს ქორწინება. იწყებოდა ჰერაკლეს ძნელბედობანი. ევრისთევსი უკვე გამეფდა ტირინთოში თუ მიკენში, იხმო ქვეშევრდომი და დაიწყო მისი გაგზავნა უმძიმეს საქმეებზე, რომელთაც მომავალი გმირი უნდა დაეღუპათ.


3) ჰერაკლეს მთავარი საგმირო საქმეები (ათლოი). ევრისთევსის სამსახური.


ჰერაკლემ სულ 12 საგმირო საქმე უნდა მოეხდინა (დოდეკაილოს) ემძიმა ღმერთთა სწორ გმირს უნიათო ნათესავის ზეობა, დელფოს მიმართა. მისანმა მორჩილება უბრძანა. ეს საქმე ზეცაშია გადაწყვეტილიო. ამის გამგონე ჰერაკლემ ცნობა დაკარგა, დაერია საკუთარ შვილებს, მეგარასთან რომ შეეძინა, სამივე მოკლა (პინდარეს ცნობით - რვა), ზედ ძმის - იფიკლეს ორი შვილიც მიაყოლა. გონს რომ მოეგო, ბევრი ივაგლახა, მეგარასთან ცხოვრებაც გაუძნელდა, შემდეგ ის იფიკლეს შვილს, იოლაოსს დაუთმო (ან ისიც მოკლა), თვითონ კი ბედს დამორჩილდა, ტირინთოს ან მიკენის მეფის, ევრისთევსის სამსახურში ჩადგა. იმ დროიდან ეწოდა ორაკულის რჩევით ჰერაკლე (ჰერა კლეოს, "ჰერას განდიდებული", "ჰერას მიზეზით მოხდენილი საგმირო საქმეები"). უწინ კი ერქვა ალკეოსი (ამფტრიონის მამასაც ალკეოსი ერქვა) ან ალკიდი ("ალკიდეს" - ძალა).


ხსენებული 12 საქმიდან ჰომეროსი მხოლოდ კერბერის ამოყვანას ასახელებს (ილ. 8, 361; ოდ. 11, 617). ჰესიოდეც მხოლოდ სამს ახსენებს: შებრძოლებებს ნემეის ლომთან, და გერიონთან (თეოგ. 287, 313, 327). სხვა დიდი პოეტები და მეცნიერები, გვიანდელნიც და არინდელნიც, მათ შორის პინდარე, ტრაგიკოსები, აპოლოდორე იცნობენ თორმეტსავე "შრომას" ჯაფას, რომელთა წრე პისანდრეს ასე უნდა შეეკრა:




ჰერაკლეს 12 საგმირო საქმე


I. ნემეის ლომი


ეს იყო ტიფონისა და ექიდნეს უწყვლადი ნაშიერი, იარაღი არ ეკარებოდა. ჰერაკლემ ბუნაგთან ნახა. ისარი რომ ასხლტა, ლომმაც შეამჩნია და გმირს ეცა. ზევსის შვილმა კომბლით გააბრუა, ხელები მოჰხვია, მოუჭირა, მოგუდა. ამ გამარჯვების მოსაგონებლად ჰერაკლემ ნემეის ასპარეზობა დააწესა. მიკენში რომ ეს უზარმაზარი მხეცი ჩაიტანა, ევრისთევსს მისი ღვთაებრივი ღონის შიშით ლამის სული კოჭებში გაეპარა. სპიელენძის ქვევრში ჩაძვრა მიწაში, და ბრძანა, ამიერიდან ჭიშკარს არ გადმოაბიჯოსო. მორიგ საგმირო საქმეთა საბუთებს, ევრისთევსი თებეს კედლიდან დასცქეროდა. აპოლოდ. 2, 5, 1.


ჰერაკლე და ნემეის ლომი



II. ლერნეს ჰიდრა (გველი, იდრა, ლერნეა)


სამხრეთ არგოლიდის ჭანჭრობის საზარელი შხამიანი ურჩხული, ესეც ტიფონისა და ექიდნას ნაშობი, ცხრა, ას, ან ათასთავიანი უწმინდური, რომლის ერთი თავიც უკვდავი იყო. ჰერაკლემ ცეცხლოვანი ისრებით გააშმაგა და გამოიტყუა ბნელი ბუნაგიდან, შემდეგ შეება, ფეხით დააკრა მიწას, ჰიდრა ზედ დაეხვია, კლდესავით იდგა ზევსის შვილი. თავების დაჭრა დაუწყო, მაგრამ ერთი მოკვეთილის ადგილზე ორი ამოდიოდა. ცალკე, ჭაობიდან ამომბობღდა უზარმაზარი კიბორჩხალა და გმირს ფეხების წაჭრა დაუპირა. ჰერაკლემ ძმისშვილსა და მეეტლეს, იოლაოსს უხმო. იოლაოსმა კიბორჩხალა მოკლა, ჭალას ცეცხლი წაუკიდა, მოგიზგიზე ხის ღეროები მიაწოდა. ჰერაკლე ურჩხულს თავს მოჰკვეთდა თუ არა, მყისვე კისერზე მაშხალას დააკრავდა, შხამიანი სისხლი შიშხინებდა, გველს თავები აღარ ეზრდებოდა, მაგრამ დაიღალა გმირი. ბოლოს უკვდავი თავიც წაჰკვეთა, ზედ კლდე დააფარა და ბრძოლაც დასრულდა.


