x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«წითელი ტერორის» დაწყების მიზეზი, საბაბი და შედეგი

image


ტერორი (ლათ. terror) — «შიშს», «საშინელებას» ნიშნავს. ტერორი ასევე არის პოლიტიკური ან სხვა მოტივით განხორციელებული ძალადობა ან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომლის განხორციელება მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, ნებისმიერ პარტიას ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას შეუძლია.

თუ ვინ დაიწყო რუსეთში სამოქალაქო ომი (1917-1921 წწ.), – თეთრებმა თუ წითლებმა, ჯერ კიდევ კამათის თემაა. ეს კი იმის მტკიცების საშუალებას არ იძლევა, რომ წითელი ტერორის მიზეზი, თეთრების მოქმედება იყო, უფრო კონკრეტულად კი, ლენინზე განხორციელებული თავდასხმა... თუმცა, ამ მხრივაც, არაერთი ეჭვი არსებობს.


image


ბელადზე თავდასხმის ოფიციალური ვერსია ყველასთვის ცნობილია. ის მიხელსონის ქარხანაში, მუშებთან შეხვედრის შემდეგ, 1918 წ. 30 აგვისტოს დაჭრეს და მას ფანი კაპლანმა ესროლა. მაგრამ, შეესაბამება ეს სიმართლეს?

დაკითხვაზე კაპლანმა დანაშაული აღიარა. მისი თქმით, მან ლენინის მოკვლა ჯერ კიდევ თებერვალში გადაწყვიტა, მას შემდეგ რაც ლენინმა დამფუძნებელი კრება გააუქმა. ის თვლიდა რომ ამით მან რევოლუციას უღალატა და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა... და რომ, ამისთვის ის უნდა დასჯილიყო. ასეთი აღიარების შემდეგ, საკითხავი ის არის, შეეძლო კი, ფანი კაპლანს მისთვის ესროლა? ან რატომ აიღო მთელი დანაშაული საკუთარ თავზე? იქნებ იმიტომ, რომ აშანტაჟებდნენ და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა?

ფანი კაპლანი საკმაოდ შეძლებულ, მრავალშვილიან, ებრაელების ოჯახში დაიბადა. 16 წლის ასაკში ის დაიჭირეს და სამუდამო კატორღა მიუსაჯეს (ფანი შეყვარებული ცნობილი კრიმინალი ვიქტორ გარსკი იყო. მიზეზი უცნობია, მაგრამ გარსკის კიევის გენერალ-გუბერნატორი უნდა მოეკლა და ფანი მასთან ერთად იმყოფებოდა სასტუმროს ნომერში, როდესაც ეს უკანასკნელი, ნაღმს ამზადებდა. ნაღმი შემთხვევით აფეთქდა, გარსკი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაჭრილი და კონტუზირებული ფანი დაიჭირეს და გაასამართლეს).

1906 წელს ფანი, იმ პერიოდისთვის, ყველაზე მკაცრი რეჟიმის, აკა-ტუის ციხეში გადაიყვანეს. გოგონას სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ციმბირის მკაცრი ზამთარი ვერ აიტანა. მას მხედველობის დაქვეითება დაეწყო. დახმარება ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო შემდეგ, სამკურნალოდ ჩიტაში წაიყვანეს. იქ ოპერაციაც გაუკეთეს, მაგრამ მხედველობა ვერ დაუბრუნეს. ციხეში დაბრუნებული ფანი, თითქმის ვეღარაფერს ხედავდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ის გაათავისუფლეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. იქ ესერების (სოციალისტ-რევოლუციონერები) ორგანიზაციაში გაწევრიანდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გამუდმებით მკურნალობდა და დიდად არ აქტიურობდა.

ლენინზე თავდასხმამდე, ფანის ხელში იარაღი არასოდეს სჭერია და უფრო მეტიც, მას ისე ჰქონდა მხედველობა დაქვეითებული, რომ თანმხლები პირის გარეშე, სახლიდან არ გადიოდა. იმის წარმოდგენა, რომ მან, სიბნელეში, ისროლა და მიზანს არ ააცილა, უბრალოდ შეუძლებელი არის.

ლენინზე თავდასხმის დღეს, კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა – პეტროგრადში ჩეკას (რუს. საგანგებო კომისია) თავმჯდომარე მ.ს. ურიცკი მოკლეს. ამის შესახებ მაშინვე მოახსენეს ლენილს და სთხოვეს მიტინგზე წასვლისგან თავი შეეკავებინა. თავიდან ბელადი ყოყმანობდა, ხოლო შემდეგ, მაინც წავიდა და თან, პირადი დაცვის გაეშე. უცნაურია, კაცი ცოტა ხნის წინ, მომხდარი ტერაქტის გამო, წასვლაზე თავს იკავებდა, ხოლო შემდეგ, დაცვის გარეშე წავიდა.

არ არის დადგენილი თავდასხმის დროც. კაპლანმა დაკითხვაზე თქვა, რომ ლენინს 20 სთ-ზე ესროლა. ოფიციალურ დოკუმენტებში კი, სროლის დროდ, 19 სთ. და 30 წთ-ია დაფიქსირებული. ხოლო, გაზეთი «პრავდას» მიხედვით, ლენინზე თავდასხმა 21 სთ-ზე მოხდა. ლენინის მძღოლი, რომელიც მომხდარი ფაქტის თვითმხილველი იყო, ამბობდა, რომ ბელადი ქარხანაში საღამოს 10 საათისთვის მიიყვანა და მიტინგი, დაახლოებით, 1 სთ. გაგრძელდა. სვერდლოვის (რსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე) მიერ 22 სთ. და 40 წუთზე ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ «ლენინზე თავდასხმა რამოდენიმე საათის წინ მოხდა. დაკავებულია ორი თავდამსხმელი, რომელთა ვინაობა დგინდება». ამ დოკუმენტის საფუძველზე, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: დოკუმენტი წინასწარ იყო შედგენილი და სვერდლოვმა, მოსალოდნელი «თავდასხმის» შესახებ, ყველაფერი იცოდა.

