x
მეტი
  • 15.07.2020
  • სტატია:101527
  • ვიდეო:346707
  • სურათი:465400
ხეთები
ხეთები


ხეთები, იგივე ჰეთიტები (Hethiter, Hittites) - ერთ-ერთი უძველესი ინდო-ევროპელი ხალხი, რომელიც დუნაის მხრიდან შემოიჭრა ანატოლიაში, მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. კოლხთა სამეფოს სამხრეთ-დასავლეთ მხარეს. ურარტუსა და შუამდინარეთის დასავლეთით იმ ტერიტორიებზე, სადაც უძველესი დროიდან განსახლებულნი იყვნენ კოლხების მონათესავე, დიდი ცივილიზაციის შემქმნელი ხალხი - ხათები (Hattians, Khattians). ხეთები პირველად დუნაის მხრიდან მოვიდნენ ხათების ტერიტორიაზე ძვ.წ. 2000 წლისთვის, შეერივნენ, ასიმილაცია მოახდინეს დამხვდური ხათების და მათგან მიიღეს მაღალი კულტურის მემკვიდრეობა.


ხეთების,  ხათუშას სამეფო (წითლად)


ხათები, როგორც ცალკეული ხალხი გაქრა, ვინაიდან აითქვიფა ხეთებში, "გახეთდნენ", გაინდოევროპელდნენ, მათს ენაზე ამეტყველდნენ. ხეთებისა და ხათების საერთო შთამომავლობამ ძვ.წ. 1600 წლისთვის შექმნა საკმაოდ ძლიერი ხეთური, ჰეთიტური სახელმწიფო - ხათუშას სამეფო - ძვ.წ. 1600-1178 წწ. (დედაქალაქი - ხათუშა). თავიდანვე მათ დაპყრობითი ომები განახორციელეს ასირიისა და შუამდინარეთის მხარეებში. ხათუშილის ძემ, მურსილი პირველმა (მეფობდა ძვ.წ. 1556-1526 წლებში) აიღო ქალაქი ჰალაბი (ალეპო) 1530-იან წლებში და მცირე ხნით ბაბილონსაც კი დაეპატრონა.



ხეთები


შუპილულიუმა I-მა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში, სირიაში და ეგვიპტეშიც ილაშქრა (ძვ.წ. 1380 წ.), სირიის ნაწილი წაართვა და თვით სირიის ცალკეული მეფეები დაიმორჩილა. ხათუშილი III-მ კავშირი შეკრა რამზეს II ეგვიპტელთან, მაგრამ მალე ბალკანეთიდან შემოჭრილმა "ზღვის ხალხებმა" და განსაკუთრებით გაძლიერებულმა ასირიის მრისხანე ძალებმა შეავიწროეს და ძვ.წ. 1178 წელს ხეთების მძლავრი სამეფო დაეცა, დაიშალა და მისი ენა, მითები, ქურუმთა და ტაძართა ამბავი შემორჩა ჩინებულ ლურსმნულ და თავისებურ იეროგლიფურ დამწერლობაში, პლასტიკაში, ხუროთმოძღვრულ ნაშთებში, რომელთა შესწავლა არქეოლოგიისა და ფილოლოგიის ერთ-ერთი კარდინალური პრობლემაა.


ხეთები


ხეთების სამეფოში უაღრესად განვითარებული იყო რკინის წარმოება და თიხის დამუშავება. ხეთურ ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე და მითოლოგიაზე ზეგავლენა მოახდინეს შუმერებმა (კულტები, მკითხაობა, მედიცინა, მაგია, გილგამეშიანის ნაწყვეტები, ნარამ-სინისა და სარგონ მეფის ლეგენდები, ციურ სამეფოსა და ხურიტული ღმერთის - კუმარბის ამბავი და სხვ.). ციური მეუფე ალალუ 9 წლის ბრძოლის შემდეგ დაამარცხა ანუმ, ხოლო ანუ ამდენივე ხნის შემდეგ ძირს დასცა და დაასაჭურისა ღმერთმა კუმარბიმ.


ხეთები


ამავე კუმარბიმ, როგორც ქალმა, შვა ქარიშხლის ღმერთი. ხურიტული და შუმერული წარმოშობისაა მითები და ზღაპრები აპუს, კეშიშისა და მეთევზის შესახებ, ასევე სხვა მითები, რომელნიც მხოლოდ ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. უძველესი ხეთური მითი ციდან მთვარის ჩამოვარდნაზე, ბუნდოვანია. ხეთური, ჰეთიტური, ჩეშას (ნესის) ენაზე მეტყველი ინდო-ევროპული მოდგმის ხალხის დამწერლობამ და სხვა წყაროებმა შემოგვინახეს ამბავი "ათასი ღმერთისა", მაგრამ მათი უმრავლესობა ზოგადად მცირე აზიურია. რაც შეეხება ხეთურ პანთეონს, აქედან მრავალი ღმერთის მხოლოდ სახელი ვიცით.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
323
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0