ჰერაკლე და ლერნეს ჰიდრა



III. ერიმანთიის ტახი


ერიმანთისს ტახი არკადიას (კოლხ-პელაზგების შთამომავალი ტომი) აოხრებდა. ევრისთევსმა ჰერაკლეს მისი შეპყრობა დაავალა. როცა იქით მიდიოდა, ფოლოეს მთის მღვიმეში ესტუმრა კეთილ კენტავრ ფოლოსს (მღვიმის კაცს), რომელმაც ძველი ღვინის კასრი გაუხსნა, თუმცა სხვა კენტავრების ეშინოდა. ეს კასრი დიონისემ აჩუქა და გააფრთხილა, ჰერაკლეს მისვლამდე არ გახსნაო. რჩეული ღვინისა და მოხრაკული ხორცის სუნმა სხვა კენტავრები მოიზიდა და ბრძოლა გაუმართეს. ჰერაკლემ სდია, მალეამდე სდია. ამ დროს, ჰიდრის სისხლით გაჟღენთილი მისი ისრებისაგან მოულოდნელად დაიღუპა ორივე კეთილი კენტავრი - ფოლოსი და ქირონი, რომელიც მოურჩენელმა ჭრილობამ დატანჯა და უკვდავება გაუცვალა ტიტან პრომეთეს. ამ და ყველა სხვა გმირობას, რაც ევრისთევსს არ დაუვალებია, "პარეგა" ეწოდება. ე.ი. "სხვა საგმირო საქმეები", "მეორე რიგის სამუშაოები". ფოლოსი რომ პატივით დამარხა, ჰერაკლემ გზა განაგრძო და ტახი ლამპიის ტყეთა თოვლიან ველზე მოიხელთა. დაიჭირა, შებოჭა, მხარზე გაიდო და ცოცხლად მოჰგვარა პერსეიდს. თუ გავიხსენებთ, რომ ასეთივე მხეცზე - კალიდონის ტახზე სანადიროდ მთელი საბერძნეთის რჩეული გმირები შეიყარნენ, იოლად წარმოვიდგენთ ამ მესამე გმირობის სიძნელეს. საგულისხმოა, რომ როცა ეს ტახი მოჰყავდა, ჰერაკლემ გაიგო, ბერძენი გმირები კოლხეთს სალაშქროდ მიდიანო, ტახი დააგდო და იასონს გაჰყვა. თან საყვარელი მსახური ჰილასიც წაიყვანა, მაგრამ გზაში, ფრიგიის ნაპირებთან ხოფი გაუტყდა, მერე ტყეში ნიმფების მოტაცებული ჰილასის ძებნაში არგონავტებს ჩამორჩა, მიზიაში დარჩა - სხვა საგმირო საქმეებისაკენ მოუწოდებდა განგება (აპოლ. როდ. 1, 1324-54; აპოლოდ. 2, 5, 4). მასთან ერთად დარჩა ლარისელი არგონავტი პოლიფემე, რომელიც ჰილასის ძებნაში ეხმარებოდა (შემდეგ მან ქალაქი კიოსი დააარსა და მისიაში გამეფდა). ჰერაკლე არგოსში დაბრუნდა. ჰეროდოტეს ცნობით, ჰერაკლე სულაც არ გამგზავრებულა კოლხეთს სალაშქროდ, ომფალეს მონა იყო, ფერეკიდის ცნობით კი, ჰერაკლე არგონავტებმა დატოვეს თესალიაში, რადგან გემი არგო კაცივით მეტყველებდა - არ შემიძლიაო ამ გმირის ზიდვა (აპოლოდ. 1, 9, 19).