სასამართლოზე მთავარი მოწმე, ლენინის მძღოლი ს. გილი იყო. ის ამტკიცებდა, რომ დაინახა ქალი, ბრაუნინგით ხელში და სამი გასროის ხმა გაიგო (მოგვიანებით, მან ეს ჩვენება 5-ჯერ შეცვალა).

რატომ დიჭირეს ფ. კაპლანი, უცნობია. დაკავების ოქმში წერია, რომ თითქოს მუშებს შორის გაისმა შეძახილები, იმის შესახებ, რომ სწორედ მან ესროლა ლენინს. კაპლანი დანაშაულის აღიარებაზე, ჯერ უარს ამბობდა, ხოლო შემდეგ, ყველაფერი აღიარა.

დაკავების მომენტში, მას იარაღი არ აღმოაჩნდა. ის მოგვიანებით, ქარხნის ერთ-ერთმა მუშამ მიიტანა მილიციაში. მისი თქმით, ბრაუნინგი ქარხნის ტერიტორიაზე იპოვა. თავდასხმის იარაღს, 3-ჯერ გასროლის შემდეგ, მხოლოდ ორი ტყვია აკლდა. და კიდევ, შენახულია პალტო, რომელიც ლენინს თავდასხმის დღეს ეცვა და მასზე ტყვიის მიერ დატოვებული ნახვრეტების ადგილები, ლენინის სხეულზე არსებული ჭრილობების ადგილმდებარეობას არ ემთხვევა.


image


ლენინზე თავდასხმის ფაქტი, ნაჩქარევად და ზერელედ გამოიძიეს. ფანი კაპლანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და 3 სექტემბერს დახვრიტეს. განაჩენი სისრულეში კრემლის კომენდანტმა პ. მალკოვმა მოიყვანა. დახვრეტის შემდეგ, ისე რომ, დადასტურებული არ იყო მისი გარდაცვალების ფაქტი, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავდასხმის შემდეგ, ლენინი საავადმყოფოს ნაცვლად, მის კრემლის ბინაში მიიყვანეს. ხოლო, სახლში გამოძახებულმა ექიმმა პრესას აცნობა, რომ ჭრილობები სახიფათო არ იყო და ტყვიებს მოგვიანებით ამოუღებდნენ... და ასეც მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ პრესაში დაიწერა.

საბჭოთა დროში, ლენინის სხეულიდან ამოღებული ტყვიების ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა და გაირკვა, რომ ტყვიები ბრაუნინგიდან არ იყო ნასროლი!

დღეს, ისტორიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ლენინზე თავდასხმა ინსცენირებული იყო და მის დაგეგმაში მონაწილეობას ლენინიც იღებდა. ხოლო, ფანი კაპლანი, უბრალოდ, გამოიყენეს...

და ამ ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ 1918 წლის ზაფხულში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, უკმაყოფილო მუშები გაფიცვებს, ხოლო გლეხები, – ამბოხებებს აწყობდნენ. ხელისუფლება ავტორიტეტს კარგავდა. არც ესერები ჩერდებოდნენ, რომლებმაც არჩევნებზე, დამფუძნებელი კრების 715 მანდატიდან, უმრავლესობა, – 410 მანდატი მიიღეს. ხოლო, ბოლშევიკებმა ისინი ხელისუფლებას ჩამოაშორეს.

ბოლშევიკებმა, რომლებმაც 1917 წ. არჩევნებზე, მხოლოდ 175 მანდატი მიიღეს, კრების პირველივე სხდომაზე, ბოიკოტი გამოაცხადეს და დარბაზი დატოვეს. ხოლო, მეორე დღეს, სხდომის გასაგრძელებლად მისულ სხვა დეპუტატებს, შენობის კარები, რომელშიც სხდომათა დარბაზი იყო, დაკეტილი დახვდათ. მას ლენინის ბრძანებით, ბოქლომი დაადეს და ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები დარბაზში არ შეუშვეს. ასე გააუქმა ლენინმა სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. ბოლშევიკების ამგვარმა ქმედებამ, რა თქმა უნდა, პროტესტი გამოიწვია. იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგები და ოფიციალური მონაცემებით, 1917 წლის ნოემბრიდან – 1918 წლის იანვრამდე პერიოდში, მხარეებს შორის დაპირისპირებას, 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 200 კი დაიჭრა.

ამ სიტუაციაში, ბოლშევიკები ხვდებოდნენ, რომ ხელისუფლებას, დიდი ხნის მანძილზე ვეღარ შეინარჩუნებდნენ, თუ ქვეყანას რამე მნიშვნელოვანი მოვლენა არ «შეაჯანჯღარებდა». სწორედ ასეთი მოვლენა იყო ლენინზე თავდასხმა, რომელიც მათ «წითელი ტერორი» დაწყების უფლებს აძლევდათ.

1917 წელს ხელისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა 1921 წელს, წითლების გამარჯვებით, დასრულდა და მათი ძალაუფლება 1991 წლამდე გაგრძელდა, ვიდრე დაპირისპირება თავად ხელისუფლების შტოებს შორის არ მოხდა და სსრ კავშირი არ დაიშალა. გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage











0
918
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
918
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0