x
მეტი
  • 28.03.2020
  • სტატია:100798
  • ვიდეო:345466
  • სურათი:463429
ბოდვითი აშლილობა

image
ბოდვა
არის მყარი რწმენა, რომელსაც არაადეკვატური საფუძველი აქვს. მასზე არ ზემოქმედებს რაციონალური არგუმენტები და ფაქტები, რომლებიც საპირისპირო ვითარებაზე მიუთითებს. ასეთი რწმენა ატიპიურია მოცემული პიროვნებისთვის, რომელსაც გარკვეული სახის განათლება აქვს და გარკვეული კულტურისა და რელიგიის წარმომადგენელია. ბოდვები მნიშვნელოვნად ზემოქმედებს პიროვნების გრძნობებსა და ქცევაზე.
რაც შეეხება ბოდვით აშლილობას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აღინიშნებოდა ტერმინით "პარანოიდული ფსიქოზი", დღესდღეობით DSM-ის კლასიფიკაციაში აღწერილია შიზოფრენიის სპექტრისა და სხვა ფსიქოზური აშლილობების თავში. ამ დიაგნოზის დასასმელად საჭიროა, რომ ინდივიდს აღენიშნებოდეს ერთი (ან მეტი) ბოდვა ერთი (ან მეტი) თვის განმავლობაში. ამას გარდა დიაგნოზის დასმა ხდება იმ შემთვევაში, თუ ასეთი დარღვევა არ არის განპირობებული ნივთიერებების უშუალო ფიზიოლოგიური ზეგავლენით (მაგ., ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენებით, მედიკამენტური მკურნალობით) ან ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობით.
ამავე კლასიფიკაციაში გამოყოფილია ბოდვითი აშლილობის ხუთი კონკრეტული ქვეტიპი(დევნის, ეჭვიანობის, ეროტომანიის, სომატური, განდიდების) და ორი დამატებითი კატეგორია (შერეული და დაუზუსტებელი).

1) დევნითი ქვეტიპი -
ბოდვითი აშლილობის ყველაზე გავრცელებული ქვეტიპი არის დევნითი ბოდვა. ამ დროს ინდივიდს წამს, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ, დევნიან, უთვალთვალებენ... ამ დროს პაციენტები როგორც წესი აგრესიულები ხდებიან და შესაძლოა იძალადონ იმ ადამიანებზე, რომლებსაც "მტრებად" მიიჩნევენ.


2) ეჭვიანობის ქვეტიპი-
ეჭვიანობის ბოდვა წარმოადგენს პათოლოგიურ რწმენას, რომ პაციენტის პარტნიორი მოღალატეა. ამ მდგომარეობას პათოლოგიურს უწოდებენ, რადგან არაადეკვატურ საფუძველს ემყარება და მასზე რაციონალური არგუმენტები არ მოქმედებს. ასეთ რწმენას ხშირად თან სდევს ძლიერი ემოციები და დამახასიათებელი ქცევა. მგავსი ბოდვები განსაკუთრებით საყურადღებოა არა მხოლოდ პარტნიორთა ურთიერთობის გაუარესების თვალსაზრისით, არამედ იმიტომ, რომ შეიძლება ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავდეს. კერძოდ, პაციენტების მეოთხედი იმუქრება, რომ მოკლავს ან ფიზიკურ ზიანს მიაყენებს პარტნიორს.


3) ეროტომანიის დროს სუბიექტს სჯერა, რომ ის "კეთილშობილ პიროვნებას" უყვარს. ეს წარმოსახვითი შეყვარებული, ჩვეულებრივ, მიუწვდომელია, რადგან უკვე ცოლიანია, ან სახეგანთქმული მსახიობია, ან საზოგადო მოღვაწეა. პაციენტს ხშირად სჯერა, რომ მის წარმოსახვაში არსებულ შეყვარებულს არ შეუძლია გამოამჟღავნოს სიყვარული მთელი რიგი გაუგებარი მიზეზების გამო, უჭირს მასთან მიახლოება, არაპირდაპირი გზით ესაუბრება მას და იძულებულია, პარადოქსულად და არაადეკვატურად მოიქცეს.