ჰერაკლე და ერიმანთიის ტახი



IV. კერინეის ფურირემი (ან მენალიის მთისა)


არკადიასა და აქაიას შორის დანავარდობდა და ქვეყანას აოხრებდა საოცრად ლამაზი და ფეხმარდი, ოქროსრქიანი და სპილენძისჩლიქებიანი ფურირემი, არტემიდეს უებრო პირუტყვი., მაგრამ ამ მხარის დასასჯელად მოვლენილი. მისი ცოცხლად მოგვრა დაევალა გმირს, რომელმაც მთელი წელი ამაოდ სდია, ჰიპერბორეელთა ქვეყანაში აჰყვა, უკიდურეს ჩრდილოეთში, მერე ისევ სამხრეთისკენ იბრუნა პირი. ბოლოს არკადიის ლადონში ისარი ესროლა, ფეხში დაჭრა და დაიჭირა. გზაში არტემიდე შეხვდა, ჩემს ირემს რად დევნიო? ჰერაკლემ თავი იმართლა, ქალღმერთმაც შეუნდო და ირემი ევრისთევსს მიჰგვარა. აპოლოდ. 2, 5, 3.


ჰერაკლე და კერინეის ფურირემი



V. სტიმფალიდები


არკადიაში (კოლხ-პელასგთა შთამომავალი ბერძნული ტომი), სტიმფალოსის ჭანჭრობში, შავი ტყის შუაგულში ბინადრობდნენ მგლებისგან დევნილი საშინელი მეომარი ფრინველები, რომელთაც სპილენძის ჭანგები, სპილენძისავე ნისკარტი და ისარივით მჭრელი ფრთები ჰქონდათ. ეს ფრინველები უნდა გაერეკა გმირს არკადიიდან. ჰერაკლე საგონებელში ჩავარდა. მაშინ ათენამ მას ჰეფესტოს ნახელავი სპილენძის დაფები აჩუქა. გმირი გორაკზე ავიდა და ისეთი ზრიალი ატეხა, რომ ფრინველები სამუდამოდ გადაიხვეწნენ (ან ფრინველები ისრებით დახოცა. აპოლოდ. 2, 5, 6).


ჰერაკლე და სტიმფალიდები



VI. ჰიპოლიტეს სარტყელი


ამაძონთა დედოფალს ჰიპოლიტეს თავისი ძალაუფლების ნიშნად არესის ნაჩუქარი ძვირფასი სარტყელი ერტყა. ეს სარტყელი მოუნდა ევრისთევსის ასულს, ქურუმ ადმეტეს. მისი შოვნა იოლი იყო მარტო ევრისთევსისთვის, რომელსაც მხოლოდ ბრძანების მიცემა ევალებოდა. ჰერაკლე შორეულ თემისკირაში, შავი ზღვის უშორეს სანაპიროზე ერთი გემით გაემგზავრა. თეზევსიც იახლა. კუნძულ პაროსზე მინოსის შვილებმა ორი მხლებელი მოუკლეს. ჰერაკლემ მეფისწულები მოკლა, ქალაქს ალყა შემოარტყა. მოკლულთა სანაცვლოდ პაროსელებმა ალკეოსი და სთენელოსი მისცეს. მიზიაშიც სტუმართმოყვარე მეფე ლიკოსს მიეშველა, ბებრიკთა თავხედი მეფე დაამარცხა და იქაც ლიკოსი გაამეფა. ბოლოს თემისკირაში ჩავიდა. ჯიპოლიტეს უკვე სმენოდა ჰერაკლეს გმირობის ამბავი, გამოეგება, განაცვიფრა ზევსის შვილის სიდიადემ და სარტყელი უბრძოლველად უნდოდა მიეცა (ან მისცა), მაგრამ აქ ისევ ჰერა ჩაერია, განხეთქილება ჩამოაგდო: ამორძალის სახე მიიღო, მეომარი ქალები წააქეზა: გმირს სურს ჩვენი დედოფალი მხევლად წაიყვანოსო. ამორძალები ბერძნებს თავს დაესხნენ. გაიმართა სასტიკი ბრძოლა. ჰერაკლემ მოკლა ქარივით სწრაფი აელა და არტემიდეს შვიდი მხლებელი, თავს რომ დაესხნენ. ერთი ვერსიით დაიღუპა თვით ჰიპოლიტე. მეორე მითი კი ამბობს, რომ ტყვედ ჩავარდნილი მენალიპე დედოფალმა თავისი ქმრით გამოიწყიდა. ასე მოიპოვა არესის ნაჩუქარი სარტყელი გმირმა და გამობრუნდა. ტროადის ნაპიზე ნახა კლდეზე მიჯაჭვული ჰესიონე, მეფე ლაომედონტის ასული, რომელიც ზღვის ურჩხულს უნდა შეეჭამა. ეს ურჩხული პოსეიდონს გამოეგზავნა, განაწყებულს იმით, რომ ლაომედონტმა ტროას კედლის აშენებისთვის გასამრჯელო არ მისცა. ჰერაკლემ ურჩხული მოკლა და ჰესიონე იხსნა (როგორც მისმა წინაპარმა პერსევსმა - ანდრომედა). ლაომედონტი აქაც პირმუხთალი აღმოჩნდა, არ მისცა დაპირებული რაშები, რომელბიც ზევსს ეჩუქებინა განიმედეს გატაცების საზღაურად. ჰერაკლე ომით ემუქრება ლაომედონტს და მიდის. იმ ადგლას, ჰომეროსის ცნობით, აღმართულია ღმერთთა მსგავსი ჰერაკლეს გორაკი, რომელიც ათენამ და ტროელებმა სამალავად გაუკეთეს (ილ. 20, 145; 5, 638). ამორძალებთან ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის ჰერაკლემ მაშინ თეზევსს აჩუქა ტყვე ამორძალი ანტიოპე. სხვა ვერსიით ის თვით თეზევსმა წაიყვანა. ეს გმირობაც აპოლოდორეს აქვს მოთხრობილი (2, 5, 9).


