x
image
კატაპულტი
ეს საქართველოა! (იუმორის თვალით დანახული ახალი ამბები)
image


ჩვენს ქვეყანაში ძნელია ახალ ამბებში რაიმე კარგი მოისმინო, სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ იუმორის თვალით დანახულ ახალ ამბებს.( ყოველდღიურად. პირველი საცდელი სტატია)

დღეს განსჯის საგანი გახდა ეუთო/ ოდირის დასკვნა საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელზე გადასვლის თაობაზე. ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც აცხადებს, რომ დასკვნა მათ ოპონენტებს “ტუქსავს". სამწუხაროდ, ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს არ გვაქვს რეალობის სწორად გაგების ფუფუნება, უფრო სწორად, იმის ფუფუნება, რომ სიმართლე გვითხრან სწორად.

image


ხელისუფლებასა და ოპოზიციას მხოლოდ ეუთო/ოდირის დასკვნა არ ეყო ერთმანეთში კატა-თაგვობანას სათამაშოდ და ერთმანეთის სალანძღავად მათ ამერიკის კონგრესის ერთ-ერთი დეპუტატიც დაეხმარა, რომელიც იმ 4 დეპუტატს შეუერთდა, რომლებიც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქისათვის სანქციების დაწესების ქარტიას აწერს ხელს.ოპოზიცია აცხადებს, რომ ამერიკა თითს უქნევს ხელისუფლებას, ხოლო ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერი კარგადაა და ეს მხოლოდ ცრუ აჟიოტაჟია.

ეს ორი ფაქტი რამდენიმე დღე ეყოფა ხელისუფლებასა და ოპოზიციას საკინკლაოდ, მერე კი მთავარი პროკურორის არჩევისა და დანიშვნის საკითხიც წამოეწევათ:)

ქართული პოლიტიკიდან დღეს ეს ორი ახალი ამბავი შევარჩიეთ. სხვა ამბები:

ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი ჩინეთის მოქალაქე მოათავსეს, რომელსაც, მედიკოსების განცხადებით, კორონავირუსთან ყველაზე მეტად მიახლოებული სიმპტომები აღენიშნება, მისი ანალიზები საზღვარგარეთ გაიგზავნა და პასუხი ხვალ იქნება. ამ ინფორმაციას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ თბილისში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს, მივიღებთ შემდეგ სურათს - ზემოთგანხილული ოთხი ახალი ამბიდან მთავარი მოქმედი პირები უცხოელები არიან. იმის თავიც აღარ გვაქვს ქართველებს, რომ საქართველოში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებში მთავარი მონაწილეები ვიყოთ, ახალ ამბებსაც უცხო ქვეყნების მოქალაქეები ქმნიან ჩვენთან.

ერთადერთი რაშიც “მაგრები" გამოვდექით, ისაა, რომ ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქე საბანკო სესხის გადახდას ვერ ახერხებს.ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, “თუ ვალები გროვდება ან ვინმე არ იხდის, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი...საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ეს საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში". გამოდის, რომ ხალხს არ უჭირს, მაგრამ ვალებს მაინც იღებს და მერე კი იმდენად არ უჭირთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საცხოვრებელ სახლებსაც კარგავენ, ოღონდ ბანკში ნუ მიიყვან ვალის დასაფარად. ივანე მაჭავარიანის განცხადებამ უმრავლესობის დეპუტატის, ბ-ნ რევაზ არველაძის სიტყვები გამახსენა რატომღაც - “ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ, თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა". მოკლედ, ძალიან შეკრული გუნდია “ქართული ოცნება".

დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია გაგრძელება იქნება.

1
273
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
273
  
7 თებერვალი, 2:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1