4) სომატური ბოდვითი აშლილობის მქონე ადამიანებს სჯერათ, რომ რაიმე ფიზიკური დაავადება ან დეფექტი აქვთ. პაციენტი შესაძლოა მიიჩნევდეს, რომ კანზე მწერებისგან ინფექცია, შემაწუხებელი სუნი აქვს ან სხეულში პარაზიტი ჰყავს... სომატური ბოდვითი ტიპის და სხეულის დისმორფული აშლილობის ფორმების კლინიკური სურათი ერთმანეთის მსგავსია და ამიტომ მკურნალობის პროცესში მსგავს მეთოდებს მიმართავენ.

5) განდიდების ტიპი-
განდიდების ბოდვა საკუთარ თავზე გაზვიადებულ წარმოდგენას გულისხმობს. პაციენტი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ის მდიდარი, უჩვეულო უნარებით დაჯილდოებული და გამორჩეული ადამიანია.


ბოდვითი აშლილობა არ არის ფართოდ გავრცელებული და პოპულაციის მხოლოდ 0.2%-ში გვხვდება. სწორედ ამიტომ სხვა ფსიქიკურ აშლილობებთან შედარებით მისი შესწავლა უფრო ნაკლებად ხდება და შესაბამისად, უფრო ცოტა რამ არის ცნობილი მისი გამომწვევი მიზეზებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ. ის მცირედი, რაც ცნობილია ბოდვითი აშლილობის ეტიოლოგიის შესახებ, ეფუძნება მის კავშირს შიზოფრენიასა და პარანოიდულ პიროვნულ აშლილობასთან. ამ საკითხის შესასწავლად გამოიყენება ოჯახური ანამნეზი და ნეირობიოლოგიური გამოკვლევა. ზოგიერთ კვლევაში ოჯახური ფონის კვლევისას გამოვლინდა კავშირი ალკოჰოლიზმსა და ბოდვით აშლილობას შორის. ნეირობიოლოგიური კვლევები, კერძოდ კი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით ჩატარებული თავის ტვინის სტრუქტურული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ბოდვითი აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებს, შიზოფრენიის მქონე პაციენტების მსგავსად, გაფართოებული აქვთ თავის ტვინის პარკუჭები. ამიტომ ავტორიტეტულ მკვლევართა ნაწილი ბოდვით აშლილობას შიზოფრენიის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს და ეწინააღმდეგება მის გამოყოფას, როგორც დამოუკიდებელ ფსიქიკურ აშლილობას.


ხშირად საკმაოდ ძნელია პარანოიდული სიმპტომებისა და ბოდვითი აშლილობის მართვა. მკურნალობის პროცესში მიმართავენ როგორც ფსიქო-, ასევე ფარმაკოთერაპიას. მკურნალობის პროცესს განსაკუთრებით ართულებს პაციენტის რწმენა, რომ ეს მკურნალობის პროცესიც მისთვის ზიანის მიყენებაზეა მიმართული ან თვლიდეს, რომ მკურნალობა საერთოდ არ სჭირდება. თუმცა უარის შემთხვევაშიც კი აუცილებელია დადგინდეს შეინიშნება თუ არა სხვებზე ძალადობის ან სუიციდის მაღალი ან პირდაპირი რისკი. ასეთი ფაქტორების შეფასებისას კონსულტაციისთვის მიმართავენ იმ პირებს, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას პაციენტის შესახებ და მოიპოვებენ მის ქცევის ისტორიას. მაღალი რისკის შემთხვევაში კი პაციენტის ან სხვა ადამიანების დასაცავად, გამართლებულია მისი სტაციონარში იძულებით გადაყვანა.



0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0