ჰერაკლე ამორძალების წინააღმდეგ



VII. ავგეას (ავგიასის) თავლა


ელიდის ეპირის მეფეს, ჰელიოსისა თუ ფორბანტის (ან ელეიოსის) შვილს, ქედმაღალ ავგეას საქონლის ურიცხვი ჯოგები ჰყავდა. ათეული წლობით ირეოდა მის თავლებში ათასობით პირუტყვი და არავის გაუწმენდია მათ მიერ დაბინძურებული თავლები. ჰერაკლეს, ავრისთევსის დავალებით თავლები ერთ დღეში უნდა გაეწმინდა. ავგეას ეს წარმოუდგენელი ეჩვენა და ხალისით მიიღო პირობა: საქონლის მეათედს მოგცემო. მაგრამ როცა ბოსლებზე გმირმა ორი მდინარე: ალფეიოსი და პენეოსი მიუშვა და ერთ დღეში გაწმინდა, გასამრჯელოზე უარი უთხრა: ევრისთევსის დავალებით გაწმინდე და არ გეკუთვნისო, რაც შემდეგ უფრო ძვირად დაუჯდა. მეორე ღრჯუ კაცმა - ევრისთევსმა კი გმირობა არ ჩაუთვალა: გასამრჯელო აგიღიაო. აპოლოდორე ამ გმირობას მეხუთედ თვლის(2, 5, 5; თეოკრ. 25, 7; დიოდ. 4, 13, 3).


სინამდვილეში კი ავგეამ ჰერაკლე მუქთად ამუშავა და მადლობის მაგიერ ელადიდან გაცლაც კი უბრძანა, თან დაემუქრა. მასთან ერთად განდევნა თავისი ღვიძლი შვილი ფილევსი, ჰერაკლეს მეგობარი. ჰერაკლე ქალაქ ონელოსში ესტუმრა მეფე დექსამენას, რომელსაც იმ დროს კარს მიადგა მრისხანე კენტავრი ევრიტიონი და მისი ასულის, მნესიმაქეს ხელს ითხოვდა. ჰერაკლემ მოკლა კენტავრი და შემდეგ ხელცარიელი დაბრუნდა მიკენში, მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი და ჯარით მიადგა უპირო მეფეს. ავგეა ავად იყო. ჰერაკლეს არგოსის კლეონეს ვიწრობებში დახვდნენ მისი დისწულები - ევრიტე და ქტეატე, ტყუპი მილიონიდები. ჰერაკლემ მოკლა ძმები, ააოხრა მათი ქვეყანა, ისრით განგმირა თვით ავგეა, დაუხოცა შვილები, რითაც დათრგუნა უპირობა, შემდეგ კი პისასთან მოუყარა თავი დიდძალ ალაფს, შემოიკრიბა ქვეყნის რჩეულნი და დააწესა საშვილიშვილო თამაში - ოლიმპიური ასპარეზობა (აპოლოდ. 2, 7, 2; პინდ.). ასევე დასაჯა ავგეას მოკავშირე ნელევსი, პილოსის მეფე, დაუხოცა თერთმეტი შვილი, მათ შორის ერიკლიმენე, რომელსაც პოსეიდონის წყალობით შეეძლო ლომად ქცევა, ასევე გველად, ფუტკრად და არწივად. გმირმა ის მოკლა მაშინ, როცა ფუტკრად ქცეული ცხენს დააჯდა, ან როცა არწივად ქცეული ებრძოდა მაღლიდან. გადარჩა მხოლოდ ბრძენი ნესტორი, რომელიც სხვაგან იყო. ესეც "სხვა გმირობად ითვლება".


