x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მამონტების გადაშენება ასტეროიდის ჩამოვარდნამ გამოიწვია? მეცნიერებმა ახალი მტკიცებულებები წარმოადგინეს
ასტეროიდი


საკამათო თეორია იმის შესახებ, რომ არამიწიერი სხეული (კომეტა ან ასტეროიდი) დაეჯახა დედამიწას 12 800 წლის წინ, რამაც ცხოველთა მთელი რიგი სახეობების გადაშენება და ადამიანთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია, სულ უფრო პოპულარული ხდება. თავდაპირველად ამ თეორიას სამეცნიერო წრეებში ცოტა ვინმე თუ განიხილავდა სერიოზულად, თუმცა ბოლო პერიოდში მეცნიერები სულ უფრო მეტ დამამტკიცებელ საბუთს პოულობენ მის სასარგებლოდ.


ამ თეორიის თანახმად, მძლავრი ციური სხეული – ასტეროიდი ან კომეტა, დაეჯახა დედამიწას 12 800 წლის წინ და გამოიწვია მეგაფაუნის 35 სახეობის გადაშენება, მათ შორის ხმალკბილა ვეფხვების, მასტოდონტების, გიგანტური ზარმაცების და მამონტების, სათავე დაუდო რა ექსტრემალურ აციებას ჩვენს პლანეტაზე. აღნიშნულ კატასტროფას ემსხვერპლა ასევე ხლოდვიგის კულტურაც, რომელიც ადამიანთა პრეისტორიული კულტურებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო.


მეცნიერების აზრით, ციური სხეულის ჩამოვარდნას პლეისტოცენის ეპოქის დასასრულს მოჰყვა ტყეთა მასიური ხანძრები და კვამლის დაგროვება, რამაც გააძნელა მზის შუქის შემოღწევა ატმოსფეროს ქვედა ფენებში და გამოიწვია “ბირთვული ზამთრის” მსგავსი ეფექტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.



“Scientific Reports”-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, პლეისტოცენის დასასრულის კლიმატზე ზემოქმედების დასამტკიცებლად პროფესორი მური და მისი 16 კოლეგა დამატებით მასალებს წარმოადგენენ, რაც ელგინის ახლოს, სამხრეთ კაროლინაში, თეთრი გუბურის ირგვლივ შეგროვილ არტეფაქტებს ეფუძნება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ამ პერიოდის პლატინის მიკროსკოპული ნაწილაკები, ელემენტისა, რომელიც კოსმოსური ობიექტების შეჯახების შედეგად ჩნდება.


თუმცა, აღნიშნული პერიოდის პლატინა მეცნიერებს მხოლოდ სამხრეთ კაროლინაში არ უპოვიათ. მას გამუდმებით პოულობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე, რაც ციურ სხეულთან შეჯახების თეორიის სასარგებლოდ სულ უფრო აქტიურად მეტყველებს.


მამონტი


მეცნიერებმა პლატინის და ირიდიუმის წარმოუდგენელი კონცენტრაცია აღმოაჩინეს ასევე გრენლანდიაში, კრატერში, რომელიც ახალი სამეცნიერო თეორიის თანახმად ციურ სხეულთან შეჯახების სავარაუდო ადგილს უნდა წარმოადგენდეს.


გლობალური აციება, რაც 12 800 წლის წინ დაიწყო და რამაც ადამიანების რაოდენობის მკვეთრი შემცირება და პრეისტორიული გიგანტური ცხოველების გადაშენება გამოიწვია, მეცნიერების ცნობით 1400 წელს გრძელდებოდა.


პროფესორი მური იხსენებს, რომ თავდაპირველად სამეცნიერო წრეებში ასეთივე უნდობლობით შეხვდნენ ტექტონიკური ფილების და ციურ სხეულთან შეჯახების შედეგად დინოზავრების გადაშენების თეორიებსაც, თუმცა ორივე ეს თეორია უკვე დადასტურდა და არავითარ ეჭვს აღარ იწვევს. მას იმედი აქვს, რომ მის თეორიასაც იგივე ბედი მოელის.



0
127
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0