ჰერაკლე და ავგიას თავლა



VIII. კრეტის ხარი


კრეტა, როგორც კოლხთა სამყოფელი, განთქმულია ხარის კულტით. ეს ხარი, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, მინოტავრის შემდეგ, ყველაზე ავი და ძლიერი იყო. სწორედ ის იყო მინოტავრის მამა, რომელმაც კრეტის კოლხი დედოფალი - პასიფაე დააორსულა. ის პოსეიდონმა აჩუქა მინოსს იმ ვარაუდით, რომ მისთვისვე შეეწირა. მინოსს დაენანა ეს ციური ხარი და სხვა დაუკლა. პოსეიდონმა ხარი გააგიჟა და ახლა მძვინვარე ველური პირუტყვის დაჭერა ჰერაკლეს დაევალა. ეს ნამდვილად რთული საქმე იყო. გმირი ჯიქურ მიეჭრა, დააცოქა, შებოჭა, მოათვინიერა, ზედ დააჯდა, კრეტიდან ცურვით ჩაიყვანა მიკენში. შეშინებულმა ევრისთევსმა ველად გააშვებინა. ხარმა ირბინა, ატიკაში ჩავიდა და დიდხანს მძვინვარებდა მარატონის ველზე, ვიდრე ბოლოს თეზევსმა არ შებოჭა, ათენში ჩაიყვანა და აპოლონს შეწირა.


ჰერაკლე და კრეტის ხარი



IX. დიომედეს ბედაურები


თრაკიელ ბისტონთა მეფეს დიომედეს ახირებული წესი ჰქონდა: უცხოელთა ხორცით ჰკვებავთა თავის კაციჭამია ცხენებს. ჰერაკლემ დიომედე შეიპყრო და ამავე წესით მის ცხენებს შეაჭამა. შემდეგ პატივით დამარხა მეგობარი აბდეროსი, რომელიც ამ ცხენებმა დაუგლიჯეს. კაციჭამია პირუტყვები კი მიჰგვარა ევრისთევსს, მეფემ კი ყველანი ლიკეიონის მთებში გაუშვა, სადაც ისინი მხეცებმა დაგლიჯეს. აპოლოდ. 2, 5, 8;


ჰერაკლე და დიომედეს ბედაურები



X. გერიონის ხარები


პეგასის ძმის - ქრიზაორის და ოკეანის ასულის - ნიმფა კალიროეს შვილი, ბუმბერაზი გერიონი უკიდურეს დასავლეთში ცხოვრობდა, შუაგული ოკეანის კუნძულ ერითიაზე, სადაც ისეთი ჯოგები დაუდიოდა, ავ თვალს არ დაენახვებოდა. თვით გერიონი მაინც ავი და საზარელი უზამფარი იყო. სამი სხეული ჰქონდა, მუცელთან ერთიმეორეზე შეზრდილი, სამი თავი, ექვსი ხელი, სამ შუბს ერთად ტყორცნიდა, მწყემსებიც ჰყავდა, ევრიტიონი და ორთავიანი ძაღლი ორთროსი - ექიდნას და ტიფონის შვილი, რომელიც ჯოგს ფხიზლად დარაჯობდა. მძიმე საქმე დააკისრა ჰერაკლეს ევრისთევსმა: გერიონის ჯოგი მომირეკეო. მაშვრალი გმირი გზას გაუდგა, გაიარა ევროპა, ეგვიპტე, ლიბია, მთელი აფრიკა და მივიდა ოკეანემდე, აქ ტარტესში თავისი მოგზაურობის ძეგლად ორი სვეტი აღმართა (ჰერაკლეს სვეტები, გიბრალტარის კლდეები). აქ აუტანელმა სიცხემ მოთმინებიდან გამოიყვანა, მშვილდი მოზიდა, ცაში ჰელიოსს დაემუქრა. მზის ღმერთს მოეწონა გმირის სითამამე, ოქროს ნავი თუ ეტლი ათხოვა და ასე გადასერა ჰერაკლემ ოკეანე. ორითიაზე გადასულმა კომბლით მოკლა ქოფაკი ორთროსი და მწყემსი. კიდეც გამორეკა ჯოგი, მაგრამ ჰადესის საქონლის მწყემსმა მენეტიოსმა გერიონს ამბავი მიუტანა. იქედნას სამსხეულიანი ძმა გმირს დაედევნა, შეება. ჰერაკლემ ჯერ ისრები დაუშინა, მერე კომბლით თავები დაუხეთქა, საქონელი მზის ნავთან მორეკა, ზღვა გადაცურა, გაიარა პირინეები, ალპები, ლიგურია, იტალია (აპოლოდ. 2, 5, 10). ევანდერის ქალაქ პალანტიუმთან, გმირმა შეისვენა და ჩაიძინა. ამით ისარგებლა საშინელმა ბუმბერაზმა კაკუსმა და ჯოგის ნაწილი მოიპარა, თავის თავის გამოქვაბულში მირეკა. ხარის თუ ძროხის ბღავილით მიაგნო გმირმა. სასტიკ ორთაბრძოლაში მოკლა კაკუსი. მსხვერპლი შესწირა იუპიტერს, ევანდერმა კი გმირს დიდი საკურთხეველი აუგო ("არა მაქსიმა"), რადგან ქვეყანას მაოხრებელი ყაჩაღი მოაშორა. ასე დამკვიდრდა იტალიაში ჰერკულესის კულტი (ლივ. 1, 7; ვერგ. ენ. 8, 185; ოვ. ფასტ. 1, 543).


იტალიაში გერიონის ხარების გზა ბუნდოვანია, ზოგი გამომცემელი განზრახ ამოკლებს კიდეც ამ ადგილებს, თითქოს არ იყოს დამაჯერებელი იტალიაში ჰერაკლეს გმირობა. სინამდვილეში კი მთელი იტალია მოფენილი იყო მისი საკულტო ადგილებით. გზებზეც კი მისი საკურთხევლები იდგა. რომაელები ადიდებენ ბერძენთა ღმერთებს და გმირებს. "ძნელია მოინახოს იტალიაში ადგილი, სადაც ამ ღმერთს თაყვანს არ სცემენ" (დიონისე ჰალიკარნასელი). კერძოდ, ჰერაკლეს ერთმა ხარმა ტირენის ზღვა გადაცურა, სიცილიაზე გადავიდა, და ამის შემდეგ ეწოდაო ქვეყანას იტალია, რადგან ტირენელები ხარს "იტალოსს" ეძახდნენ. ამ ვერსიით ჩანს, რომ ქვეყანას სახელი ჰერაკლეს ხარმა მიაკუთვნა.


ამ დიდ გზაზე ჰერაკლემ ჩაიდინა რამდენიმე სხვა გმირობაც (Parerga). მთავარია ანტეოსის ძლევა. ეს იყო მიწის (გეას) ნაშობი ბუმებრაზი, რომლის დამარცხება არავის შეეძლო: ბრძოლაში მშობელ მიწას ეხებოდა, უშრეტ ძალას იძენდა. ტაძარი აუგო თავის მამას, პოსეიდონს იმ უცხოელთა თავის ქალებისგან, რომელთაც ამ უზამფარის საბრძანებელში მოუხდათ გავლა (პინდ. ისთმ. 4, 70; პით. 9, 105) - ე. ი. ალბათ კირენაიკაში, ქალაქ ირასაში, ან მავრიტანიაში, გიბრალტარის (ჰერაკლეს სვეტები) მახლობლად. ჰერაკლემ ასწია და ჰაერში გაგუდა ბუმბერაზი ანტეოსი. მოკლა ბუმბერაზი ალკიონევსი, რომელმაც ლოდი თუ მთელი კლდე ესროლა; მუშტით მოკლა დიდი მოკრივე ერიქსი, არგონავტ ბუტეს თუ პოსეიდონის ძე, რომელმაც ხარები მოჰპარა, და არ დაუბრუნდა, ვიდრე არ დაეჭიდა. სამჯერ ასწია ჰაერში ერიკის ხეობის მეფე და მიწაზე დაახეთქა, მერე ხარი ისევ მირეკა ჯოგში, რომელიც ჰეფესტოს დროებით მიაბარა. იონიის ზღვას რომ მიუახლოვდა, ჰერამ ჯოგს კრაზანები მიუსია, გაუფანტა. ჰერაკლემ მაინც მირეკა ერთი ნაწილი თრაკიიდან ჰელესპონტის მხარეს, მეორე ნაწილი გაველურდა. განრისხებულმა გმირმა სანაოსნო მდინარე სტრიმონში კლდის ლოდები ჩაყარა და სანაოსნოდ მოშალა. ბოლოს ხარები ევრისთევსს მოირეკა, იმან კიდევ ჰერას შესწირა.


ათი გმირობა აღსრულდა. ჰერაკლემა ამას სულ 8 წელი და 1 თვე მოანდომა. რიცხვი არაა შემთხვევითი. ფრაზერის დაკვირვებით: ესაა მკვლელობისათვის დადგენილი სასჯელის ვადა. 8 წელი ემსახურა კადმოსი არესს, რომელსაც ჰიდრა მოუკლა, აპოლონი ადმეტეს, რადგან ზევსს კიკლოპები დაუხოცა, ჰერაკლე ევრისთევსს - საკუთარი შვილების დახოცვისთვის. ავგეას თავლის გაწმენდა გმირს ევრისთევსმა არ ჩაუთვალა, რადგან გასამრჯელო აიღო და მდინარეები მიუშვა, არც ჰიდრის მოკვლა, რადგანამ საქმეში იოლაოსი ეხმარებოდა, ამიტომ მოუხდა ჰერაკლეს კიდევ ორი საგმირო საქმის აღსრულება.


ჰერკულესი და ბუმბერაზი გერიონი



XI. ჰესპერიდების ოქროს ვაშლები


ოქროს ვაშლები ოდესღაც რომ გეამ აჩუქა ჰერას ქორწილში, შორეულ დასავლეთში მიაბარეს ჰესპერიდებს (სამი ვაშლი იყო). ბაღს იცავდა უზარმაზარი დრაკონი, ლადონი, ტიფონის მსგავსი საშინელება. იქვე ახლოს იყო ტიტანი ატლანტი. ეს ვაშლები უნდა ჩაეტანა ჰერაკლეს მიკენის მეფისთვის.

ისევ გაუდგა გმირი შორეულ გზას, მიადგა ბაღს, ატლანტს შეენაცვლა, როგორც პრომეთემ ურჩია, ცის თაღი შეიდგა მხარზე, ატლანტმა კი ვაშლები მოუტანა, მაგრამ თავისუფლება გაუტკბა და ჰერაკლემ მხოლოდ მოხერხებით შეძლო აუტაელი სიმძიმისაგან თავის დაღწევა, თაღის შეკავებაში კი ათენა ეხმარებოდა. მცირე ხნით შენაცვლება რომ სთხოვა, თაღი ისევ ტიტანს შეატოვა, ვაშლები წაიღო და ევრისთევსს გადასცა. ევრისთევსმა ჰერაკლეს დაუბრუნა, ჰერაკლემ კი ათენას უძღვნა, ათენამ ბაღში დააბრუნა, ვინაიდან არ შეიძლებოდა ამ ვაშლების სხვაგან გაჩერება (აპოლოდ 2, 5, 11).ზოგი ვერსიით, ჰერაკლემ მოკლა ურჩხული ლადონი და თავად მოწყვიტა ვაშლები.


ამ საგმირო გზაზე მოხდა გრძნეულ ნერევსის შეპყრობა; მეფე ბუსირუსის მოკვლა, სამსხვერპლო ხარის დაკვლა, რისთვისაც მწყემსმა ჰერაკლე მთაზე დაწყევლა (და ამის მერე ჰერაკლესათვის მსხვერპლის შეწირვის დროს წყევლის ჩვეულება დარჩა); ტიფონის ძის, ემათიონის მოკვლა არაბეთში და პრომეთეს განთავისუფლება კავკასიონზე, ქირონის წარდგენა ზევსის წინაშე და პრომეთეს უკვდავყოფა ამ ბრძენი კენტავრის მაგიერ (აპოლოდ. 2, 5, 11).

ჰიპერბორეელთა ქვეყნიდან მაშინ ჰერაკლემ ჩამოიტანა ველური ზეთისხილის ნერგი და ოლიმპიაში დარგო. ნერგმა გაიხარა, ხალხი მოწიწებით შესცქეროდა, მის წმინდა ტოტებს იყენებდნენ მხოლოდ გვირგვინად, რითაც ოლიმპიურ ასპარეზობაზე გამარჯვებულს თავს უმკობდნენ. ამით, თომსონის თანახმად კრეტის ჰერაკლეს ღვაწლი თებელ ჰერაკლეზეა გადატანილი.


ჰერაკლე და ჰესპერიდების ოქროს ვაშლები



XII. კერბერის ამოყვანა ჰადესიდან


უკანასკნელი და ყველაზე მძიმე ჯაფა, რაც ჰერაკლემ ევრისთევსის ბრძანებით შეასრულა. მეფეს გმირის დაღუპვა ეწადა, თორემ რა ამოსაყვანი იქნებოდა ჯოჯოხეთის სამთავიანი თუ ასთავიანი ძაღლი, რომელიც დუჟსა და ცეცხლს ერთნაირად აფრქვევდა, ტანზე გველები ეხვია და კუდის მაგივრად ასპიტი ება (ხთონიური ურჩხული). ჰერაკლე ელევსინში ჩავიდა, რათა მისტერიებს ზიარებოდა და ქვესკნელში ისე ჩასულიყო. გაჭირვებით მოახერხა საამისო ნდობის მოპოვება, რის შემდეგაც, კენტავრების დახოცვისათვის შემცოდე გმირი ევმოლპემ განწმინდა. მაამდე არსებობდა მხოლოდ დიდი მისტერიები, სადაც მონაწილეობის ნება არ ჰქონდა უცხოელს. ჰერაკლესათვის გამონაკლისი დაუშვეს, რადგან ზევსის შვილი და ათენელთა მეგობარი იყო და საგანგებოდ განდობილს მცირე მისტერიები დაუწესეს. ასე გამოჩნდა ჰერაკლე ელევსინელ ღვთაებებს შორის: ვაზებზე, რომლის ნიმუში (ქერჩის პალიკა) ერმიტაჟში ინახება, ჰერაკლას ვხედავთ დემეტრას, კორას, პლუტოსა და ტრიპტოლემოსს შორის.


შემდეგ ლაკონიკაში ჩავიდა, ტენარეს კონცხთან, საიქიოს ხვრელში ჰადესს ესტუმრა, ძაღლის წაყვანის ნებართვა სთხოვა. ჰადესი დათანხმდა იმ პირობით, რომ უიარაღოდ სძლევდა. ჰერაკლემ კერბერი სასტიკ ბრძოლაში მიწას დააკრა, შებოჭა, ზესკნელში ამოიყვანა. ერთი ვერსიით, კერბერის გამოყვანის დროს (თუ თეზევსის დახსნის დროს) ქვესკნელში თვით ჰადესს შეება და დაჭრა. შურის უნახავმა ურჩხულს მზის ხილვაზე წამოაზიდა და იმ ადგილას ამოიზარდა შხამიანი ბალახი აკონიტი (ოვ. მეტ. 7, 419)., რომლის წვენი მომაკვდინებელია (ტალჭირი, ვენერას ეტლი). ჰერაკლემ კერბერი ევრისთევსს მიჰგვარა, ერთხელ კიდევ შეაძრწუნა და მერე ისევ ქვესკნელში დააბრუნა (ჰომ. ილ. 8, 362; ოდ. 11, 623; აპოლოდ. 2, 5, 12);


ჰერაკლე და კერბერი


12 მთავარი საგმირო საქმის ამბავთა თანმიმდევრობა ზოგ წყაროში რამდენადმე სხვაგვარადაა. ხელოვნურია, მაგრამ 12 გმირობა ყველგან უცვლელია. არ ჩანს როდის და როგორ დაკნინდა ეს 12 გმირობა, გამორჩეული მრავალი სხვა გმირობიდან. ჰომეროსი ამ სახით მათ არ იცნობს. უბრალოდმოგვითხრობს საგმირო საქმეებს (ილ 363, ოდ. 11, 617; 20, 145), იცის, როგორ ემსახურება ევრისთევსს, როგორ ილაშქრა 6 გემით ტროაზე (ილ. 5, 638); როგორ აღმართა ათენამ უროადაში კედელი, რომ დაეცვა გმირი კეტოს (ზღვის ურჩხულის) თავდასხმისაგან (ილ. 20, 145); როგორ მილეწ-მოლეწა ეფირი და ჩამოიყვანა ტლეპოლემოსის დედა ასტიოქე (ილ. 2, 657). ჰერაკლე დორიელთა ტომის ღვთაება, უფრო ელადისა და მცირე აზიის ფარგლებში მოწყობილი ლაშქრობით, თუნდაც პილოსის აოხრებით ჰომეროსთან ასახავს უპირატესად დორიელთა ბატონობის ფაქტს. უფრო ფართოა მის საგმირო საქმეთა ასპარეზი ჰესიოდესთან, კერბერსაც იცნობს, ოღონდ მის ამოყვანაზე არაფერს ამბობს. ჰეკატე მილეტელს კერბერი მიაჩნია შხამიან გველად, რაც ჰერაკლემ ნამდვილად ამოიყვანა ქვესკნელიდან.


რაც თორმეტ საგმირო საქმეში ვერ მოექცა, ყველაფერი მიეკუთვნა სხვა გმირობათა რკალს - პარერგას. 12 საგმირო საქმე უთუოდ დაკარგული ეპოსიდან მომდინარეობს.

ჰომეროსისეული ჰერაკლე არ არის ისეთი ღმერთივით ძლიერი და უშიშარი, როგორიც შემდეგი დროის მითებშია. ევრისთევსის ბრძანება რომ მიიღო, აქვითინდა და ხელები ცად აღაპყრო. ეს კლასიკური მოტივი მოგვაგონებს "ვეფხისტყაოსნის" გმირების ტირილს მწუხარების ჟამს, ასევე ცად ხელაპყრობილი ევედრებოდა ქრისტე მამას, განმარიდეო სასმსი სიმწრისა. ყოველივე ეს მითოლოგიურ გმირთა სისუსტეზე კი არ მეტყველებს, არამედ მათს ადამიანურობაზე ("რკინაც ტყდება, როს სცემს გრდემლი").


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი. 1983.


გაგრძელება იქნება... იხ. (ჰერაკლეს სხვა საგმირო საქმეები - პარერგა)




კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
716
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
716